პარასკევი, 19.04.2024, 00:46
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 4 » დათო ტურაშვილი – “ეგვიპტე”.
11:51
დათო ტურაშვილი – “ეგვიპტე”.
დათო ტურაშვილი

დათო ტურაშვილი – "ეგვიპტე”

დედა ევროპა და მამა აფრიკა

ადრე მართლა მეგონა, რომ თვითმფრინავები შუაღამისას მხოლოდ თბილისის აეროპორტში ეშვებოდნენ, რადგან ევროპაში ღამით ფრენა საერთოდ აკრძალულია და რადგან კაირო იქვე, ხმელთაშუა ზღვის გადაღმა მეგულებოდა, ვიფიქრე, რომ ღამის ალექსეევკას აქ მაინც არ გვაკადრებდნენ. ალექსეევკა (ოფიციალურად) ჰქვია თბილისის აეროპორტს, ხოლო ეგვიპტე (ოფიციალურად) ეკუთვნის აფრიკას და ამიტომაც ჩვენი თვითმფრინავი კაიროს აეროპორტში მაშინ დაჯდა, როცა ეგვიპტის ცაზე მართლა ვეებერთელა მთვარე, კარგა ხნის ამოცურებული იყო. კაირო უზარმაზარი, ოცმილიონიანი ქალაქია და შესაბამისად რამდენიმე აეროპორტი აქვს, მაგრამ ჩვენ სწორედ იმ აეროპორტმა მიგვიღო, რომელიც მართლა ჰგავდა კოპიტნარის მოსაცდელს, თუმცა დიდხანს მოცდა არ მოგვიწია, რადგან საქართველოს მოქალაქეებს ეგვიპტელები ვიზების გარეშე იღებენ. ასეთი ქვეყანა (დსთ-ს გარდა) მსოფლიოში (მგონი) სულ სამია და გიორგი ჯანჯღავას, ამ სიამოვნებისთვის, ჩასვლისთანავე მადლობა ვუთხარი. გიორგი ჯანჯღავა საქართველოს ელჩია ეგვიპტეში და მისი ინიციატივითა და მონდომებით, ქართველებს დამსახურებული უფლება აქვთ ეგვიპტის ნებისმიერ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, იქვე გადაიხადონ თხუთმეტი დოლარი და ერთი თვის მანძილზე ღიღინით იარონ მისრეთის მიწაზე. ჩვენს მამლუქ წინაპრებს იმდენი სისხლი აქვთ დაღვრილი ეგვიპტისთვის, რომ (წესით) საქართველოს მოქალაქეებს იმ თხუთმეტ დოლარსაც არ უნდა ახდევინებდნენ, მაგრამ წინასწარ რომ ზუსტად მცოდნოდა, რასაც ვნახავდი, პირადად (სრულიად დაუნანებლად), მეტსაც გადავიხდიდი ეგვიპტის ბიუჯეტის გასამხნევებლად. მართალია ეგვიპტეს უზარმაზარი სახელმწიფო ბიუჯეტი აქვს და ეს ქვეყანაც (თავისი რესურსებით) ერთ-ერთი უმდიდრესია მსოფლიოში, მაგრამ როგორც ჩანს, მთავარი მაინც სიმდიდრის სწორად გამოყენება და განაწილებაა და ამიტომაც ეგვიპტე ისეთი კონტრასტების ქვეყანაა, შეიძლება შეგეშინდეს კიდეც. ყველასათვის კარგად ნაცნობ ხეოფსის პირამიდასთან (რომელსაც წელიწადში შვიდი მილიონი ადამიანი ნახულობს), აუცილებლად წააწყდებით მძღნერს (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე) და აუცილებლად იფიქრებ, რომ მხოლოდ ბრწყინვალე წარსული სულაც არ არის საკმარისი ბედნიერი აწმყოსა და მომავლისათვის.
თუმცა ყველაზე კონტრასტული ეგვიპტეში მაინც კაიროა და მით უმეტეს არქიტექტურული თვალსაზრისით, რომელიც იმდენად გრანდიოზულია, რომ შეუძლებელია სხვაგვარად იყოს, მაგრამ ამ ქაოსს ისტორიული და ლოგიკური ახსნაც აქვს, რადგან გამარჯვების ქალაქს, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხალხი აშენებდა. აშენებდნენ ყველანი, ვინც აქ მოდიოდნენ და რჩებოდნენ, მაგრამ აშენებდნენ ყოველგვარი დაგეგმარების გარეშე და ახლა უბრალოდ შეუძლებელია იმის გაგება, სად იწყება და სად მთავრდება ეს საოცარი ქალაქი. აქ ყველა ეპოქა და სტილია და ყველა უბანი ერთმანეთისაგან განსხვავდება (ფერებითაც კი) და ისეთ უბანშიც შეიძლება მოხვდეთ, რომელიც მთლიანად ცენტრპოინტის აშენებული გეგონებათ; შეიძლება ნახოთ უბანი, სადაც სახლებს სახურავები არა აქვთ, რადგან სანამ სახლი არ გადაიხურება, იგი მშენებარედ ითვლება და მისი პატრონიც ნაკლებ გადასახადებს იხდის; შეიძლება აღმოჩნდეთ მენაგვეების უბანშიც, სადაც მენაგვეები კი არ ცხოვრობენ, არამედ ხალხი, რომელსაც ნაგავი შინ მიაქვს და იქ ახარისხებს იმ იმედით, რომ ნაგავში რამე საჭიროსა და მნიშვნელოვანს იპოვის. მკვდრების უბანში კი აუცილებლად მოხვდებით, რომელიც სინამდვილეში ქალაქია ქალაქში, სადაც საუკუნეების მანძილზე საუკეთესო ეგვიპტელებს კრძალავდნენ და ამიტომაც აქ, გასაოცარი სილამაზის საფლავებს ნახავთ, მაგრამ ყველაზე გასაოცარი მაინც იმ ხალხის უდარდელობაა, ვინც ახლაც ამ სასაფლაოზე ცხოვრობს და ასეთი კაიროში მილიონზე მეტია. მუკატამის მთაზე კი, აუცილებლად უნდა ახვიდეთ და სალაჰ-ად-დინის მიერ აშენებული ციტადელიდან უნდა გადმოხედოთ კაიროს, თუ იმის გაგებაც გსურთ, თუ რატომ კვდებოდნენ ამ ქალაქის მისადგომებთან მსოფლიოს საუკეთესო ჯარისკაცები. სალაჰ-ად-დინი, ეგვიპტის მმართველი _ კაცი ბრძენი და მამაცი, ჭკვიანი და უშიშარი, მოწყალე და სულგრძელი (ყველა ომიდან გამარჯვებით გამოსული), წარმოშობით ქურთი იყო და ეს მან თქვა (მეთორმეტე საუკუნის იერუსალიმში) ფრაზა ქართველების შესახებ, რომელიც ქართულ ენერგიას კიდევ რამდენიმე საუკუნის მანძილზე კვებავდა.
აკაკი ასათიანის გარდა, არავინ იცის, მართლა შეხვდა თუ არა სალაჰ-ად-დინს იერუსალიმში შოთა რუსთაველი, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ მისი ციტადელის სასახლე კაიროში ყოველთვის ღია იყო მთელი მსოფლიოს პოეტებისთვის, რათა პოეტებს აქედან უკეთ შეეცნოთ კაიროს ბრწყინვალება და ქებათაქება მიეძღვნათ მისთვის. აქედან მართლა ძალიან ლამაზია ალ კაჰერა და აქედან მართლა ვერც კი წარმოიდგენთ ამ ქალაქის ნაგავს, რომელსაც ვერსად დაემალებით. თუმცა ამავე ქალაქში შეიძლება მოხვდეთ ისეთ უბანშიც, სადაც ევროპულად დაკრიალებული სადარბაზოების დანახვა გაგაკვირვებთ კიდეც ხუთვარსკვლავიან, მსოფლიოში ცნობილ სასტუმროებთან ერთად, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს კაიროა _ ყველაზე კონტრასტული ქალაქი დედამიწაზე, სადაც რადიარდ კიპლინგი არასოდეს ყოფილა. მას არასოდეს უნახავს კაირო, სადაც დასავლეთი და აღმოსავლეთი დღისითაც და ღამითაც ერთმანეთს ხვდებიან და თუ თქვენც შეგხვდათ ნილოსის რომელიმე გემზე (სადაც უამრავი ღამის კლუბია), დღისით ჩადრში დამალული რომელიმე არაბი ქალი, ამასაც ნუ გაიკვირვებთ, რადგან თქვენ მას, უბრალოდ, ვერ ამოიცნობთ.
ჩვენ ვერ ამოვიცნობთ კაიროსა და აღმოსავლეთის უამრავ საიდუმლოს, რადგან ამ საიდუმლოს წაკითხვა ბოლო ორი საუკუნის მანძილზე გვეკრძალებოდა (ცოტა მეტი) და ახლა, უბრალოდ, აღარც გვახსოვს. არც ის გვახსოვს, რომ ხეოფსის პირამიდას სინამდვილეში (ძველეგვიპტურად) ხუფუ ჰქვია და მისი სახელი ჩვენ უფრო ადრე ვიცოდით, ვიდრე ბერძნებმა, რომლებმაც ხუფუ ხეოფსით ისევე შეცვალეს, როგორც მამა აფრიკისა და დედა ევროპის მთელი ისტორია…

ხუფუ და ხეშკე

ხუფუს გარდა, გიზას პირამიდების ჯგუფში კიდევ ორი პირამიდა შედის, რომლებიც იქვე (დღევანდელი კაიროს გარეუბანში) დგანან, მაგრამ ხუფუ მათ შორის ყველაზე სახელოვანია და რაც მთავარია, ყველაზე მაღალია დღემდე შემორჩენილ და აღმოჩენილ პირამიდებს შორის. გარდა ამისა, სწორედ ხუფუს ჩააყოლეს ნავი-საოცრება ოთხი ათასი წლის წინ, რომელიც მეოცე საუკუნეში ხელუხლებელი აღმოაჩინეს და მის რესტავრაციას თოთხმეტი წელიწადი დასჭირდა. ეს უზარმაზარი, მდინარე ნილოსზე გადასაადგილებელი საშუალება, ფარაონის გარდაცვალების შემდეგ, დაშალეს და ისე ჩააყოლეს ძველი ეგვიპტის ერთ-ერთ სახელოვან მმართველს, რადგან ძველი ეგვიპტელების რწმენით, ადამიანს (და მით უმეტეს ფარაონს) ნავი გარდაცვალების შემდეგაც ისევე სჭირდებოდა, როგორც სიცოცხლეში. ძველი ეგვიპტელები იმაშიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამ საგულდაგულოდ დაშლილ ნავს, იმ შემდეგ ცხოვრებაში, ისევე ადვილად ააწყობდნენ (ამჯერად სხვები), როგორც დაშალეს. ნავს ჰქონდა (ხუფუს პირამიდასთან, იქვე) თავისი სამარხი და სარკოფაგი, მაგრამ არ ჰქონდა არცერთი ლურსმანი და მის აწყობას თოთხმეტი წელი მოანდომეს თანამედროვე ადამიანებმა. როცა სამარხი გახსნეს, მეცნიერები თვალებს არ უჯერებდნენ, რადგან თითქმის ოთხი ათასი წლის წინანდელი თოკებიც კი ხელუხლებელი დახვდათ და ეს (ალბათ) ეგვიპტური ქვიშების დამსახურებაც იყო.
ხუფუს (ბერძნულად ხეოფსის) პირამიდის გვერდით დგას ხეფრენის პირამიდა _ სწორედ ის, რომელსაც უზარმაზარი სფინქსი დარაჯობს და ამ სფინქსის შექმნის უამრავი ვერსია არსებობს და მათ შორის ბუნებრივიც. ზოგიერთებს ახლაც სჯერათ ეგვიპტეში, რომ მისი თავი და სახე ქარებმა წარმოშვეს და ადამიანებმა კი მხოლოდ ამის შემდეგ გამოკვეთეს სფინქსის დანარჩენი სხეული. პირველად ეს ვერსია გია ჯანჯღავასგან რომ მოვისმინე, მეც გამეღიმა, მაგრამ ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია იმდენ საიდუმლოს მალავს, რომ გასაკვირი არაფერია და მით უმეტეს გიორგი ჯანჯღავასაგან, რომელიც ჩემზე მანიაკია _ ამ სიტყვის ყველაზე ჯანმრთელი და მეცნიერული გაგებით. ამიტომაც, რა გასაკვირია, რომ ეგვიპტეში ჩასვლისთანავე ქართული საფლავების ძებნა დაიწყო და ცოცხლებიდან კი, ვინც პირველი გაახსენდა, რა თქმა უნდა, ომარ შარიფი იყო. თუმცა ან კი როგორ დაავიწყდებოდა ლეგენდარული ეგვიპტელი მსახიობი, რომელიც ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთ მთავარ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. ბავშვობის კინოზე მძაფრი (შთაბეჭდილების თვალსაზრისით) ძალიან ცოტა რამ არსებობს და "მაკენას ოქროში” კი ომარ შარიფი მართლა დაუვიწყარი იყო. ამიტომაც, გია ჯანჯღავამ არ დაიზარა და უკვე ოთხმოცი წლის ეგვიპტელი მსახიობი მაინც მოძებნა, რომ მისთვის (ბავშვობაში ათასჯერ ნანახი ფილმის გამო) მადლობა ეთქვა. დიდ ომარ შარიფს (უკვე თითქმის ყველასაგან მივიწყებულს) ცრემლიც კი მოადგა თვალზე იმის გამო, რაც ქართველი ელჩისაგან მოისმინა და გათამამებულმა ჯანჯღავამ იფიქრა _ ბარემ ხეშკესაც მოვიკითხავო. (ახლანდელი ახალგაზრდა ქართველი მაყურებლისთვის არაფრისმთქმელი ხეშკე ულამაზესი ინდიელი ქალი იყო, რომელიც იმავე ფილმში (”მაკენას ოქროში”) ერთ-ერთი სცენის დროს შიშვლდებოდა და ტბაში განიბანებოდა). ომარ შარიფმა ცრემლი მოიწმინდა (თურმე) და საპასუხოდ გიორგი ჯანჯღავას ჰკითხა, _ კი, მაგრამ ხეშკე ვინ არისო და ახლა ჯანჯღავას მოადგა ცრემლი, რადგან დიდი ეგვიპტელის ასაკს დააბრალა იმ ზღაპრული ქალის დავიწყება, რომელიც ერთნაირად აღელვებდა საბჭოთა ქართველ მამაკაცთა უმრავლესობას, მიუხედავად ასაკისა. თუმცა ომარ შარიფი მართალი იყო, რადგან იმ ფილმს (სინამდვილეში) სულაც არ ერქვა "მაკენას ოქრო” და არც ხეშკე იყო ნამდვილი ინდიელი (როგორც ბავშვობაში გვეგონა) და არც კონდრატე თათარაშვილი გვატირებდა უიარაღოდ და სამართლიანად ისედაც გაწვალებულ საბჭოთა ბავშვებს…

დვაბზუ და ბაბზუ (აილა)

კაირო კაი როა, ყველა ტურისტმა იცის, მაგრამ უმრავლესობას, რა თქმა უნდა, წარმოდგენაც კი არა აქვს იმაზე, რომ კაიროში რაც კარგია (არქიტექტურული თვალსაზრისით), უმეტესი ნაწილი (გვიანდელი შუასაუკუნეებისა) ქართველების შექმნილი და აშენებულია. მართალია ეგვიპტეში ქართველების მოხვედრა ძირითადად ისე ხდებოდა, როგორც ამას კონდრატე თათარაშვილი აღწერდა თავის მოთხრობაში "მამლუქი” (რომლის მიხედვითაც გადაღებულ ფილმს "ხვიჩა და გოჩა” ერქვა), მაგრამ ქართველი ბავშვების გატაცების გარდა, იყო გაყიდვის სამარცხვინო ფაქტებიც და ამ ფაქტების დამალვას აზრი არა აქვს. ივანე ჯავახიშვილი თვლიდა, რომ იმ სამი საუკუნის მანძილზე, რამდენიმე მილიონი ბავშვი გაიყიდა კავკასიიდან და ყველაზე მეტნი მათ შორის ქართული წარმოშობისა იყვნენ. ყველაზე მეტად იმერეთის მეფე სოლომონის დამსახურებაა, რომ ბოლოს და ბოლოს ეს სამარცხვინო საქმიანობა საქართველოში აიკრძალა და ჩვენს წინაპრებს შემოსავლის ეს წყარო სამუდამოდ გადაეკეტათ. ქართველები სწორედ ამ შემოსავლის გამო ჰყიდდნენ ძმისშვილებსა თუ დისშვილებსაც კი და მაშინდელი კაიროს, დამასკოსა და სტამბოლის ბაზრებზე, ჩერქეზებთან ერთად, ქართველები ყველაზე მეტად ფასობდნენ. მათ ყიდულობდნენ ერაყის, ოსმალეთისა თუ მისრეთის ჯარებისთვის, ამიტომ წვრთნიდნენ მეომრებად და ასწავლიდნენ ყველაფერს, რაც უშიშარ მხედარს ბრძოლაში გამოადგებოდა. ბუნებრივია, უცხოეთში გადახვეწილი ქართველები ერთმანეთს ადვილად პოულობდნენ და უკვე გაძლიერებულები და ომებში გამოწრთობილები, ძალიან ხშირად (და საკმაოდ ადვილად) ახერხებდნენ როგორც სამხედრო ხაზით დაწინაურებას, ასევე სამოქალაქო თანამდებობებზე მოხვედრას, რადგან მაშინდელს აღმოსავლეთში (და არა მხოლოდ აღმოსავლეთში) ქალაქებსა და ქვეყნებს სწორედ ისინი განაგებდნენ, ვისაც ყველაზე კარგი მეომრები და ძლიერი ჯარი ჰყავდა, სხვადასხვა საუკუნეებში ქართველები აღმოჩნდნენ ირანისა და ერაყის, ოსმალეთისა და ეგვიპტის სამხედრო და სამოქალაქო ელიტაში უდიდესი ძალაუფლებით და ამ ძალაუფლებისა და ყოფილი ქართველი მამლუქების წარმატებების ამბავი, რასაკვირველია, საქართველომდეც აღწევდა. ამიტომაც საქართველოში (იმერეთში იქნებოდა თუ სხვაგან) თოხის უშედეგოდ მობლაყუნე ნებისმიერ ადამიანს შეეძლო იმაზე დაფიქრება, რომ არსებობდა სამხედრო ასპარეზი, რომელიც მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიდა უკეთესობისკენ და თუ ახლა ნებისმიერი სამუშაოს შესასრულებლად ევროპასა თუ ამერიკაში მიდიან, მაშინ რატომ არ წავიდოდნენ. ჰოდა, ქართველებიც მიდიოდნენ და რამდენი სისხლი და ენერგიაც ჩვენს წინაპრებს სხვა ქვეყნებისთვის გაუღიათ, იმის მეასედი რომ ქართული სახელმწიფოს შესაქმნელად დაეხარჯათ, ახლა ბუშის ოთხკლასიან განათლებაზე მაინც არ იქნებოდა დამოკიდებული ჩვენი სამშობლოს ბედი და არც ძიუდოისტი პუტინის გადასაწყვეტი იქნებოდა ჩვენი მომავალი.
ეგვიპტეში კი უკვე მეჩვიდმეტე საუკუნეში გაჩნდნენ ძალიან ძლიერი ქართველი ბეგები, ყოფილი მამლუქები, რომლებიც თანდათან მთელი ეგვიპტის მმართველები გახდნენ და ძველი კაიროს უბნებში ბაბზუველასა თუ ხან ელ ხალილში ახლაც ნახავთ მათ ეპოქაში აშენებულ მეჩეთებსა თუ მედრესებს, აკვადუკებსა თუ სასახლეებს. ნახავთ შენობას, რომელიც მამლუქ ბეგს _ ალ-გურიას ეკუთვნოდა, წარმოშობით დვაბზუდან, შუხუთიდან თუ შემოქმედიდან. მართალია ყოფილ მამლუქებს ქართულ და ქრისტიანულ სახელებს უცვლიდნენ, მაგრამ ეგვიპტის ისტორიაში მაინც დარჩა რამდენიმე ქართული გვარი, რომელთა გარეშე მისრეთის წარსული წარმოუდგენელია და ტარბაიძეები და სინჯიკაშვილები, არსენიშვილები და ხოსროშვილები ისევე იბრძოდნენ ეგვიპტის თავისუფლებისათვის, როგორც ეგვიპტის ქვიშებში დაბადებული არაბი ბედუინები…

ქარანფულა

არაბულად უდაბნოს "ბადიია” ჰქვია და სიტყვა ბედუინიც უდაბნოს შვილების სახელია _ მათი, ვინც უდაბნოში იბადება და მთელი ცხოვრება ოაზისებს ეძებს, რათა შეისვენოს, ცოტა გაგრილდეს და თავისი ცხელი და ქვიშიანი გზა ისევ გააგრძელოს. თუმცა ბედუინებს არსად ეჩქარებათ, რადგან არც ეგვიპტის და არც სხვა არაბულ უდაბნოში დროის ჩვენებური ან დასავლური გაგება არ არსებობს სწორედ იმიტომ, რომ მათ სინამდვილეში აქვთ დრო და არა შვეიცარიული საათები. მათ აქვთ დრო, რომელიც ძალიან გრძელია და მზე ძალიან ნელა, ძალიან ზანტად მოძრაობს უდაბნოს ცაზე, სადაც ღრუბლებიც ტაატით მიყვებიან ერთმანეთს და ბედუინები წრუპავენ პიტნიან ლიმონს. ცივი წვენი ისევე სიამოვნებს მათი დამსკდარი ყელის კედლებს, როგორც უცებ მოვარდნილი წყალი _ უდაბნოს დახეთქილ ქვიშას. მაგრამ უდაბნო არც მიწაა და არც წყალი, უდაბნო მზის ქვიშაა და როცა მზე ქრება, ქვიშა ისე ცივდება, რომ არც კი გჯერა, რომ იმ დღეს, მზის ჩასვლამდე, ძალიან ცხელოდა. ამიტომაც ღამით უდაბნოში ძალიან ცივა და ბედუინები ცეცხლს ანთებენ: ჯერ აცხელებენ ლახმაჯს დაღლილი ძვლების გასათბობად და მერე კი იმ ცეცხლის გარშემო ნარგილეს ამზადებენ, რადგან ისინი ემზადებიან გრძელი არაბული ღამისთვის, რომელიც სინამდვილეში ათას ერთი უდაბნოს სიზმარია.
ბედუინებს უყვართ ბასრი ხმლები და მჭრელი სატევარი, მაგრამ მათ სჯერათ, რომ ხმალზე ბასრი შეიძლება იყოს სიტყვა, რომელიც ოქროა და არა დუმილი. უდაბნოში დუმილი ოქრო არ არის და ბედუინები ყოველთვის უსმენენ სიტყვებს, რომლებიც ქარებს მოაქვთ უდაბნოდან და ისინი კი ღამით, ცეცხლის პირას, ამ სიტყვებს ლექსებად აგროვებენ. ბედუინები ამ ლექსებს საუკუნეების მანძილზე აგროვებდნენ ღამის უდაბნოში და მერე ქალაქებში მიჰქონდათ, რათა საუკეთესოები ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე გაეკრათ და თვლიდნენ, რომ სამყაროში ყველაზე ცუდი ქალაქი ის არის, სადაც თუნდაც ერთი კარგი პოეტი არ ცხოვრობს.
ალბათ მეტია, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცი, ეგვიპტეში სამი კარგი მწერალია: აჰმედ ზევაილი, ნაგიბ მაჰფუზი და ტავფიკ ალ-ჰაკიმი.
აქედან ორი _ ნობელის პრემიის ლაურეატები არიან ლიტერატურაში და ნაგიბ მაჰფუზი კი ჩემი (ერთ-ერთი) უსაყვარლესი მწერალია. მისი რომანი "კაფე კარნაკი” ისეთი მოულოდნელობა იყო ჩემთვის, რომ კაიროში ჩასვლისთანავე, იმ ადგილის ძებნა დავიწყე, სადაც ნაგიბ მაჰფუზი თავის მშვენიერ წიგნებს წერდა. ვიცოდი, რომ იმ კაფეს სახელი შეცვლილი ჰქონდა, მაგრამ მისი მოძებნა არ გამიჭირდა, რადგან ოცმილიონიან კაიროში ნებისმიერმა უწიგნურმაც კი იცის ნაგიბ მაჰფუზის სახელი, რადგან ახლა ამ სახელით ნებისმიერი ეგვიპტელი ამაყობს. მართალია ეგვიპტელებმა ჯერ მოკლეს ნაგიბ მაჰფუზი და მერე დააფასეს (ჩვენი არ იყოს ხოლმე) და ძეგლიც კი დაუდგეს კაიროს ერთ-ერთ მთავარ მოედანზე, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ ადამიანებს მწერალი უყვართ. ამ სიყვარულს განსაკუთრებით კაიროს იმ ძველ უბანში იგრძნობთ, სადაც ნაგიბ მაჰფუზი დაიბადა (გამალიია ჰქვია) და სადაც იგი იზრდებოდა თავისი მომავალი წიგნების პერსონაჟებთან ერთად. მათი უმრავლესობა (ალბათ) ცოცხალიც აღარაა, მაგრამ ის კაფე, სადაც ნაგიბ მაჰფუზს უყვარდა ჯდომა და მუსაიფი (ან მასლაათი), დღესაც არსებობს და ელ-ფიშაუი ჰქვია, იქვე ჰუსეინის მეჩეთთან, ხან-ელ-ხალილში.
ერთ დღესაც ამ კაფეში იჯდა თანამედროვე არაბული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი, ოთხმოცი წლის ნაგიბ მაჰფუზი, როცა იგი დანით დაჭრა ვიღაც ფანატიკოსმა მკითხველმა და დღემდე არავინ იცის, რატომ. შეიძლება იმის გამო, რომ "აიშ” არაბულად პურს ნიშნავს და მუსულმანმა მწერალმა ერთხელ მუჰამედის ცოლზე, რომელსაც აიშა ერქვა, სიყვარულით თქვა, რომ ულამაზესი აიშა ალბათ პურივით გემრიელი ქალი იყოო. სიყვარულით კი თქვა ეს ფრაზა, მაგრამ სიყვარულს აბა ვინ გაპატიებს და მით უმეტეს მაშინ, თუ კარგი მწერალი ხარ. მართალია მაშინ ნაგიბ მაჰფუზი გადარჩა და მხოლოდ დაბრმავდა, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც მწერალი ბრმაა, სხვებიც ვერაფერს ხედავენ…
ვინღა დაინახავდა ეგვიპტელების მთავარ დარდსა და პრობლემას და ვინღა ეტყოდა ეგვიპტელებს, რომ მონობაზე საშინელი არაფერია და სანამ ეგვიპტელები (მიჩვეულ) მონობას არ გადაეჩვევიან, ან რუსები მიადგებიან ან ამერიკელები, როგორც იყო კიდეც სინამდვილეში და როგორც არის.
ნაგიბ მაჰფუზი მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ ეგვიპტის პირამიდები მონების აშენებული არ იყო (ამას ჩვენც ისევე გვასწავლიდნენ, როგორც ეგვიპტის სკოლებში) და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაამტკიცეს და აღიარეს მსოფლიოს მეცნიერებმაც, რომ პირამიდებზე დაქირავებული ადამიანები მუშაობდნენ და არა მონები. მონებს მხოლოდ დანგრევა შეუძლიათ და არა აშენება, მაგრამ აბა მწერალს, სანამ ცოცხალია, ვინ უჯერებს.
ქარანფულა კი მისი რომანის პერსონაჟი ქალია, რომელიც მაშინვე შემიყვარდა, როცა პირველად წავიკითხე ნაგიბ მაჰფუზი და ალბათ იმ ქალს თუ ჰგავდა ქარანფულა, ახლა რომ იჯდა მწერლის საყვარელ კაფეში და ნელა, ძალიან გემრიელად ეწეოდა არაბულ ჩილიმს…

ხამსინი

"შემაწუხეს ქარებმა,
მაგრამ არ მეჩქარება…”
ნაპოლეონის უცნობი ლექსიდან
სინამდვილეში ნაპოლეონ ბონაპარტეს ძალიან ეჩქარებოდა (ინგლისელები წყალდაწყალ მოყვებოდნენ ფრანგებს) და სინამდვილეში ქარებმა მამლუქები შეაწუხეს და არა ფრანგები. ამიტომაც ეგვიპტელმა ქართველებმა ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა გიზას პირამიდებთან სწორედ ქარის გამო წააგეს. სინამდვილეში ეს ცნობილი ბრძოლა პირამიდებთან არც ისე ახლოს მოხდა, როგორც ამას ისტორიკოსები აღწერენ ხოლმე და ეს შეცდომაც ნაპოლეონის ბრალია.
ლეგენდარულმა კორსიკელმა იმ ბრძოლის წინ ათასწლოვანი პირამიდები ახსენა, თუმცა ჩვენთვის (ქართველებისთვის) გაცილებით საინტერესო ნაპოლეონის პირველი მიმართვაა, რომელიც ფრანგებმა კაიროში შესვლისთანავე, მთელს ქალაქში გაავრცელეს. მიმართვა სამენოვანი იყო და ნაპოლეონ ბონაპარტე რიტორიკულად ეკითხებოდა კაიროსა და ეგვიპტის არაბ მოსახლეობას _ როდემდე უნდა მოეთმინათ ვიღაც ქართველების (და საერთოდ, კავკასიელების) ბატონობა თავიანთ მიწაზე. ბონაპარტეს ეგვიპტის ექსპედიციაში ფრანგ მეცნიერთა მთელი კორპუსი ახლდა თან და ბუნებრივია, იმ ქვეყნის შესახებ, რომლის დასაპყრობადაც მიდიოდა, წინასწარ უკვე ყველაფერი იცოდა. ყოველ შემთხვევაში, ის კი ნამდვილად იცოდა, რომ ეგვიპტეს (რამდენიმე საუკუნის მანძილზე) კავკასიელი მამლუქები მართავდნენ და მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს კი ეგვიპტის ყველაზე გავლენიანი ბეგები სწორედ ქართველები იყვნენ. ნაპოლეონის მარჯვენა (თუ მარცხენა) ხელი, ვინმე რუსტამი, ჩვენ რომ ბავშვობიდან ქართველი გვეგონა და ბოლოს თბილისელი სომეხი გამოდგა, შეიძლება იყო კიდეც საფრანგეთის იმპერატორის მთავარი მრჩეველი ქართულ (და საერთოდ, კავკასიურ) საკითხებში. არავინ იცის, ზუსტად რა უთხრა იმ რუსტამმა ნაპოლეონს ქართველების შესახებ, მაგრამ ბონაპარტე რომ გაოგნებული იყო ქართველი მამლუქების მამაცობითა და ბრძოლისუნარიანობით, ეგვიპტისა და საფრანგეთის ისტორიის ნებისმიერ სახელმძღვანელოში წერია. ასეც რომ არ იყოს, ჩვენ ხომ ისედაც კარგად მოგვეხსენება, სხვის ომში ქართველი როგორი ბრძენი და გულადია, მაგრამ მაშინ, კაიროსთან ბრძოლის წინ, უცნაური რამ მოხდა. შეტაკების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რომელიღაც აფრიკული, ქვიშიანი ქარი ამოვარდა სწორედ მამლუქების მიმართულებით და მურად-ბეგმა თურმე ქართულად შეიგინა _ რა დროს ხამსინი იყოო. მაგრამ ეს არ იყო ხამსინი (ორმოცდაათდღიანი ქარების სეზონი), რომელიც ეგვიპტეს გაზაფხულობით გადაუვლის ხოლმე და უკვე ზაფხული იდგა და სინამდვილეში ეს იყო უცნობი ქარიშხალი, რომელიც იმის საშუალებასაც არ აძლევდა ქართველ მამლუქებს, რომ თვალები გაეხილათ და ასე ბრმად ბრძოლა კი, მართლა ძალიან ძნელი იყო. თუმცა მათ მაინც იბრძოლეს ბედუინებთან ერთად და ეს ბრძოლა მანამ გრძელდებოდა, სანამ ფრანგებმა ეგვიპტე საბოლოოდ არ დატოვეს.
თუმცა სამშობლოში დაბრუნება ფრანგებისთვის არც ისე ადვილი იყო, რადგან სანამ ისინი ეგვიპტეში ქართველებს ებრძოდნენ, ინგლისელებმა ფრანგულ ფლოტილიას მიაგნეს და მათი გემები უდიდესი სიამოვნებით დაადუღეს. ფრანგებს კი გემები ძალიან სჭირდებოდათ, რადგან ბევრი ბარგი ჰქონდათ (პირამიდების წაღებაც კი უნდოდათ ნაწილ-ნაწილ) და ყველაზე ღირსეულად ისევ თვითონ ნაპოლეონი მოიქცა, რომელმაც ყველაფერი ხელუხლებლად დატოვა კაიროს იმ სახლში, სადაც ცხოვრობდა. ის სახლი (როგორც კაიროს საუკეთესო სახლები მაშინ) ეკუთვნოდა ქართველ მამლუქს _ ალფი ბეგს (ვინ იცის, იქნებ გვარად ალფაიძეს), რომელიც ახლა ალბათ აღარც არსებობს, მაგრამ თუ ვინმე იმ სახლის მოძიებით მაინც დაინტერესდება, შეუძლია ბატონ გოჩა ჯაფარიძეს მიმართოს, რომელმაც კაიროსა და ეგვიპტის შესახებ ყველაფერი იცის.
ნაპოლეონ ბონაპარტემ კი იცოდა, რომ იმ დროისათვის ყველაზე კარგად გაწვრთნილი, ევროპულ წესრიგზე დაფუძნებული ჯარით ეგვიპტელ მამლუქებსაც დაამარცხებდა, რომლებიც ფრანგებს საზამთროებს ეძახდნენ. მაგრამ ორგანიზებულმა საზამთროებმა ეგვიპტის სიცხესაც გაუძლეს და მამლუქების სიმამაცესაც, თუმცა ნაპოლეონს მაინც დასცდა ფრაზა, რომელიც ძალიან ზუსტი იყო _ ქართველებს რომ ორგანიზების ნიჭიც ჰქონდეთ, საფრანგეთის დაპყრობასაც შეძლებდნენო.
ჯვარიც გვწერია.
ჩვენც და ფრანგებსაც.

სნოფრუ

ჯვარი და ეკლესია კი იმდენია კაიროში, ცოტა დაეჭვდები კიდეც რომ უდიდესი ისლამური ქვეყნის დედაქალაქში ხარ, რადგან ჩვენი დოგმატური, სტერეოტიპული წარმოდგენებით, მუსულმანურ ქვეყნებში სხვა რელიგიისა და აღმსარებლობის ადამიანებს წვავენ, კლავენ ან ცოცხლად ჭამენ. სინამდვილეში კი ქრისტიანები მშვიდად ცხოვრობენ ეგვიპტეში და კაიროშიც, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ეკლესია გხვდება, ყველაზე მეტი კოპტების _ კოპწიები და კოხტები.
თუმცა სხვა ქრისტიანებსაც არავინ უშლის ტაძრების აშენებას და კაიროში არის ბერძნული ეკლესიაც _ იქვე, ძალიან ახლოს იმ ადგილთან, სადაც ჰეროდეს დროს მალავდა მარიამ ღვთისმშობელი პატარა იესოს.
ეკლესია წმიდა გიორგის სახელობისაა და ამიტომაც არ არის გასაკვირი ამ ეკლესიაში წმიდა გიორგის ხატების სიმრავლე, თუმცა გასაკვირი ის არის, რომ ყველგან წმიდა გიორგი ულვაშებითაა გამოსახული, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის, ცოტა უჩვეულოა.
კაიროში რამდენიმე სომხური ეკლესიაც კი არის (ერთი მათგანი ისე მომეწონა, გამიკვირდა კიდეც, რადგან ერევანში ასე

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1276 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები