ხუთშაბათი, 25.04.2024, 23:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » კოლექციებით "დაავადებული" ადამიანები.
23:24
კოლექციებით "დაავადებული" ადამიანები.

ძველ მაჰმადიანურ სამყაროში მეფეებისა და მონარქებისათვის ჰარამხანის ყოლა (თუ ქონა) ერთგვარ რიტუალსაც კი წარმოადგენდა. რაც უფრო მრავალრიცხოვან ქალთაგან შემდგარი ამალა ჰყავდა მაჰმადიან მონარქს, სავარაუდოდ, მით უფრო პრესტიჟული და მოსაწონი უნდა ყოფილიყო მისი მმართველობა.

არადა, ამ "ქალთა კრებულში" შემავალი ყველა მანდილოსანი საკუთარ თავს მეფისა თუ მონარქის ოფიციალურ ცოლად თვლიდა. მაგალითისათვის, ირანის ერთ-ერთ ხალიფას 320 მეუღლე ჰყავდა.

რაში სჭირდებოდათ მაჰმადიან მმართველებს 320 თუ 250 მეუღლე, რა შემთხვევაში მოიხმარს მავანი არაბი შეიხი 130 ავტომანქანას, რომელიც მის ავტოფარეხს ამშვენებს, რომელ ერთ სასახლესა თუ სასტუმროში უნდა გაათიოს ღამე მავანმა ქუვეითელმა მილიარდერმა (ეს კაცი 53 სასახლისა და სასტუმროს შემგროვებელია?), ალბათ, მთელი სიცოცხლე (არც საკუთარი და არც ნასესხები) არ ეყოფა ელტონ ჯონს მის მიერ ნაგროვები სათვალეებიდან ყველა რომ თითო დღით მაინც ატაროს.

მოცემულ შემთხვევაში, დასკვნის გამოტანა არც მკითხველისათვის და არც ჩვენთვის დიდი საფიქრალ-სააზროვნო არ არის - არც მაჰმადიანი მონარქთათვის (ცოლები), შეიხებისათვის (მანქანები თუ თვითმფრინავები), ვარსკვლავებისათვის (ტანსაცმელ-ფეხსაცმელი) და ა.შ. პირდაპირი მოხმარების (თუ ხმარების) არ შეგროვილა.

მონარქიდან დაწყებული ერთი უბრალო ქართველით დამთავრებული, რომელიც მარკების უდიდესი კოლექციის მფლობელია, საკუთარ "შემოქმედებას" ვერაფერში გამოიყენებენ. მარტივი მიზეზის გამო - არც ერთ მათგანს "კოლექცია" უშუალო გამოყენებისათვის არ უგროვებია!

ამჯერად ყურადღების შეჩერება ადამიანების იმ კატეგორიაზე გვინდა, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იმგვარ ნივთების აგროვებენ, რომელთაც, ფაქტობრივად, პრაქტიკული გამოყენება არ აქვს. საკითხავია, მაშ რისთვის ხარჯავენ ეს ადამიანები (ზოგი რამოდენიმე მილიონს, ზოგიც საკუთარი პენსიის ბოლო 10 ლარს) ფულსა თუ ენერგიას, არსებითად ცხოვრებაში გამოუყენებადი ნივთების შეგროვებაში.

ამ საკითხში უკეთ გასარკვევად "რეზონანსმა" ფსიქოლოგს და თავად კოლექციონერს, გიორგი ნადირაძეს მიმართა.

"იმის თქმა, რომ კოლექციონერები ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ადამიანები არიან, ნამდვილად შეცდომა იქნება. ამ ხალხის უმეტესობას მშვენიერი ოჯახიც აქვს, კარგი სამსახურიც და შემოსავალიც. ფული თუ არ გაქვს, შესაბამისად, კოლექციონერიც ვერ გახდები. მაგალითისათვის, თბილისში მე ვიცი ადამიანი, რომელმაც რამდენიმე ათასი დოლარი გადაიხადა ფრიდრიხ ნიცშეს ხუთტომეულში, რომელიც ქალაქ ბრემენშია გამოცემული გასული საუკუნის 50-იან წლებში.

მის მაგალითზე ვიმსჯელოთ და ვიკითხოთ - რაში სჭირდება ამ ადამიანს ნიცშეს 5-ტომეული გერმანულ ენაზე, მაშინ როდესაც მას გერმანულის ინჩი-ბინჩი არ გაეგება. დიახაც რომ სჭირდება - მან გერმანული არ იცის, მაგრამ იმ წიგნის სუნი, მისი "მტვრის გემო" მშვენივრად იცის.

მის ბიბლიოთეკაში ისეთ იშვიათ გამოცემებს ნახავთ, ევროპის ნებისმიერი კოლექციონერი ათეულ ათას დოლარსაც კი გადაიხდის, მაგრამ აბა, ერთი ჰკადრეთ ამ მოხუცს, წიგნი მომყიდეო - შეიძლება სადარბაზომდეც ვერ გამოასწროთ!

კოლექციონერობა - ეს ერთგვარი სიყვარულის, ერთგულების გამოვლინებაა. მაგალითად, მე მიყვარს ძველი მარკები, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს მარკები ჩემს შვილზე მეტად მიყვარდეს. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს - მარკებსაც და სხვა დანარჩენსაც. ამ შემთხვევაში არანაირ გადახრაზე და გადაცდომაზე არ შეიძლება საუბარი.

ნამდვილმა კოლექციონერმა, შესაძლოა, გაცვალოს საკუთარი ეგზემპლარი, მაგრამ გაყიდვით მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის თუ აღებული ფულით სხვა რომელიმე ექსპონატის შეძენას აპირებს.

სხვა საქმეა, ფულზე შეყვარებული და ფულის შემგროვებელი ადამიანების ფსიქოლოგია. ძალიან დიდი განსხვავებაა იმ კატეგორიის ადამიანებს შორის, რომელნიც ფულს აგროვებენ და რომლებიც, მაგალითად, ძველ ფოტოებს ან ძველ გაზეთებს.

პირველი კატეგორია ღორმუცელა და შურიანი ადამიანებია, მაშინ როდესაც კოლექციონერი ღორმუცელა არასოდეს არ არის. ეს უკანასკნელი მხოლოდ აღფრთოვანებას გამოხატავს, თუ კოლეგის კოლექციაში საკუთარზე უკეთეს ექსპონატს ნახავს და არავითარ შემთხვევაში არ გაუჩნდება სურვილი, ძალის გამოყენებით ჩაიგდოს ხელში ის ექსპონატი - შესთავაზებს გაცვლას, თხოვებას და ა.შ." - აცხადებს გიორგი ნადირაძე.

არაბი შეიხები და მულტიმილიარდერი მენავთობეები იქით იყოს და, როგორც "რეზონანსმა" გაარკვია, ჩვენშიც საკმაოდ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ნივთების შეგროვებით არიან დაკავებულნი. ორიგინალობით ჩვენი თანამემამულეები ამ საქმეშიც გამოირჩევიან.

ბრიტანეთის ამჟამინდელი მონარქის, ელისაბედის ცხოვრების ამსახველი რა ფოტომასალა, რა ინფორმაცია არ უნდა მოჰკითხოთ ჩვენს თანაქალაქელ გია დოლიძეს, პრაქტიკულად, ყველაფერი მოიძევება მის მდიდარ არქივში. ფეხის ზომიდან დაწყებული, დედოფლის კარის გარდერობით დამთავრებული ამ ადამიანისათვის ყველაფერი ცნობილია. მისი თქმით, ის მრავალჯერ შეხვედრია კიდეც ბრიტანეთის დედოფალს.

საინტერესოა, სად იყრიან თავს ქართველი კოლექციონერები, რის შეგროვებით არიან დაკავებულნი და საერთოდაც, სად შეიძლება მათი ნახვა? პასუხი მარტივია - მშრალი ხიდი!
მიწაზე გაშლილი უბრალო ცელოფნის პარკი, დაახლოებით, 15-20 მეტრზეა გაფენილი. ყურადღებას სხვადასხვა წელს გამოშვებული სხვადასხვა ქვეყნის რკინის მონეტები თუ ქაღალდის კუპიურები იპყრობს.

აქ შეხვდებით, როგორც 1902 წელს მოჭრილ ამერიკულ ერთდოლარიან მონეტას, ასევე აწ უკვე გაუქმებულ საბჭოურ სამმანეთიანს, მანეთიანს თუ ლენინისთავიან თუმნიანს. ფასები არც ისე მაღალია - 1 ლარიდან 150 ლარამდე.

"ხელის ჭუჭყის" გაგრძელებაზე სხვადასხვა სამკერდე ნიშნებია - კომკავშირის, მთლად ახალგაზრდა ილიჩის გამოსახულებით დაწყებული, მრისხანე ჩე გევარას პორტრეტით დამშვენებული ნიშნები, ფასები აქაც მისაღებია.

მონეტებსა და სამკერდე ნიშნების რიგს წიგნები მოჰყვება და ნებისმიერ კაცს, "რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს" ნერწყვი დაახრჩობს.

მშრალ ხიდზე ასევე შეხვდებით მარკების საკმაოდ მდიდარ კოლექციებსაც. როგორც ერთმა კოლექციონერმა გვითხრა, რამდენიმე ასეული (240-300) მარკისაგან შემდგარი კოლექციის შეძენა აქ სულ იაფად 500 ლარადაა შესაძლებელი. ცოტა მოშორებით უკვე სპეციფიკური კოლექციისათვის დამახასიათებელი ნივთები იყიდება - სამოვრები.

რიგითი მოქალაქისათვის დღეისათვის სამოვარს არანაირი პრაქტიკული დანიშნულება არ აქვს, ზედაც არ შეხედავს, მაგრამ სამოვრების დახლთან მისულ "რეზონანსს" ისეთი მსუნაგი მზერა და მუდარით სავსე გამოხედვა დახვდა, თავი ვერ შევიკავეთ და ხსენებული თვალწყლიანობის მიზეზით დავინტერესდით:

- რა არის, სულ რაღაც 10 ლარი მაკლია - ორმოცდაათს მიტანებულმა მამაკაცმა ლამისაა იტიროს.
- ისედაც ბევრი დაგიკელი, არ გინდა, კარგად იყავ! - სომხური აქცენტით პასუხობს სამოვრის პატრონი.
პირველი ორ ცალ ოცლარიანს ხელში აჩეჩებს გამყიდველს: "აჰა, ბე დაიტოვე, ხვალისათვის იმ 10 ლარსაც მოგიტან, არავის გაატანოო", - ეხვეწება. როგორც აღმოჩნდა, 50 ლარად შეფასებული ერთი ხმარებისაგან ფერგადასული, გამჭვარტლული, ჩვენი აზრით, ჭუჭყიანი სამოვარია, რომელსაც კოლექციონერი ხელისგულით ეფერება, ფრჩხილს უხახუნებს სხვადასხვა ალაგას და ყნოსავს კიდევაც.

როგორც აღმოჩნდა, ხალხის მრავალი კატეგორია არსებობს, რომელიც რაღაცის შეგროვებითაა დაკავებული. ამაში არც ქართველები უდებენ ვინმეს ტოლს, რაშიც მშრალ ხიდზე სტუმრობამ დაგვარწმუნა. ერთადერთი კი, რამაც გული დამწყვიტა, სკოლის დამამთავრებელი ოქროს მედალი გახლდათ, რომელსაც მავანი კოლექციონერი სულ რაღაც 70 ლარად ყიდდა.

ყასიდად შევევაჭრე, დამიკელი, ჩემი ბავშვობის ოცნებაა ოქროს მედალი-მეთქი (თუმცა მაგის ნახევარი თანხაც არ მქონდა), მაგრამ გამყიდველმა ოქროს მედალი ააგდო და თავი შეუშვირა - ისედაც მუქთად გაძლევ, მეტი რაღა დაგიკლოო.

მაშინ, როდესაც საქართველოში დასავლური კულტურა ის-ის იყო ფეხს იკიდებდა და თბილისის ქუჩებში მოხეტიალე ბოშები გამვლელებს ამერიკულ სიგარეტს "ჟუვაჩკას", "პედროსა" და "დონალდოს" სთავაზობდნენ, 80-იანი წლების ქართველმა ბავშვებმა, დაიწყეს უცხოური მარკის სიგარეტის კოლოფებისა და "ნაკლეიკების" შეგროვება.

დღეს ეს შეიძლება ღიმილის მომგვრელია, მაგრამ მაშინ სკოლის მოსწავლეები ისეთივე მონდომებით იწონებდნენ თავს ნივთებით, როგორც ფილატელისტები ძვირადღირებული მარკებით.

მოკლედ, კოლექციებიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ადამიანის ინტერესები - ვინ საწერ კალმებს აგროვებს, ვინ სანთებელებს, ვინ კიდევ ასანთის კოლოფებს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1119 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები