სამშაბათი, 23.04.2024, 16:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » მოგონებები გარდასულ დღეთა.
15:40
მოგონებები გარდასულ დღეთა.
საქართველოში იყვნენ და დღესაც არიან მწერლები, რომლებსაც მწერლობის დასამტკიცებლად არანაირ კავშირში ყოფნა არ სჭირდებოდათ - ისინი ხალხის რჩეულები იყვნენ. ამავე დროს, ზოგიერთ კარგ მწერალსა და პოეტს მაინც უწევდა და უწევს „მწერალთა კავშირში" ყოფნა, თუმცა, ამას თვითონ მწერლებიც ირონიულად უყურებენ. 

ისიც ცნობილია, რომ ზოგიერთი მეცნიერიც ირონიულად უყურებდა მეცნიერებათა აკადემიის, როგორც ცალკე დაწესებულების არსებობას. „პრესა.ჯი" დღეს ქართველ მწერლებზე, მეცნიერებზე, მათ დამოკიდებულებაზე ერთმანეთისადმი და მათი ცხოვრების ნაკლებად ცნობილ საინტერესო ეპიზოდებზე მოგიყვებათ.

ცნობილია, რომ ილიასა და იროდიონ ევდოშვილის დამოკიდებულებას მაინცდამაინც ტკბილი არ ეთქმოდა. მით უმეტეს, რომ ევდოშვილი (ხოსიტაშვილი) სოციალ-დემოკრატი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იროდიონ ევდოშვილი ილიას საჯაროდაც აკრიტიკებდა და სიტყვას აწყვეტინებდა, მან ილიას მკვლელობისთანავე დატოვა სოციალ-დემოკრატიული პარტია.

თსუ-ს რექტორი, ნიკო კეცხოველი, როდესაც სტუდენტები ილიას სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად საგურამოში მიჰყავდა, წიწამურის ობელისკთან აუცილებლად ჩერდებოდა და სტუდენტებს ეუბნებოდა: „ეს ის ადგილია, სადაც... ვერ მოკლეს ილია!"

ერთხანს მწერალთა კავშირში ბუღალტრად ვინმე აკაკი მუშაობდა, მოანგარიშედ - ილია. რა თქმა უნდა, გალექსეს: „დარბაზი გატრუნვილია, ისმის ჩოთქების რაკრაკი, სხედან აკაკი, ილია, - ვით ილია და აკაკი!"

„დიდი მოურავის" ავტორი, სიმონ ქვარიანი საზღვარგარეთ იყო. როცა ჩამოვიდა, მწერალთა წრეში განაცხადა, ჩვენი ენიდან უნდა ამოვიღოთ ისეთი ასოები, რომლებიც უცხოურში არ იხმარება, მაგალითად, ძ,ჭ,ჯ და სხვებიო. აკაკი წამოდგა და თავისი აზრის გამოთქმა ასე დიაწყო: „ვირფასო სიმონ!.."

მთიულებს ვაჟა-ფშაველა არ უყვარდათ. ახლაც მოგიყვებიან, როგორ შემოუთვლია ვაჟას „ბახტრიონზე" მუშაობის დროს - ამდენი და ამდენი ცხვარ-ძროხა მომეცით და ბახტრიონის ციხის აღებაში მთიულებსაც მივაღებინებ მონაწილეობასო...

თბილისში გრიგოლ რობაქიძე რამდენიმე კაცთან ერთად დგას და საუბრობს. უცბად, გამოქანდა ერთი ფუტურისტი პოეტი და ზურგზე შეახტა. რობაქიძემ მშვიდად ჩამოიფერთხა ტანსაცმელი, მერე კი ხელთათმანები გაიხადა და იქვე, ურნაში ჩააგდო.

ემიგრაციაში მყოფმა რობაქიძემ გაიგო, რომ მისი რეაბილიტაცია ჰიტლერზე დაწერილი მისი წიგნის გამო ფერხდებოდა, რაზეც გულმოსულმა თქვა: კაცო, მე ლენინზეც დავწერე და, რავა, კომუნისტი ვარო?

90 წელს გადაცილებულ აკაკი შანიძესთან ალექსანდრე ბარამიძე მივიდა, დაბადების დღე მიულოცა და 100 წლის სიცოცხლე უსურვა. აკაკი შანიძე მოიღუშა და როცა სტუმარი კარებთან მიაცილა, უთხრა: „ალექსანდრე! ას წელიწადს ჩემითაც ვიცოცხლებ, შენ ცოტა მეტი გეთქვაო!" - მართლაც, აკაკი შანიძემ 100 წელიწადს იცოცხლა.

„ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის სხდომაზე შალვა ნუცუბიძე ამტკიცებს, რომ სტრიქონი: „ვწერ ვინმე მესხი მელექსე, მე რუსთველისად ამისა" რუსთველისეული არ არის, გადამწერის ნახელავია და ამბობს - რუსთველს როგორ შევედრებიო. კორნელი კეკელიძე დაინტერესდა: „რუსთველისად"-ში „სად" რას ნიშნავსო. შალვა ნუცუბიძემ მიიხედ-მოიხედა, სადმე ქალი ხომ არ არისო და უპასუხა: „არ იცი, კაცო, კორნელი?- სად ერეკლე და სად..."

შალვა ნუცუბიძეს ერთხელ შეკამათება მოუხდა პრორექტორთან, რომელიც გვარად გვერდწითელი იყო. როცა მოთმენა აუტანელი გახდა, შალვა ნუცუბიძემ ხმამაღლა წამოიძახა: მთლად წითელმა ვერაფერი დამაკლო და გვერდწითელმა რა უნდა მიქნასო...

შალვა ნუცუბიძეს ლექციაზე აგვიანდება. ვესტიბულში რექტორი, ნიკო კეცხოველი შეხვდა და მიაძახა: „შალვა, როდის იწყება ლექცია?" შალვამ მხარუკუღმა უპასუხა: „როცა ლექტორი აუდიტორიაში შევა!"

შალვა ნუცუბიძე ცოტათი ფულის მოყვარული კაცი იყო და ერთხელაც, ფონეტიკოსმა გიორგი ახვლედიანმა ჰკითხა: „შალვა, როგორ არის შენი ფულესოფია?", რაზეც შალვა ნუცუბიძემ უპასუხა: „შენს ფუნეტიკაზე უკეთ!"

პოეტი კარლო კალაძე ამბობდა, უნიკალური კაცი ვარ, მეორე ცოლს პირველზე დისერტაცია დავაწერინეო. მართლაც, კარლო კალაძის მეორე ცოლმა, რომელიც ხელოვნებათმცოდნე იყო, პოეტის პირველი ცოლის, მხატვარ თამარ აბაკელიას შემოქმედებაზე დისერტაცია დაიცვა.

თბილისში, ქართველი მწერლებისა და პოეტების მიერ მოწყობილ ერთ-ერთ სუფრასთან, სადაც ევგენი ევტუშენკოც იმყოფებოდა, სტალინის სადღეგრძელო ფეხზე ადგომით დალიეს. ევტუშენკოც წამოდგა და დალევა დააპირა, ამ დროს კი მის პირდაპირ მჯდომმა ბელა ახმადულინამ ფეხსაცმელი გაიხადა და ესროლა, ტიციან ტაბიძე ვინც დაახვრეტინა, მის სადღეგრძელოს როგორ სვამო...

მწერალთა სასახლეში სხდომაა, რომელსაც ბესო ჟღენტი უძღვება. დარბაზში ხმაური იყო და ჟღენტმა გამოაცხადა - აქ ზოგიერთები ზიან და ხელს გვიშლიანო. „ზიან კი არა, ბესო, სხედან!" - შეუსწორეს დარბაზიდან. „ჰო, ზიან კი არა, სხედან და ზიანს გვაყენებენ!" - არ დაიბნა ბესო ჟღენტი.

ნიკო მუსხელიშვილს ამბავი მიუტანეს, ფიზიკის ინსტიტუტში თანამშრომლებმა იჩხუბეს და ერთმა მეორეს თავი დაარტყაო. მუსხელიშვილმა ჩაილაპარაკა: „ბოლოს და ბოლოს, დაიწყეს ფიზიკის ინსტიტუტში თავით მუშაობა!.."
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1113 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები