ოთხშაბათი, 24.04.2024, 10:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხუროთმოძღვრების ძეგლები.
15:24
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხუროთმოძღვრების ძეგლები.

ბედიის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ოჩამჩირის რაიონში (აფხაზეთი). სამონასტრო კომპლექსის ცენტრში ტაძარია. ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა და "შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ".

ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით. სოფელ ბედიის ცენტრში. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.

სამონასტრო კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ეზოს ცენტრში აგებული ბედიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, მისგან დასავლეთით შერჩენილია ბედიელ მიტროპოლიტთა ორსართულიანი სასახლე.

ტაძარი მნიშვნელოვნად გადაკეთებულია XIII-XIV საუკუნეთა მიჯნისა და XV საუკუნეში. სამრეკლო XII-XIV საუკუნეების ნაგებობას წარმოადგენს, ხოლო საეპისკოპოსო პალატა აშენდა XV საუკუნეში ბედიელი მიტროპოლიტის - ანტონ ჟუანისძე-ს მიერ. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის სამი ფენა, რომელიც X-XI, XIII-XIV და XVI-XVII საკუნეებით თარიღდება.

ბედიის საეპისკოპოსო საუკუნეების მანძილზე შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა.

დავით აღმაშენებელმა საქართველოსა და ქართული ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოდ ბედიელ მთავარეპისკოპოსს სამეონს ბედიელ-ალავერდელის საპატიო წოდება მიანიჭა, რითაც აღმოსავლეთ-ქართული და დასავლეთ-ქართული უძლიერესი სალოცავების ერთიანობას გაუსვა ხაზი.

მთავარეპისკოპოსმა ანტონ ჟუანისძემ ბედიის სამონასტრო კომპლექსში შექმნა შესანიშნავი წიგნთსაცავი, სადაც მიმდინარეობდა ძველ ხელნაწერთა განახლება-რესტავრაცია, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნსაცავის შევსება ახალი ხელნაწერებით. ბედიის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს საქართველოს ერთიანობისა და განუყოფლობის სიმბოლოს. აქ დასაფლავებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III და დედამისი-დედოფალი გურანდუხტი.

გადარჩენილი ორნამენტული ფრაგმენტების მიხედვით იგი თავდაპირველად X-XI საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. ახლანდელი ნაგებობა XIII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება. ტაძარი გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია სამი შესასვლელითა და ვიწრო გვერდის ნავებით. გუმბათი დაყრდნობილია ორ ბურჯსა და საკურთხევლის კედლების კუთხეებზე.

აღმოსავლეთ ფასადზე ორი მცირე ნიშია. ფასადები კარგად გათლილი ქვითაა მოპირკეთებული. შიგნით წყობა უხეშია, ეტყობა, იმთავითვე იყო კედლების მოხატვა გათვალისწინებული. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გამოსახულია ქტიტორი - ბაგრატ III (ეკლესიის მოდელით ხელში) და დადიანთა გვარის წარმომადგენლები, ალბათ, ადგილობრივი ფეოდალის ოჯახი.

მოხატულობა სხვადასხვა ქრონოლოგიურ ფენას განეკუთვნება - XIII-XIV საუკუნეებს და უფრო გვიანდელ ხანას (ზოგი მკვლევრის აზრით, XI საუკუნის ფენაც შეინიშნება), მონასტრის დასავლეთ მხარეს საკმაოდ დიდი სასახლეა, ხოლო ჩრდილოეთი შესასვლელი კარის თავზე XIV საუკუნის სამრეკლო.


ილორის ეკლესია

ილორის ტაძარი, დონ კრისტოფორო დე კასტელი

ილორის წმ. გიორგის ეკლესია, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც აგებულია სოფ. ილორის (ოჩამჩირის რაიონი) შუაგულში, დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა. პროპორციათა მოხდენილობითა და შესრულების ტექნიკური დონით იგი ექცევა ნაგებობათა იმ წრეში, რომელშიც ჩანს შუა საუკუნეების საქართველოს წამყვანი რეგიონების მხატვრული მისწრაფებანი.

ილორის ეკლესია ფსიდით დასრულებული ერთნავიანი ნაგებობაა, რომელსაც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან სხვადასხვა ხანის მინაშენები აქვს. აღმოსავლეთ ფასადზე შემონახულია ძველი ქართული წარწერებიანი 5 ქვა, რომლებიც ასევე XI საუკუნის I მეოთხედით თარიღდება. XVII საუკუნეში ილორის ეკლესია ლევან II დადიანმა შეაკეთა. 1736 წელს დაწვეს თურქებმა. აღადგინეს ოდიშის მთავრებმა. ძეგლი საფუძვლიანად შეაკეთეს XIX საუკუნის 40-იან წლებში.


მოქვის ტაძარი ხუროთმოძღვრების ძეგლი - საკათედრო ტაძარი, რომელიც მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფელში ოჩამჩირის რაიონში, აფხაზეთი. ააგო აფხაზთა მეფე ლეონ III-მ (957-967). ტაძარი სამნავიანია, სამლოცველოების მწკრივით განაპირა ნავების გასწვრივ. აღმოსავლეთის მხრიდან სამი შვერილი აფსიდი აქვს.

შუა (საკურთხევლის) აფსიდი შიგნიდან ნალისებრი ფორმისაა, გარედან ხუთწახნაგაა. გუმბათი ეყრდნობა შენობის ცენტრში აღმართულ ოთხ ბოძს. კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების საშუალებით. გუმბათის თორმეტწახნაგა ყელი დაბალია. შენობა შემოსილია თლილი ქვის პერანგით. ფასადებზე ჩუქურთმები არა აქვს. ტაძარს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონია, რასაც მოწმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1520 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები