ხუთშაბათი, 28.03.2024, 22:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » ქევანა და ამელი.
09:52
ქევანა და ამელი.

გამოვიდა ეკა ქევანიშვილისა და ნინო თარხნიშვილის ახალი წიგნები

როდესაც პირველი, ერთად შეკრული წიგნები გამოუშვეს, ბევრს ქევანა ამელი ეგონა, ამელი - ქევანა, იმიტომ, რომ ქევანა და ამელი სულ ერთად არიან, ერთად მუშაობენ, ხელში ერთნაირი მიკროფონები უჭირავთ, მათი შვილები ერთად თამაშობენ და ერთად იზრდებიან. ერთად იზრდებიან ქევანა და ამელიც - წიგნიდან წიგნამდე, მათი რაოდენობა უკვე ორია, ცალ-ცალკე ყდა და სათაური აქვთ: ეკა ქევანიშვილის "აქ ნუ დადგებით" და ნინო თარხნიშვილის "სათაური 37-ე გვერდზე". ...ეს სტატია გაზეთის მე-7 გვერდზეა დაბეჭდილი, ხოლო მის წასაკითხად სადაც გინდათ, იქ დადექით.

პირველ, პრემია "საბას" ნომინანტ წიგნსაც ორი სათაური ჰქონდა - ქევანას "ჭორია" და ამელის "ქალთარაფერა". ქევანასი ლექსები იყო, ამელის - მინიატურები. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა, ახალი ტექსტები დაუგროვდათ და ნელ-ნელა ერთმანეთსაც დასცილდნენ, თუმცა საერთო მაინც ბევრი დარჩა: გამომცემლობა ("დიოგენე"), ყდის დიზაინი (გურამ წიბახაშვილი) და პრეზენტაცია (ეკას ღვინით და ნინოს ნამცხვრებით).

ახლა კი განსხვავებებზე: ეკა ქევანიშვილი ლექსებს წერს, თანაც, როგორც თავად ამბობს, დოკუმენტურს, მიწაზე მყარად დგას, თუმცა მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც პოეტებს ეკუთვნით. აი, ნინო თარხნიშვილის პროზა კი სულ სხვაგანაა და მგონი, ნინოც სულ ცოტათი სხვაგანაა, რადგან წერს იმაზე, რაც სხვებს ალბათ მხოლოდ ესიზმრებათ, წერს გამოგონილი სახელების მქონე ადამიანებზე და შესაძლოა, ისინი სულაც არ არიან ადამიანები. ნინო ამბობს, რომ მისი მოთხრობები ფანტასტიკურია, სწორედ ამიტომაც ნინოც ცოტა ფანტასტიკურია და იქნებ სულაც არ ჰქვია ნინო...

მერე სამივე ერთად ვჯდებით და ნინოს ნამცხვრებით დამტკბარები და ეკას ღვინით შემთვრალები ვსაუბრობთ. ეკა ამბობს: "ხშირად მითქვამს ჩემთვის, ალბათ მოვა დრო, როდესაც წიგნს დამოუკიდებლად, მარტო გამოვცემ, ცალკე პრეზენტაციას გავაკეთებ, თუმცა ეს ერთობლიობაც არ წარმოადგენს პრობლემას, მკითხველი თავად გააკეთებს არჩევანს, წაიკითახვს იმას, რაც სურს ან ორივეს ერთად, მით უმეტეს, რომ ამ კრებულებს არაფერი აქვთ საერთო.

ეს წიგნები ჩვენი შემოქმედებითი გზების გაყრის მცდელობაა, ნელ-ნელა ვიყოფით, დამოუკიდებლად მივაბიჯებთ". და ნინო ამატებს: "ერთმანეთისგან დაცილების პროცესი სრულიად უმტკივნეულო და ალბათ ლოგიკურიცაა, რადგან თავადვე ვიცვლებით. მაგალითად, მე ამ ოთხი წლის განმავლობაში მინიატურებიდან ვრცელ პროზაზე გადავედი. პირველ კრებულში ორივეს მხრიდან მეტი სენტიმენტალობა, ქალურობა იგრძნობოდა, რაც ჩემს ახალ წიგნში ძალიან მცირე დოზით შემორჩა".

ოთხი წლის შემდეგ. ერთმანეთზე

ეკა: "ამ დროის განმავლობაში ნინო, როგორც ავტორი, არა მხოლოდ განვითარდა არამედ საკუთარი შემოქმედება რადიკალურად შემოაბრუნა, სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო, მიამიტური მინიატურებიდან დიდ თემებზე გადავიდა.

სტილიც ნახევრად ფანტასტიკური აქვს, სახელებს იგონებს ანუ სრულიად ირეალურ სამყაროში გადავყავართ. ამ კრებულში მისი ათი მოთხრობა შევიდა, რაც ერთგვარ შესავლადაც მიმაჩნია იმ შემოქმედებითი გზისთვის, რაც წინ ელის".

ნინო: "ოთხი წელი გავიდა - ეს ის დროა, რაც ადამიანის ნებისმიერი მიმართულებით ზრდისთვის, ჩამოყალიბებისთვის ალბათ საკმარისი უნდა იყოს. სწორედ ასე მოხდა ეკას შემთხვევაშიც, მის ლექსებში იკლო სენტიმენტალურმა განწყობამ, გაცილებით ხისტი, მძაფრი, პირდაპირი და რეალობასთან მიახლოებული გახდა."

საკუთარ თავზე და ცოტა კიდევ ერთმანეთზე

ეკა: "მიყვარს რეალურ თემებზე წერა, ხშირად ჩემს მეგობრებზე, ცხადია ნინოზეც".

ნინო: "ჩემთან კი რეალური ადამიანები ირეალურ სამყაროში ცხოვრობენ. მაგალითად, ანგელოზი ოზი ჩემი მეგობარია, რომელმაც მთხოვა, რომელიმე მოთხრობის გმირად მექცია. ასეც მოხდა - ანგელოზი ოზი ჩემი მეგობარია".

მე კი აღარ ვიცი, მეტი რა დავწერო... დანარჩენი ქევანას და ამელის წიგნებში წაიკითხეთ...

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1178 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები