პარასკევი, 26.04.2024, 00:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 4 » საბერძნეთში ქართული დიასპორა სუსტდება“.
10:28
საბერძნეთში ქართული დიასპორა სუსტდება“.
საბერძნეთის ქართული დიასპორა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია მსოფლიოში - ორ ერს შორის ერთმორწმუნეობამ, ნათესაურმა, ისტორიულმა და კულტურულმა კავშირებმა ქართველთა მასობრივი მიგრაცია გამოიწვია ამ ქვეყანაში. 

21-ე საუკუნის დასაწყისში ელადაში ლეგალურად თუ არალეგალურად მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა რაოდენობამ პიკს მიაღწია და არაოფიციალური მონაცემებით ამ რიცხვმა მაშინ 300 ათასს გადააჭარბა, რაც მეტად შთამბეჭდავი ციფრია.
ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ ხალხის სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას. მათ კონსოლიდაციას და ქართული ენისა და კულტურული ტრადიციების გაღვივებას, ადგილზე საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრების შექმნას.


ელგუჯა მინაძე ის ადამიანია, რომელიც უკვე წლების განმავლობაში სწორედ ამ საქმით არის დაკავებული და საქართველოს ინტერესების დასაცავად საბერძნეთში იბრძვის. 
მამით ქართველი და დედით ბერძენი წარსულში ცნობილი ძალოსანი 2004 წლიდან ხელმძღვანელობს კულტურულ-სპორტულ საზოგადოება „საქართველოს", რომელიც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ თესალონიკშია ბაზირებული. სწორედ ამ საზოგადოების ორგანიზებით რეგულარულად ეწყობა ქართველ ემიგრანტთა შეკრებები, საღამოები, სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

2008 წლიდან კი მინაძე აქტიურად ერთვება საბერძნეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და აფუძნებს პარტიას „სოციალისტური პარტია და ემიგრანტთა თანადგომა", რომელმაც 2009 წლის საპარლამენტო და 2010 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ის და მისი პარტია ამ მოკლე პერიოდში ავტორიტეტულ ძალად იქცა ბერძნულ პოლიტიკაში, რომელსაც პატივს სცემენ და თანამშრომლობას სთავაზობენ.
პრესა.ჯი: როგორ დაახასიათებთ ზოგადად საბერძნეთის ქართული დიასპორის მდგომარეობას?

ელგუჯა მინაძე: პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი დიასპორა თანდათან სუსტდება, ძალები ერთმევა. ამის მიზეზი ის არის, რომ არ მოხერხდა ერთიანი ძლიერი ორგანიზაციის ჩამოყალიბება, კონსოლიდაცია და გუნდური პრინციპით მოქმედება. 
ქართველებმა არ იციან გუნდური „თამაში", ამის გარეშე კი ძალიან ძნელია რაიმე სერიოზული მიზნის მიღწევა. ინტეგრაციულ პროცესებს თავის მხრივ ბევრმა ფაქტორმა შეუშალა ხელი, მათ შორის გარკვეული ადამიანების ინდივიდუალურმა ამბიციებმაც. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ხელიდან გავუშვით ის მომენტი, როდესაც პიკზე ვიყავით, უპირატესობა გვქონდა და შეგვეძლო გავლენიან ძალად ჩამოვყალიბებულიყავით საბერძნეთში.

- ბოლო პერიოდში საბერძნეთში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, რამაც სერიოზულად დაძაბა სოციალურ-პოლიტიკური ფონი ქვეყანაში. როგორ იმოქმედა ამ სიტუაციამ ქართულ ემიგრაციაზე?

- როდესაც საბერძნეთი ფინანსურად ჰყვაოდა, მაშინაც კი უჭირდათ ქართველებს და წარმოიდგინეთ ახლა რა ვითარება იქნება. სამუშაო ადგილები მკვეთრად შემცირებულია, რამაც უმუშევრობის ზრდა გამოიწვია. უმუშევრები რჩებიან ძირითადად მამაკაცები, ქალები კიდევ ახერხებენ დასაქმებას - ძირითადად უვლიან მოხუცებს ან ბავშვებს. 
უფრო ათენში ახერხებენ სამუშაოს შოვნას, რადგანაც მაინც დედაქალაქია, მდიდარი ხალხი ცხოვრობს და მოთხოვნა არის ასეთ მომსახურეობაზე. აქ, თესალონიკში ძირითადად ოჯახებით არიან დასახლებულები.

ამ მძიმე ვითარებამ საქართველოზეც იმოქმედა, რადგანაც აქ დასაქმებული ემიგრანტები ოჯახებს აქედან ინახავდნენ, სამშობლოში ინტენსიურად აგზავნიდნენ თანხებს, რაც დამატებითი სავალუტო შემოსავლები იყო ქვეყნისათვის. ახლა ამ ინვესტიციებმა საგრძნობლად იკლო, რაც კარგი არ უნდა იყოს ქართული ეკონომიკისათვის და ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის, რომლებიც ამ გზავნილებით საზრდოობდნენ.
- უმუშევრად დარჩენილები როგორღა ცხოვრობენ?

- ვინც ახერხებს, იტალიაში ან ევროკავშირის სხვა მდიდარ ქვეყნებში გადადის, სხვები კი იძულებულნი არიან საქართველოში დაბრუნდნენ. ჩემი მონაცემებით ბოლო პერიოდის განმავლობაში საბერძნეთი დაახლოებით 50-60 ათასმა ქართველმა ემიგრანტმა დატოვა. 
- როგორია ქართველების მიმართ ბერძნების მხრიდან დამოკიდებულება თანაცხოვრების ამდენი წლის შემდეგ?

- ამ წლების განმავლობაში იყო მრავალი უარყოფითი მომენტი, კრიმინალის ფაქტები და სხვა ბნელი მხარეებიც, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მიმართ დამოკიდებულება მაინც განსხვავებულია.
ქართველებს უფრო, როგორც მონათესავე ხალხს, ისე გვიყურებენ. რაშიც თავისი წვლილი ჩვენმა კულტურამ, სპორტმა, ერთმორწმუნეობამ შეიტანა. შეგვეძლო ბერძნებისათვის უფრო კარგი სახე დაგვენახებინა, უკეთ წარმოგვეჩინა საქართველო, მაგრამ ეს გარკვეული მიზეზების გამო არ მოხერხდა.

- რა უნდა გაკეთედეს საიმისოდ, რომ ქართული დიასპორის კონსოლიდაცია მოხდეს და ჩვენი ემიგრაცია ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს?

- ამ საკითხში გადამწყვეტია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა, რომ ადგილზე ინტეგრაციული პროცესები დაიწყოს. სხვაგვარად არაფერი გამოვა და უბრალოდ თავის მოტყუება იქნება.
- თქვენი პოლიტიკური ძალის იდეოლოგია რა არის და როგორია უახლოესი გეგმები?

- ჩვენი პარტიის იდეოლოგია მისი სახელწოდებიდან გამომდინარეობს. ეს არის სოციალისტური მიმართულება, როდესაც სახელმწიფო უზრუნველყოფს მოქალაქეების ძირითად მოთხოვნილებებს, ისეთებს, როგორებიცაა ჯანმრთელობის დაცვა და განათლება. მოგვწონს სახელმწიფოს მოწყობის სკანდინავიური მოდელი, რომელიც სწორედ სოციალიზმზეა დაფუძნებული. 
ამას გარდა ვმუშაობთ ემიგრანტთა უფლებების დასაცავად. ეს არ ეხება მხოლოდ ქართველებს, არამედ ყველა ეროვნების ემიგრანტების ინტერესებს, მათ შორის ბერძენი ემიგრანტებისასაც.


რაც შეეხება გეგმებს, ამ ეტაპზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან საქართველოში და არ არის გამორიცხული, რომ თანამშრომლობის ხელშეკრულება გავაფორმოთ და ადგილზე მუშაობა გავაძლიეროთ. 
საბერძნეთში ამჟამად პოლიტიკური კრიზისი მძაფრდება, რამაც შესაძლოა ქვეყანა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანოს ამ წლის აპრილშივე. ასეთ შემთხვევაში დასაშვებია, რომ რომელიმე პარტიასთან ერთად ბლოკში გავერთიანდეთ და ისე გავიდეთ არჩევნებზე. თუმცა ჩვენი მთავარი სამიზნე მაინც ადგილობრივი არჩევნებია, რომელიც 3,5 წლის შემდეგ გაიმართება.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1236 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები