ხუთშაბათი, 25.04.2024, 00:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » ჩაშლის თუ არა ოპოზიცია აღლუმს.
23:36
ჩაშლის თუ არა ოპოზიცია აღლუმს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს თბილისში სამხედრო აღლუმი ტრადიციულ ადგილზე - რუსთაველის გამზირზე ჩატარდება. სამხედრო აღლუმს ქვეყნის მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს.

აღლუმის ზუსტი დრო ჯერ უცნობია. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა. არაოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო აღლუმი დილის საათებში, დაახლოებით 10-დან 11 საათამდე გაიმართება.

თავდაცვის სამინისტრომ 26 მაისის აღლუმისთვის მზადება გუშინ დაიწყო. აღლუმის პირველი რეპეტიცია გუშინ ღამით გაიმართა.

თბილისის, საპატრულო პოლიციის უფროსის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით, აღნიშნულის გამო 23:00 საათიდან თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, ასევე ლესელიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩები გადაიკეტა. შეზღუდვა გამთენიისას 05:00 საათისთვის მოიხსნა.

სამხედრო აღლუმში მონაწილეობას მიიღებს ყველა ქვედანაყოფი, მათ შორის საჰაერო ძალები. გამოყვანილი იქნება სამხედრო ტექნიკა. თუმცა, როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე ამბობს, ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი გამოყვანილი იქნება თუ არა მძიმე ტექნიკა.

არასაპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას სამხედრო აღლუმის ჩატარების უფლება არ აქვს. მათივე თქმით, არჩევნებიდან 4 დღით ადრე აღლუმის ჩატარება ძალის დემონსტრირებაა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას აღლუმის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ და 26 მაისს ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება.

თუმცა ჯერჯერობით თბილისის მერიაში შესაბამისი განცხადება არ შესულა. ერთ-ერთი ვერსიით "ეროვნული საბჭო" აქციის გამართვას ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე გეგმავს.

"ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლებას მორალური უფლება არა აქვს აღლუმის ჩატარების.

"სააკაშვილს არავითარი მორალური უფლება არ აქვს აღლუმი ჩაიბაროს, რადგან მან მიიყვანა ეს ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, სამარცხვინოდ წააგო ომი და კიდევ ბედავს და ამბობს, რომ რა მოხდა, ომი წავაგეთო.
"ამ კაცს არ აქვს არავითარი პოლიტიკური და მორალური უფლება, რომ ქართული ჯარისაგან ჩაიბაროს სამხედრო აღლუმი. რაც შეეხება ჩვენს მოქმედებას, თუ რას გააკეთებს ეროვნული საბჭო 26 მაისს, ამასთან დაკავშირებით გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას," - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ პროვოკატორთა ჯგუფის გამო აღლუმის არჩატარება და ასეთი მნიშვნელოვანი, სიმბოლური დღის აღნიშვნაზე უარის თქმა სისულელეა. უმრავლესობისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა აღინიშნოს 26 მაისი სამხედრო აღლუმით.

"26 მაისი ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეა და ისე უნდა აღინიშნოს, როგორც ქართულ საზოგადოებას ეკადრება.

განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ქართველ ხალხთან ერთად უნდა აღნიშნოს," - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

26 მაისს პარლამენტის წინ აღლუმისთვის მზადებას აპროტესტებს ადვოკატთა გარკვეული ნაწილი. როგორც ადვოკატებმა პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კონსტრუქციების დამონტაჟების საკითხი ხელისუფლებას მათთან უნდა შეეთანხმებინა.
ადვოკატ ვახტანგ გაგნიძის თქმით, მერია აქციებთან დაკავშირებით 10 ივნისამდე ჰყავთ გაფრთხილებული, ასეთ ვითარებაში კი, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მიხედვით, ხელისუფლება ვალდებულია, დაგეგმილი ღონისიძიებების სამზადისის დაწყება აქციის მონაწილეებს შეუთანხმოს.

ადვოკატების განცხადებით, ისინი აქციებს გააგრძელებენ, თუმცა 26 მაისს გამართავენ თუ არა პარლამენტის წინ აქციას, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ.

მათივე ინფორმაციით, პატრულის თანამშრომლები ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩუმად მიდიან მათთან და სთხოვენ, მივიდნენ შს სამინისტროში და ის კარავი წაიღონ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ წაართვეს.

"ჩვენ უკანონო გზით და მალულად არ ვაპირებთ კარვის წაღებას. შეტანილი გვაქვს განცხადება მთავარ პროკურატურაში და კარვების დაბრუნებას კანონიერი გზით ვითხოვთ," - განაცხადებს ადვოკატებმა.
თბილისის მერიაში კი ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია შეეცდება აღლუმის გამართვისთვის ხელის შეშლას, შს სამინისტრო ადეკვატური ზომებით იმუქრება.

აღლუმის ამ ფორმით გამართვას ეწინააღმდეგებიან სამხედრო ექსპერტები. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ მიუღებელია აღლუმის იმ ფორმით ჩატარება, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს ტარდებოდა.

მისივე თქმით, აღლუმს უნდა მიეცეს სახალხო ზეიმის ფორმა და არა ძალის დემონსტრირება, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან პოლიტიკურ მხარეს უსვამს ხაზს.
"მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში აღლუმის ჩატარება აბსოლუტურად გაუმართლებელია. გარდა ამისა, კატეგორიულად მიუღებელია და ამ შემთხვევაში ირღვევა სამხედრო მოსამსახურეების უფლება, როდესაც თავდაცვის სამინისტრო აღლუმის სარეპეტიციო ნაწილს ღამით ატარებს.

"ამ შემთხვევაში ირღვევა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების შრომის უფლებები, ვინაიდან ღამის საათებში მათ უწევთ აღლუმის რეპეტიციებში მონაწილეობა, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფით ზეგავლენას ახდენს მათ საბრძოლო მზადყოფნაზე.

"პოლიტიკურ მიზნებს არ უნდა შესწირონ ჩვენი ქვეყნის ბრძოლის და თავდაცვის უნარიანობა. თუ აღლუმის მომზადება იქნება ღამე, მაშინ კეთილი ინებონ და მათ გადაუხადონ შესაბამისი კომპენსაცია, როგორც ეს კანონმდებლობაში არის გათავლისწინებული," - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე კი ამბობს, რომ აღლუმი საბჭოთა კავშირის გადმონაშთია, რომელიც ბრეჟნევის ბრძანებით 1965 წლიდან იმართება მოსკოვში წითელ მოედანზე და რომლის დამაგვირგვინებელი ფაზა არის ჯარების ჩავლა.

"თვითმმართველობის არჩევნები და სამხედრო აღლუმი არანაირ კავშირში არაა ერთმანეთთან. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ აღლუმი არ უნდა ჩატარდეს. მაგრამ, არ მესმის ხელისუფლების, რომელიც აღლუმს საბჭოთა სტილში ატარებს.

აღლუმის ის ფორმა, რომელსაც ჩვენ ვხედავდით ხოლმე 26 მაისს და ვნახავთ მალე, არის საბჭოთა გადმონაშთი, როდესაც დაწყობილი ჯარები ჩაივლიან ტრიბუნების წინ სამხედრო მარშით მუსიკის თანხლებით და ა.შ.

"პირდაპირი ასლი გადმოიღეს იმ ქართველმა გენერლებმა, ვინც საბჭოთა არმიაში მსახურობდა. ასეთი აღლუმები არა სტალინის, არამედ ბრეჟნევის ბრძანებით 1965 წლიდან იმართება მოსკოვში წითელ მოედანზე და მისი დამაგვირგვინებელი ფაზაა ჯარების ჩავლა. ზუსტად ისეთივე სტილია დღეს. ანუ საზეიმო მარში, პლუს სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. მთავარი ისაა, რომ აღლუმს მთავარსარდალი იღებს. ეს ის სტილია, რომელიც მხოლოდ საბჭოთა კავშირშია შენარჩუნებული.

"26 მაისს აუცილებელია თბილისში იყოს ჯარი, მაგრამ ეს შეიძლება წარმოდგენილი იყოს გამოფენის სახით, სადაც ცალკეული ქვედანაყოფები, ბრიგადები ან ბატალიონები, მნიშვნელობა არა აქვს ვინ შეირჩევა, ცალკეულ უბნებში წარმოადგენენ თავიანთ ტექნიკას და შეიარაღებას, ცალკეულ ერთ ელემენტს, თავისი დემონსტრირებით.

მოსახლეობას საშუალება ექნება, შეეხოს ამ ტექნიკას. ოფიცრები და ჯარისკაცები უშუალოდ პირდაპირ კონტაქტში იქნებიან მოსახლეობასთან, აუხსნიან თავიანთი ქვედანაყოფის ისტორიას," - ამბობს გიორგი თავდგირიძე.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1023 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები