პარასკევი, 29.03.2024, 07:49
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » c"ისტორიული ქვებისა და ცოცხალი ადამიანების ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა განვიხილოთ"
09:47
c"ისტორიული ქვებისა და ცოცხალი ადამიანების ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა განვიხილოთ"

"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" - შედეგები და სამომავლო სტრატეგია

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს სახელმწიფოს უფლობემოსილ წარმომადგენელთან საქართველოს კულტურული მემკვირეობის დაცვის ფონდში, დავით ნინიძესთან.

- თბილისის მერია ძველი თბილისის განვითარების სამომავლო სტრატეგიაზე მუშაობს. რა გაკეთდა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" პროგრამის ფარგლებში და რას გულისხმობს დედაქალაქის ისტორიული ნაწილის განვითარების სამომავლო სტრატეგია?

- პროგრამა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" თბილისის მერიის სტრატეგიული მიმართულებაა. ამ სტრატეგიის მთავარი და ამოსავალი პრინციპი ძველი თბილისის ისტორიულ-არქიტექტორული იერსახის შენარჩუნება და მოსახლეობის ჯანსაღი საცხოვრებლით უზრუნველყოფაა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ორი ასპექტის ჰარმონიზაციაა - ისტორიული ქვებისა და ცოცხალი ადამიანების ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა განვიხილოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ძველი თბილისი ცოცხალი ქალაქი. ამიტომ, "ძველი თბილისის ახალ სიცოცხლეში" ძველთან ერთად ახალზეცაა საუბარი.

ეს ფართომასშტაბიანი პროგრამა ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს: პირველი კომპონენტის მიზანია ძველი თბილისის ისტორიულ-არქიტექტურული მემკვიდრეობის გადარჩენა და მისი განვითარება, რაც გულისხმობს ამ უნიკალური ფასეულობების შენარჩუნების, პარალელურად ძველი ქალაქის მოსახლეობის უკეთესი, ჯანსაღი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფასა და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას.

მეორე კომპონენტი ითვალისწინებს ახალი ფორმის ურთიერთობების დამყარებას ქალაქის მერიას, ძველი ქალაქის მოსახლეობას, მენაშენეებსა და საბანკო სექტორს შორის, რაც გამოიხატება კონკრეტულ ქმედებებში: ავარიული სახლებიდან მობინადრეთა გადაყვანა კეთილმოწყობილ საცხოვრებლებში; მერიის მიერ გამონთავისფლებული ადგილების განვითარება სპეციალურად შემუშავებული განვითარების რეგულირების გეგმების, კონკრეტული აპრობირებული პროექტებისა და სხვა მიდგომების გზით. ეს თავის მხრივ სამშენებლო სექტორის გააქტიურების და განვითარების სტიმულირებას ახდენს.

დედაქალაქის ისტორიული ნაწილის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა და არქიტექტორულ-ისტორიული იერსახე უმნიშვენელოვანესი ღირებულებაა და მას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. ჩვენ ეს მემკვიდრობა ძალიან სავალალო მდგომარეობაში ჩავიბარეთ. ათწლეულების განმავლობაში მოუვლელობამ და უყურადღებობამ ძველი ქალაქი ფიზიკურად გამოფიტა და დააზიანა - ისტორიული სახლები ჩვენს თვალწინ ინგრევა. დაცდა უკვე აღარ შეიძლებოდა.

თბილისის მერია აკეთებს იმას, რასაც ბევრი და თანაც თბილისზე ბევრად უფრო ძლიერი და მდიდარი ქალაქის ხელისუფლება არ ან ვერ აკეთებს.

არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო ძველი თბილისის მოსახლეობას არ შეუძლია ისტორიული უბნების კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ამიტომ, მერიამ გადაწყვიტა ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ინიციატივაც და ამ პროცესისთვის საჭირო ხარჯებიც საკუთარ თავზე აეღო (წესით, დაფინანსების პროცენტული ბალანსი ასეთი არ უნდა იყოს: მერია გარკვეულ პროცენტს უნდა აფინანასებდეს, დანარჩენ ნაწილში კი კერძო სექტორი და მოსახლეობა შემოდიოდეს).

ეს სარისკო გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ძველი თბილისის გადარჩენის თვალსაზრისით გამართლებული, რადგან მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ლოდინში თბილისის ისტორიული ნაწილის კულტურული მემკვიდრეობა საბოლოოდ განადგურდებოდა.

მაგრამ, ისტორიული იერსახის შენარჩუნებასთან ერთად საჭიროა მისი განვითარებაც. განვითარება შეუძლებელი იქნება, თუ კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენასთან ერთად ადამიანებზეც არ ვიფიქრეთ. ამიტომ, ისტორიული უბნებისა და შენობების შენარჩუნება-რეაბილიტაციასთან ერთად იქ მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობასა და მათთვის ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნაზეც უნდა ვიზრუნოთ.

- როგორია "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" პროექტის კონკრეტული შედეგები?

- ისტორიული უბნების რეაბილიტაციის რამდენიმე პროექტი უკვე დასრულებულია. დასრულდა რუსთაველის პროსპექტის ძირითადი ნაწილების, ახვლედიანის აღმართის და ქვემო კალას ერთი უბნის რეაბილიტაცია.

ახვლედიანის ქუჩაზე 13 შენობის რეკონსტრუქცია მოხდა. რაც შეეხება კალას უბანს, 30 შენობის აღდგენა დასრულებულია, 10 შენობის რეაბილიტაცია კი უახლოეს მომავალში დასრულდება.

ამჟამად მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის გამზირის, ბოტანიკურის ქუჩის, სოლოლაკის რამდენიმე მიკროუბანის, მაგ. ტაბიძის ქუჩისა და მწერალთა სახლის რეაბილიტაციის პროექტები. ბოტანიკურის ქუჩაზე 20 შენობის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. აღმაშენებლის გამზირზე პირველ ეტაპზე 50 შენობის აღდგენაა დაგეგმილი. აქედან 28 შენობის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ამჟამად მიმდინარე და უკვე შესრულებული სამუშაოები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ძველი ქალაქის ისტორიული სახის გადარჩენისთვის.

ძველი უბნების რეაბილიტაციაში ჩადებული დიდძალი სახსრების უკუგება დიდია: ხდება უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა და რეაბილიტაცია და მოსახლეობას ექმნება ფიზიკურად ჯანსაღი საცხოვრებელი პირობები, რაც ამ პროგრამის უდიდესი მიღწევაა.

რეაბილიტირებულ უბნებში მცხოვრები ადამიანების უძრავი ქონების ფასი გაიზარდა. ეს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კარგი მაჩვენებელია. გარდა ამისა, ისტორიული უბნების რეაბილიტაცია გზას უხსნის ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმების ახალ შესაძლებლობებს - იქმნება სასტუმროები, კაფეები, სასუვენირო წარმოება.

ცალკე უნდა გამოვყოთ "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" პროგრამის მეორე კომპონენტი, რომლის მთავარი მიზანია ავარიული სახლებიდან მოსახლეობის კეთილმოწყობილ ბინებში გადაყვანა და გამონთავისუფლებული ადგილების განვითარება.

ამ პროექტის პირველ ეტაპში 11 სამშენებლო კომპანია მონაწილეობდა. საერთო ჯამში ამ კომპანიებმა ბანკებისგან 53 მილიონი ლარის სესხი მიიღეს. პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ 320 ოჯახი ახალ და კომფორტულ საცხოვრებელ სახლში გადავიდა. დასრულდა იმ ათასობით ბინის მშენებლობა, რომლებიც სამშენებლო კომპანიებს დაწყებული ჰქონდათ და დაფინანსების არქონის გამო ვერ დაასრულეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალური საფინანსო კრიზისის პირობებში ქალაქის ხელმძღვანელობამ შეძლო თბილისის მერიას, მოსახლეობას, ბანკებსა და დეველოპერებს შორის დაემყარებინა ისეთი ურთიერთობა, რამაც შესაძლებელი გახადა ყველა მათგანის ინტერესების გათვალისწინება. მოხერხდა ის, რომ ყველა ეს სეგმენტი დღეს ერთმანეთთან კარგ კოორდიანციაშია.

მერიის მფლობელობაში გადასული გამონთავისუფლებელი ადგილებისთვის ისეთი საინვესტიციო პაკეტები მზადდება, რომლებიც ძველი ქალაქის ურბანულ-არქიტექტურული სახის შენარჩუნებას უზრუნველყოფენ.

თბილისის მერიას აქვს საშუალება გამონთავისფლებულ ადგილებზე განახორციელოს კარგად მოფიქრებული პროგრამები და საინტერესო პროექტები და შექმნას მიკროკუნძულები, რომლებიც ძველ ქალაქს უფრო ლამაზს გახდის და სხვადასხვა ფუნქციურ დატვირთვასაც შესძენს. ეს კი თავის მხრივ სამშენებლო სექტორის გააქტიურებასა და განვითარებას უწყობს ხელს.

რაც მთავარია, ამ პროგრამის განხორციელების შედეგად მივიღეთ უდიდესი გამოცდილება და ამ გამოცდილების დადებითი და უარყოფითი მხარეები გავაანალიზეთ: არსებობს სისტემური მიდგომა, რომელიც რესტავრაცია-კონსერვაციის მდიდარი გამოცდილების გამოყენებას გულისხმობს. ამავე დროს, მზად ვართ სწრაფი და გადაუდებელი რეაგირების პროექტების განხორცილებისთვის, რადგან ბევრი კონკრეტული შენობის უმძიმესი ფიზიკური მდგომარეობა დაყოვნების საშუალებას არ იძლევა. თუ სწრაფი რეაგირების და რეაბილიტაციის პროგრამამ არ იმუშავა, კულტურული მემკვიდრეობის ძალიან ბევრი ობიექტი შეიძლება განადგურდეს და ადამიანებსაც საფრთხე შეექმნათ.

- როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ პროგრამის განხორციელებისას დაშვებული მთავარი შეცდომები?

- როგორც უკვე აღვნიშნე, თბილისის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა სავალალო ფიზიკურ მდგომარეობაში იყო. თანაც ყველაფერი ერთდროულად ითხოვდა შველას და გამოსწორებას.

ამიტომ, თბილისის მერია იძულებული იყო სწრაფი და რადიკალური ნაბიჯები გადაედგა. ისტორიული ურბანული ქსოვილისა და შენობების რეაბილიტაცია და მათი ავთენტურობის შენარჩუნება კი ძალიან ფაქიზი და რთული საქმეა, რომელიც დიდ გულმოდგინებას, სისტემურ და მეთოდურ მიდგომას და გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ამიტომ, ობიექტური გარემოებებით განპირობებული სისწრაფე ზოგჯერ შეცდომებსაც იწვევს.

- ხშირად ისმის ბრალდება, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროცესი ძალიან ზედაპირულად მიმდინარეობს და სინამდვილეში ეს ყველაფერი "ფასადურია"...

- რაც შეეხება "ფასადურობაზე" საუბარს, ეს ბრალდება ალბათ ინერციით საბჭოთა დროიდან მოდის, როცა ბევრი რამ მართლაც მხოლოდ ფასადების განახლებით შემოიფარგლებოდა. სინამდვილეში, ამჟამად მიდგომა სულ სხვაა - ყველაფერი კეთდება "ძირიდან", საფუძვლიდან. ჯერ მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა-გაჯანსაღება ხდება, რაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ გაკეთებულა. ფაქტობრივად, სწორედ ეს ანგრევდა ძველ ქალაქს.

მხოლოდ შენობების საძირკველების გაჯანსაღებისა და კედლების გამაგრების შემდეგ ხდება ფასადების მოწერიგება-რესტავრაცია, რაც ცხადია, უფრო თვალში საცემია. შენობის რესტავრაცია საძირკველისა და საფუძველის (მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით) გაჯანსაღება-გამაგრების გარეშე უაზრობა იქნებოდა.

- ჩვენ ძველი თბილისის ისტორიული სახის შენარჩუნებაზე ვსაუბრობთ და ამდენად, "მშვიდობის ხიდის" მშენებლობის მიზანშეწონილობასაც უნდა შევეხოთ. ბევრი ადამიანის აზრით, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში აგებულმა შუშის თანამედროვე კონსტრუქციის საფეხმავლო ხიდმა ძველი თბილისის ურბანული კონტექსტი დაარღვია..

- "მშვიდობის ხიდს" სწორედ ურბანული კუთხით განვიხილავთ - როგორც მტკვრის ორივე მხარეს განლაგებული ისტორიული უბნების დამაკავშირებელს. მოგეხსენებათ, იგეგმება ზემო კალას რეაბილიტაცია შავთელი-ჩახრუხაძე-სიონის ღერძზე, რომლის ბირთვსაც ერეკლე II-ს მოედანი ჰქმნის. ამ არეალში ზოგი ქუჩა საფეხმავლო იქნება.

მტკვრის მეორე მხარეს კი ავლაბრის უბნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რიყის ტერიტორიაზე დიდი პარკის შენდება. მთლიანობაში შეიქმნება მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული სარეკრეაციო-ტურისტული ზონა, რომლის მონახულებას და რომელშიც სეირნობას ახალი ხიდი დიდად გაადვილებს და კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

- როგორია "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" სამომავლო სტრატეგია?

- თბილისის ისტორიული ნაწილის საბინაო ფონდის გასაუმჯობესებლად "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო. მეორე ეტაპზე 47 მშენებარე პროექტზე განაცხადი ოცდაცამეტმა სამშენებლო კომპანიამ წარადგინა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ბანკებისგან მერიის გარანტიით 200 მილიონამდე დოლარს მიიღებენ. ამ პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება ავარიული საბინაო ფონდისა და ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელებული პროცესი საშუალებას გვაძლევს, რომ ძველ გამოცდილებას თავი ერთად მოვუყაროთ, ვნახოთ რა გაკეთდა კარგად და სად იყო შეცდომები, გამოვიყენოთ უცხოური გამოცდილება, აპრობირებული მეთოდები და მექანიზმები, სამომავლო პერსპექტივაში გამოვრიცხოთ სპონტანურობა და სიჩქარე (სწრაფი რეაგირების პროგრამის გარდა) და ყველა ქმედება სისტემური მიდგომის საფუძველზე განვახორციელოთ.

ძალიან მნიშვენელოვანი იქნება ამ პროგრამის ფინანასური განხორციელება, განსაკუთრებით კი ინვესტორებთან ურთიერთობა. 1990-იან წლებში ინვესტორები ძველი ქალაქით ან არ ინტერესდებოდნენ, ან ძალიან უხეშ და დამანგრეველ ჩარევას ახდენდნენ ისტორიულ ნაწილში. ახლა ეს მდგომარეობა იცვლება, ხდება მერიისა და ინვესტორების უფრო მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობა. მაგალითად, "მეიდან ჯგუფთან", რომელიც მერიის მოთხოვნებს ითვალისწინებს, ანდა "ქართუ-ჯგუფთან", რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თბილისის თეატრების რეაბილიტაციაში და ახლა ოპერის თეატრის რესტავრაციას და ძველი ქალაქისთვის საჭირო მიწისქვეშა ავტოსადგომს აკეთებს.

ინვესტორებთან ურთიერთობის ფორმები უფრო გამოიკვეთება. იმის გამო, რომ ისტორიული უბნების რეაბილიტაციის უდიდეს წილს მერია საკუთარ თავზე იღებს, ის ინვესტორებს წაუყენებს თავის პირობებს, რომლებიც საერთაშორისო პრინციპებსა და რეგულირების ნორმებს დაეფუძნება და ისტორიული უბნების არქიტექტურულ-ურბანული სახის შენარჩუნებისკენ იქნება მიმართული - რა თქმა უნდა, ინვესტორებს საქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობები უნდა შევუქმნათ და მათ ამ საქმიანობიდან დივიდენდებიც მიიღონ, მაგრამ ერთი პირობით: მათი მოქმედება ჩვენი სტრატეგიის ძირითად მოთხოვნებს უნდა შეესატყვისებოდეს.

ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროცესში დაგროვილი მთელი ჩვენი გამოცდილება (დადებითიც და უარყოფითიც) საფუძვლად დაედება ძველი ქალაქის განვითარების სტრატეგიას, რომელიც თბილისის ახლად არჩეულ საკრებულოს წლის ბოლომდე წარედგინება. ძველი თბილისის განვითარების სტრატეგია მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ძველი თბილისის ისტორიული არქიტექტურულ-ურბანული სახის შენარჩუნება, როგორც ცოცხალი ორგანიზმისა, მისი განვითარების შესაძლებლობებით და რაც მთავარია, დედაქალაქის მოსახლეობის სასარგებლოდ და მისი ინტერესების გათვალისწინებით.

ძველი თბილისის განვითარების სტრატეგიის მთავარი და ამოსავალი პრინციპი ისევ ძველი ქალაქის ორი უმნიშვნელოვანესი ასპექტის - ურბანულ-არქიტექტურული, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და ადამიანის, მოქალაქეების ინტერესების ჰარმონიზაცია იქნება.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1056 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები