ხუთშაბათი, 25.04.2024, 21:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » „ფეისბუქმა“ რა ჰქმნა, ანუ „მილიონიანი მარში“ ეგვიპტეში .
15:35
„ფეისბუქმა“ რა ჰქმნა, ანუ „მილიონიანი მარში“ ეგვიპტეში .
ამ დღის გათენებას ოპოზიციის წარმომადგენლები და მომიტინგეები სიხარულით ელოდნენ, ჯერაც პრეზიდენტი ხოსნი მუბარაქი და მისი გარემოცვა კი - შიშით. ეგვიპტის ოპოზიციური გაერთიანება „6 აპრილი" უკვე რამდენიმე დღეა ავრცელებს ინფორმაციას, რომ პირველ თებერვალს ქაიროში „მილიონიანი მარში" იგეგმება.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არმია მომიტინგეთა წინააღმდეგ სამხედრო ტექნიკას და იარაღს არ გამოიყენებს. ამის პირობა არმიის ხელმძღვანელობამ უკვე დადო. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომიტინგეთა გამოსვლები კანონიერად მიაჩნიათ და ხალხის გამოსვლებს ძალას არ დაუპირისპირებენ. ეგვიპტის არმიამ მხოლოდ სტრატეგიული ობიექტებისა და კურორტების დაცვაზე განაცხადა თანხმობა. სწორედ ამ მიზნით შევიდნენ სამხედრო ნაწილები ცნობილ ეგვიპტურ კურორტ შარმ-ელ-შეიხში.

დემონსტრაციები ეგვიპტეში 25 იანვარს დაიწყო. ტუნისისგან განსხვავებით, ეგვიპტის ხელისუფლებამ და პირადად ხოსნი მუბარაქმა, რომელიც 30 წელზე მეტია, ხელისუფლების სათავეშია, დარტყმა იქედან მიიღეს, საიდანაც არ ელოდნენ. ქაიროს ქუჩებში არა დაბალი ფენა, უპოვარი და დამშეული მასა, არამედ საშუალო ფენა გამოვიდა - ისეთები, რომლებსაც ინტერნეტ-საშუალებებზე და სხვა კომუნიკაციებზე მიუწვდებათ ხელი.

ყველაფერი კი მარკ ცუკერბერგის „კანტორიდან" დაიწყო. პირველი განცხადებები ქაიროში, ტახრირის მოედანზე შეკრების შესახებ სწორედ „ფეისბუქზე" გაჩნდა და აქციაც იქვე დაიგეგმა. ინფორმაცია „მოჭიკჭიკე" საიტზეც („ტვიტერი") გავრცელდა და ამას გარდა, მობილური ტელეფონებით - სმს-ების საშუალებით. ტახრირის მოედნის სახელწოდება ითარგმნება არა როგორც „თავისუფლების", არამედ „გათავისუფლების" მოედანი და ოპოზიციურმა გაერთიანებამ შეკრების ადგილად სწორედ ის აირჩია - სიმბოლური დამთხვევების გამო. 

როგორც კი „ფეისბუქზე" მიტინგის ორგანიზების შესახებ პირველი ჯგუფი გაიხსნა, შეკრებაში მონაწილეობის მიღების სურვილი, არც მეტი, არც ნაკლები, ასი ათასზე მეტმა ეგვიპტელმა დაადასტურა. 25 იანვარს მოედანზე მათი უმრავლესობა შეიკრიბა კიდეც. 

მომიტინგეები ხოსნი მუბარაქის გადადგომას ითხოვდნენ. ეგვიპტელები არცთუ უსაფუძვლოდ თვლიან თავიანთ ქვეყანას არაბული და ისლამური სამყაროს ლიდერად, ამიტომ მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა მუბარაქის მმართველობა. ისინი მიიჩნევენ, რომ ამერიკის „სტრატეგიულმა მეკავშირეობამ" ქვეყანა მხოლოდ აზარალა, რადგან ეგვიპტემ დაკარგა დამოუკიდებლობა საგარეო პოლიტიკაში. ამას გარდა, დემონსტრანტებს არც მუბარაქის შიდაპოლიტიკური სვლები ეხატებათ გულზე. 

25 იანვარს მიტინგი ხელისუფლების დამხობით არ დასრულებულა. მაგრამ სწორედ 25 იანვარს გამოიკვეთა მთავარი: ხალხმა დაივიწყა, ხოლო ხელისუფლებამ გაიხსენა შიში. მომდევნო მიტინგი 28 იანვარს დაინიშნა და სწორედ 28 იანვარს დაიწყო მთავარი მოვლენები, რომელმაც ცხადი გახადა, რომ ეგვიპტეში ეს ტალღა მხოლოდ მიტინგების ჩატარებით არ გადაივლიდა. 

ხოსნი მუბარაქმა ხალხის დასაშოშმინებლად რამდენიმე ნაბიჯი გადადგა: მთავრობა დაითხოვა, ვიცე-პრეზიდენტის პოსტი აღადგინა და ამ თანამდებობაზე დაზვერვის შეფი დანიშნა. ამის შემდეგ მუბარაქმა დემონსტრანტების: „განიარაღებაც" დაიწყო: მთელ ქვეყანაში გაითიშა ინტერნეტი და ფიჭური კავშირგაბმულობა. მუბარაქმა კომენდანტის საათიც შემოიღო, ხოლო ტახრირის მოედანს პოლიციელებმა ალყა შემოარტყეს, რათა მომიტინგეების შეკრება არ დაეშვათ. 

მის ამ ნაბიჯს კი ის შედეგი მოჰყვა, რომ პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები დაიწყო. საერთო ჯამში, ამ შეტაკებების შედეგად, ეგვიპტეში უკვე 170-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რა შეიძლება მოხდეს დღეს, როცა დემონსტრანტები პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძვრებიან.

ეგვიპტეში ერთი საოცარი ფაქტიც მოხდა. მიტინგების მსვლელობის დროს, პოლიციისა და მომიტინგეების  შეტაკების მიუხედავად, მუსლიმები არ არღვედნენ ტრადიციას და როგორც კი დრო მოვიდოდა, ლოცულობდდნენ ხოლმე. ეგვიპტელმა ქრისტიანებმა - კოპტებმა ხმამაღლა განაცხადეს, რომ დაიცავდნენ მუსლიმებს პოლიციის თავდასხმისგან, თუ სამართალდამცველები მათ ხელყოფას ლოცვის დროს დააპირებდნენ. შესაძლოა, ეს ნამდვილ სენსაციადაც კი მოინათლოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ  ეს ორი რელიგიური "ფრთა" ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულნი.

პოლიციასთან შეტაკების შემდეგ ქაიროს ქუჩებიდან სამართალდამცველები საერთოდ გაქრნენ. ამან, პირველ რიგში, ეგვიპტის ისტორია და იმიჯი აზარალა. როგორც ყველგან, ეგვიპტეშიც გამოჩნდნენ მაროდიორები, რომლებმაც მუზეუმები გაძარცვეს. ქაიროში ორი მუმიის ფიტულიც გამოათრიეს და ქუჩაში დაწვეს - ამით, ალბათ ფარაონები მუბარაქთან გააიგივეს.

მსოფლიო ლიდერები ჯერჯერობით მხოლოდ ფრთხილ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. არცერთმა არ გარისკა, მუბარაქისთვის გადადგომა მოეწოდებინა. ხოსნი მუბარაქი კი გადადგომას არ აპირებს. წყალწაღებული პრეზიდენტი ხავსს მოეჭიდა და ოპოზიციას რეფორმებში მონაწილეობის შესახებ დაუყოვნებლივ მოლაპარაკების დაწყება შესთავაზა, თუმცა, ოპოზიცია, რომელიც ზურგსუკან მილიონი ეგვიპტელის სუნთქვას გრძნობს, რა თქმა უნდა, უარზეა.

ერთ-ერთი ვერსიით კი, ხოსნი მუბარაქმა მილიონი თანამოქალაქის შიშით უკვე დატოვა ეგვიპტე და, ბოლოს და ბოლოს, მიიღო ისრაელის მიერ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ შეთავაზებული პოლიტიკური თავშესაფარი, თუმცა, არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც მუბარაქი არსადაც არ წასულა და დღევანდელი მარშის ჩასაშლელად ზომებიც მიიღო: ქვეყანაში ისევ გათიშულია ინტერნეტი, შეფერხებით მუშაობს მობილური ტელეფონები, გადაკეტილია ქვეყნის პროვინციებიდან ქაიროსკენ მიმავალი ყველა გზა, ხოლო ეგვიპტის ხელისუფლებამ ქვეყანაში დაბლოკა ცნობილი ტელეარხის „ალ ჯაზირას" მაუწყებლობა, რომელიც, რამდენიმე დღეა, ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადასცემა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 981 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები