პარასკევი, 29.03.2024, 09:14
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » ვინ შექმნა ქართული ანბანი?.
10:54
ვინ შექმნა ქართული ანბანი?.

ასომთავრული ანბანი, უკვე არაერთგზის ითქვა, ერთპიროვნული და ერთდროული აქტით არის შექმნილი.

ამაზე თვალსაჩინოდ მეტყველებს ასომთავრული ანბანის ერთიანი ხედვით აღბეჭდილი გრაფიკა, რომელსაც პიროვნული გენიის ბეჭედი აზის. აქ, ანბანის შემოქმედის, როგორც ხელოვანის, უძლიერესი მხატვრული ნიჭი ცხადდება. ასომთავრულის გრაფიკული სისტემის გეშტალტს განსაზღვრავს ერთი მხრივ, კვადრატის შიდაგეომეტრიული სტრუქტურა, ხოლო მეორე მხრივ, წმინდა ესთეტიკური თვალსაზრისით, სვასტიკისა და ბორჯღალის დინამიზმით აღბეჭდილი ფორმები, რაშიც ასონიშნების და მათი შემადგენელი ნაწილების მბრუნავი სიმეტრია ცნაურდება.

ასე რომ, ბერძნული ანბანის საპირისპიროდ, რომელსაც მკაცრი სიმშვიდე და სტატიკურობა ახასიათებს, ქართული ასონიშნებისათვის დამახასიათებელია მოძრაობა და ბრუნვა, რითაც, ჩემი აზრით, ბერძნული ენის საპირისპიროდ, ქართული ზმნისთვის ნიშანდობლივი დინამიზმია გამოხატული. ყველაზე სრულად აქ ვლინდება ანბანის შემოქმედის ენობრივი ინტუიციის სიღრმე და ამიტომ შეუძლებელია ის ფესვეულად არ ყოფილიყო დაკავშირებული ენასთან.

ფონოლოგიის დარგში ანბანის შემოქმედის ღრმა ბერძნულ განსწავლულობას აღნიშნავენ ივ. ჯავახიშვილი, ვ. ბოედერი, ს. მურავიოვი და თ. გამყრელიძე. ანბანის შემოქმედის მიერ კონსტრუირებული გრაფიკა ქართული ენის ფონოლოგიური ასპექტების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზის მეშვეობით არის ცხადყოფილი (მაგალითად, "ღან-£არ” ასონიშნების გრაფიკული სიმეტრიის და ამავე დროს სეპტიმალური შესაბამისობის (25-34) ნიშნით დაწყვილება, რის საფუძველზეც ამავე ჯგუფში ერთიანდებიან "ღან” ფენომენის მომდევნო "ყარი” და "£არ” ფონემის წინარე "ხანი”.

თვითონ სეპტიმალური შესაბამისობის იდეა, რომლის ფუნდამენტზეა დამყარებული ასომთავრული ანბანის შინაგანი სტრუქტურა და კოდური შიფრი, მისი ანალიტიკური აზროვნებისა და ქმედითი ინტუიციის არაჩვეულებრივ ძალმოსილებაზე მეტყველებს.

განსაცვიფრებელია ანბანის შემოქმედის მიზანდასახულობის სიდიადე: იგი მარტო ანბანის შექმნას კი არ სჯერდება, რაც თავისთავად ლინგვისტური და გრაფიკული ხასიათის დაბრკოლებების, და უნდა ითქვას, ძნელად დასაძლევი დაბრკოლებების გადალახვას გულისხმობს, არამედ ანბანებისათვის ნიშანდობლივი რიცხვული სისტემის პარალელურად თვითონ ჰქმნის ახალ, გრაფიკის მეშვეობით აქცენტირებულ ორიგინალურ რიცხვულ სისტემას, რომელიც საშუალებას აძლევს მას დაშიფროს და სამომავლოდ გადმოსცეს თავისი ნააზრევი. დროის მიმართ ასეთი ტრანსცენდენცია მხოლოდ გენიალური მოაზროვნის ტვინში შეიძლებოდა დაბადებულიყო.

და ასეთი კაცის, ფაქტობრივად, ქართული კულტურის ფუძემდებლის სახელი დაფარულია ჩვენთვის. მხოლოდ ენიგმური ხასიათის რამდენსამე სტრიქონში კიაფობს ამ სახელის მიგნების შესაძლებლობა...

ვის უნდა შეექმნა ქართული ანბანი?

ამ კითხვაში კონცენტრირებულია როგორ ქრონოლოგიური, ასევე კულტუროლოგიური საკითხების მთელი წყება, რომელთაც შეეძლოთ მეტნაკლებად დაესაზღვრათ ანბანის შექმნის რელიგიურ-კულტურული არეალი და მასში მოქმედი პიროვნება: მისი განათლების, საზოგადოებრივი მდგომარეობის და ავტორიტეტის სტატუსი, რაც ცალკე გამოკვლევის საგანია. თუმცა ახლავე გულდაჯერებით შეიძლება განისაზღვროს ზოგი ისეთი გარემოება, რაც მტკიცების გარეშეც ცხადი და უეჭველია.

მაგალითად, ცხადია, რომ ანბანის შექმნის ზედა ქრონოლოგიური მიჯნა V საუკუნის უკანასკნელი მეოთხედით არის დასაზღვრული: ანბანი შექმნილია მანამდე, სანამ პირველი ეპიგრაფიკული წარწერები გამოჩნდებოდა. ცხადი და უეჭველი უნდა იყოს ისიც, რომ ანბანი ქრისტიანული კულტურის ნაყოფია და იგი ვერ შეიქმნებოდა ქართლის ქრისტიანობაზე მოქცევისთანავე, შესაძლოა, მთელი IV საუკუნის განმავლობაში, რასაც მართებულად აღნიშნავდა კ. კეკელიძე, ვინაიდან თვითონ ამ დროის ბიზანტიაში "მთელი კულტურა ჯერ კიდევ წარმართული იყო და გაჯერებული წარმართული გადმონაშთებით და მოგონებებით...

იულიანეს ხანაში წარმართული რესტავრაცია სრულიადაც არ იყო შემთხვევითი ეპიზოდი. IV და თვით V საუკუნეშიც წარმართული კულტურა განიცდის ახალ აღმავლობას. და ძალიან ნელა იცვლება ანტიკური ადამიანის სულიერი წყობა.

ეს პროცესი მთავრდება უფრო გვიან და სრულდება ახალი ბიზანტიური კულტურის შექმნით” (დ. გ. ტëîðîâñêèé. გîñòî÷íûå îòöû IV âåêჭ. ოჭðèæ, 1931, გვ. 7-8).

ძნელი დასაჯერებელია, რომ ქართლში IV საუკუნის განმავლობაში ახალი ქრისტიანული კულტურა უფრო სწრაფად და ინტენსიურად ვითარდებოდა, ვიდრე ბიზანტიაში. როგორც არ უნდა იყოს, ანგარიში უნდა გაეწიოს იმ ფაქტს, რომ უძველესი წარწერები გვაქვს V და არა IV საუკუნეში.

აქ არ შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ასეთი წარწერები შეიმუსრა ქრისტიანულ ქართლში, არც იმის ვარაუდი, რომ ასეთი წარწერები თავდაპირველად მნიშვნელოვან ტაძრებზე კი არ იქნებოდა ამოკვეთილი, არამედ ქვევრებზე, კრამიტის ფილებზე და სხვ. რევიზიას ვერ დაექვემდებარება აკ. შანიძის აზრი იმის თაობაზე, რომ ბოლნისის სიონის წარწერები "ქართული წერისა და ქართული ენის უძველესი ნიმუშებია” (აკ. შანიძე. ბოლნისის წარწერები, ნობათი, ¹1, 1975).

ამრიგად, ანბანის შექმნის ქრონოლოგიური ჩარჩო პირობითად შეიძლება დაისაზღვროს V საუკუნით, და მაშასადამე, ამ საუკუნეში უნდა ვეძიოთ ის პიროვნება, ვისაც შეეძლო ვიზუალური ხელოვნების გენიით აღბეჭდილი ესოდენ რთული, ბერძნული ფილოსოფიის ათასწლოვანი ტრადიციით დასაფუძვლებული, გონებაჭვრეტით პრინციპზე აგებული ანბანის შექმნა.

იმასაც თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ასომთავრული ანბანის გრაფიკულ-რიცხვულ სისტემაში დაშიფრულია უმთავრესი ქრისტოლოგიური საზრისები (რომელთა მცირე ნაწილია ამ ნაშრომში წარმოდგენილი), რომ ისინი დაშიფრულია ბიბლიის წიაღშივე მოძიებული სეპტიმალური შესაბამისობის საფუძველზე, რაშიც ანბანის შემოქმედის უძლიერესი ანალიტიკური ნიჭი ცხადდება, ძნელი არ არის ვივარაუდოთ, რომ ეს ანბანი შექმნილია ღრმადგანსწავლული ელინოფილისა და ღვთისმეტყველის მიერ.

ჰყავდა კი ასეთი კაცი V საუკუნის საქართველოს?

ასეთ კაცად შეგვეძლო გვეგულვა მხოლოდ ის პიროვნება, ვისაც ბიზანტიის იმპერიაში უდიდესი მისტიკოსის, ტრინიტარისტის და ვიზიონერის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, ვინც ხელდასხმით მიღებულ სახელთან ერთად, სიცოცხლის ბოლომდე და სიკვდილის შემდეგად იწოდებოდა თავისი ქვეყნისა და ხალხის სახელით - იბერიელი, ან ქართველი. მაგრამ ამ კაცს, სიყრმეში ბიზანტიის იმპერატორის თეოდოსის კარზე აღზრდილ იბერიის მძევალს - უფლისწულ ნაბარნუგს, ან ნაბარნუგიოსს (ქართული ტრადიციით მირვანოსს, ან მურვანოსს), ხოლო შემდეგ მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთში სახელგანთქმულ წმინდანსა და ღვთისმეტყველს პეტრე იბერს, "მთელ მსოფლიოში საკვირველად განთქმულ კაცს”, "მეორე მოსეს” და "ახალ პავლეს”, როგორც მას უწოდებდნენ მისი თანამედროვენი, არაფერი შეუქმნია და არაფერი დაუტოვებია არც ბერძნებისათვის და არც თავისი ხალხისა და სამეფოსათვის, თუ არ ვიგულისხმებთ დღეს ევროპაში უკვე საეჭვოდ ქცეულ მის ავტორობას არეოპაგიტულ თხზულებებისა.

მაგრამ საიდუმლო საიდუმლოსკენ მიისწრაფის და გამორიცხული არ არის, რომ სწორედ პეტრე იბერის, ანუ არეოპაგიტული კორპუსის ავტორის მიერ იყოს შექმნილი ქართული ანბანიც, რომელიც ჩვენი ვარაუდით, შეიძლება არეოპაგელის ე. წ. დაკარგულ შრომას - "სიმბოლიკურ თეოლოგიას” წარმოადგენდეს...

უთუოდ საგულისხმოა, რომ ახალი ანბანის შექმნა და, მით უმეტეს, საყოველთაოდ დანერგვა უმაღლესი რელიგიური და სახელმწიფო ინსტანციების თანხმობის და ნებართვის გარეშე ყოვლად წარმოუდგენელი იქნებოდა, ხოლო ასეთი პრეროგატივის მატარებელი შეიძლებოდა ყოფილიყო სწორედ პეტრე იბერიელი, ბიზანტიის იმპერატორის კარზე აღზრდილი ქართლის მეფის ძე, ქრისტიანული აღმოსავლეთის სასულიერო წრეებში უდიდესი ავტორიტეტის მქონე ღვთისმეტყველი და ნათელმხილველი, მაიუმის ეპისკოპოსი, რომლის ანაფორის ქვეშ, როგორც ერთ-ერთი მისი ბიოგრაფოსი აღნიშნავს, მეფის გული ძგერდა.

ჩვენ გვაქვს ასეთი ვარაუდის საფუძველი, რის ჩვენებასაც შემდგომში ვრცელი და თვალსაჩინო დასაბუთებით შევეცდებით, და რაც ნაწილობრივ უკვე ვაჩვენეთ, რაკი თითქმის ყოველი "ღვთაებრივი სახელი” პირდაპირ, თუ შუალობით, თავის რიცხვულ ყალიბში ატარებს პეტრე იბერის (იბერიელის, ქართველის) სახელს...

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1662 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები