პარასკევი, 29.03.2024, 04:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » თბილისში პურის ხელოვნურ დეფიციტს ქმნიან.
15:45
თბილისში პურის ხელოვნურ დეფიციტს ქმნიან.

20 იანვრის დილიდან თბილისის ზოგიერთი უბნის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში მომხმარებელი, ერთი შეხედვით, მცირე ბიზნესისთვის დამახასიათებელი ეპიზოდის შემსწრე გახდა, რომლის გაანალიზება, კარგად დაკვირვების შემთხვევაში, სერიოზული განგაშის საფუძველს იძლევა.

თბილისის რამდენიმე, ძირითადად, განაპირა უბანში მაღაზიების გამყიდველები დილიდან მობილური ტელეფონით უკავშირდებიან პურის დისტრიბუტორებს და პურის დიდი პარტიის გამოგზავნას ითხოვენ. როგორც აღმოჩნდა, სურათი თითქმის ყველგან ერთნაირია: პური მაღაზიებში შემოდის, მაგრამ მცირე პარტიებად – მაღაზიის სიდიდის მიხედვით 30–50, მაქსიმუმ, 80 ცალის ოდენობით. ყოველ მომდევნო ჯერზე მიწოდებული პურის რაოდენობა, მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, კლებულობს, რითაც პურის ხელოვნური დეფიციტი იქმნება.

ზემოთაღწერილი ეპიზოდი, ძირითადად, იმ დისტრიბუტორებს ეხება, რომლებიც მაღაზიებს პურის საცხობი საამქროებიდან ამარაგებენ. პურის ქარხნებიდან მაღაზიებში პური ისევ დიდი რაოდენობით იგზავნება – ამ მხრივ რაიმე სახის ცვლილება ჯერ არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება საამქროებს, ნურავის ეგონება, რომ იქ პური საკმარისი რაოდენობით არ ცხვება ან საამქროებს დისტრიბუციაში შეექმნათ პრობლემები. ამ ყველაფერს ხელოვნურობის და შორსმიმავალი გეგმის სუნი ასდის.

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ვალუტის გადამცვლელთა მსგავსად, პურის ბაზარზე მცირე და საშუალო მოთამაშეებსაც ერთმანეთთან ხშირი, თითქმის ინტენსიური კონტაქტი აქვთ და ერთობლივ პირობებსაც ადგენენ. ამჯერად მათი ასეთი ერთობლივი მოქმედება, როგორც ჩანს, პურის ფქვილის გაძვირებითაა გამოწვეული. როგორც ცნობილია, ამ დღეებში ერთი ტომარა(50 კგ) უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილის ფასი 5 ლარით გაიზარდა, თუმცა, პურის საამქროებსა და ქარხნებში ჯერ კიდევ ძველ ფასად, ანუ, 5 ლარით იაფად ნაყიდი ფქვილის მარაგია დარჩენილი. სწორედ ამ მარაგით ცხვება დღევანდელი და, შესაძლოა, ხვალინდელი სარეალიზაციო პურიც.

თუმცა, პურის გატანა მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში დიდ პარტიებად დილიდან უკვე აღარ ხდება. „პრესა.ჯი"–ს ინფორმაციით, ეს პურის მწარმოებელთა ერთობლივი შეთანხმებისა და გეგმის ნაწილია. ამ შეთანხმების მიხედვით, თბილისის განაპირა უბნების მაღაზიებში მცირე პარტიების შეტანით პურსაცხობების მფლობელებმა პურის გაძვირებისთვის ნიადაგი შეამზადეს. ერთგვარი ტაქტიკა, რომელიც მათ შეიმუშავეს, მოსახლეობის ფსიქოლოგიურ შემზადებას გულისხმობს, რათა ხალხში ჯერ ხმა დაირხეს პურის შესაძლო გაძვირების შესახებ. ამით აიხსნას დეფიციტი და საბოლოოდ, ხალხმა უპუროდ დარჩენას გაძვირებული პურის ყიდვა არჩიოს. რადგან თბილისის ცენტრალურ უბნებში ასეთი კარტის გადათამაშება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, პურის მწარმოებლებმა ძალების მოსინჯვა ჯერ განაპირა უბნებში დაიწყეს.

შესაძლოა, ამ ვერსიის ნამდვილობაში ეჭვი შეიტანონ „შეთქმულების თეორიის" მოწინააღმდეგეებმა. ზოგადად, „შეთქმულების თეორიის" გავლენის ქვეშ ყოფნა არცთუ მთლად სახარბიელო მდგომარეობაა, თუმცა, „პრესა.ჯი"–ს მიერ სხვადასხვა წყაროებით მიღებული ინფორმაცია, მათი გადამოწმების შემდეგ, შეშფოთების საფუძველს ნამდვილად იძლევა. 

ფაქტია, რომ დილიდან მოსახლეობას არ ჰყოფნიდა პური თბილისის ბევრ განაპირა, ან ცენტრალური უბნების იმ ნაწილებში, სადაც ბევრი მაღაზია და სუპერმარკეტი არ არის. პურის ხელოვნური დეფიციტი იგრძნობოდა, მაგალითად, ნუცუბიძის პლატოს რამდენიმე მიკრორაიონში, ვაზიანის, მუხიანის, თემქის, გლდანის რამდენიმე მიკრორაიონში, ასევე გლდანი–ნაძალადევის რაიონის განაპირა უბნებში, როგორიცაა ძველი კომისარიატის მიმდებარე დასახლება და დედაქალაქის სხვა დასახლებულ ადგილებში.

პურის გაძვირება თბილისში, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. ხმები პურის მოსალოდნელი გაძვირების შესახებ, პერიოდულად ვრცელდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პურის მწარმოებლები ასევე პერიოდულად ცდილობენ საერთო ფონზე ხელის მოთბობას. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ პური არ გაძვირდებოდა, რითაც მოსახლეობის გული კი მოიგეს, მაგრამ სამაგიეროდ, ფქვილისა და პურის ბიზნესით დაკავებულთა რისხვა დაიმსახურეს. როგორც ჩანს, ხელისუფლებაზე განაწყენებული მწარმოებლები ტაქტიკას ხვეწენ და სიტუაციას კულისებიდან მართავენ. ისინი მადას არ უჩივიან, მაგრამ, როგორც წესი, ასეთ დროს მათ გაზრდილ მადას ლაგამი ხელისუფლებამ უნდა ამოსდოს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 973 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები