სამშაბათი, 16.04.2024, 14:43
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » ვირჩევთ მერს - პასუხობს გიგი უგულავა.
00:42
ვირჩევთ მერს - პასუხობს გიგი უგულავა.

დედაქალაქში წინასაარჩევნო მარათონი ძალებს იკრებს. რას პირდებიან მერობის კანდიდატები თბილისელებს, ამას თითოეული მათგანისგან პირადად შეიტყობთ. ამბები.ge-ს მკითხველს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი გიგი უგულავა პასუხობს


მკითხველი: ალექსანდრე

ბატონო გიგი, კარგია გზები, გარგია გამწვანებაც და საერთოდ, რაც გააკეთეთ მივესალმები, მაგრამ გადასახადები დიდი გვაქვს და შემოსავლები - ცოტა. თუ შეგვპირდებით ხალხის სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას, მაშინ აგირჩევთ. როგორ აპირებთ ამ საკითხის გადაჭრას?


მე გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ვიყარო კენჭი, რადგან ზურგს მიმაგრებს საქმე, რომელიც ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთად გავაკეთეთ და მტკიცე განცდა, რომელიც თქვენგან მივიღე, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

თბილისის ინფრასტრუქტურა ყველა მიმართულებით უკეთესი ხდება. განვითარებული ინფრასტრუქტურა ჩვენ დასაქმებისთვის გვჭირდება, თუ განვითრებულია ინფრასტრუქტურა, შესაბამისად შესაძლებელია სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ ინფრასტრუქტურა გვჭირდება ინვესტიციების მოსაზიდად, ხოლო ინვესტიციები გვჭირდება ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. დასაქმებას ემსახურება ინფრასტრუქტურის განვითრებაში ჩადებული თითოეული თეთრი. კარგი სოციალური პროგრამა დასაქმების გარეშე არ არსებობს. სოციალური პროგრამა ყოველთვის მოითხოვს სრულყოფას, ის ყოველთვის ტოვებს მოთხოვნას რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისში 400 000 ადამიანი სარგებლობს ჯანდაცვის პოლისით. მცირედით მაგრამ მაინც შევძელით რომ პენსიონერებისთვის პენსია 10 ლარით გაგვეზარდა და მათ ნახევარ ფასად ემგზავრათ. მათ ასევე რამდენიმე წელია ურიგდებათ წამლის ვაუჩერები. სოციალურად დაუცველებს მივეცით შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ფასდაკლებით კომუნალურ გადასახადებზე.

საბოლოო ჯამში ყველაზე კარგი სოციალური პროგრამა არის დასაქმება, იმიტომ რომ რაც უფრო მეტია დასაქმებული ადამიანი მით უფრო მეტია უზრუნველყოფილი ოჯახი, შესაბამისად ნაკლებია სოციალური პრობლემა. ეს საშუალებას გვაძლევს რომ გავზარდოთ პენსია, უფრო მეტი ჯანმრთელობის პოლისი გავცეთ, იმიტომ რომ მხოლოდ დასაქმებული ადამიანი ქმნის იმ რესურს, რაც აუცილებელია სოციალური პროგრამის დასაფინანსებლად და გასაუმჯობესებლად. ამიტომ დასაქმება არის საუკეთესო გზა ყველა სოციალური პრობლემის გადასაჭრელად. სამომავლოდ, თბილისის ყველა გამგეობა იქნება დასაქმების ოფისი, აქ გაანთავსდება ინფორმაციები ყველა სამუშაო ადგილზე, რომლებიც ამ რაიონებშია და ასევე დამატებით განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები, რათა ხელი შეეწყოს თბილისელებისთვის ცოდნისა და სხვადასხვა უნარჩვევების მიღებას.

მკითხველი: ბესო

ბატონო გიგი, მე ქუთაისიდან ვარ და მაინტერესებს, რატომ არ ვირჩევთ ჩვენ ქუთაისელები მერს პირდაპირი წესით, ისევე როგორც თბილისელები? და კიდე ერთი, რით არის თბილისელი პენსიონერი სხვა დანარჩენებზე "გამორჩეული"? ის არგუმენტი, რომ თბილისელ პენსიონერს მეტი ეხარჯება, ვიდრე თუნდაც ქუთაისელს(ამ ცოცხალმკვდარი ქალაქის მკვიდრს) რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სუსტ არგუმენტად არ გეჩვენებათ? და მესამეც: "გარკვეული" პასუხი მაინტერესებს, იყო თუ არა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება საბჭოთა დროის "ანაბრების" დაბრუნება? და თუ იყო და როგორც ვხედავთ, არ შესრულდა, რატომ უნდა ვენდოთ ახალ დაპირებებს?

მადლობა კითხვისათვის. როგორც თბილისის მერი და მერობის კანდიდატი, დაინტერესებული ვარ ვიპოვო არსებული პრობლემებისგან გამოსავალი. რა თქმა უნდა, ჩვენი პენსიონერები იმსახურებენ ჩვენ პატივისცემას და ჯანსაღ სოციალურ გარემოს. თბილისის საკრებულოს და მერიას ქონდა შესაძლებლობა და პენსიონერებისთვის 10 ლარიანი დანამატი გავაკეთეთ, სამწუხაროა, რომ სხვაგან დღეს ამის შესაძლებლობები არ არსებობს. ამავე დროს,ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ, სხვა ადგილობრივი თვითმმართველობები ერთად თავდაუზოგავად ვიშრომებთ, რომ საქართველოს ყველა პენსიონერისთვის პენსია გაიზარდოს და იყოს ღირსეული. მე მხარი დავუჭირე რეფორმებს, რომლის მიხედვითაც თბილისის მერი უფრო მეტად ანგარიშვალდებულია მოქალაქეების წინაშე. სხვა ქალაქებში არ ტარდება მერის პირდაპირი არჩევნები, თუმცა არც მერის არაპირდაპირი არჩევნებია არადემოკრატიული და ამის მაგალითები უამრავია ევროპულ ქვეყნებში. მიუხედავად ამისა მე მხარი დავუჭირე, მერის პირდაპირი წესით არჩევას, ასევე მხაედაჭერა იყო ოპოზიციის მხრიდან.

ამავდროულად მხარი დავუჭირე დებატების იდეას მერობის კანდიდატებს შორის, სადაც ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა გვესაუბრა ჩვენ პრიორიტეტებზე. ყველაფერ ამის შემდეგ ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს ვინ არის მათთვის მისაღები კანდიდატი და გადაწყვეტს არა მხოლოდ ფუჭი დაპირებებით არამედ საქმით რომელიც უკვე კეთდება.  


მკითხველი: მანუჩარი

ბატონო გიგი, მახსოვს ნაციონალური მოძრაობის წინა ლოზუნგი ,,საქართველო სიღარიბის გარეშე". მე, რომ დღეს თქვენ ხმა მოგცეთ, წინა არჩევნების დანაპირები შეასრულეთ? საქართველო დღეს ღარიბების გარეშეა?
ასევე მახსოვს ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დაპირება: საქართველოში პენსია - 100$-იო. მე, რომ დღეს თქვენ ხმა მოგცეთ, თქვენმა პარტიამ შეასრულა ეს დანაპირები? აღარაფერს ვამბობ ტერიტორიული მთლიანობის აგდგენის პირობით რომ ხართ მოსული ხელისუფლებაში...

მერის პირდაპირი წესით არჩევა საქართველოში ხდება პირველად. მე ვიცი, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისში 400 000 ადამიანი სარგებლობს ჯანდაცვის პოლისით. მცირედით მაგრამ მაინც შევძელით, რომ პენსიონერებისთვის პენსია 10 ლარით გაგვეზარდა და მათ ნახევარ ფასად ემგზავრათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მათ ასევე რამდენიმე წელია ურიგდებათ წამლის ვაუჩერები.

ეს არის მცირედი, მაგრამ ჩვენ ამ კუთხით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ. ამავე დროს პრობლემებმა, ობიექტურმა პრობლემებმა, არ მოგვცეს სოციალური თუ პოლიტიკური საკითხების ამ ეტაპზევე მოგვარების საშუალება. გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ჩვენ ყველა ერთად, ყველა სახის პრობლემას გავუმკლავდებით.



მკითხველი: თამაზი

ბატონო გიგი, ჩემმა შვილმა დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წითელ დიპლომზე, ჩააბარა მაგისტრატურაში, სადაც უნდა გადავიხადოთ 5000 ლარი, არ გჭირდებათ მცოდნე ადამიანი რომელსაც არ აქვს საშუალება გადაიხადოს სწავლის საფასური? ..თუ შეიძლება მოგვაქციეთ ყურადღება..

მე მჯერა, რომ ყველას ვისაც სურვილი აქვს, ექნება შესაძლებლობა მიიღოს განათლება უმაღლეს სასწავლებელში. სწორედ ამიტომ განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი ამ სფეროში.

აუცილებელია რომ ყველა ნიჭიერმა ახალგაზრდამ, რომელსაც არ აქვს მაღალი ფინანსური შესაძლებლობა, გააგრძელოს განათლების მიღება, ამ მიმართულებით დამეთანხმებით, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ბევრი რამ გაკეთდა თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია.  


მკითხველი: თამაზი

ბატონო გიგი, ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, როდის მოიცლით 40-დან 65 წლამდე ხალხისთვის, რომლებსაც არც სამსახურში იღებენ და არც არანაირი შემოსავალი არ აქვთ? ამის თვალსაჩინო მაგილითი ვარ, ძალიან გთხოვთ დამასაქმოთ, გულთან მიიტანოთ ჩემი თხოვნა. მე მოტყუებით დამაწერინეს განცხადება იმ დაპირებით, რომ სხვა განყოფილებაში გადამიყვანდნენ და ორი წელია უმუშევარი ვარ.


მე როდესაც ვამბობ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია პირველ რიგში დასაქმებას ვგულისხმობ. იმიტომ რომ უმუშევრობა არის ყველა თბილისელის ნომერ პირველი პრობლემა. ნებისმიერ შეხვედრაზე ნებისმიერ ადამიანს ქუჩაში რომ დაელაპარაკო ერთი სიტყვით შეგიძლია შეაჯამო, რომ გაჭირვება არის მთავარი პრობლემა და ამის გასაღები არის დასაქმება. დასაქმებული ადამიანი არის ხერხემალი ნებისმიერი საზოგადოების.

დასაქმებულია ადამიანი მეტია უზრუნველყოფილი ოჯახი, დასაქმებულია ადამიანი მეტია შესაძლებლობა გავზარდოთ პენსია და მივხედოთ სოციალურ პრობლემებს. ვწუხვარ თქვენი პრობლემის გამო. ის რომ დღეს კომპანიები უარს ამბობენ უფროსი ასაკის ადამიანების დასაქმებაზე მხოლოდ იმიტომ რომ ისინი უფროსები არიან ეს უსამართლობაა და მე ამას არ შევურიგდები. ჩემი მიზანია ყველა ადამიანი ვინც სამუშაოს ეძებს დასაქმდეს და ნებისმიერი ადამიანის შრომა იყოს დაფასებული.

სწორედ ამიტომ, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა იყო და არის ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი. სწორედ ამის გამო ჩვენ შევიმუშავეთ კომპიუტერისა და ინგლისურის უფასო კურსები, რაც უფროსი ასაკის ადამიანებს სამსახურის მოძებნაში დაეხმარება.

რათქმაუნდა ეს კურსები არ გულისხმობს დასაქმების 100 პროცენტიან გარანტიას, თუმცა იძლევა იმ უნარჩვევების უფასოდ შეძენის შესაძლებლობას, რაც დღევანდელ შრომის ბაზარზე აუცილებელია. თბილისის მერიის მიერ შეიქმნება კურსდამთავრებულთა ბაზა, რისი საშუალებითაც ჩვენ წარმატებულ კურსდამთავრებულზე დამსაქმებელთა ასოციაციასთან და კერძო სექტორთან მუშაობის დასაწყებად გიშუამდგომლებთ. თბილისის მერიის მიერ ასევე ხორციელდება მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების დასაქმების პროგრამა, რაც კერძო სექტორთან შეთანხმებით, ამ ოჯახების თითო წევრის დასაქმებას გულისხმობს.

დასაქმების პრობლემაზეა ორიენტირებული პროგრამა დაიწყე ბიზნესი მერიის მხარდაჭერით რომელიც 2006 წლიდან ხორციელდება. მე მინდა ერთი ისტორია მოგითხროთ, 26 აპრილს მე კამპანია დილის 6 საათზე ნაძალადევის რაიონში ქეთევან სონღულაშვილს საცხობში დავიწყე. არ ვიცი რამდენად გამოვდგები პურის მცხობელად, რადგან პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. თუმცა არასოდეს დამავიწყდება ქალბატონი ქეთევანის სიტყვები: "თქვენი მხარდაჭერით თქვენ ათი ოჯახი იხსენით გაჭირვებისგან”.

ქალბატონმა ქეთევან სონღულაშვილმა თბილისის მერიის პროგრამის დაიწყე ბიზნესი მერიის მხარდაჭერით, 2007 წელს მიიღო იაფი სესხი და 10 ადამიანი დაასაქმა. სხვამ 20, იქ ვიღაცამ 30, ესე ნელ-ნელა იქმნება სამუშაო ადგილები და სწორედ ამას ნიშნავს როდესაც ვამბობ, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

გპირდებით მომოდევნო 4 წელი თბილისის მერია, მისი ყველა სტრუქტურული ერთეული, მუნიციპალიტეტები, იქნება ერთგვარი დასაქმების ბიურო სადაც დაცული იქნება ნებისმიერი თქვენგანის სოციალური და შრომითი უფლებები.


მკითხველი: შორენა

ა) ბატონო გიგი, დადასტურებული ფაქტია, რომ თქვენ დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან საკუთარი ოჯახის წევრების ოპერაციებს აფინანსებთ, მაინტერესებს თუკი თქვენ გახდებით თბილისის მერი, ასე გააგრძელებთ?

მსგავსი ფაქტი არ შეიძლება დადასტურებული იყოს, რადგან თბილისის ბიუჯეტი მხოლოდ თბილისელების კეთილდღეობას ემსახურება ასეა ახლა და ასე იქნება მომავალშიც.



ბ) ბატონო გიგი, ის რასაც თქვენ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად იყენებთ, შადრევნები, ხიდები, დაგებული ასფალტი, ესტაკადა და ა.შ. ეს ყველაფერი აღებული ვალით არის გაკეთებული, რომელიც ქვეყნის რიგითმა მოქალაქეებმა უნდა გადაიხადონ. დედაქალაქის ბიუჯეტიდან კი ამ დროს უნიჭო მომღერლების კონცერტები ფინანსდება. თქვენი დამსახურება ამ შემთხვევაში რაში მდგომარეობს?


მოდით ერთად გადავავლოთ თვალი იმ 5 წელს, რომელიც ერთად გავიარეთ. დღეს თბილისი უკეთესი ქალაქია ვიდრე 5 წლის წინ იყო, უკეთესი გზებით, განათებით, ტრანსპორტით, სისუფთავითა და საბავშვო მოედნებით, მაგრამ პრობლემა, რომელიც დღეს ყველაზე მწვავედ ეხება თბილისელებს უკლებლივ ყველა უბანში, არის ისევ და ისევ დასაქმება და თუ ჩვენ რეალურად გვინდა კეთილმოწყობა ვაქციოთ კეთილდღეობად, ამისათვის თბილისელებს მეტი სამუშაო ადგილი სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უმუშევრობასთან ბრძოლა დღეს არ დაგვიწყია და მთლიანად ეს ინფრასტრუქტურილი განვითარება პირველ რიგში ემსახურებოდა სწორედ დასაქმებას, სამუშაო ადგილების შექმნას, მიუხედავად ამისა დამეთანხმებით, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

შადრევნები, ხიდები, დაგებული ასფალტი, ესტაკადა, ყველაფერი რასაც თქვენ აღნიშნავთ, არის აუცილებელი, რომ თბილისი გახდეს უკეთესი, რომ ის გახდეს მიმზიდველი უცხოელი თუ ადგილობრივი ინვესტორისთვის, რომ მეც და თქვენც ვამაყობდეთ ჩვენი ქალაქით. ამავე დროს, სწორედ ამ მიმართულებით ვითარების გაჯანსეღება შეუწყობს ხელს სოციალური ფონის გაუმჯობესებას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას


გ) ასი ახალი საავადმყოფო, 600 დღიანი ანტიკრიზისული გეგმა, რომლის შემდეგაც ქვეყანაში კრიზისი არ უნდა ყოფილიყო, მილიონი სამუშაო ადგილი, საქმე ლაპარაკის ნაცვლად - ეს არაფერი არ შესრულდა, ბატონო გიგი. იქნებ დეტალურად, და არა ფუჭი დაპირებებით გვითხრათ, კონკრეტული საქმე, რასაც შეასრულებთ.


მადლობა კითხვისათვის. კრიტიკა დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ სინამდვილეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ქალაქის გაუმჯობესება ქალაქის ბიუჯეტის შედეგია, რომელიც ქალაქის საკრებულოს მიერაა დამტკიცებული. თუმცა, მე არ ვარ დაინტერესებული სხვა ადამიანების კრიტიკით, მე დაინტერესებული ვარ თბილისის გაუმჯობესებით. მე არ დაგპირდებით იმას, რისი გაკეთებაც არ შემიძლია.

მე ვპირდები თბილისელებს რომ დაუღალავად ვიშრომებ რათა თბილისი უკეთეს ქალაქად ვაქციოთ, ეს ნიშნავს სწორედ, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. თბილისის გაუმჯობესებისა და უფრო მეტი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ძალიან ბევრი გაკეთდა თბილისში, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია.


მკითხველი: ირმა

ბატონო გიგი, 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ზონის კოორდინატორები, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო შედეგები ჰქონდათ და თავდაუზოგავად შრომობდნენ უფუნქციოდ დარჩნენ. მომდევნო 2008 წელს ისინი სხვა ხალხით ჩაანაცვლეს და ამ არჩევნებზეც სახლში სხედან უმუშევრები. გთხოვთ, იკითხეთ სად არიან ყოფილი ზონის კოორდინატორები? მაგალითად, სამგორში. იკითხეთ 2006 წელს რას აკეთებდნენ და დღეს რა მდგომარეობა აქვთ. ისინი ისევ თქვენი ერთგულები არიან, მაგრამ აინტერესებს ამ ხალხს - რა ხდება? ასეთი აქტიური ხალხი უმუშევრები რატომ არიან?
ჩემი ხმა თქვენ!!! გთხოვთ, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ამ გულისტკივილს.

მე არ შემიძლია განვსაჯო თქვენი მდგომარეობა, თუმცა, ვფიქრობ ძალიან კარგია რომ ჩართული ხართ საარჩევნო კამპანიაში.

იმედი მაქვს, რომ ყველას მიეცემა შანსი, ვისაც კი სურვილი აქვს ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა. ასევე მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამომავლოდ ყველა უმუშევარი თბილისელი დასაქმდება. სწორედ ამიტომ მეტი სამუშაო ადგილების შექმნა იყო და არის ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი.


მკითხველი: არჩილი

ბატონო გიგი, მე თელაველი ვარ და მაინც თქვენთან მაქვს შეკითხვა. თქვენ განაცხადეთ, რომ მომხრე იყავით თბილისის მერი პირდაპირი წესით არჩეულიყო, რას ფიქრობთ, უნდა მოქმედებდეს თუ არა იგივე წესი თელავში, ფოთში, რუსთავში, ქუთაისში თუ სხვა რაიონულ ცენტრებში და თუ არა, მაშინ რატომ უნდა განსხვავდებოდეს ერთ ქვეყანაში ქალაქების მართვის, თუ არჩევნების სისტემა?

არ მიმაჩნია, რომ მერის არაპირდაპირი არჩევა არადემოკრატიულია, როგორც არაერთგზის აღვნიშნე, ასეთი წესი ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, ამავე დროს, მე ვამაყობ, რომ მხარი დავუჭირე რეფორმებს, რომლის მიხედვითაც თბილისის მერი უფრო მეტად ანგარიშვალდებულია მოქალაქეების წინაშე. მე მხარი დავუჭირე, მერის პირდაპირი წესით არჩევას, ასევე მხარდაჭერა იყო ოპოზიციის მხრიდან.


მკითხველი: მარი


ბატონო გიგი, უმორჩილესად გთხოვთ მიპასუხოთ შეკითხვაზე. უკვე მეოთხე წელია თანხა შეტანილი გვაქვს ცენტრ პოინტის პროექტ "მარიჯანში". არც გვიშენებენ და არც თანხას გვიბრუნებენ. ადამიანებად არ გვაგდებენ. ამდენი ტყუილის მოსმენა უკვე არ შეგვიძლია. ჩვენ უმუშევრები ვართ და ჩვენი კუთვნილი თანხა კი რჩეულიშვილებმა მიითვისეს. აღარ ვიცით, რა ვიღონოთ. გთხოვთ მოახდინოთ რეაგირება. წინასწარ გიხდით მადლობას.

დაუსრულებელი მშენებლობები მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ჩვენი ქალაქისთვის. მერია არ არის უფლებამოსილი ორგანო ჩაერიოს სამშენებლო კომპანიისა და კერძო მესაკუთრის ურთიერთობებში. თუმცა, სწორედ ამ პრობლემების არსებობის გამო დავიწყეთ პროექტი "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე, რომელიც ავარიული ბინების პრობლემის მოგვარებასთან ერთად, დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემასაც მოაგვარებს.


მკითხველი: მანუჩარი

"ფრიდომ ჰაუსმა" მსოფლიოში პრესის თავისუფლების რეიტინგი "პრესის თავისუფლება -2010” გამოაქვეყნა. საქართველო ჰონდურასთან, ნეპალთან და პარაგვაისთან ერთად, 126-ე ადგილს ინაწილებს და მინიჭებული აქვს ”ნაწილობრივ თავისუფალის სტატუსი”. თქვენთვის და თქვენი პილიტიკური გაერთიანებისთვის ეს შედეგი მისაღებია? და რა გააკეთეთ თქვენი მერობის პერიოდში ამ მიმართულებით სიტუაცია რომ გაუმჯობესებულიყო?

მზად ვარ ჩავატაროთ გამჭირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მივესალმები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გულდასმით ჩატარებულ მონიტორინგს ქალაქის ადმინისტრაციასა და თვითმმართველობის არჩევნებზე. მე მხარი დავუჭირე რამდენიმე რეფორმას, რაც გულისხმობს თბილისის მერის ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. მხარი დავუჭურე ასევე თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევას, ისევე როგორც ოპოზიციამ.

რა თქმა უნდა მერობის კანდიდატებს შორის დებატების გამართვის მომხრე ვიყავი, სადაც შეგვიძლო გვესაუბრა ძირითად საკითხებზე, გეგმებზე და შემდეგ ამომრჩევლები თავად გადაწყვეტენ თუ ვინ არის საუკეთესო კანდიდატი. ფუნქციონირებს მეორე არხი, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა აქვს გამოხატოს საკუთარი პოზიცია, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ უფასო რეკლამის განთავსების საშუალება ტელევიზიებში, სისტემატიურად ეწყობა პოლიტიკური ტოკშოუები, ეს და სხვა არაერთი ფაქტი ვალსახად მიგვანიშნებს რომ ვითარება მედიაში უმჯობესდება, ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანია არჩევნების გამჭვირვალედ და კანონის ფარგლებში ჩატარების თვალსაზრისით.


მკითხველი: შაქრო

ახალი სამუშაო ადგილების შექმნას რომ გვპირდებით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ დაინტერესებულხართ მარტო 2010 წლის თუნდაც 1 მაისამდე რამდენი ადამიანი გაანთავისუფლეს სამსახურიდან უმიზეზოდ? ან ვინმე დაინტერესებულა ამ ადამიანების ბედით?

ყველა თბილისელის ბედი მაწუხებს, ვინც არ მუშაობს ან დაითხოვეს სამუშაოდან. მე შევხვდი ხალხს მთელი თბილისის Mმასშტაბით, მათ შორის ძალიან ბევრ უმუშევარ ადამიანს. ძალიან კარგად მესმის მათი გულის ტკივილი. მინდა თითოეულმა მათგანმა იშოვოს სამუშაო. სწორედ ამიტომ , ჩემი მთავარი პრიორიტეტია შევქმნა მეტი სამუშაო ადგილი.

მკითხველი: სოფიო

ბატონო გიგი, პირველ რიგში გისურვებთ წარმატებას. ბევრი კარგი გააკეთეთ თბილისისთვის: თითქმის ყველგან
დაიგო გზები, მაგრამ სადაც მე ვცხოვრობ (ვარკეთილის დასახლება) გზა კომუნისტების შემდეგ არ დაგებულა. ვინც მოდის, ყველა გვპირდება, მაგრამ მალევე ავიწყდებათ. მალე ჩვენს გზაზე ტანკიც ვერ გაივლის. ცხელ ხაზზე რომ დავრეკე, მითხრეს განცხადება უნდა დაწეროს მოსახლეობამო. საინტერესოა, თბილისის ყველა უბანში დაწერეს განცხადება და გზები ისე დაიგო? კონკრეტულად მითხარით, როდის დაგვიგებთ გზას?


თბილისში გზების რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე წელია დავიწყეთ, თითქმის ყველა უბანში დაიგო გზების ძირითადი ნაწილი. ვარკეთილშიც დაწყებულია მუშაობა. ჩვენი პროგრამის მიხედვით, ორ წელიწადში თბილისის არცერთ ნაწილში აღარ იქნება შიდაკვარტალური თუ ცენტრალური გზების პრობლემა.



მკითხველი: ალექსანდრე

ბატონო გიგი, მერია აშენებს ესტაკადას გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალომდე. ეს მართლა კარგია, მაგრამ მეტი პრობლემა არ გვაქვს? ანუ ჩვენ თბილისელებს თურმე საცობების პრობლემა გვაქვს! ურბანიზაციის და ზოგადად საცობების პრობლემაზე შეიძლება იზრუნოს ლონდონმა, ნიუ-იორკმა, პარიზმა და სხვა დიდმა ქალაქებმა, სადაც სხვა პრობლემა აღარაა. ამ ესტაკადაში 20 მილიონის გამოყოფას არ ჯობდა დაფინანსებულიყო თუნდაც პერიფერიული გზების დაგება? იგივე ვარაზისხევი ავიღოთ, სანამ გმირთა მოედნიდან ვაკემდე ახვალთ, მანქანის სავალი ნაწილები გამოსაცვლელია.


თბილისის მერია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ის, რომ დაიწყო ახალი მაგისტრალის მშენებლობა, არ ნიშნავს, რომ გზების დაგების პროცესი შეჩერებულია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება კომფორტული გარემო შევუქმნათ თბილისელებს. დამერწმუნეთ, პიკის საათებში ჭავჭავაძისა და პეკინის ქუჩებზე არსებული საცობები ათასობით თბილისელისთვის წარმოადგენდა დიდ პრობლემას. Aამ მაგისტრალის მშენებლობა საგრძნობლად განტვირთავს ქალაქს.
თბილისში გზების რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე წელია დავიწყეთ, თითქმის ყველა უბანში დაიგო გზების ძირითადი ნაწილი.

ჩვენი პროგრამის მიხედვით, ორ წელიწადში თბილისის არცერთ ნაწილში აღარ იქნება შიდაკვარტალური თუ ცენტრალური გზების პრობლემა. 


მკითხველი: რომანი

ბატონო გიგი, მაინტერესებს ასფალტის დაგება თუ გაგრძელდება თბილისის ყველა უბანში და ეზოში? არჩევნებამდე თუ მოასწრებთ ყველაფერს?


გზების დაგება არ დაწყებულა არჩევნების წინ. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება და საშუალოდ 2 წელიწადში ქალაქში არცერთი შიდაკვარტალური გზა არ დარჩება გაუკეთებელი. სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება არ ხდება ერთ დღეში. უკანაკნელი ოთხი წლის განმავლობაში ქალაქში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, თუმცა გეთანხმებით, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.


მკითხველი: გიგა

მოგესალმებით ბატონო გიგი, როდის გვექნება მთელ თბილისში 24-იანი წყალმომარაგება? არ ვეთანხმები ავტობუსებში გადახდის სისტემას, რადგან მავალდებულებს ბარათი ვიყიდო. ვინც სისტემატიურად არ მგზავრობს ავტობუსით და არ აქვს სამგზავრო ბარათი, რატომაა ვალდებული წინასწარ დაახურდავოს ფული? თუ ჯიბეში 1-2 ლარი მიდევს, მხოლოდ იმიტომ ვერ უნდა ვიმგზავრო, რომ ავტობუსში არავინ მიხურდავებს?

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში გაუმჯობესდა წყლის მიწოდების სისტემა, თუმცა ის ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. სწორედ ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა წყლის 24 საათიანი მიწოდების შესახებ, რაც იმას გულისხმობს რომ 20012 წლისთვის მთელი თბილისის მასშტაბით იქნება 24საათიანი შეუზღუდავი წყალმომარაგება.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1147 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები