16:22 რატომ გვეზარება ვარჯიში, | |
აღიარეთ: რა დროსა და ენერგიასაც ვარჯიშის საბაბთა მოგონებისა და განმტკიცებისთვის ხარჯავთ, ევერესტის თუ არა, ერთი-ორი სპორტული დარბაზის დალაშქვრას ნამდვილად ეყოფოდა. სად მცალია! ქანცის გასაწყვეტად სამსახურიც (საოჯახო საქმეებიც) მყოფნის რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, სწორედ ჰანტელებით ბურთაობა აგავსებთ ახალი ძალით. ჯერ ერთი, ფიტნესი საქმიანობის შეცვლაა, რაც თავისთავად დასვენებას წარმოადგენს, მეორე – ფიზიკური ვარჯიში ორგანიზმში ქიმიური რეაქციების მთელ ჯაჭვს ააქტიურებს: ძლიერდება სისხლის მიმოქცევა, ჩქარდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, სისხლში განსაზღვრული ჰორმონები გადმოიტყორცნება, რომლებიც ტონუსსაც სწევს და გუნება-განწყობასაც აუმჯობესებს. ფიტნესისთვის იდეალურად ჯანმრთელი უნდა იყო ფიტნესი ჯანმრთელობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ყველა საშუალო სტატისტიკური ქალაქელისთვის ხელმისაწვდომია. თუნდაც რამე სპეციფიკური პრობლემა გაწუხებდეთ, ვარჯიშზე უარის თქმა მაინც არ ეგების. მიმართეთ ექიმს, თუნდაც იმავე ფიტნესკლუბში – თქვენთვის ოპტიმალური დატვირთვისა და ფიტნესის სახეობის შერჩევაში სიამოვნებით დაგეხმარებიან. ჩემს ასაკში რაღა დროს ვარჯიშის დაწყებაა? ვარჯიშის დაწყება არასოდეს არის გვიან, შესაფერისი სახეობისა და დატვირთვის ინტენსივობის შერჩევა კი პროფესიონალების საქმეა. ბევრ ფიტნესკლუბს აქვს საგანგებო პროგრამა ხანდაზმულთათვის. ვარჯიშის დაწყებამდე ექიმის კონსულტაციაც ბევრგან წესად არის ქცეული, ოღონდ ეს ნამდვილად გულისხმიერი პროფესიონალის რჩევა უნდა იყოს და არა უბრალო ფორმალობა. ამ კვირაში ერთი ვარჯიში უკვე გავაცდინე, ორშაბათიდან ყველაფერს თავიდან დავიწყებ სინამდვილეში ერთი გაცდენილი ვარჯიში, ისევე, როგორც ნამცხვრის პატარა ნაჭერი, კატასტროფა არ გახლავთ. ბოლოს და ბოლოს, ცოცხალი ადამიანი ხართ და იდეალურობამდე, ბუნებრივია, ბევრი გაკლიათ. თავს მკაცრად ნუ განსჯით. უბრალოდ, ადექით და ვარჯიშიც და დიეტაც მეორე დღესვე განაახლეთ. ნუ მისცემთ თავს პირობას, რომ ვარჯიშს მომავალ კვირას, თვეს თუ წელს შეუდგებით. ეს ფსიქოლოგიური მახეა. ორშაბათი შეუმჩნევლად გადავა სამშაბათში, ოთხშაბათში და არც მომდევნო კვირამდე დარჩება დიდი ხანი. თუ რამის გაკეთება გსურთ, მოქმედება ახლავე, ზუსტად ამ წუთას დაიწყეთ. | |
|