ხუთშაბათი, 25.04.2024, 20:53
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » ტაძრის რესტავრაციას შეწირული ფრესკები.
10:46
ტაძრის რესტავრაციას შეწირული ფრესკები.
გურჯაანის ყოვადწმიდას ორგუმბათოვანი ტაძარი იმ იშვიათ ტაძართა რიცხვშია, რომელთა შესახებ ისტორიული წყაროები, ფაქტობრივად, სდუმან. მკვლევარები ამ ეკლესიას მე–8–9 საუკუნეებით ათარიღებენ და მის უნიკალურ ხუროთმოძღვრულ სტილზე საუბრობენ. 

ტაძარი სოფელ გურჯაანიდან ორ კილომეტრში მდებარეობს და ყველა მომლოცველი ამ გზას ფეხით გადის. როგორც გურჯაანში ამბობენ, ლოცვა–ვედრებას ყოვლადწმიდა მხოლოდ მაშინ შეიწირავს, თუკი მორწმუნეები იქ ფეხით ავლენ.

როგორც თითქმის ყველა ქართულ ძეგლს, გურჯაანის ყოვლადწმიდასაც რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება. ამბობენ, რომ აქ დაბრძანებული ყოფილა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც შაჰ–აბასის შემოსევის დროს ტაძრიდან გაპარულა.

გურჯაანის ყოვლადწმიდას კიდევ ერთი ხილული სასწაული უკავშირდება: ომიანობისას მისთვის მეძუძურ დედას შეუფარებია თავი. როდესაც მტერი მოსულა და ქალს წასასვლელი აღარსად დარჩენია, სამხრეთ კედელი გახსნილა და იქ შეუფარებია თავი. იმ კედლიდან დღემდე ჟონავს რძისფერი სითხე, რასაც გურჯაანელები ამ ლეგენდით ხსნიან.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს უნიკალური ძეგლი, სტილის გარდა, საშენი მასალითაც გამორჩეულია, ის ჭერემის ხეობიდან ჩამოტანილი რიყის ქვითა და ყვითელი შირიმითაა ნაშენი. ტაძარი ორსართულიანია.

ეკლესიის ეზოში შემორჩენილი ბერების სენაკებისა და სხვა სამეურნეო ნაგებობების კვალი მიუთითებს, რომ შუა საუკუნეებში ყოვლადწმინდას ეკლესია სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა. 

ტაძარი შაჰ–აბასის შემოსევების შემდეგ პირველად მე–17 საუკუნეში შეკეთდა. 1845 წელს მონასტერი დაცარიელდა: ბერები ხირსის მონასტერში გადავიდნენ, ხოლო სიწმინდეები ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადააბრძანეს.

ტაძარი საბჭოთა ეპოქის დასრულების შემდეგ პირველად გასული წლის აგვისტოში შეაკეთეს – მას შემდეგ, რაც ივნისში ქვათაცვენა დაიწყო და ეკლესიაში წვიმის დროს წყალმა ჭერიდან გამოჟონა, რაც სახურავის დაზიანებით იყო გამოწვეული. 
ტაძარი მთლიანად შეკეთდა. პროექტი ბიუჯეტიდან 40 000 ლარით დაფინანსდა, თუმცა რესტავრაციის შემდეგ დაირღვა მისი შიდა იერი, რადგან საკურთხეველი მთლიანად კირით ამოლესეს. ისტორიკოსთა ნაწილი თვლის, რომ კედლებზე დაახლოებით მე–17 საუკუნის ფრესკების ნაშთებია შემორჩენილი, თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უძრავ ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის – გიორგი გაგოშიძის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღეს, რომ ფრესკების აღდგენა შეუძლებელი იყო.

სხვათაშორის, ეკლესიის შიდა ნაწილის კირით შელესვაში სასულიერო პირები საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ, მეტიც – კერძო საუბარში აღნიშნავენ, რომ სასურველია, უსაფრთხოების მიზნით ტაძარი მთლიანად შეილესოს, რაც ბუნებრივია, მის ძველ უნიკალურ სახეს მთლიანად დაარღვევს. ამის მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ტაძარს ძველი იერსახე მაქსიმალურად შეუნარჩუნდება.

აგვისტოში ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ ტაძარში ღვთისმსახურება აღესრულება, მოქმედია მამათა მონასტერიც, სადაც დაახლოებით 8 ბერი ცხოვრობს.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 925 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები