შაბათი, 20.04.2024, 10:11
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » პოპულარული ტელეპროექტები...
00:47
პოპულარული ტელეპროექტები...

ქართულ სატელევიზიო სივრცეში წარმატებული პროექტების სიმრავლით განებივრებულები არ ვართ. თუმცა, საბედნიეროდ მაინც არიან ადამიანები, ვისაც ეს საქმე სხვებზე გაცილებით უკეთ გამოსდით... ამბები.გე-ს რესპოდენტი ამჯერად რამდენიმე პოპულარული ტელეპროექტის ავტორი, დავით გოგიჩაიშვილია.

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი: თემური
დავით, ნიჭიერი რომ ხარ, ამაზე აღარც ვსაუბრობ. ბოლოს და ბოლოს გურული ხარ და სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო. ეხლა რაც შეეხება კითხვას - აპირებთ თუ არა "შუა ქალაქის" მსგავსად სხვა სერიალის გაკეთებას? გისურვებ წარმატებას

მკითხველი: ზურაბი
ყველაზე მაგარი სერიალი მსოფლიოში "შუა ქალაქში" გაგრძელდება? მე-6 სეზონი თუ ჩაიწერება?

მკითხველი: ჯონდი
დათო, მაინტერესებს, როდის გავა ეთერში ახალი სერიალი და როგორი იქნება, რა ჟანრის?

მკითხველი: თენგო
გამარჯობა, დავით... მაგარი კაცი ხარ... კიდევ ხომ არ აპირებ რაიმე სიახლის შემოთავაზებას ქართველი მაყურებლისთვის?

მკითხველი: დავითი
დათო, იმედზე როდის გავა ახალი სერიალი, რომელსაც "ღამის შოუს სტუდია" აკეთებს და შეარჩიათ თუ რა უკვე მსახიობები? დიდი მადლობა


- "შუა ქალაქის" მაყურებლის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ სერიალის გადაღება ჩვეულებრივ გაგრძელდება. რაც შეეხება ახალ სერიალს, "ღამის შოუს სტუდიას" დაწყებული აქვს ახალ პროექტზე მუშაობა, მსახიობების ძირითადი ნაწილი უკვე შერჩეულია და უშუალოდ გადაღებებს იანვრიდან დავიწყებთ.

ამ ყველაფრის გაკეთებას უფრო ადრეც ვგეგმავდით, თუმცა გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო შევფერხდით. თავად პროექტის შესახებ მინდა გითხრათ, რომ არსებობს ასეთი ამერიკული სერიალი "Ugly Betty", რომელიც ადრე "რუსთავი 2"-ის ეთერში გადიოდა, თუმცა ეს იყო სერიალის არა ამერიკული, არამედ პორტუგალიური ვერსია. პროექტი, რომელზედაც ჩვენ ვმუშაობთ, იქნება "Ugly Betty"-ს ქართული ვერსია, ისევე როგორც "შუა ქალაქი" არის "Friends"-ის ქართული ვერსია.

ჩვენ არ ვყიდულობთ სცენარს და პირდაპირ არ გადმოგვაქვს ის, არამედ ქართულ რეალობაზე ვარგებთ მას. მაგალითად, "Ugly Betty"-ს ამერიკულ ვერსიაში ბეთი ხვდება მოდის სამყაროში და ერთ-ერთ ჟურნალში იწყებს მუშაობას. საქართველოში გადავწყვიტეთ, რომ მთვარმა მოქმედმა გმირმა ტელევიზიაში დაიწყოს მუშაობა. 


ახალი სერიალის ჟანრს ეწოდება ერთკამერიანი სიტუაციური კომედია და "შუა ქალაქისგან" განსხვავებით მასში ყველა ფრაზა არ იქნება ხუმრობა. მას შეიძლება ვუწოდოთ, სიტუაციური კომედიისა და მექსიკური ტელესერიალის ნაზავი.


რაც შეეხება მსახიობებს, ისინი თეატრალურ სამყაროში, რა თქმა უნდა, ცნობილი სახეები არიან, თუმცა ისინი არ არიან ცნობილი ტელესახეები. ძირითადი გუნდი უკვე შერჩეული გვყავს, თუმცა გარკვეული პერსონაჟები ჯერ კიდევ გვაკლია და საერთო ჯამში მსახიობების რაოდენობა ახალ სერიალში უფრო მეტი იქნება, ვიდრე "შუა ქალაქში".

მკითხველი: ნინო
როგორ შეარჩიეთ "შუა ქალაქის" მსახიობები? ყველანი ძალიან ნიჭიერები და საყვარლები არიან...

- თავდაპირველად გამოცხადდა ქასთინგი, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. პირველ ეტაპზე ჩავწერეთ ყველა, ვინც მოვიდა. მეორე ეტაპზე გასულებს უკვე გარკვეული სახის იმპროვიზაციული დავალებები მივეცით, მესამე ეტაპზე კი ქასთინგის მონაწილეებს ჯგუფური დავალებების შესრულება მოუხდათ, რომლის დროსაც ვამოწმებდით, თუ რამდენად კარგად მოიხდენდა ესა თუ ის მონაწილე გარკვეულ როლს.

მკითხველი: სოფიო
დიდი თხოვნა მაქვს - შეგიძლია, "გააკეთო" იმდენი სერიალი, ან სხვა წარმატებული გადაცემები, რომ ჩაანაცვლოს "ხუანჩოს" და "ანხელის" ღამეები ჩვენს სატელევიზიო სივრცეში. რამდენი დრო და ეთერი იხარჯება ამ სისულელეებზე... გული მწყდება! მადლობა.

- ერთი კვირის განმავლობაში "შუა ქალაქის" ორ სერიას ვიღებთ და ეს, შეიძლება ითქვას, ოცდაოთხსაათიანი სამუშაოა. ორზე მეტი სერიის გადაღება უკვე სერიალის ხარისხზე მოახდენს გავლენას. ამერიკაში "Friends" ლეგენდარულ სერიალად ითვლება და იქ კვირაში ერთხელ 26-წუთიან სერიას უშვებდნენ. ჩვენ ვაკეთებთ კვირაში ორ 45-წუთიან სერიას. "Friends"-მა იცოცხლა 10 წელი და სულ 250 სერია ჰქონდათ გადაღებული. ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ერთ კვირაში ორი სერია ეს უკვე ძალიან ბევრია და ცოტა სხვებიც მოგვეშველონ, სხვებმაც გააკეთონ რაღაცეები.


მკითხველი: ირმა
თქვენი აზრით, რამ განაპირობა "შუა ქალაქის" ამგვარი პოპულარობა?

მკითხველი: ხათუნა
ქართულ სატელევიზიო იუმორისტულ გადაცემებს ხშირად აკრიტიკებენ ვულგარულობის გამო, შოუებში ხშირად იყენებენ უცენზურო სიტყვებს და ძირითადად სექსის თემატიკაზე ხუმრობენ. ეს კრიტიკა ნამდვილად არ ეხება ”შუა ქალაქს”, რომელიც გამოირჩევა ჯანსაღი, როგორც ხშირად ამბობენ, თბილისური იუმორით. როგორ ფიქრობთ, რამდენად განაპირობა ამ გარემოებამ სერიალის წარმატებულობა?

- ჩემი აზრით, "შუა ქალაქის" პოპულარობა და წარმატებულობა იმ ადამიანების შრომისმოყვარეობითა და ნიჭიერებითაა განპირობებული, რომლებიც ამ სერიალის შექმნაზე მუშაობენ. ამ ადამიანებში არ ვგულისხმობ მხოლოდ მსახიობებს, არამედ რეჟისორებს, სცენარისტებს, ოპერატორებს, დეკორატორებს, მხატვრებს და ა.შ. ანუ ამ სერიალის წარმატებულობას განაპირობებს ის ატმოსფერო, რომელიც მის გარშემო სუფევს და ის ფაქტი, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არავის აქვს.


რაც შეეხება იუმორს, "თბილისური იუმორი", ვფიქრობ, ძალიან პირობითი ცნებაა, რადგან ვერავინ მეტყვის, რომ თბილისური იუმორი არ არის უხამსი.


სერიალის იუმორი სრულიად განსხვავდება ნებისმიერი სხვა იუმორისტული ჟანრის იუმორისგან. მაგალითად, "ღამის შოუს" იუმორი ძალიან განსხვავდება "შუა ქალაქის" იუმორისგან. "შუა ქალაქის" ამოცანა რეალურ ცხოვრებაში არსებული სიტუაციების შექმნაა, ისეთი სცენების, რომლებიც შესაძლოა თქვენს მეზობელს ან მეგობარსაც გადახდენია თავს და ვფიქრობ, ამ ამოცანას ჯერჯერობით საკმაოდ კარგად ვართმევთ თავს.


მკითხველი: შიო
დათო, მომწონს ღამის შოუს ტელეპროექტები: ”შუა ქალაქში” და ”ღამის შოუ”. მაინტერესებს, თუ არსებობს ზუსტად ამგვარი პროექტი სხვაგან და კიდევ, რაიმე სიახლეს ხომ არ ველოდოთ ახალი წლიდან ამ შოუში?

- "ღამის შოუც" ერთ-ერთი ამერიკული პროექტის ანალოგია. ახალი სეზონიდან ჩვენ მას ვიდეორუბრიკა და კვირის გამონათქვამები დავამატეთ, რომლებმაც გაამართლა. დროის, ხალხის რეაქციისა და გამოხმაურების მიხედვით ჩვენც ვვითარდებით. ამ გადაცემის ფორმატი ბევრი რამის დამატების საშუალებას იძლევა, მაგრამ ახალი სეზონიდან ჯერჯერობით არაფერს ახალს არ ვგეგმავთ.


ასეთი შეკითხვები ყველას უჩნდება, მაგრამ ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ახალ პროექტს დროის, ადამიანური და კიდევ მრავალი სხვა რესურსი სჭირდება, რომელიც, როდესაც დიდ პროექტზე მუშაობ, რეალურად არ გაქვს. საერთოდ საქართველოში ხშირად სურთ ხოლმე ახალი პროექტის გაკეთება, მაგრამ იმის სწავლა არ სურთ, თუ რა როგორ უნდა გაკეთდეს. ვიდრე ეკრანზე გამოვა პროდუქტი, იქამდე მასში ძალიან დიდ შრომას, პირველ ყოვლისა ინტელექტუალურს, ვდებთ შიგნით.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ მაგარი ტიპები ვართ და ყველაფერი მარტივად გამოგვივა. ჩვენ დავდივართ ამერიკაში, ვაწუხებთ ჩვენს კოლეგებს და ისინი გვასწავლიან რა როგორ კეთდება.

მკითხველი: გიორგი
მოგესალმებით დათო, მაინტერესებს რა კრიტერიუმების მიხედვით ირჩევდით სტუმრებს ”ღამის შოუში” ”რუსთავი 2”-ზე და რა კრიტერიუმების მიხედვით ირჩევთ მათ ”იმედზე”? ზოგადად პროექტზე მუშაობისას, თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია რომელ არხზე გავა ის ეთერში?

- გარდა იმისა, რომ ეს გადაცემები სხვადასხვა არხზე გადიოდა, მათი ფორმატებიც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. "რუსთავი 2-ზე" სტუმრებს ვარჩევდით აქტუალობის მიხედვით, ვიწვევდით ყველას, ვინც კვირის მანძილზე ამა თუ იმ მიზეზის გამო აქტუალური იყო, განურჩევლად იმისა, ჰქონდა თუ არა მას იუმორის გრძნობა, მთავარი იყო, რაიმე ნიუსთან ყოფილიყო დაკავშირებული.

ამიტომაც გვყავდა ერთ გადაცემაში ორი ან მეტი სტუმარი. "იმედზე" კი სტუმრების მიმართ უფრო მკაცრი მოთხოვნები გვაქვს. ვიწვევთ ერთ სტუმარს, რომელსაც უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, მას უნდა შეეძლოს აგყვეს ხუმრობაში, ასევე უნდა ჰქონდეს კარგი ისტორია, რომელსაც სიამოვნებით მოუსმენს მაყურებელი და გაიცინებს და, იდეალურ შემთხვევაში, სტუმარმა პრესის მიმოხილვა უნდა შეძლოს, რაც საკმაოდ რთული რამ არის.

იუმორის გრძნობა ყველას აქვს, მაგრამ თუ სტუმარს იუმორის გადმოცემის უნარი არა აქვს, პრესის მიმოხილვაში მონაწილეობას ვერ შეძლებს. გადაცემის ეს ნაწილი მთლიანად იმპროვიზაციაა და გაზეთების სრულიად სხვა თვალით წაკითხვას მოითხოვს. ეს ყველას არ შეუძლია.

მკითხველი: ანი
გამარჯობა, დათო, თუ შეგიძლიათ მითხრათ, რატომ წამოხვედით ”რუსთავი 2”-დან? ხომ არ იყო ამის მიზეზი არხის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან თქვენი უთანხმოება? როგორი ურთიერთობა გაქვთ იმ ადამიანებთან, რომლებიც ამჟამად ”რუსთავი 2”-ის იუმორისტულ გადაცემებს აკეთებენ?

- პირადად ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა. "რუსთავი 2"-დან ჩემი და ჩემი გუნდის, ანუ მთელი გუნდის ერთი ნაწილის წამოსვლა ორმა ფაქტორმა განაპირობა - მაშინდელ ხელმძღვანელობასთან უთანხმოებამ და ჩვენს გუნდს შიგნით არსებულმა უთანხმოებამ, რაც გამოიწვია პირველმა. ბიჭების ნაწილმა "რუსთავი 2"-ზე დარჩენა და ძველ ხელმძღვანელობასთან მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა.

მათ ჩათვალეს, რომ ჩვენ აღარაფერში ვჭირდებოდით. იქ მოხდა ისეთი რამ, რის გამოც გულნატკენი დავრჩი არა არხის ხელმძღვანელობისგან, არამედ მათგან და ეს გულისტკენა არასდროს დამავიწყდება. "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობასთან მათ დაინახეს უკეთესი პირობების შესაძლებლობები.

ეს იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც დაიწყო ყველაფერი. იმ ბიჭებთან მე, სამწუხაროდ, აღარანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს. ერთი რამ მინდა აუცილებლად ვთქვა - მიუხედავად ჩვენი დაშლისა, როდესაც შვილი შემეძინა, ნიკოლოზი, იმ ბიჭებიდან რამდენიმემ SMS გამომიგზავნა და მომილოცა. 

უნდა ითქვას კიდევ ერთი რამ. როდესაც ჩვენ დავიშალეთ, მაშინდელ ხელმძღვანელობასთან ჩვენი შეთანხმების თანახმად, მათ უნდა შეეცვალათ გადაცემის ფორმატები, რადგან ეს ფორმატები იყო ჩემი და ჩემი ბიჭების ჩამოტანილი და ამერიკელ პროდიუსერებთან მე ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს.

ადამიანები, რომელბიც ახლა აკეთებენ იუმორისტულ გადაცემებს "რუსთავი 2"-ზე, ძალიან ნიჭიერები არიან, შეუძლიათ სხვა რამის გაკეთება და მათ უნდა შეცვალონ ძველი ფორმატები, თუნდაც გვიან, მაგრამ მაინც. სამწუხაროდ, მათ შეცვალეს მხოლოდ სახელები და ფორმატები დატოვეს იგივე. 

მკითხველი: პაატა
გამარჯობა, დათო. მაინტერესებს, რა აზრის ხართ ”ვანო ჯავახიშვილის შოუზე”?

- ვანო საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია და აქ კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ მან უნდა შეცვალოს გადაცემის ფორმატი. შოუს მონოლოგი, როგორც ადრე, აგებულია აქტუალურ თემებზე, პრესის მიმოხილვა ძალიან ჰგავს ჰედლაინებს, ბენდი, სტუმრებთან იმავე ფორმით საუბარი და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა შეცვალოს.

თავის დროზე, ვიდრე ჩვენ დავიშლებოდით, ყველამ ერთად ავირჩიეთ ვანო გადაცემის წამყვანად და ერთი პერიოდი ერთადაც ვაკეთებდით შოუს. მე ამის გამო არ წამოვსულვარ არხიდან. იმ დროს ჩვენ ბევრ პროექტს ვაკეთებდით ერთად - "ჯეოსტარს", "კანდიდატს", რასაც ბევრი დრო მიჰქონდა და მე წამყვანობასა და მენეჯმენტს ვეღარ ვუთავსებდი ერთმანეთს. გადაცემიდან წამოსვლა, დროის უქონლობის გამო, თავად გადავწყვიტე. მართალია, წამყვანობა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, მაგრამ ჩემის სპეციალობა არის მედია-მენეჯმენტი და ვთვლი, რომ მართვაში უფრო ვიხარჯები.

მკითხველი: მარიკა
შემოთავაზების შემთხვევაში გააკეთებდით თუ არა რაიმე გადაცემას ”რუსთავი 2”-ზე?

- დიდი სიამოვნებით. ჩვენ ვართ შპს "ღამის შოუს სტუდია" და ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ვაკეთებთ ამ პოექტებს, სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ასევე სხვა არხებთანაც.

მკითხველი: გოჩა
არცთუ იშვიათად, ”შუა ქალაქის” თემებს სერიალი ”ჩვენი ოფისი” იყენებს. რამდენად მისაღებია ამგვარი რამ?

- სამწუხაროდ, არავითარი იურიდიული საფუძველი არ გვაქვს, რომ ეს ავუკრძალოთ, თუმცა თავისთავად ძალიან ცუდი ფაქტია. შეიძლება ითქვას, ეს ლიდერის ცხოვრების თანმდევი ნაწილია. ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ჩამოყალიბებულ და კარგად დამკვიდრებულ რამეს სხვებიც ბაძავენ ხოლმე და მსგავს რაღაცებს აკეთებენ.

მკითხველი: ნიკა
დავით, გამარჯობა. მაინტერესებს, ადამიანს თუ რაიმე პროექტის გაკეთების იდეა აქვს, როგორ უნდა მიიპყროს თქვენი ყურადღება?

- საერთოდ, ყველას ჰგონია ხოლმე რომ მისი იდეები საუკეთესოა მსოფლიოში და უკვირს, თუ რატომ არ ცხოვრობს დედამიწა მისი იდეებით. მედია-მენეჯმენტის ლექტორი ვარ და ხშირად ვსაუბრობ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიაღწიო იმას, რომ იდეების რეალიზება შეძლო. ეს მთელი ლექციების თემაა. სამწუხაროდ, ასე უბრალოდ, რომ გოგიჩაიშვილს დაურეკავთ და ის აუცილებლად დაინტერესდება, არ ხდება. ყოველ შემთხვევაში ტელებიზნესში ასე არ ხდება და სხვა ბიზნესში როგორაა არ ვიცი.

მკითხველი: თამუნა
დათო, როგორ აღმოჩნდით გასართობ შოუ-ბიზნესში და რომელი იყო თქვენი პირველი პროექტი? როგორ გაიხსენებდით რადიოში მუშაობის პერიოდს?

- რადიოში მუშაობის პერიოდი ძალიან თბილად მახსენდება. მე ხშირად მომაქვს ხოლმე თავი ჩემი ამერიკული განათლებითა და გამოცდილებით, მაგრამ ვთვლი, რომ რადიო 105-მა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ყველაფერი უნივერსიტეტში, პირველ კურსზე "კა-ვე-ენ"-ის თამაშით დაიწყო. ტელევიზიით პირველად გადაცემა "ბუდარიაში" გამოვჩნდი და პარალელურად ვმუშაობდი რადიო 105-ში. "ბუდარიაში", კარგად მახსოვს, სიმღერებს ვწერდით ხოლმე. "ბუდარია" ალეკო მალხაზიშვილისა და ბაკურ სვანიძის პროექტი იყო "მეორე არხზე". ეს იყო მათი პროექტი ჩემი თანამონაწილეობით.

"კა-ვე-ენ"-ის გუნდში ჩვენ ერთად ვიყავით და სიმღერებს, რომლებსაც მე ვწერდი ხოლმე, შემდეგ ერთად ვიღებდით. გაცილებით ადრე იყო ასეთი გადაცემა "მინდა მიცნობდეთ”, რომელშიც მონაწილეობა მივიღე.

ჩემი პირველი ტელეპროექტი იყო "მუსიკალური ოქტაგონი", რომელიც "პირველ არხზე" მე, გია ჭანტურიასა და ირმა სოხაძეს მიგვყავდა. შემდეგ ამერიკაში წავედი და იქიდან "ღამის შოუს" კეთების უფლება ჩამოვიტანე, ე.წ. "ჯენერიქ ორდერ" - ანუ მე ლიცენზია კი არა ამ პროექტის კეთების უფლება მოვიპოვე. სანამ ამერიკიდან ჩამოვიდოდი, 6 თვის განმავლობაში ვმუშაობდი ამ პროექტის საქართველოში ადაპტირებაზე.

ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ პროექტის ყიდვა სხვადასხვა არხს შევთავაზე - "პირველ არხს", "იმედს" და "რუსთავი 2"-ს, მაგრამ საბოლოოდ ეს უკანასკნელი ავირჩიე, რადგან მაშინ გარკვეული ამერიკული ფასეულობები იყო ამ არხზე. ვგულისხმობ, გუნდურ მუშაობას და მონდომებულ ადამიანებს, რომლებიც საქმის კეთებაზე იყვნენ მოტივირებულნი და არა ფულზე. "რუსთავი 2"-ში დღესაც არიან ასეთი ადამიანები და ვთვლი, რომ ტელეკომპანია სწორედ მათზე დგას.

მკითხველი: ეკა
დათო, რამდენადაც ვიცი, მედია-მენეჯმენტის ლექტორი ხარ. მაინტერესებს, თავს როგორ გრძნობ ლექტორის ამპლუაში და როგორ ფიქრობ, რამდენად კარგი ლექტორი ხარ?

- ამბობენ, რომ კარგი ლექტორი ვარ. ერთი დადებითი მახასიათებელი რაც სხვა ლექტორებთან შედარებით მაქვს, ის არის, რომ მე რეალური მედიამენეჯერი ვარ, ანუ ლექციებზე არ ვყვები მხოლოდ იმას, რაც წიგნში წერია და რეალურ ცხოვრებაში არ არის. როდესაც მედიამენეჯერის ამა თუ იმ ფუნქციის ან პასუხისმგებლობის შესახებ ვსაუბრობ, მე ყოველთვის მომყავს რეალური მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან, რაც ძალიან ფასეულია სტუდენტებისთვის.

ამერიკაში ჩემი საუკეთესო ლექტორი იყო ვინმე უილ ჰოიდი, რომელმაც მედიამენეჯმენტის ფასეულობებს მაზიარა, თუ შეიძლება ასე ითქვას, და რომელსაც მედიის სფეროში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მუშაობის 25-წლიანი სტაჟი ჰქონდა.

ეს იყო ადამიანი, რომელსაც არასდროს ჰქონდა დრო, ის ყოველთვის დაკავებული იყო და სწორედ იმის გამო იყო ყველაზე კარგი ლექტორი, რომ არასდროს ჰქონდა დრო, განსხვავებით იმ ლექტორებისგან, რომლებიც დღე და ღამე ბიბლიოთეკებში სხედან, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიგიღონ და გაგესაუბრონ. როდესაც აკადემიურ სფეროში ბოლომდე იძირები, იმის საშიშროება ჩნდება, რომ რეალობას მოწყდები.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1132 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები