პარასკევი, 29.03.2024, 01:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » რით დაემსგავსა რატი დურგლიშვილი გიგი უგულავას.
00:09
რით დაემსგავსა რატი დურგლიშვილი გიგი უგულავას.

28 წლის მომღერლის, რატი დურგლიშვილის ფსიქოპორტრეტის შედგენა არც ისე რთული ყოფილა - ძალიან გულახდილი, კონტაქტური და უშუალო ადამიანია. არ უყვარს ამბიციური და ყალბი ხალხი. ასეთებთან არც ურთიერთობს, რომ არ "გაფუჭდეს". საოცარია, მაგრამ ის ადამიანებიც უყვარს, ვინც მასზე ჭორებს იგონებს...

დუეტ "ჯორჯიას" წევრი ამბობს, რომ მამაკაცებს, ქალებისგან განსხვავებით, ერთდროულად რამდენიმე საკითხზე ფიქრი და რამდენიმე საქმის კეთება არ შეუძლიათ, ამიტომაც არ მოჰყავს ცოლი: გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი მაქვსო. მისი ეს ფრაზა გიგი უგულავას წინასაარჩევნო სლოგანს მაგონებს. თუმცა რატი აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანია, ისიც კი არ ახსოვდა, რა არჩევნები ტარდება ახლა ჩვენს ქვეყანაში...


- რატი, დილით მაღვიძარა გაღვიძებს თუ მის დაუხმარებლად ახერხებ ამას?
- ჩემი "მაღვიძარა" არის დედაჩემი. გამოგიტყდები და, სამსახურს იმის გამო არ ვიწყებ, რომ დილით გაღვიძებამ არ მომიწიოს. ახლა ისეთი სამუშაო მაქვს, როცა მინდა, მაშინ ვიღვიძებ. დიდი პრობლემაა ჩემი გაღვიძება. ამის გამო, ტელევიზიები გავანაწყენე, დილის გადაცემების მესვეურნი... ახლა ბოდიშს ვუხდი, უნდა მაპატიონ, ეს ჩემი სისუსტეა. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ამის გამო არ უნდა გამიბრაზდეს.

- რამდენად პუნქტუალური ხარ?
- ზოგჯერ პუნქტუალური ვარ, ზოგჯერ - ძალიან უთავბოლო, დავბორიალებ სახლში, ჯერ ტანსაცმელს ვეძებ, რა ჩავიცვა, მერე ყავას ვსვამ, მერე გამახსენდება, რომ მეჩქარება, საათს შევხედავ და თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ სახლიდან.

- დაბნეული ხარ?
- საკმაოდ. რამდენიმე საქმეს ერთად რომ აკეთებენ, იმ ხალხის მშურს. ეს ძირითადად, ქალებს ახასიათებს, მამაკაცებს ერთი რაღაც გვახსოვს მხოლოდ. ერთი ტვინი გვაქვს. ქალებს მგონი, ბევრი გაქვთ; შეგიძლიათ, ლაპარაკობდეთ და პარალელურად, ვიღაცას უსმენდეთ.

- ამის გამო ქალების ხომ არ გშურს?
- არა, რას ლაპარაკობ?! ხომ უნდა განვსხვავდებოდეთ ქალებისგან. მომწონს, ერთ საქმეზე რომ ვარ კონცენტრირებული; სამაგიეროდ, იმ ერთს კარგად ვაკეთებ.

- სიზარმაცე ხშირად გეძალება?
- ოო, ძალიან ზარმაცი ვარ ბუნებით, არ მიყვარს საქმის ბოლომდე მიყვანა. ჩემს სურათებსაც რომ გადავხედავ ხოლმე, არც ერთი ნახატი არ მაქვს დამთავრებული. სიმღერასაც რომ ვწერ, მაკა რომ არ მყავდეს გვერდით, ვერ დავამთავრებდი ვერც ერთს. ხან მარტო მისამღერს ვწერ და ხან დასაწყისს.

- იქნებ მუზა გტოვებს ხოლმე?
- შეიძლება, მაგის ბრალიცაა. მალე მბეზრდება ყველაფერი, მათ შორის - სიმღერაც.

- შენი დაბნეულობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, გვერდით ისეთი მეორე ნახევარი გჭირდება, ვინც ხშირად შეგაჯანჯღარებს: რატი, გაგვიანდება, რატი, წასვლის დროა, რატი, ხომ არ გშია?
- შიმშილს რაც შეეხება, ამის შეხსენება არ მჭირდება, კუჭი სულ ფორმაში მაქვს (იცინის). გურმანი ვარ, ჭამაზე ვაფრენ.

- რომ არ გეტყობა, ამას როგორ ახერხებ?
- ვარჯიშით: ყოველდღე დავრბივარ დაახლოებით 8 კილომეტრს, დავდივარ დარბაზში, ტრენაჟორებზე სავარჯიშოდ. არანაირი წამლებით არ ვიჭყიპები და არანაირ დიეტას არ ვიცავ.

- დღის რომელ მონაკვეთში ახერხებ ვარჯიშს?
- ისეთი აბონემენტი მაქვს აღებული, რომ დღის ნებისმიერ დროს შემიძლია მისვლა. ვარჯიში ჩემთვის, ანტიდეპრესანტია. დაკავებული ვარ იმ საქმით, რომელიც მომწონს. ეს ნერვულ სისტემაზეც მოქმედებს, ოღონდ - დადებითად, უფრო მშვიდი ხდები.

- მოგწონს ვარჯიში, გიყვარს სიმღერა... არასდროს გიკეთებია ის, რაც არ მოგწონს, არ გიყვარს?
- ისეთ რამეს არასდროს გავაკეთებ, რაც არ მინდა, რისი გაკეთებაც არ მიყვარს. სულ რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იდგეს, მაინც.

- შენს მეგობარს სახლში რემონტი რომ ჰქონდეს და დახმარება გთხოვოს, არ დაეხმარები?
- აუცილებლად დავეხმარები. ეს საქმე მომწონს, მეხერხება კიდეც, ჩხირკედელა ვარ. ყველაფრის გაკეთება შემიძლია ოჯახში, ერთადერთი, სანტექნიკა ვერ შევისწავლე, დანარჩენი ყველაფერი ვიცი. მე და ჩემი ძმა პატარები რომ ვიყავით, სახლს ვაშენებდით. მაშინ მთელი ჩემი დიზაინერული შესაძლებლობები გამოვიყენე. ჩემთვის, ესეც ხელოვნების ნაწილია.

- რას არ გააკეთებ არასდროს?
- მეგობარს რაც უნდა დასჭირდეს, ყველაფერს გავაკეთებ. მარტო მეგობარს არა, ვისაც უნდა დასჭირდეს, აუცილებლად დავეხმარები. სიკეთის კეთება მიყვარს. არიან ადამიანები, რომლებსაც დახმარების თხოვნა "პროფესიად" აქვთ ქცეული, გირეკავენ, - ფული მჭირდებაო, - და ზუსტად იცი, რომ ეს თანხა კაზინოში უნდა დახარჯონ. ასეთი ადამიანისთვის უარი მითქვამს. ვიცი - თუ დახმარება გინდა, უნდა დაეხმარო ადამიანს, მაგრამ როცა იცი, რომ დათვურ სამსახურს უწევ და ამით აფუჭებ, ცოტა ჭკუას უნდა მოუხმო შენც.

- ნარკოტიკული საშუალებებით თუ დაინტერესებულხარ ოდესმე?
- არა, რას ლაპარაკობ, პლანიც არ გამისინჯავს; ამ მხრივ ნებისყოფა მაქვს. სასმელსაც არ ვეტანები. არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, უმიზეზოდ დალიონ მაშინ, როცა არაფერი ხდება. მე ასე არ ვარ. შეიძლება დავლიო, ოღონდ - მხოლოდ წვეულებაზე; იქაც სიტუაციას ვარჩევ. თუ ვიცი, რომ ამ სუფრის გაგრძელება შეიძლება, ჩხუბსა და გაწევ-გამოწევაში გადაიზარდოს, ფხიზლად ვიქნები. ძალიან მიყვარს ისეთ ადამიანებთან ჯდომა, ვისაც იუმორი აქვს, ვინც არ თამაშობს, არის ის, რაც სინამდვილეშია.

ყალბ ადამიანებთან ვერ ვურთიერთობ. მაგალითად, თუ მიყვარხარ, ამას აუცილებლად გეტყვი; რასაც ვგრძნობ, იმასაც გეტყვი. სხვა თუ არ გააკეთებს ამას, მე გავაკეთებ. იმას არ ვფიქრობ, - ვაიმე, ხომ არ მივესალმე ამას პირველი და ამით თავი ხომ არ დავიმცირე-მეთქი?!. პირიქით, ძალიან ბევრ უცხო ადამიანს შემიძლია მივესალმო დიდი სიყვარულით. ამბიციური არა ვარ და არც ასეთი ადამიანები მიზიდავს. მათთან არ ვურთიერთობ, რომ არ დავემსგავსო.

- რომ შეიტყო, შენმა უახლოესმა მეგობარმა მეორე მეგობართან შენზე არცთუ ისე სასიამოვნო რაღაცები ილაპარაკა, როგორი რეაქცია გექნება?
- არანაირი. არც ამ ამბის გარკვევას დავიწყებ და არც ურთიერთობა შეიცვლება ამით იმ ადამიანსა და ჩემს შორის. ჩუმად ვიქნები, ისე, თითქოს არაფერი ვიცი. დუმილით ყოველთვის მომიგია.

- ჭორებზე როგორ რეაგირებ?
- იმის 95%, რასაც ჩემზე ლაპარაკობენ, ტყუილია, მაგრამ არასდროს დავმდგარვარ და არასდროს დამიწყია იმის მტკიცება, - ეს ტყუილია, ხალხო, არ დაიჯეროთ-მეთქი. მთავარია, მე ვიცი, როგორ ვიცხოვრე და რა არის სიმართლე. მართალი გითხრა, მსიამოვნებს კიდეც, როცა ჩემ შესახებ ახალ ამბებს ვიგებ, - ე.ი. ხალხს ვაინტერესებ. მე მიყვარს ეს ადამიანები.

- არაერთ გოგონასთან "დაგაწყვილეს", მათ შორის იყო თამთა ჭელიძეც; არც ამაზე გაბრაზებულხარ?
- ჰო, არაერთ გოგოსთან "დამაწვილეს", მათ შორის, მართლაც იყო თამთა, მაგრამ...

- რა მაგრამ?
- არის ეს მართალი?..

- შენთვის მინდოდა, იგივე მეკითხა...
- (იცინის) არა, არ არის მართალი. სინამდვილეში ჩვენ შორის არაფერი ხდება. მე და თამთა მეგობრები ვართ. ძალიან ხშირად ვეხმარებით ერთმანეთს, რჩევისთვის ვურეკავთ.

- შენ შესახებ ბოლო ჭორი მიამბე.
- (ფიქრობს) ერთ-ერთ ქალბატონთან დავუნახავვარ ჩემს "კეთილისმსურველებს". ძალიან შეშფოთებულებმა დარეკეს ჩემს ოჯახში და იკითხეს, რა საერთო აქვს მასთანო?!.

- თვითონ თუ გიჭორავია შენს მეგობრებთან, მაგალითად, ქალზე?
- კი, ყოფილა ასეთი მომენტები. მაგრამ ხშირ შემთხვევაში იმ ქალის ვინაობას არ ვამხელ. არ მინდა, ვინმეს ტკივილი მივაყენო. ისე არ უნდა გაიხადო საქმე, რომ იმ ქალისთვის თვალებში ჩახედვის შეგრცხვეს. უკან მოსაბრუნებელი გზა ყოველთვის უნდა დაიტოვო.

- ჟარგონზე გკითხავ: ქალების "კოლექციით" თუ "გიბლატავია"?
- არასდროს. ვერავინ იტყვის, რომ მე ამით "მიბლატავია". ბავშვობიდან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ ამით არასდროს მომიწონებია თავი. ეს ძალიან დაბალ დონედ მიმაჩნია.

- ბევრჯერ გყვარებია?
- სამჯერ... არა, ოთხჯერ.

- მათ შორის, ერთ-ერთი - თურქი გოგონა იყო, რამდენადაც ვიცი.
- ჰო, და ჩემმა სარწმუნოებამ არ მომცა იმის საშუალება, მასთან სერიოზული ურთიერთობა გამეგრძელებინა. მეც არ ვიცი, რა დამემართა. ჩემი მეგობრები გაოცებულები იყვნენ, მეკითხებოდნენ, - როგორ შეიძლება, 8 დღეში ქალი ასე შეგიყვარდესო?!. სერიოზული დეპრესია მქონდა 6-7 თვე, ძალიან ვიტანჯებოდი.

- ამ 7 თვეს თუ არ ჩავთვლით, დეპრესია გქონია?
- არასდროს. საკუთარი თავი იმდენად მიყვარს, ნერვიულობის საშუალებას არ ვაძლევ. ღმერთმა ბავრი რამ მომცა ცხოვრებაში. შემიძლია, სხვა საქმით დავკავდე და დეპრესიის მიზეზი დავივიწყო. წარსულს არასდროს მივტირი. ვისთანაც რომანი მქონია, დღეს ყველასთან ვმეგობრობ.

- ეს რთული არ არის?
- არა, იმიტომ, რომ მათ მიმართ გრძნობა აღარ მაქვს. უბრალოდ, პატივს ვცემ და არ მინდა, სამუდამოდ დავკარგო. როცა გიყვარს, ის შენთვის ძვირფასია, მეგობრის შეძენა კი მარტივი არ არის. ერთადერთი შემთხვევა მქონდა, როცა დეპრესიის ზღვარზე ვიყავი, - ეს იყო აგვისტოს ომის დროს. ძალიან განვიცადე ამდენი დაღუპული ახალგაზრდა და დაკარგული ტერიტორია. ყველაზე მეტად, შელახული სიამაყის გრძნობა განვიცადე.

- თუ იფიქრე იმაზე, - მე რა შემიძლია გავაკეთო ასეთ შემთხვევაშიო?
- დედას გეფიცები, მზად ვიყავი, ხელში იარაღი ამეღო და ჩემი სამშობლო დამეცვა, ომის არ შემშინებია, უბრალოდ, ელდა მეცა... მე რაც შემეძლო, გავაკეთე. თუნდაც ის, რომ ბოლომდე ერთგული დავრჩი საკუთარი ქვეყნის. სხვაგვარადაც შემეძლო მოვქცეულიყავი და ბევრად უკეთესად ვიცხოვრებდი, ვიდრე დღეს ვცხოვრობ, მაგრამ არ გავაკეთე.

- რას გულისხმობ? მოსკოვში წასვლა შეგეძლო და ქეთა თოფურიასავით, რუსული ჯარისთვის სიმღერა?..
- მაგ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ქეთა ჩემი მეგობარია, ძალიან მიყვარს და ძალიან გამიჭირდება ახლა მისი საქციელის განკითხვა. მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვაგებ პასუხს.

- სიყვარულის თემას მინდა დავუბრუნდეთ: თქვი, რომ არაერთხელ გყვარებია; როგორ გოგონას არ შეიყვარებ არასდროს?
- იცი, რაშია საქმე... ჩემი უბედურება თუ ბედნიერება ის არის, რომ ყველა ადამიანში კარგ თვისებებს ვეძებ. შემიძლია გითხრა, როგორი გოგო შემიყვარდება, მაგრამ როგორი არ შემიყვარდება, ამის თქმა გამიჭირდება. წეღანაც აღვნიშნე და გავიმეორებ, ბუნებრივი, უშუალო ადამიანები მომწონს, ისინი, ვინც არ თამაშობენ, ყალბები არ არიან, ვისაც სპეციალური იმიჯი არ აქვთ შექმნილი გარშემო მყოფთათვის.

- ადამიანში სიყალბე რომ გამოიცნო, ნიჭი უნდა გქონდეს...
- არა, ძალიან მარტივია, ერთი დალაპარაკებაც კმარა. ცდილობენ დაგიმტკიცონ, რომ შენზე მაგრები არიან, სინამდვილეში კი არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებთ.

- პოლიტიკაზე რას ფიქრობ?
- აპოლიტიკური ტიპი ვარ.

- ახლა რისი არჩევნები ტარდება ქვეყანაში, ისიც არ იცი?
- ეგ ვიცი... უი, მგონი, ეგეც არ ვიცი (იცინის)... არა, როგორ არა, თბილისის მერს ვირჩევთ.

- კიდევ?
- კიდევ, არ ვიცი. დედას გეფიცები, მართლა არ ვიცი. თუმცა არც ერთი არჩევნები არ გამიცდენია, ყველაში მიმიღია მონაწილეობა. ახლაც ვაპირებ წასვლას, მაგრამ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების საქვეყნოდ გამოტანას ახლა არ ვაპირებ.

- გაბრაზებული რატი როგორია?
- 5 წუთში გადამივლის წყენა.

- სწორედ ეგ 5 წუთი მაინტერესებს...
- რომ გითხრა, ადამიანს მოვკლავ-მეთქი, მოგატყუებ. ვყვირი, ვწუწუნებ, მეგობარს ვუყვები, ვინ გამაბრაზა და ვწყნარდები.

- ცოლის მოყვანას არ აპირებ?
- ჯერ არა.

- რამდენი წლის ხარ?
- 28-ის. იცი, რა არის?! ვფიქრობ, რომ გასაკეთებელი ძალიან ბევრი მაქვს.

- რა უგულავას ფრაზებით მელაპარაკები?!.
- (იცინის) ჰო, გასაკეთებელი კიდევ ბევრია! ჰო, ეგ უგულავას რეკლამაა, არა?! პრინციპში, მეც მაგ დღეში ვარ: დასამთავრებელი მაქვს ალბომი, ვწერ სიმღერებს, ვხატავ.

- ერთმანეთს რატომ უშლის ხელს ოჯახი და ყველაფერი დანარჩენი?
- ცოლს რომ მოვიყვან, გონების ძირითადი ნაწილი მასზე გადამერთვება და ყველა დანარჩენი გვერდზე დამრჩება. ჩვენ, მამაკაცები ხომ რამდენიმე საქმეს ერთდროულად ვერ ვაკეთებთ.

- რისი თქმა გინდა - ცოლს რომ მოიყვან, საყვარელ საქმესაც თავს დაანებებ?
- გამორიცხული არ არის.

- ე.ი. მანამადე დიდი კაპიტალის დაგროვება მოგიწევს.
- აი, ზუსტად "მანდ ვარ" მეც (იცინის): დავაგროვებ ფულს და მერე მოვიყვან ცოლს.

- შენ იცი. წარმატებებს გისურვებ!

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1320 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები