15:42 ქართული შოუბიზნესის უნიჭო „ვარსკვლავები“. | |
ეპატაჟი და პროვოკაცია, როგორც ამბობენ, ხელოვნებაში ხშირად არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა. ის ადამიანების ესთეტიკურ აღქმას ხვეწს და მათში ახალი მიმართულებების თუ შემოქმედების აღმოჩენის და ძიების ინსტიქტებს იწვევს. ქართულ ხელოვნებაში პროვოკაციების თემა პერიოდულობით აქტუალურდება, თუმცა, როგორც სხვა ყველა მიმართულებით, ის აქაც გაცილებით მცირე მასშტაბებში და სპეციფიკური, ხშირად მახინჯი ფორმებითაც გვევლინება. თანაც საქართველოში პოპულარობის მოხვეჭა ბევრად მარტივია. საკმარისია შენი მომავალი „შედევრისათვის" აიღო რამდენიმე კომპონენტი - „ეროვნული ფასეულობა", მღვდელი, ხატი, ქართველების საყვარელი რომელიმე საკულტო სიმღერა, ანდაც საგნები - ჩიხტიკოპი, ჩოხა, ჩახოხბილი, ყანწი - ეს ნიუანსები ჩასვა გაშარჟებულ კონტექსტში (ამის გაკეთებას დიდი ფანტაზიის და ინტერპრეტირების ტალანტის ქონა სულ არ სჭირდება), მტკივნეულ ადგილას დააბიჯო და თავმოყვარეობა შეულახო მართლმადიდებელ მორწმუნეებს და კონსერვატორ-ნაციონალისტებს (რომელნიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ), დადებით კონტექსტში ახსენო ეკუმენიზმი თუ გეიაღლუმი, და საუკუნო დიდება და თაყვანისცემა თუ არა, ქართული ტაბლოიდების და სოციალური საიტების წამყვან თემად დარჩენა სამარადჟამოდ გარანტირებული გაქვს. ერთი რუსული გადაცემის ცნობილი სკეტჩია: რამდენიმე მომღერალი იუმორისტი აშარჟებს პუშკინის მკვლელობის თემას, აფრიკული მოტივების და დატირების ელემენტების თანხლებით, დამსწრე პუბლიკა კი მშვენივრად ხალისობს. არსად არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, რომ ამ იდეის ავტორები და შემსრულებლები სადმე ჩაქოლეს ან პირიქით, „კულტურული რევოლუციის მამებად" აღიარეს. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ანალოგიური შარჟის შექმნა, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებაზე ჩვენთან რომ მოუვიდეს ვინმეს აზრად, რა ბატალიები მოჰყვება, რამდენი ეროვნულ და რელიგიურ გრძნობებშელახული ან მათი ოპონენტი „პროგრესის მებაირახტრე" გამოვა „ბრძოლის ველზე", რამდენი „კრეატიული თავი" გაგორდება და პირიქით, მეორე პოლუსზე, საზოგადოებისაგან დევნილის და დიდების რაგვარი შარავანდედით შეიმოსება „წამებული". მიუხედავად იმისა, რომ „ოკუპანტებთან მებრძოლნი" მაინც ყველაფერში ამავე ოკუპანტებს ბაძავენ, ფაქტია, იგივე მდარე გემოვნების რუსული საზოგადოებაც კი ქართველებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. „დერვიშების" „ანდერგრაუნდ სულიკო" სულ მალე ბაზრობების და „მარშუტკის" მძღოლების საყვარელ ჰიტად იქცა და „პაჩკა პაჩკა დოლარები ცვიოდას" გვერდით ღირსეული ადგილიც დაიკავა. თუმცა, როგორც შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, ეს ანომალია კი არა, ამ ჯგუფისათვის სრულიად ლოგიკური რეზულტატი იყო. ქართული ესტრადის ვარსკვლავებისაგან განსხვავებით, ჩვენ ფონოგრამის გარეშე უნდა ვიმღეროთო, ისე დაიჟინეს, როგორც ენრიკე იგლესიასმა პოლონეთში ერთ-ერთი გასტროლისას აიჩემა ცოცხალი შესრულება, და თუ ენრიკეს კონცერტის შემდეგ დამცინავ რეპორტიორებს მამამისი ხულიო მარტოდმარტო უგერიებდა, ქართველ „ალტერნატივშჩიკებს" დამცველებად თვით „ოლიმპოს მთიდან" გამოუჩნდნენ გულშემატკივრები. „დერვიშები" იქეთ იყოს და ახლა ერთი-ორი ტკბილი სიტყვა დანარჩენებზეც ვთქვათ: როცა თანამდებობაზე ნიშნავდნენ, ნინა წკრიალაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს: რამდენად შეძლებთ თავი გაართვათ დაკავებულ თანამდებობასო? ცნობილმა ქართველმა „დივამ" წრფელი და რიხიანი პასუხი გასცა „ჩასაფრებულებს": ვისზე ნაკლები ვარ, დებილი ხომ არ გგონივართ, ვერ გავართვაო. მართლაცდა, ვისზე ნაკლებია ნინა, ბარე ორ მინისტრს მაინც აჯობებს ფხიანობაში და განათლებაშიც კი. რაც მთავარია, ღირსების ორდენის კავალრობა ხომ გაინაღდა. საკმარისია, მავანმა უიღბლომ ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში წაიმღეროს, მერე ინტერნეტში მეგობრებმა მისი „შემოქმედება" გაურეკლამონ, შემდეგ „მელომანი" ალანა გაგლოევას პატრონაჟით ჩატარებულ ორ-სამ კაციან კონცერტზე გამოჩნდეს და „ალტერნატიული მუსიკის მამის" საპატიო ტიტული და დაფნის გვირგვინიც გარანტირებული აქვს. საბოლოოდ კი ვიღებთ „დერვიშების" დონის „ლაივს" კონცერტებზე და ბაზრობების მორიგი ჰიტების გამრავალფეროვნებას. ასეთ შემთხვევაში, ქართული სცენის დაპყრობის სტრატეგიების ავტორნი შემდეგ იდეალურ გამოსავალს გთავაზობენ, მყარი გარანტიით: აიღებ რომელიმე ცნობილ ხალხურ სიმღერას, ცოტას მიაკეთ-მოაკეთებ, მისცემ თანამედროვე ჟღერადობას, დაიკავებ ქართულ და უცხოურ საკრავებს (ეს უკანასკნელი რაც შეიძლება ორიგინალური უნდა იყოს. უმჯობესია, უცნაური მოყვანილობის გოგრა, ან გადაჭარბებულად დიდი ზომის დასარტყამი ინსტრუმენტი, რამე იმგვარი, გინესის წიგნში შესვლის მსურველები რომ იყენებენ-ხოლმე, ანდაც ახალი ზელანდიის აბორიგენები კაპიტან კუკის ჩანახატებში), ჩაიცვამ თანამედროვე ტანსაცმელს, სასურველია მემარცხენე სიმბოლიკით გაფორმებული მაისურები და ქართული ორნამენტებით შემკული ქუდების „მიქსი" და მორჩა, ქალაქის „სვეტი" საზოგადოება შენს ფერხთაა. „გემოვნებიანი მუსიკის" ფანებსაც აღარ ეთაკილებათ საჯაროდ შენი მოსმენა და ქართული ინტერნეტ-ფანკლუბების უცვლელი ლიდერიც ხდები. სადღაც დაიწერა: ახლა ვხვდებით, თუ რატომ ვერ ვითარდება საქართველოში როკიო. საქართველოში ვერც როკი ვითარდება, ვერც პოპი, ვერც ფოლკი და ვერც საზოგადოება.
| |
|