ოთხშაბათი, 24.04.2024, 03:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » თანამდევი სული.
09:50
თანამდევი სული.

 

აქა ამბავი...

ვინ იყო ილიას მკვლელობის შემკვეთი, ორგანიზატორი და რისთვის?

გაგრძელება.

დასაწყისი NN20-110

ვინ იყო ილიას მკვლელობის შემკვეთი, ორგანიზატორი და რისთვის?!

ნაწილი 2

ზემოთ ვისაუბრეთ ჟურნალ "მოგზაურში" გამოქვეყნებულ ვ-ნ-ს პუბლიკაციაზე. ილიას პასუხის "ნუთუ"-ს დაბეჭდვის დეტალებზე და გამოვაქვეყნეთ ფილიპე გოგიჩაიშვილის წერილი. ის რაც ფილიპემ ვერ სთქვა ვერც 1905 წელს და ვერც მომდევნო წლებში, დაბეჭდა 1913 წელს. "ივერიის" ყოფილი რედაქტორი განმარტებას აძლევს ია ეკალაძეს, მაგრამ არსებითად გადაუარა ფილიპე მახარაძეს.

ამავე 1913 წელს ქვეყნდება კიტა აბაშიძის წიგნი "ერთი პილატეთაგანი", გიორგი ლასხიშვილის წერილი და სხვა ავტორებისა, რომელნიც ხელს ადებენ ფილიპე მახარაძეს და სოც-დემოკრატებს. ფ.მახარაძე ამ დროს ბაქოშია და იქ წერს ფ.გოგიჩაიშვილის პასუხს. ეს წერილი ფართო მკითხველისთვის უცნობია, იმავდროულად სათაურში დასმული საკითხის კვლევისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ისე როგორც ნოე ჟორდანიას ასევე 1913 წელს დაბეჭდილ პასუხს ფედერალისტებისადმი, ანუ ილიას ჭირისუფლებისადმი.

ილიას მკვლელობასთან დაკავშირებით ფ. მახარაძემ მკვლელობიდან 6 წლის შემდეგ ხმა ამოიღო. აი, მისი წერილი.

მეორე მხარესაც მოვუსმინოთ!

I

ჩვენ, ფედერალისტ-ავტონომისტებს თითქო სანატრელი დრო დასდგომიათ: თუ 1905-6 წლები მათთვის თავზარდამცემი იყო, სამაგიეროთ შემდეგ ხანაში ბურთი და მოედანი იმათ დარჩენიათ სანავარდოთ. ამ ხნის განმავლობაში იმათ არაფერი არ დაუზოგიათ, ოღონდ კი აბრუ გაეტეხათ ხალხის თვალში განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის.

სიმართლე და ჭეშმარიტება გაქელეს და სავსებით ანაცვალეს თავიანთი ჯგუფის ვიწრო ეგოისტურ ინტერესებს. ამის შემდეგ რაღა გასაკვირალი უნდა იყოს, თუ რომ ისეთ თავაშვებულ განგაშის დროს იმათ არ დაინდეს თავიანთ მოწინააღმდეგეთა პიროვნება, და აი, სწორეთ აქ, თავიანთ მოწინააღმდეგეთა გაქელვა-გაბიაბურებაში გამოჩნდა იმათი ნამდვილი სულისკვეთება და შესაძლებელი შეიქმნა იმათი ნამდვილი სახის დანახვაც.

ერთ ასეთ პიროვნებათ გახდა თქვენი უმორჩილესი მოსამსახურე, ამ სტრიქონების დამწერი. ამ უკანასკნელ 6-7 წლის განმავლობაში ჩვენი ფედერალისტების პრესსა ყოველ ღონისძიებას ხმარობდა ჩემი პიროვნების დასამცირებლათ და ლაფში ამოსასვრელათ. რა ცილი გინდათ, რომ ჩვენთვის იმათ არ დაეწამებინოთ. მაგრამ ამ მხრით ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამო ჩვენსკენ წამოსროლილმა საზიზღარმა ჭორმა და ცილისწამებამ ყოველივეს გადააჭარბა. ჩვენ ყოველთვის ზედმეტათ მიგვაჩნდა ასეთ ყოვლად უაზრო ცილისწამებაზე პასუხი გაგვეცა.

არის ბრალდება, რომელიც თავის თავად იმდენათ უგნურია, რომ იმის დარღვევა ყველა ჭკუაში მყოფ ადამიანისათვის სრულებით ზედმეტია. ერთ ამ გვარ "ბრალდებათძ უნდა ჩაითვალოს, რა თქმა უნდა, ის სამარცხვინო ჭორი, რომელიც ჩვენმა ავტონომისტებმა ილიას მოკვლის გამო შეთხზეს. ჩვენი შეხედულება ამ მხრით ოდნავადაც არ შეცვლილა, და თუ, მიუხედავათ ამისა, ჩვენ ახლა ხმას ვიღებთ ამ საგანზე, ეს სულ სხვა გარემოებით აიხსნება.

ამას წინათ ბ-ნმა ია ეკალაძე-ცინცაძემ ერთი მხრით, და ბ.ბ. ლასხიშვილმა და გოგიჩაიშვილმა მეორე მხრით, ისეთი რამეები გამოაქვეყნეს გაზეთებში, რის გამოქვეყნებას წინეთ ასეთი სითამამით და ასეთ? გულახდილობით ვერ ბედავდენ. აი, სწორეთ ამ გარემოებამ მაიძულა მე ხმა ამომეღო და ერთხელ და სამუდამოთ პასუხი გამეცა ფედერალისტთა კომპანიისთვის. მაგრამ თავდაპირველათ საჭიროა, ორიოდე სიტყვით მაინც, მოვიხსენიოთ საქმის ვითარება.

როგორც მოგეხსენებათ 1905 წ. დასაწყისში ქართლ-კახეთის სოფლებსაც მოედვა ის აგრარული მოძრაობა, რომელიც არსებითად ბატონყმობის ნაშთის წინააღმდეგ იყო მიმართული და რომელიც დასავლეთ საქართველოდან გავრცელდა. დღეს ბ-ნი გოგიჩაიშვილი მთელ ამ მოძრაობას "საერთო გაგიჟების ხანათ" (ხაზს ჩვენ ვუსვამთ) ნათლავს, მაგრამ ამით მხოლოთ თავის საკუთარ სულისკვეთებას გამოხატავს და არა მაშინდელ თუ დღევანდელ ობიექტურ პირობებს ახასიათებს.

ვინ იტყვის, რომ ქართველი გლეხ-კაცობა, ერთხელაც იყო, თავისი აუტანელი მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეცადა, ამისთვის იგი დაგმობის და გაკიცხვის ღირსი უნდა ყოფილიყო? - ასე იყო თუ ისე, იმ ხანებში ყველა ადგილობრივ რედაქციებს, და მათ შორის ჟურნ. "მოგზაურისძ რედაქციასაც, აუარებელი წერილები და კორესპონდენციები მოსდიოდა საქართველოს ყველა კუთხიდან ამოძრავებული გლეხ-კაცობის შესახებ, და რამდენათაც ჩვენ ვიცით, თითქმის ყველა ეს რედაქციები და იმათ შორის ისეთებიც, რომლებიც დღეს ამ მოძრაობას ლანძღავენ და უშვერი სიტყვებით იხსენიებენ, ასეთ კორესპონდენციებს ბეჭდავდენ.

მთელი ეს ისტორია დღეს აღარავის ახსოვს, ვინაიდან მისი მოხსენება ბევრთათვის არც ისე სასიამოვნოა. მაგრამ მოვა დრო, როცა ყველაფერი ეს დღის სინათლეზე იქნება გამოტანილი, და ვნახოთ, მაშინ რაღას იტყვიან ჩვენი დღევანდელი მგმობელნი!

ამ რეაქციონურ, ანუ როგორც ჩვენი ფედერალისტები იტყვიან - გამოფხიზლების ხანაში, მთელი იმათი ყურადღება მიქცეულია მხოლოთ ვ.ნ-ის წერილზე "საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება", რომელიც 1905 წლის "მოგზაურში" იყო დაბეჭდილი: ეს იყო და ეს: გარდა საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოებისა ჩვენ თითქო არსაიდან კორესპონდენცია არ დაგვიბეჭდია, და საგურამოში და ჭოპორტის საზოგადოებაში მომხდარი და დაწერილი ამბები რაღაც გამონაკლისს შეადგენდენ იმ ხანებში. ნამდვილათ კი ყოველივე ის, რაც ხსენებულ წერილში იყო ნათქვამი, ჩვენში საყოველთაო და სრულებით ჩვეულებრივ მოვლენას შეადგენდა და დღესაც შეადგენს, არაჩვეულებრივი ამ შემთხვევაში იყო მხოლოდ ის, რომ იქ, სხვათა შორის, როგორც მემამულეზე, თ.დ. ილია ჭავჭავაძეზედაც იყო ლაპარაკი.

როგორ უნდა მოქცეულიყო რედაქცია? ნუ თუ მარტო ის გარემოება, რომ წერილში მოხსენებული იყო სხვათა შორის ილია ჭავჭავაძე, საკმარის საფუძველს იძლეოდა იმისას, რომ მთელი წერილი არ დაბეჭდილიყო? ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ასე კითხვის დაყენება უსამართლობას ნიშნავდა. რედაქციამ სულ სხვანაირათ დააყენა საკითხი: ჩვენ გვაინტერესებდა მხოლოდ მოთხრობილი ამბების სინამდვილე, და როცა ამ უკანასკნელში რედაქცია დარწმუნდა, ვ.ნ-ის წერილის დაბეჭდვაც თავად გადაწყდა.

ჩვენ არ უარვყოფთ, რომ ვ. ნ-ის კორესპონდენციაში მეტათ აღმაშფოთებელი ამბები იყო მოთავსებული, მაგრამ განა ეს იმის საბუთს იძლეოდა, რომ წერილი არ დაგვებეჭდა? პირიქით, რედაქცია მხოლოთ მაშინ იქნებოდა დამნაშავე, რომ ხსენებული წერილის გამოქვეყნებაზე უარი ეთქვა, სულ ერთია, მოკლებული იყო სინამდვილეს იმაში მოთხრობილი აღმაშფოთებელი ამბები თუ არა.

და განა სცადა კი ვინმემ ან მაშინ, ან მას შემდეგ იმის დამტკიცება, რომ იქ მოთხრობილი ამბები განზრახ გამოგონილი იყვენ? "ცნობის ფურცელმაძ და მაშინდელმა მისმა ხელმძღვანელმა, ბ.გ.ლასხიშვილმა, რომელიც ახლა დედაბრულ კილოზე გოდებს, სრულებით ხმა გაკმინდეს და კრინტიც არ დაძრეს არც ილიას სასარგებლოთ, არც "მოგზაურის" წინააღმდეგ. სიმართლე მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ეს სიჩუმე, თავისებური ფარისევლობით და ლაქუც-მლიქვნელობით, რამდენიმეთ ბ. ფ. გოგიჩაიშვილმა დაარღვია.

მან გაზ. "ივერიაში" ამოიწერა "მოგზაურიდან" ზოგიერთი აღმაშფოთებელი ამბები, როგორც ამას თვითონ ამბობდა, და ილია ჭავჭავაძე საპასუხოთ გამოიწვია, რომ მას დაემტკიცებინა იმათი უსაფუძვლობა. ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, ამას თურმე სრულებით არ მოელოდა. პირიქით, ილია ჭავჭავაძე თურმე ფიქრობდა, რომ მის დაცვას იკისრებდნენ მისი მეგობრები და თანამოაზრენი, ვინაიდან პრინციპიალურობით როგორც ის, ისე "ივერია" - "ცნობის ფურცელი" ერთ და იმავე ნიადაგზე იდგენ. ილია ჭავჭავაძის ასეთი ფიქრი უსაფუძვლო არ იყო.

მას მეტათ საღი მსჯელობა და ლოღიკა ქონდა. ბატონყმობის ნაშთების არსებობა, ერთი მხრით, და მხსვილი მიწათმფლობელობა, მეორე მხრით, თხოულობდა ცხოვრებაში მისგან, როგორც კერძო მემამულისაგან, იმგვარ ტაქტიკას, რომელსაც იგი ადგა. რა ვუყოთ, რომ იგი იმავე დროს "გლახის ნამბობის", "კაკო ყაჩაღის" და სხვათა ავტორი იყო? განა მისი მეგობრები და თანამოაზრენი, რომელთაც არხეინათ მოეკალათებიათ "ივერიისა" და "ცნობის ფურცლის" რედაქციებში, იმავე ტაქტიკას არ ახორციელებდენ ცხოვრებაში? ეს ხომ კარგად იცოდა ილიამ?

ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ილიას სრული საფუძველი ქონდა ეფიქრა, რომ მას გამოესარჩლებოდენ "ივერიის" და "ცნობის ფურცლის" მესვეურნი, მაგრამ ამაოთ. ამ უკანასკნელებმა ვერ გამოიჩინეს იმდენი გამბედაობა, რომ საქვეყნოთ განეცხადებინათ იმ დროს თავიანთი ნამდვილი გულის ზრახვანი.

ილია ჭავჭავაძე დამნაშავე არ არის იმაში, რომ მისმა თანამოაზრეებმა ვერ გამოიჩინეს ხასიათის ისეთი სიმტკიცე და, შეგვიძლია ვთქვათ, პირდაპირ ისეთი რაინდული გამბედაობა, რომლებითაც იგი უკანასნელ წუთამდე აღჭურვილი იყო. მართლაც, სად ეს კაცუნები და სად ილია ჭავჭავაძე? ჭეშმარიტათ შესაბრალისია ეს მდევი-მწერალი ასეთ კაცუნების კომპანიაში. მაგრამ დავუბრუნდეთ საგანს.

ამნაირათ, ილია ჭავჭავაძე იძულებული შეიქნა თვითონ გაეცა პასუხი "მოგზაურში" მოთავსებულ წერილზე. ვინც კი ეს პასუხი წაიკითხა, ყველა კარგათ ხედავდა, რომ ეს პასუხი ოდნავათაც არ უარყოფდა ხსენებულ წერილში მოთხრობილ ამბებს. იგი მხოლოდ გვიხსნიდა, განგვიმარტავდა ზოგ რამეებს. კარგათ ხედავდა ამას თვით ბ. ფ. გოგიჩაიშვილიც, რომელმაც რამდენიმეთ თვით ამ პასუხის დაწერა გამოიწვია, ეს მან რამდენიმეთ, თუმც ძლიერ ბუნდოვანათ, აღნიშნა სარედაქციო შენიშვნაში, სადაც იგი, სხვათა შორის, ამბობდა: "ვბეჭდავთ დაპირებისამებრ თ-დ ილია ჭავჭავაძის წერილს, რომელშიაც ავტორი არჩევს (ხაზს ჩვენ ვუსვამთ) მის შესახებ "მოგზაურში" დაბეჭდილ კორესპონდენციასო. როგორც ხედავთ, აქ შენიშვნის ავტორი აშკარათ ამბობს, რომ ჭავჭავაძე "არჩევს" "მოგზაურში" მოთავსებულ წერილს და არა არღვევსო.

და საქმე კი სწორეთ ამ დარღვევაში იყო და არა გარჩევაში. მე შემიძლია რომელიმე წიგნი ან ნაწარმოები გავარჩიო, მაგრამ ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ იმაში გატარებული აზრები და შეხედულებანი უარვყო ანუ დავარღვიო. ასე იყო ამ შემთხვევაშიაც და "ივერიის" ხსენებული შენიშვნაც სწორეთ ამას ამბობდა. მაგრამ ამას როდი ამბობდა "ივერია" ნათლად და გარკვევით. იგი თითქო ეჭვობდა, ვაი თუ ერთ დროს უკან დახევა დარჩეს საჭირო და ამიტომ ზურგს იმაგრებდა. გარდა ამისა, ბ-ნ გოგიჩაიშვილის ორგანო იმასაც უმატებდა, რომ "ზოგიეთ საზოგადო მოსაზრებაში პატივცემულ ავტორს ვერ დავეთანხმებითო". აშკარაა, მთელი ეს შენიშვნა სრულებით არ უკრავდა კვერს ილიას პასუხს.

დღეს კი ბ-ნი გოგიჩაიშვილი ყოველივე ამას ივიწყებს და ურცხვათ გაიძახის, რომ "შენიშვნაც სწორეთ ამ ორიოდე საზოგადო ადგილს (რომელი ადგილებია ეს, ავტორი ამას ახლაც უმალავს მკითხველს. ფ. მ.) შეეხებოდა და არა ილიას მიერ ბრალდების "ფაქტების დარღვევასო" ("სახ. გაზ.ძ N 871). როგორც ხედავთ, ბ-ნი გოგიჩაიშვილი ახლა გასავალ ანუ გასაძრომ ხვრელს ეძებს და ამიტომაც ღობე-ყორეს ედება. მაგრამ ასეთი ფანდებით იგი ახლა შორს ვეღარ წაგვივა.

II

ილია ჭავჭავაძის "ნუ-თუ"-ს გამოქვეყნების შემდეგ მდგომარეობა ასეთი იყო: "მოგზაურში" გამოყენებული ფაქტები დაურღვეველი დარჩენ: "ნუ-თუ"-მ ისინი ოდნავაც ვერ შეარყია. მეორე მხრით, თვით ილია სრულიათ გარიყული შეიქნა. პირველხარისხოვან მწერალს და საზოგადო მოღვაწეს, რომელიც რამდენიმე ათეული წლების განმავლობაში სათავეში ედგა ქართულ პრესსას და ქართულ საზოგადოებრივ აზრს ხელმძღვანელობდა, თავის გარშემო აღარავინ გამოაჩნდა ისეთი ვინმე, რომელსაც მისი გამოსარჩლება საჭიროთ ეკისრა.

იმავე დროს ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის გარემოება, რომ ილიას "ნუ-თუ"-ში იყო ისეთი ადგილები, როგორც "მოგზაურის", ისე თვით ვ. ნ-ის შესახებ, რომლების უყურადღებოთ დატოვება არ შეეძლო არც "მოგზაურის" რედაქციას და არც ვ. ნ-ს. გარდა ამისა, "ნუ-თუ" შეიცავდა ისეთ განმარტებათ, რომლებიც ნათელს ფენდნენ ვ. ნ-ის წერილში გაკვრით აღნუსხულ ფაქტებს და რომლებიც უფრო "ნუ-თუ"-ს ავტორის წინააღმდეგ ლაპარაკობდენ, ვინემ მის სასარგებლოთ. კამათი პრესაში - ეს ხომ იგივე ჭიდილია, მხოლოთ იდეური, საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე, და, რა თქმა უნდა, ილიას მოხერხებულ კისრულებს ჩვენ გულზე ხელდაკრეფილი ვერ შევხვდებოდით. ერთი სიტყვით, პასუხი ჩვენგან აუცილებელი იყო.

ძველი ამბების განმეორების სურვილი არა გვაქვს, მაგრამ ყველა იმათ, ვისაც ჭეშმარიტების გაგება აინტერესებს, ჩვენ ვთხოვთ ერთხელ მაინც გადაიკითხონ ის, რაც თავდაპირველათ "მოგზაურში" (N 13, 1905 წ.) იყო ნათქვამი ილია ჭავჭავაძის შესახებ და შემდეგ ის, თუ რა პასუხი გასცა ამაზე ილიამ ("ივერიაძ N 68, 1905 წ.). ამნაირათ, პასუხის გაუცემლობა ჩვენგან შეუძლებელი იყო, და ეს პასუხი დაიწერა როგორც "მოგზაურის" რედაქციის, ისე ვ. ნ-ის მხრით (იხ. "მოგზაური", 1905 წ. NN 18 და 19). ჩვენდა უნებლიეთ, ბრალდება ილიას წინააღმდეგ ახლა გაორკეცდა, ვინაიდან ამის საბუთი მოგვცა, ერთი მხრით, თვით "ნუ-თუ"-მ და, მეორე მხრით, ვ. ნ-ის დამატებითმა ცნობებმა.

მაგრამ ახლა ხმა აღარავის ამოუღია. ვთქვათ, ილიამ თავის სათქმელი უკვე სთქვა თავის "ნუ-თუ"-ში, მეტის თქმა მას აღარ შეეძლო. მაგრამ რით აიხსნება დღევანდელ მის ქომაგთა და მოსარჩლეთა სამარისებური დუმილი, თითქო აქ არაფერი მომხდარიყოს? რით აიხსნება, გეკითხებით თქვენ, ის სამარცხვინო გარემოება, რომ ეს დუმილი ორი წლის შემდეგ პირდაპირ ველურ ვაკხანალიათ და განგაშათ შეიცვალა? შესაძლებელია, მკითხველმა იფიქროს, რომ "მამულიშვილთა" ბანაკმა ხმა გაკმინდა მაშინ ამ ინციდენტის შესახებ იმიტომ, რომ ისინი დარწმუნდნენ ილიას უმართლობაში, და ამიტომ იმათი დუმილი გულწრფელი იყოო.

რა თქმა უნდა, არაფერ მსგავსს ადგილი არა ქონებია. ილიას დამარცხება "მოგზაურთან" კამათში მათთვის გულში ლახვრის ჩაცემა რომ იყო, ეს მათ კარგათ ესმოდათ, მაგრამ არა თუ თვითონ ვერ ბედავდენ საჯაროთ მის გამოსარჩლებას, არამედ თვით ილიას მიერ დაწერილი პასუხის დაბეჭდვაც კი თავის ორგანოებში ეძნელებოდათ. ამის თავი და თავი მიზეზი იყო შიში ამოძრავებული ხალხის წინაშე, და ამიტომ მათ არჩიეს ისევ გაჩუმება, ე.ი. მიმართეს მათ მიერ არა ერთხელ ნაცად იარაღს - გაიძვერობას და ფარისევლურ ტაქტიკას.

თავის თავად იგულისხმება, რომ ფართო საზოგადოებას ამ უკანასკნელ დრომდე ყველა ამაში შეეძლო ეჭვი შეეტანა, ვინაიდან ყველა ამას ჩვენი ავტონომისტ-ფედერალისტები ბურუსში ხვევდნენ. ჩვენ კი სრული იმედი გვქონდა, რომ სიყალბისაგან აშენებული ხუხულა ერთხელაც არის ჩამოინგრეოდა და ჩვენი მოლოდინიც ჩქარა გამართლდა.

ჩვენი სასიქადულო "მამულიშვილების" ფარისევლობას და გაიძვირაობას, იმ საკითხში მაინც, რომელიც ჩვენ ახლა გვაინტერესებს, სავსებით ფარდა ახადა ბ-მა ია ეკალაძე-ცინცაძემ, ე.ი. თვით "მამულიშვილთა" შინაურმა კაცმა. ჩვენ კარგათ ვიცით, რომ ბ. ეკალაძეც, ერთხელაც იყო, საკმარისათ ჩაიფლა იმ აშმორებულ წუმპეში, რომელსაც "მამულიშვილთა" ბანაკი ეწოდება, მაგრამ არ შეგვიძლია არა ვთქვათ, რომ იგი პატივისცემის ღირსი არ იყოს, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ერთხელ მაინც სიმართლე აღიარა გულახდილად.

ჩვენ არ ვიცით, გრძნობდა თუ არა ბ. ეკალაძე, რომ ამ გულახდილი აღსარებით იგი სპობდა, აქარწყლებდა ფედერალისტებს. ვიცით მხოლოდ, რომ მის მიერ გამომჟღავნებული სიმართლე არაფრად ეჭაშნიკათ ბ.გ. ლასხიშვილს და ფ. გოგიჩაიშვილს. ამიტომ სრულებით გასაკვირალი არ არის, თუ ამ უკანასკნელებმა მოინდომეს ბ-ნ ეკალაძის სიტყვების მიფუჩეჩება და საქმე გადაიტანეს იმაზე,რომ ილიას პასუხის დაბეჭდვაზე თითქოს არც "ივერიას" უთქვავს უარი და არც "ცნობის ფურცელსო". არა. ბატონებო. საქმე ამაში როდია. საყურადღებო ბ-ნ ეკალაძის მხილებაში სულ სხვა რამეა.

აი სიტყვა-სიტყვით რას ვკითხულობთ მის ახალ გამოქვეყნებულ წერილში. "მაშინ" (ე.ი. "ნ-თუ"-ს გამოქვეყნების დროს, 1905 წელს., ხაზს აქ ჩვენ ვუსვამთ ფ. მ.) - გვეუბნება ბ-ნი ეკალაძე - ყველა სოციალისტობა (ხაზს თვით ავტორი უსვამს); დიდი განხეთქილებაც იყო ორ მოპირდაპირე დასს შორის და "ივერიელებიც" საგონებელს მიეცნენ, ზედ-მეტ აყალმაყალს ერიდებოდენ, რადგანაც ილიას წერილი აშენებულია წმინდა ეროვნულ და კერძო საკუთრების დროებით დაცვის საფუძველზე (ხაზი ეკლაძისაა, ფ.მ.). დიახ, საგონებელში იყო "ივერიის" მაშინდელი რედაქცია, მაგრამ მოჭირნახულე კაცისათვის რომ არ ეწყენინებიათ, გადასწყვიტეს "ნუ-თუ" დაებეჭდათ "ივერიის" ცალკე დამატებად, რაც ასრულებული იქნა. იმ დროს მე, - უმატებს ავტორი - მდივნათ გახლდით განახლებულ "ივერიის" რედაქციისა, და ეს ამბავი ძალიან კარგად მახსოვსო" (იხ.გაზ. "თემი") 1913 წ. N 118).

ხოლო რაც შეეხება გაზ. "ცნობის ფურცლეში" "ნუ-თუ"-ს არ გაშვებას, ამაზე იგივე ავტორი აი რას ამბობს: "მე არ ვიცი, ვინ იყო იმ დროს "ცნ. ფურცლის" ნამდვილ გამგეთ, მაგრამ ის კარგათ ვიცი, რომ ილია ჭავჭავაძე ძალზე გულნაკლული იყო იმის გამო, რომ "ცნ. ფურცელში" ეს წერილი არ მიეღოთ. ამის შესახებ ბევრს ლაპარაკობდენ განახლებულ "ივერიის" რედაქციაში... ასეთია მხილება და მოწმობა იმ კაცისა, რომელიც საქმესთან მჭიდროდ დახლოვებული იყო.

ჩვენ კარგათ გვესმის, რომ ბ-ნ ეკალაძის მხილება არ ესიამოვნებოდა არც გ. ლასხიშვილს და არც ფ. გოგიჩაიშვილს: ავტორს ზევით ამოწერილი, უბრალო და გულახდილი სიტყვები ამ უდროობის ორ გმირს პირდაპირ ასამარებს. რა თქმა უნდა, როგორც ერთი, ისე მეორე შეეცადა ბ-ნ ეკალაძის ჩვენების გაბიაბრუნებას, მაგრამ ამაოდ. ბ-ნი ლასხიშვილი აცხადებს რომ "ეკალაძის დაბეჯითებითი მხილება მარტოოდენ მით-მოთქმასა და ხმებზე უნდა იყოს დაფუძნებულიო (იხ. "სახ. გაზ." N 868) ხოლო რაც შეეხება ბ-ნ გოგიჩაიშვილს, იგი შეუდარებელი ურცხობით მოგვითხრობს: "ბ. ია ეკალაძის ნათქვამი: "ივერიელნი საგონებელს მიეცნენო", მართალი და სწორეა, აი, რა მხრით იმ დროში ფ. მახარაძის ლაშქარმა მემამულის ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ საშინელი ატმოსფერო შექმნა. იმდენ საშინელებას აბრალებდენ ილიას, რომ ზოგიეთ მის მეგობარსაც ცოტათი გულში ეჭვი ებადებოდა და ამბობდენ - ვაი, თუ მესამედიც მართალიაოძ ("სახ. გაზ."N 871). ყოველივე ეს მარტოოდენ უხერხული ფანდები და ლათაიებია.

ია ეკალაძე გულახდილათ ამბობს, რომ მაშინ ყველა სოციალისტობდაო და იმათ შორის "სოციალისტობდენ" "ცნობის ფურცელი" და "ივერიაცო". მაგრამ იმათი სოციალიზმი როდი ყოფილა ნამდვილი, არამედ იგი ყალბი იყოო. ბ. ეკალაძე არ უმატებს იმას, რომ ამ ყალბ "სოციალიზმს" ყალბი დემოკრატობაც თან ახლდა, მაგრამ ეს ხომ თავის თავად იგულისხმება. და თუ "ივერია" - "ცნობის ფურცელი" და მათი პატრონ-ბატონნი ილია ჭავჭავაძეს ვერ გამოექომაგენ თავის დროზე, ამის თავი და თავი მიზეზი ამ ვაჟბატონების ცრუ სოციალიზმი და ცრუ დემოკრატიზმი იყო და არა ის უაზრო ოინები და ხრიკები, რომლებსაც ახლა ისინი ასახელებენ. იმ გარემოებამ, რომ ილიას წერილი, რომელიც, ბ-ნ ეკალაძის თქმისა არ იყოს, "კერძო საკუთრების დროებით (ეს დროებით აქ სრულებით უადგილოა. ფ. მ.) დაცვაზე" იყო დამყარებული, ხსენებულ ვაჟბატონებს დავთარი აურია. და ისინი საგონებელში ჩავარდენ, არ იცოდენ როგორ მოქცეულიყვენ. იმათი ნამდვილი გულის ზრახვანი თხოულობდენ, ერთი მხრით, "მოგზაურის" წინააღმდეგ გალაშქრებას და, მეორე მხრით, ილიას გამოქომაგებას, მაგრამ, იმათ სავალალოთ, ის ყალბი სოციალისტური და ცრუ დემოკრატიული კილო, რომელიც მათ მაშინ აღებული ქონდათ, ამის ნებას როდი აძლევდა. ყოველივე ეს კი საჭირო იყო იმისთვის, რომ ხალხისთვის თვალები დაებრმავებინათ და იმას ელოდენ, თუ როდის შესძლებდენ დაუსჯელათ თავიანთ ნამდვილ მისწრაფებათა გამომჟღავნებას. ეს სანატრელი დროც ჩქარა დაუდგათ.

როცა რუსეთში გაბატონდა რეაქცია და ხალხის მოძრაობა დაეცა, ბ. ბ. გოგიჩაიშვილების ნავარდობა უზრუნველი შეიქნა, მაგრამ ეს კიდევ არ კმაროდა. საჭირო იყო ისეთი რამ, რასაც ძველი პოლემიკა გაეხსენებია. ჩქარა ამის საბაბიც იშოვნეს. თავზეხელაღებულმა ავაზაკებმა, ვინ იცის რა მოსაზრებით და რა ნიადაგზე, ილიას სიცოცხლე მოუსპეს. და აი, ქვემძრომებმა ისარგებლეს ამ შემთხვევით ჩვენს გასაბიაბრუებლათ, ნამდვილათ კი, მხოლოთ თვიანთი სიბინძურე სიწამხდრე დაანახვეს ქვეყანას. რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ის უსასტიკესი დანაშაული, როგორც ილიას მოკვლა არის, ფედერალისტ-ავტონომისტებმა, არც იქით და არც აქეთ, პირდაპირ ჩვენ იდეურ ბრძოლას დაუკავშირეს ილიას წინააღმდეგ. "აბა ჩვენ რა ვიცოდით მაშინ - ასე ურცხვათ გაიძახის დღეს ბ. ლასხიშვილი - თუ, "მოგზაურის" საზიზღარ კამპანიას ილიას წინააღმდეგ ასეთი საშინელი შედეგი მოყვებოდა... მაშინ არც ჩვენ, არც ბ. დიასამიძეს და არც არავის ფიქრათაც არ მოგვსვლია, რომ გაჩნდებოდა ისეთი დეგენერატი, რომელიც საზიზღარ ცილისწამებას ( ხაზს ჩვენ ვუსვამთ) დაუჯერებდა და რომლის ბნელ გულში ილიასადმი ისეთი ფანატიკური მძულვარება აღიზრდებოდა. ეს რომ გვგონებოდა, დარწმუნებული ვართ, სხვა რიგათ მოვიქცეოდით ისინიც, ვისაც გაზეთი გვქონდა და ისინიც, ვისაც გაზეთი არ ქონდაო (" სახ. გაზ." ¹868)

აი, ნამდვილი საზიზღარი კამპანია და საზიზღარი ცილისწამებაც, თუ გნებავთ, სწორედ ამას ქვია! ძველი რომაელები ამბობდენ, რომ როცა ღმერთები ადამიანის გაუბედურებას მოინდომებდნენ, ჯერ მას ჭკუას დაუკარგავდენო. ვინ დაიჯერებს, რომ ზევით მოყვანილ სტრიქონებს სწერს ჟურნალისტი და ისიც გაზეთის ხელმძღვანელი. იცის კი მან, რასა სწერს? ზევით მოყვანილი ამონაწერის მნიშვნელობა და აზრი რომ ეცნათ, მაშინ შეუძლებელი იქნებოდა ლიტერატურის ორი დარგი მაინც, სახელდობრ, პუბლიცისტიკა და პოლემიკა: ესენი ორივე უნდა გაუქმდენ, თუ ბ-ნ ლასხიშვილის, უკაცრავად პასუხია, ლოღიკას მივყევით. ეს ორი დარგია, რომლებშიაც იდეური ბრძოლა სწარმოებს ყოველგან, სადაც კი საზოგადოებრივი ცხოვრება, ცოტათი მაინც არის წარმატებული და განვითარებული: ჯერ არავის მოსვლია თავში იდეური ბრძოლის ფიზიკურ ბრძოლასთან დაკავშირება, და მართლაც რაღა ძალა და გამავლობა უნდა ქონდეს პირველს, თუ საქმე უკანასკნელით უნდა გათავდეს. ჩვენ გვაბრუნებენ ისევ ველურობის და ბარბაროსობის ხანაში.

ეს მართლაც საზიზღარი კამპანია, რომელსაც ეს ერთი ხანია ჩვენი მამულიშვილები ეწევიან ჩვენს წინააღმდეგ, შეჰფერით მხოლოდ სრულებით გამოთაყვანებულ და უგუნურ არსებათ. განა ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა არ იციან, რომ ჩვენ ვებრძოდით იდეურ ნიადაგზე არა მარტო ჭავჭავაძეს, რომ ჩვენ შედარებით ბევრი უფრო გამწვავებული ბრძოლა ამავე ნიადაგზე გვქონდა და გვაქვს სხვებთან? და განა რომელიმე მათგანი ამ ნიადაგზე ვინმემ როდესმე სიცოცხლეს გამოასალმა? ფიქრობთ ბატონებო იმაზე, თუ რას ლაპარაკობთ? ან შეიძლება, თქვენ ისე გაგიტაცათ თქვენი იდეურ მოწინააღმდეგეთა მოსპობის სურვილმა, რომ ჭკუა-გონება, საღი მსჯელობა დაკარგეთ? აგრემც ყოფილა!

სხვისა რა ბრალია, თუ თქვენ არ შეგწევთ არც მოქალაქეობრივი გრძნობა და არც გამბედაობა, თუ თქვენ, თქვენდა საუბედუროთ, იკისრეთ თქვენთვის სრულიად შეუფერებელი სოციალისტობა და დემოკრატობა. ჰე, მახლას! არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო! თქვენ, სულით და ხორცით უბადრუკნო, ხომ თავისივე ხელით იმათრახებთ დღეს თავის თავს? და ამის შემდეგ განა ღირს კიდევ თქვენთან ლაპარაკი?

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1053 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები