ხუთშაბათი, 25.04.2024, 15:55
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » რამაზ საყვარელიძე - საზოგადოებას ხელისუფლებისთვის მებრძოლი ოპოზიციის პოვნისა და ფორმირების ამოცანა უდგას.
22:59
რამაზ საყვარელიძე - საზოგადოებას ხელისუფლებისთვის მებრძოლი ოპოზიციის პოვნისა და ფორმირების ამოცანა უდგას.

საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე, იყენებს თუ არა მმართველი პარტია არჩევნებში სახელისუფლო რესურს, რამდენად მომგებიანი სლოგანები აქვთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიეტებს; ასევე - რამდენად შეესაბამება NDI-სა და CSA-ს სოციოლოგიური კვლევა რეალობას, „ინტერპრესნიუსი" ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

_ ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებდით საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას და რამდენად მაღალი შეიძლება იყოს ამომრჩეველთა აქტივობა?
_ სოციოლოგია რეალობის სურათს ხატავს და მე უფლება არა მაქვს, სოციოლოგიით არ ვიხელმძღვანელო. ახლა არ შევალ დისკუსიაში, სანდოა თუ არა ჩატარებული სოციოლოგიურ კვლევათა შედეგები, მაგრამ ვიტყვი _ რაც მეორდება, ის სანდოა.

სხვადასხვა გამოკვლევებში მეორდება, რომ არჩევნებზე მოსახლეობა აქტიური იქნება. საერთოდ, თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობა დაბალია, მაგრამ იმის გამომ რომ ეს ჩვეულებრივი თვითმართველობის არჩევნები არ არის, მოსახლეობის აქტიურობა საკმაოდ მაღალი იქნება. 
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, უნდა ვაღიაროთ, რომ სახელისუფლო კანდიდატის კამპანია უფრო აქტიურია. ეთერში უფრო აქტიურად ჩანს, ქალაქში რომ გაივლი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი ნაკვალევი, როგორც მოქმედი მერის, უფრო იკითხება, რაც ბუნებრივია და ამ აქტიურობას თავის შედეგიც მოაქვს.

მიუხდავად გამოკვლევების ავტორების სხვადასხვაობისა, უგულავა ყოველთვის პირველ ადგილზეა და დანარჩენები ინაწილებენ სხვა ადგილებს.

ალბათ აქტიურობით უნდა აიხსნას ის, რომ თბილისში დღეს მერის კანდიდატურა უფრო რეიტინგულია. 
_ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, პოლიტიკური სუბიექტები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან და მმართველი პარტია, წინა წლების მსგავსად, წინაასარჩევნო კამპანიაში სახელისუფლო რესურს იყენებს . . .


_ ეს უდავოდ ასეა. რაც საეთერო დროსთან დაკავშირებით ზვიად ძიძიგურმა ახსენა, ანუ მიუთითა სახელისუფლო კანდიდატის სხვასთან შედარებით განკუთვნილი საეთერო დროის განსხვავებულობაზე, ალბათ მათ წამზომით გაზომეს და დააფიქსირეს. .

ჩვენთვის, როგორც ტელემაყურებლისთვის, ცხადია, რომ უგულავა პოზიტიური ნიშნით გაცილებით დიდხანს არის ეკრანზე, ვიდრე - სხვა კანდიდატები. ხელისუფლება იყენებს იმას, რაც შეიძლება გამოიყენოს. ქართული პოლიტიკური ელიტა უნდა მიხვდეს - მარტო ჩივილი იმაზე, რომ ხელისუფლება სწორად არ იქცევა, საკმარისი მექანიზმი არ არის.  
_ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თვალშისაცემია არჩევნებში მონაწილე პარტიების და პოლიტიკური გაერთიანებების სლოგანები.

თქვენ, როგორც ფსიქოლოგი და ამომრჩეველი, როგორ შეაფასებდით სლოგანებს, რომლებიც ამომრჩეველს ტელევიზიებით ყოველდღე მრავალჯერ ესმის?
_ თითოეულ სლოგანს თავისი პოზიტივი უდავოდ აქვს. ამ საარჩევნო კამპანიაში ურიგო სლოგანები ნამდვილად არ არის. ყველა ფიგურა მოხდენილი ფრაზით ახერხებს თავისი პრინციპის გადმოცემას. სახელისუფლო კანდიდატი მოსახლეობას მიმართავს სლოგანით _ „გასაკეთებელი კიდევ ბევრია".

ალბათ მისი რეიტინგი სლოგანზე არ არის დამოკიდებული, რადგან ამ კანდიდატის მიმართ ქალაქში ხუმრობებიც გაჩნდა. იუმორი ისეთი ფენომენია, რომელმაც შეიძლება ჟანგივით გამოჭამოს ნებისმიერი პოლიტიკური რეალობა. გაჩნდა ხუმრობა _ „გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ გასაფუჭებელი კიდევ უფრო მეტია". გაჩნდა ხუმრობები, რომ ბინის რემონტთან დაკავშირებით მერიაში რეკავენ.

მე ვერ ვიტყვი, რომ სახელისუფლო კანდიდატის სლოგანი საუკეთესოა, მაგრამ ის, რომ უგულავა სლოგანის იმედზე არ არის, ფაქტია. ის ძალიან აქტიურია, ურთიერთობაში შედის მოსახლეობასთან, იწყებს ამბიციურ პროექტებს, ახორციელებს მათ და ამ აქტიურობისა და ენერგიის ხარჯზე საკმაოდ მაღალი და ვიტყოდი, დამსახურებული რეიტინგი აქვს. 


თითოეულ სლოგანს თავისი ლოგიკა და თავისი პოზიტივი აქვს, მაგრამ რადგან გამოკითხვებში პარტიების რეიტინგებზე სლოგანების პოზიტივი მნიშვნელოვანი გარღვევით არ აისახა, ამიტომ არა მგონია, რომ სლოგანი მუშაობდეს. არჩევნებში მონაწილე პარტიების სხვადასხვა ნაბიჯებს და იმავე სლოგანებს რეიტინგი აფასებს.
_ ჯერ ამერიკული NDI-სა და სულ ახლახან ფრანგული ჩშA-ს სოციოლოგიური კვლევების შედეგები არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილმა გააპროტესტეს. თქვენი აზრით, რამდენად შეესაბამება კვლევის შედეგები რეალობას?
_ გაპროტესტებას ალბათ აქვს თავისი პოლიტიკური მოტივები.

თუ ვილაპარაკებთ მათი შეფასების სოციოლოგიურ მოტივებზე, აქაც შეიძლება რაღაც თავისებურებები გამოვლინდეს. კერძოდ - ძალიან ძნელად წარმოსადგენია, ორივე გამოკვლევა ერთმანეთს იმდენად დაემთხვეს, რომ ციფრები იყოს ერთნაირი. ორივე გამოკვლევაში უგულავას 57%-57% მეორდება. სოციოლოგიური კვლევების ალბათობა 1-დან 3%-მდეა. თუნდაც ამ ცდომილების ფარგლებში 1% ცდომილება ხომ უნდა ყოფილიყო. რადგან ასეთი განსხვავებაც არ ფიქსირდება, ეს აჩენს ეჭვს. რბილად რომ ვთქვათ, ციფრი 57%-ია უკვე თავისთავად აკვიატებული. თუ რატომ არის აკვიატებული, ამას შეიძლება სხვა ვერსიები მოჰყვეს. ამიტომ არის, რომ ეს გამოკვლევები ნდობას არ იმსახურებს.

NDI-ს გამოკვლევაში ალასანიას 7% ჰქონდა ისე, რომ ალასანიას მოქმედებაში არსებითად არაფერი შეცვლილა, როგორც ადრე ხვდებოდა მოსახლეობას, ისე ხვდება ახლაც. ფრანგულ კვლევაში მისი რეიტინგი 7-დან 14-მდე გაიზარდა მაშინ, როცა უგულავას შეფასებაში ორივე გამოკვლევა ერთნაირია. თუ ცდომილება მოხდებოდა, იგი მთელი სპექტრს უნდა შეხებოდა. უგულავაში გამეორდა, ალასანიაში შეიცვალა და თანაც ორჯერ გაიზარდა, ეს ცოტა ღიმილისმომგვრელია. 
_ ბევრი მიიჩნევს, რომ საზოგადოება შეშინებულია და გამოკითხული რესპონდენტები პასუხების გაცემისას შეუძლებელია, გულწრფელები ყოფილიყვნენ. თქვენც ასე ფიქრობთ?
_ დიახ.

სოციოლოგიას პრობლემა ავტოკრატიულ საზოგადოებაში აქვს. იმის გამო, რომ რესპონდენტს რეალური პასუხის გაცემის ეშინია, ავტოკრატიულ საზოგადოებაში სოციოლოგიის შეცდომები უფრო აშკარად ვლინდება. თუმცა ის, რამდენად დემოკრატიულ საზოგადებაში ვცხოვრობთ და რამდენად რეალისტური იყო გამოკითხვის შედეგები, 30 მაისს გაირკვევა. 
_ საარჩევნო კამპანია ძალიან მდორედ, მშვიდად და ინტრიგის გარეშე მიმდინარეობს. არადა, სწორედ ინტრიგა განსაზღვარვს არჩევნებში მოსახლეობის აქტივობას. თქვენი აზრით, რა არის საარჩევნო კამპანიის მშვიდად, ინტრიგის გარეშე მიმდინარეობის მიზეზი?


_ შეიძლება, ახლა ისეთი რამ ვთქვა, რომელიც ჩემთვის, როგორც კონკრეტული პიროვნებისთვის, დიდად ხელსაყრელი არ იყოს, მტერს გამიჩენს, მაგრამ ჟურნალისტები მაიძულებთ, რომ გულახდილი ვიყო.

ხელისუფლებით შეიძლება უკმაყოფილო იყოს ქუჩაში მოვაჭრე, მეცნიერი, მხატვარი, თეატრის რეჟისორი, მსახიობი და ასე შემდეგ. უკმაყოფილებას დიდი პროფესიონალიზმი არ უნდა, ვინაიდან უკმაყოფილება არის ან არ არის. იმ ინტრიგის გაჩენას, რომელზეც თქვენ საუბრობთ, პოლიტიკური ნიჭი უნდა და - არა მარტო მარტივი უკმაყოფილება.

ჩვენი ოპოზიცია ზოგად სამოქალაქო უკმაყოფილებაზე დაყრდნობილი პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც ახალ პოლიტიკურ სვლას, მოულოდნელს, იმპროვიზაციის შემცველს, საინტერესოს, დამაინტრიგებელს საზოგადოებას ვერ სთავაზობს; ფაქტობრივად, საზოგადოების უკმაყოფილების გამგრძელებელია და, როგორც პოლიტიკოსები, ისე ახმოვანებენ ამ უკმაყოფილებას.

ოპოზიცია, თავის მხრივ, ამ უკმაყოფილებას ინტელექტუალურ დანამატს არ თუ ვერ მატებს, საზოგადოებას უკმაყოფილების მოხსნის გზასაც ვერ სთავაზობს. როცა საარჩევნო კამპანიაში არაფერი იმაზე მეტი არ ხდება, ვიდრე მოსახლეობის უკმაყოფილებაა, ეს ქართული პოლიტიკური ცხოვრების დრამაა.  

 
_ რამდენად პროგნოზირებადია არჩევნების შედეგი? ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ხელისუფლებამ გაიმარჯვოს. ხელისუფლება გამარჯვებისთვის, ხოლო ოპოზიცია დამარცხებისთვის ემზადება?


_ იმის გამო, რომ ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთისგან იშვიათად განსხვავდება, მე ბატონ სოსოს იშვიათად ვეკამათები. ახლაც კამათის რეჟიმში არა, ისე ვამბობ, _ შეიძლება ოპოზიცია დამარცხებისთვის არ ემზადება, მაგრამ... სულ არის სამი „საფეხური", - ჟურნალისტებიც კი ამ საფეხურებს ხშირად აღნიშნავენ ხოლმე: ხელისუფლება, ოპოზიცია და ჩვეულებრივი მოქალაქეები. ადამიანები, რომლებიც ოპოზიციაში არიან, თუ ჩამოქვეითდებიან, ჩამოქვეითდებიან ჩვეულებრივ მოქალაქეებამდე, თუ აღზევდებიან, აღზევდებიან ხელისუფლებამდე.

მათ ხელისუფლებამდე ასვლა თუ არ შეუძლიათ, ეს არ ნიშნავს, რომ აწყობთ ჩვეულებრივ მოქალაქეებამდე ჩამოსვლა. იმისთვის, რომ შეინარჩუნონ შუალედური სტატუსი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია (ტელე და პრესფოკუსში მუდმივად ხარ) ისინი, რა თქმა უნდა, არჩევენ, იყვნენ ოპოზიციაში; შეიძლება, ხელისუფლებისთვის თავგამოდებით არც იბრძოლონ და ეს „შუა სართული" აწყობდეთ საზოგადოებაში ისეთი არსებობისთვის, რომელიც მეტნაკლებად კომფორტულია.


ამას ქართული ოპოზიციიდან გამომდინარე არ ვამბობ. ამ აზრისკენ მიბიძგა პიარტექნოლოგიების ერთი ექსპერტის მონათხრობმა, რომელიც კონსულტაციას უწევდა ბელორუსიაში ლუკაშენკოს ოპოზიციას.

მისი თქმით, როცა ოპოზიციას არჩევნების მოსაგებად ღონისძიებათა ნუსხა გაუწერა, ბელორუსმა ოპოზიციონერებმა უთხრეს _ გაგვანებე თავი, ჩვენ ჩვენი ოპოზიციური მდგომარეობა გვაწყობს და არჩევნების მოგება არ გვჭირდებაო.  
ქართულ საზოგადოებას დაუდგა დრო, დაფიქრდეს, ოპოზიცია, რომელიც საქართველოშია, ეს ხელისუფლებისთვის მებრძოლი ოპოზიციაა თუ „ოპოზიციურობისთვის" მებრძოლი ოპოზიცია. საზოგადოებას ხელისუფლებისთვის მებრძოლი ოპოზიციის პოვნისა და ფორმირების ამოცანა უდგას.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1148 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები