პარასკევი, 29.03.2024, 12:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » "ვეფხისტყაოსნის" უნიკალური ხელნაწერი.
10:50
"ვეფხისტყაოსნის" უნიკალური ხელნაწერი.

საუკუნეთა სიღრმიდან მომდინარე ყოველი ხელნაწერი უნიკალურია, რადგან გარკვეული ისტორიული და კულტურული გარემოს პროდუქტია.

უნიკალურია იმითაც, რომ აქვს ბედი შექმნისა და ჩვენს დრომდე მოღწევის სხვებისგან განსხვავებული ისტორია. ბევრი ხელნაწერი ჩვენამდე დაზიანებული და ნაკლული სახითაა მოღწეული, რაც მიგვანიშნებს იმ ქარტეხილებზე, რაც მათ თავს გადახდომიათ საუკუნეთა მანძილზე.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ასეთი არაერთი ხელნაწერია დაცული. დღეს ერთ-ერთ მათგანს გაგაცნობთ. ეს არის "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერი, რომელიც "ზაზასეული" ხელნაწერის სახელით არის ცნობილი.

შესანიშნავი ხელნაწერი მნიშვნელოვანია არამარტო შედგენილობით, არამედ შემკულობითაც. მისი კოდიკოლოგიური დახასიათება ასეთია: პოემის ტექსტი ნაწერია სპარსულ ქაღალდზე და ჩასმულია ოთკუთხა ფერადოვან ჩარჩოში.

აშიები სხვა ხელნაწერებიდან ჩანს გადმოტანილი და ფურცლებზე შემოწებებული, მოხატული ოქროთი დაფერილი ყვავილოვანი გრავიურებით. სათაურიანი ფურცელი განსხვავებულადაა გაფორმებული: მთელი არე, რომელზეც ტექსტია დაწერილი, დაფარულია წვრილყვავილოვანი ორნამენტებით.

ზედა ნაწილზე დაზიანებული თავსამკაულია, შესრულებული სპარსულ სტილში. პირველი 5 ფურცელი პოემისა ძალზე დაზიანებულია. ხელნაწერი ნაკლული სახითაა მოღწეული - 212 ფურცლიდან 190-ია შემორჩენილი.

ვარაუდობენ, რომ ნაკლული ფურცლები პოემის ტექსტთან ერთად მინიატურებსაც უნდა სჭეროდათ. ხელნაწერს ახლდა ავტორის, შოთა რუსთაველის პორტრეტიც, რომელიც მე-19 საუკუნეში ამოუჭრიათ ხელნაწერიდან. გასაყიდად გამზადებულს მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ბათუმში მიაკვლიეს და თბილისში ჩამოიტანეს.

ამ დროისთვის ხელნაწერი, საიდანაც პორტრეტი ამოჭრეს, უკვე აღარ იყო საქართველოში, ამიტომ მას ბინა უნივერსიტეტის სიძველეთა მუზეუმში მიუჩინეს. უნდა აღინიშნოს, რომ პორტრეტის მოპოვებაში აქტიური მონაწილეობა (ფინანსური) მიუღია ცნობილ მეყვავილეს, მიხეილ მამულაშვილს და მასვე შეუწირავს უნივერსიტეტისთვის, რისთვისაც ივანე ჯავახიშვილის მადლობა დაუმსახურებია.

ამჟამად პორტრეტი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

რაც შეეხება ხელნაწერის შედგენილობას, იგი ვრცელ რედაქციას შეიცავს, რომელსაც დამატებული აქვს 2 ინტერპოლატორის მიერ შეთხზული სტროფები. ერთია გადამწერი იოსებ ტფილელის, რომელსაც ტარიელისა და ავთანდილის ანდერძები შეუთხზავს და პოემაში ჩაურთავს (რამდენიმე სტროფი ძირითად ნაწილშიც დაუმატებია) და მეორე - ნანუჩა ციციშვილი, ცნობილი პოეტი. ჩართული სტროფები მათი ინიციალებითაა აღნიშნული.

ზაზასეული ხელნაწერი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სწორედ მისი შემოკლებით შექმნა ვახტანგ VI-მ პოემის მოკლე რედაქცია, რომელიც 1712 წელს დაბეჭდა.

ზაზასეულ ხელნაწერს თავგადასავალიც საინტერესო აქვს. იგი შექმნილია 1660-იანი წლების დასაწყისში ცნობილი პოეტისა და კალიგრაფის, იოსებ ტფილელის (სააკაძე) მიერ ქართლის დიდი ფეოდალის, სარდალ და სახლთუხუცესის, ზაზა ციციშვილის დაკვეთით.

(აქედანაა სახელწოდება). ზაზა განათლებული და მწიგნობრობის მოყვარული კაცი ყოფილა, აღზრდილი კულტურული ტრადიცების გარემოში. მისი ნათესავი ყოფილა ვახტანგ V, მეფე-პოეტი არჩილი, დომენტი კათალიკოსი, სულხან-საბა ორბელიანი, პოეტები ნოდარ და მანუჩარ ციციშვილები...

მას არაერთხელ გამოუჩენია თავი ქველის საქმეებით და მეფის ერთგული სამსახურით, მაგრამ ბოლოს შაჰნავაზსა და მას შორის ურთიერთობა გამწვავებულა და მეფეს ზაზას დაპატიმრება განუზრახავას. ამის გამო ზაზას მასთან მისული გიორგი ბატონიშვილის მხლებლებიდან ერთ-ერთი, ფავლენიშვილი, ხანჯლით მოუკლავს "უდიერი მოპყრობისათვის". მეფემ ეს არ აპატია თავის ქვეშევრდომს და სიკვდილით დასაჯა. ზაზას სახლ-კარის აკლების შემდეგ მისი კუთვნილი ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნისა" ლევან ბატონიშვილის საკუთრება გამხდარა, რასაც ხელნაწერის გადაკეთებული ანდერძი გვაუწყებს.

ლევან მირზას გარდაცვალების შემდეგ ხელნაწერი გადავიდა შვილის, ვახტანგ VI-ის საკუთრებაში, რომელმაც იგი მზითევში გაატანა თავის ასულს, თამარს, მეფე თეიმურაზ II-ის მეუღლეს.

შემდეგ ერეკლე II-ის ხელში გადავიდა, ერეკლემ ხელნაწერი მზითევში არგუნა თავის ნაბოლარა უსაყვარლეს ქალიშვილს, თეკლას. თეკლას ვაჟმა ალექანდრე ჯამბაკურ-ორბელიანმა ეს ძვირფასი ხელნაწერი 1853 წელს აჩუქა საქართველოს მთავარმართებელ მ.ვორონცოვს, როგორც ჩანს გულის მოგების მიზნით.

როგორც ცნობილია, ალექსანდრე ორბელიანი დიდი მოწინააღმდეგე იყო საქართველოში რუსების გაბატონებისა და 1832 წელს შეთქმულებასაც მეთაურობდა. ასე რომ, ზაზასეული ხელნაწერი მთელი 80 წელი საქართველოს ფარგლებს გარეთ იყო, ჯერ ოდესაში, შემდეგ მოსკოვსა და პეტერბურგში და მხოლოდ 1935 წელს დაუბრუნდა საქართველოს ქართველ მეცნიერთა დიდი ძალისხმევის შედეგად.

შოთა რუსთაველის პორტრეტზე არსებული მინაწერების მიხედვით ხელნაწერს სხვა მფლობელებიც ჰყოლია. მათ შორისაა რამაზ ერისთავი, მისი ასული ბარბარა, დიმიტრი ანდრონიკაშვილი და სხვა. როგორ მოხვდა მათ ხელში ხელნაწერი, ჯერ კიდევ საკვლევია.

როგორც ვნახეთ, ზაზასეულმა ხელნაწერმა საუკუნეები გამოიარა, ბევრი მფლობელი და ადგილსამყოფელი გამოიცვალა, ბევრი ხიფათი აიცილა თავიდან და ბოლოს ჩვენამდე მოღწეულმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაიდო ბინა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1095 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები