პარასკევი, 19.04.2024, 23:09
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » ინდოელების ქართველი რძალი.
22:41
ინდოელების ქართველი რძალი.

უკვე 16 წელია, ინდოეთში, დელიში ცხოვრობს. ინდური კლასიკური ცეკვისა და ზოგადად, ინდური კულტურის სიყვარულმა სამშობლოსგან შორს, უცხო ქვეყანაში წასვლა გადააწყვეტინა. იქ ცხოვრების თანამგზავრს შეხვდა და ქართულ-ინდური ოჯახი შექმნა. ნათია საჯაია შვილთან, 11 წლის ომართან ერთად რედაქციაში გვესტუმრა და თავისი ცხოვრების შესახებ გვიამბო. 


- ჩემი შვილის სრული სახელი ომარ-ჯირან ამანია. სახელი ომარი მე დამესიზმრა და ამიტომ დავარქვი, ჯირანი კი ინდური სახელია, ჩემი მეუღლის ბაბუასაც ერქვა. ჩემი ქმარი მუსლიმია, მისი ბაბუა კი სასულიერო პირი იყო და ხალხში დიდი პატივით სარგებლობდა. დაახლოებით 2 წლის წინ მეუღლემ მიჩვენა ის ადგილები, სადაც მისი ბაბუა მოღვაწეობდა. მათ საგვარეულო მეჩეთიც ჰქონიათ.

- შენ ინდოელების ქართველი რძალი ხარ. საინტერესოა, როგორ მიგიღეს? როგორც ვიცი, ინდოეთში, სარძლო მზითვის რაოდენობით ფასდება.
- სამწუხაროდ, ინდოეთში ასეთი ოჯახები დღემდე არსებობს. მზითვის არქონის გამო, იქ ბევრი ოჯახი დაუმსახურებლად იჩაგრება. სხვათა შორის, ჩემმა მეუღლემ ქორწინებისას გამაფრთხილა: სახლიდან არაფერი წამოიღოო. მე მაინც შევთავაზე: თუ ჩემს სახლში რაიმე მოგეწონება, მოჰკიდე ხელი და წავიღოთ-მეთქი. იუარა, - ყველაფერს თავად ვიყიდიო.

დაქორწინებამდე მე და ჩემმა მეუღლემ სამი პირობა დავდეთ. კარგა ხანს ვნანობდი, რომ იმ სამს კიდევ ერთი პირობა არ დავუმატე, მაგრამ მერე, სურვილი თავისთავად ამისრულდა: პირველი პირობის თანახმად, ინდოელზე გათხოვების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეობას შევინარჩუნებდი; მეორე პირობით, არ ვიცხოვრებდი დედამთილთან და კიდევ, ინდური ნაციონალური სამოსის გარდა, თანამედროვედ ანუ ევროპულადაც ჩავიცვამდი.

უცნაურია, მაგრამ საქართველოში უფრო ხშირად დავდივარ ინდურ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი, ვიდრე - ინდოეთში. იქ სარის მხოლოდ დღესასწაულებზე ან მაშინ ვიცვამ, როცა სტუმრად მივდივარ. სხვათა შორის, ინდური კოსტიუმების ტარება ზაფხულშიც კომფორტულია.

- როგორც ვიცი, ახლა საქართველოში რამდენიმე მიზეზის გამო ჩამოხვედი...
- სამშობლოში ყოფნისას დასვენებას ვერ ვახერხებ. თვითმფრინავში ან უკვე თბილისში ჩამოსული შემთხვევით გადავაწყდები ხოლმე ინდოელ ტურისტებს ან სხვა მიზნით ჩამოსულ ადამიანებს, რომლებიც დახმარებას - თარჯიმნობას მთხოვენ. ახლა საქართველოში ორი მიზეზით ჩამოვედით: 2 წლის წინ ჩემი შვილი მუსიკალურ პროექტში - "ანა-ბანა" - მონაწილეობდა და წელსაც მოგვიწვიეს;

აქ ჩამოსვლის მეორე მიზეზი კი იყო ის, რომ თბილისში ინდური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა და მთხოვეს, ერთ-ერთ სექციაში თარჯიმნად მემუშავა. სხვათა შორის, იმ სექციაში, სადაც ვმუშაობდი, დამხმარედ ინდოელი ბიჭი ჰყავდათ, რომელიც აქ, თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს. როცა გავიცანი, შემაქო: ქართულად რა კარგად ლაპარაკობო! არც დრო მქონდა და არც სურვილი საიმისოდ, რომ მისთვის ყველაფერი ამეხსნა. თანაც, უცხო მამაკაცთან დიდხანს ლაპარაკი ინდოელებისთვის მიუღებელია.

- რატომ?
- მიიჩნევა, რომ ასეთი რამ სუსტი ყოფაქცევის ქალბატონებს ახასიათებთ, ამიტომ ამ წესს მეც ვიცავ, ოღონდ - მხოლოდ ინდოელებთან ურთიერთობისას. გამოფენის გახსნიდან რამდენიმე დღის შემდეგ პავილიონში მამაჩემი მესტუმრა. მას დამხმარე ინდოელი ბიჭი - რიში გავაცანი და როცა ისინი ერთმანეთს წარვუდგინე, რიშის ეწყინა: - რას მეხუმრები, ეს ხომ ქართველიაო! ძლივს დავარწმუნე, რომ ნამდვილად მამაჩემი იყო.

გაოცებული იჩეჩდა მხრებს: ვერ გამიგია, ინდოელი ხარ თუ ქართველიო?! ინდოეთშიც ვერ იჯერებენ, რომ სხვა ეროვნების ადამიანი ვარ და ხშირად მეკითხებიან: ქაშმირიდან ხარო?.. ამ გამოფენის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, ინდოეთშიც გაიმართოს ქართული პროდუქციის გამოფენა. წელიწადში ერთხელ, დელიშიც ეწყობა საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა. ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და საკუთარ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციით იწონებენ თავს. ძალიან მინდა, მათ შორის ქართული ნაწარმიც ვიხილო.

- 15 წელია, ინდოეთში ცხოვრობ. იქ შენ გარდა ქართველები კიდევ არიან?
- სტუდენტები ჩამოდიან ხოლმე, გაცვლითი პროგრამით, ენის სასწავლებლად, მაგრამ ძირითადად, აგრაში ანუ იქ მიდიან, სადაც ტაჯმაჰალია. კიდევ ორ ქართველ გოგონას ვიცნობ, ვინც ინდოეთშია გათხოვილი.

- მახსოვს, მსურველებს ინდურ ცეკვას ასწავლიდი. მოსწავლეები კიდევ გყავს?
- სამი მოსწავლე მყავს და მათ ინდურ კლასიკურ ცეკვას ვასწავლი, წელიწადში ერთხელ კი დელიში ქართულ ცეკვას ვდგამ. ინდოეთში ყოველწლიურად, მსოფლიოს სტუდენტური კულტურის დღეები იმართება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

წლეულს დავრბოდი და ინდოეთში მცხოვრებ ქართველ გოგონებს ვეხვეწებოდი: მე შეგიკერავთ კოსტიუმებს, ოღონდ ერთი ქართული ცეკვა დავდგათ-მეთქი. ძალიან მინდოდა, "სამაია" გვეცეკვა, მაგრამ არ გამოგვივიდა და ორმა ვიცეკვეთ. ცოტა უცნაური ცეკვა გამოვიდა, მაგრამ მაყურებელს ჩვენს ქვეყანაზე გარკვეული წარმოდგენა მაინც შეექმნა. ძალიან მინდა, ინდოეთში რომელიმე ნაციონალური ანსამბლი ჩამოვიდეს და იქაურ მაყურებელს ნამდვილი ქართული ცეკვის ხელოვნება უჩვენოს.

- არ მიკვირს, რომ ყველაფერ ქართულს მონატრებული ხარ. ინდოეთში თუ იყიდება ქართული პროდუქცია?
- მახსოვს, ერთხელ დელის ცენტრალურ სავაჭრო კომპლექსში მუსიკალურ მაღაზიაში შევიარე. თაროზე შემოდებულ დისკებს ვათვალიერებდი. მოულოდნელად, ქართული ხალხური სიმღერების ჩანაწერს წავაწყდი და სიხარულისგან იმხელა ვიყვირე, რომ გარშემო მყოფების ყურადღება მივიქციე. მახსოვს, იმ კრებულში ჰამლეტ გონაშვილის რამდენიმე სიმღერაც იყო და საკმაოდ ძვირიც ღირდა.

15 წლის განმავლობაში ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ინდოეთში საქართველოში წარმოებული პროდუქცია ვნახე. თუმცა, ინდოეთში რუსეთის საელჩოსთან მდებარე საცხოვრებელ რაიონში გახსნილია მაღაზიები, სადაც შესაძლებელია ისეთი პროდუქციის შეძენა, რომლის წარმოებაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხდებოდა. მაგალითად, იქ მინახავს ქართული ღვინო, სულუგუნს მიმსგავსებული ყველი და სხვა.

- მითხარი, რომ ქმართან სამი პირობა დადე და მერე ინანე, რომ ერთიც არ დაამატე. იქნებ გაგვიმხილო, რას ნანობდი?
- ძალიან მინდოდა მუშაობის დაწყება. ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ცოტა ხნის წინ ეს სურვილიც ამისრულდა. ჩემმა მეუღლემ სამკერვალო ფაბრიკა შეიძინა და ოჯახურ ბიზნესს სათავეში მე ჩავუდექი. ფაბრიკა სახლთან ახლოსაა და სამსახური ბევრ დროს არ მართმევს. არ მინდა, ისე ვიყო დაკავებული, რომ ოჯახს მოვაკლდე. მეუღლესაც არ მოსწონს, როცა ქალი საოჯახო საქმის გარდა, სხვა რამით არის დატვირთული...

- ტრადიციისამებრ, რა ევალება ნამდვილ ინდოელ ქალს?
- რამდენი ოჯახიც არის, ალბათ იმდენი ტრადიციაა. ქალს ძირითადად, შვილების აღზრდა, საღამოს მეუღლესთან ურთიერთობა ევალება. ჩვენ ასე ტრადიციულები არ ვართ, მაგრამ მეც მიყვარს, როცა სახლში სისუფთავეა, როცა სადილი ყოველთვის მზად მაქვს.

მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობთ, მაგრამ ინდური ტრადიციის მიხედვით, ყველა ერთ დიდ ოჯახად უნდა ცხოვრობდეს. მაგალითად, ჩემი დედამთილი, მაზლები, რძლები და მათი შვილები ერთ სახლში ცხოვრობენ.

მეც მაქვს იქ ჩემი კუთხე და როცა სტუმრად მივდივარ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. რძლები ერთმანეთთან შეხმატკბილებულად ცხოვრობენ, დედამთილს პატივს სცემენ და შეიძლება ითქვას, რომ მას ხელისგულზე ატარებენ - ის არც კერძებს ამზადებს, არც ალაგებს და არც საყიდლებზე დადის.

- მზითვის თემას დავუბრუნდეთ. მაინც, რა ქონების პატრონი უნდა იყოს ქალი ინდოეთში, რომ გათხოვდეს?
- მზითევში აუცილებლად უნდა ჰქონდეს საძინებელი ოთახის მოწყობილობა, ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, მიქსერი და ყველა საოჯახო ნივთი. გარდა ამისა, საპატარძლოს ოჯახმა სასიძოს უნდა უყიდოს მანქანა ან მოტოციკლეტი მაინც. მოტოციკლეტით ინდოეთში ბევრი ადამიანი დადის და ეს ტრანსპორტი ძვირიც ღირს, ასე - 1.000-1.500 დოლარის ფარგლებში.

- სიძის ოჯახი ქალისთვის რას ყიდულობს?
- ძირითადად, ოქროს სამკაულებს ყიდულობენ. ინდოელ ღარიბ ადამიანს შესაძლოა, სახლი არ ჰქონდეს, მაგრამ 10 კგ ოქროს აისხამს და ქორწილში ისე წავა. შესაძლოა, თავად არ ჰქონდეს ოქროს სამკაული, მაგრამ სხვისგან ითხოვს და ხალხში მორთულ-მოკაზმული გამოჩნდება. ჩემს დედამთილს გული სწყდება, რომ საქორწინო სამაჯურებს არ ვატარებ.

რა ვქნა, ხელბორკილებივით მაქვს და ვერ ვეგუები - გათხოვილ ინდოელ ქალს ერთ ხელზე 3-4 სამაჯური მაინც უნდა ეკეთოს, ამით მეუღლისადმი პატივისცემას გამოხატავს. ერთხელ ცხვირზე საყურე არ მეკეთა და დედამთილმა შენიშვნა მომცა: ვიდრე ქმარი ცოცხალი გყავს, ცხვირიდან საყურეს ნუ მოიხსნი, ეს ბედნიერების სიმბოლოაო. 

- მახსოვს, ბოლივუდში მასობრივ სცენებში გიღებდნენ. ახლა თუ გაქვს ინდურ კინოინდუსტრიასთან ურთიერთობა?
- ბოლივუდი საკმაოდ საინტერესო სამყაროა. პირველად ფილმის გადაღებაზე შემთხვევით მოვხვდი. უნდა გენახათ, იქ რა ხდებოდა, როცა გადასაღებ მოედანზე ფილმის მთავარი გმირები - რაჯ კაპურის შვილიშვილი, კარინა კაპური და რიტი კროშანი მოვიდნენ.

ყველას დაავიწყდა, რისთვის იდგა გადასაღებ მოედანზე და კინოს ვარსკვლავებს ავტოგრაფებსა და სამახსოვრო ფოტოს გადაღებას სთხოვდნენ. სხვათა შორის, ინდოელები თავიანთ ვარსკვლავებს აღმერთებენ...

ახლა უკვე საქმიანი ურთიერთობა მაქვს ბოლივუდის პროდიუსერებთან. როცა მასობრივ სცენებში უცხოელი გარეგნობის მსახიობები ან მოდელები სჭირდებათ, მე მიკავშირდებიან.

საუბარში პატარა ომარიც ჩაერთო.
- მე "ანა-ბანაში" შევასრულე სიმღერა ფილმიდან - "დისკოს მოცეკვავე". დედამ ცეკვის რამდენიმე ილეთიც მასწავლა და ჟიურის ჩემი გამოსვლა ძალიან მოეწონა. მიხარია, რომ პროექტის ხელმძღვანელები ემიგრანტ ქართველებს არ ივიწყებენ, მეც ხომ ნახევრად ქართველი ვარ! ისე, საქართველოში ყოფნა უფრო მომწონს, ვიდრე ინდოეთში.

აქ უფრო კარგი ხალხი ცხოვრობს. გოგონებიც უფრო ლამაზები და მეგობრულები არიან. ინდოეთში ყველა გოგო ძალიან შავია. კიდევ, ფუნიკულორი მომწონს და სატელევიზიო ანძა, რომელიც ღამე ლამაზად ციმციმებს. საქართველოში ყოველთვის სიამოვნებით ჩამოვდივარ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1971 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 4.0/3
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები