შაბათი, 20.04.2024, 00:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 6 » ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრული სამყარო.
04:25
ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრული სამყარო.

კამკამა ფიორდები და კლდოვანი შხერები, ნისლიან ზღვებში გაბნეული პატარა, ულამაზესი კუნძულები, ღამით ტყის ტბაში კიბორჩხალების დაჭერა, ჩრდილოეთის სუსხიანი ღამეები, დედამიწის საუკეთესო ნაწილი – ბავშვები, სინათლე, სითბო, სამყაროს ყველაზე დიდი სილამაზეები – ეს არის მსოფლიოს პატარების უსაყვარლესი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედების შემადგენელი კომპონენტები.

„დიდი შვედი ბებია" – ასტრიდი, ცხოვრების ბოლომდე ბავშვად დარჩა, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იმას წუხდა, რომ ძველებურად ვეღარ დაძვრებოდა ხეებზე.

სტოკჰოლმის ერთ წყნარ, პატარა ქუჩაზე, მშვენიერი სახლის მყუდრო ბინაში, ყველა მომნახულებელს შეუძლია დაათვალიეროს: უწესრიგოდ მოწყობილი ოთახები, ფერადი წიგნები, ნაირ–ნაირი სათამაშოები, რომელიც მთელი დედამიწის ბავშვებმა შექმნეს: ჩორვენი, ემილი, პეპი, ბიულერბიუელი ბავშვები... ფანჯრებიდან ხედი კი წითელ სახურავებს გადაჰყურებს, რომელთა თავზეც „ასტრიდის სამყაროში"  გოდორა კაცუნა, კარლსონი დაფრინავდა, თავისი ეშმაკურად მოწყობილი მოტორის წყალობით.

ასტრიდ ლინდგრენი ფერმერის ოჯახში, ვაშლის ბაღის სიღრმეში მიმალულ, ძველ წითელ სახლში დაიბადა. ეს სახლი მოგვიანებით თავის ულამაზეს მოთხრობაში, „ჩვენც სალტკროკელები ვართ," აღწერა, სადაც დახავსებულ, ძველ ვაშლის ხეებს შორის მდგარი უმშვენიერესი პატარა სახლი, კუნძულ სალტკროკაზე, „ზედ ზღვის კიდეზე," მელკერსონების კეთილ და შრომისმოყვარე ოჯახს „აჩუქა."

საერთოდ კი, ცნობილია, ასტრიდი სიტყვასაც არ წერდა ისე, რომ ირგვლივ ვინმესთვის,  ან რამესათვის არ მიემგსავსებინა. 1941 წელს მომავალი დიდი მწერლის ქალიშვილი ავად გახდა. ასტრიდი მთელ დღეებს თავისი გოგონას საწოლთან ატარებდა და ათასგვარ ისტორიებს იგონებდა მოსაყოლად, ამ მოგონილ ისტორიებს კი ერთმანეთთან აკავშირდებდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ქალიშვილმა სთხოვა, ეს სპონტანურად მოფიქრებული თავგადასავლები ერთ მოთხორობაში გაეერთიანებინა. ასე დაიბადა მსოფლიოს ყველა ბავშვის უსაყვარლესი მოთხრობა და გმირი – წითელთმიანი, ცელქი გოგონა პეპი გრძელიწინდა.

მოგვიანებით, როდესაც თავად გახდა ავად, ასტრიდმა მოთხრობა გადაამუშავა, ერთი ეგზეპლარი ქალიშვილს აჩუქა, ხოლო მეორე – გამომცემლობას გაუგზავნა.

გამომცემლობის მესვეურები ქმნილებამ მარტო მცხოვრებ, პატარა გოგონაზე, რომლის ოჯახსაც მხოლოდ ცხენი და მაიმუნი, ბატონი ნილსენი შეადგენდნენ, აღაფრთოვანა.

ასტრიდი თვლიდა, რომ მოთხრობებისათვის ყველა მასალა საკუთარმა ბავშვობამ მისცა. მისი მშობლიური ქალაქი ვიმერბიუ იყო, ქალაქი, რომელსაც ასევე „ასტრიდის სამყაროში" პატარა, ცელქი და ჭკვიანი ბიჭი ემილი ოჯახთან და მეგობარ, მოჯამაგირე ალფრედთან ერთად პერიოდულად გამართულ ბაზრობებზე და ღონისძიებებზე სტუმრობდა და ათასგვარ ოინებს იგონებდა. თუმცა, თავის შემოქმედებაში ასტრიდს მხოლოდ სიკეთე არ დაუხატავს. მისი თხზულებების მოყვარულმა პატარებმა უკვე იციან, რომ დედამიწაზე თანაარსებობენ სიკეთე და ბოროტებაც.

ლეგენდები, ზღაპრები, ისტორიები – ეს ყველაფერი მწერალმა ბავშვობიდან გაიგო და დაიმსახოვრა. ასტრიდსაც ჰყავდა კრიუსე–მაიას თუ კრისტინის მსგავსი მეზობელი მოხუცები, რომლებიც მის მშობლებს საოჯახო საქმეებში ეხმარებოდნენ, ხოლო შესვენებისას საოცარ და საინტერესო ამბებს უყვებოდნენ პატარებს. ჰყავდა ასევე ლინას ან აგდასნაირი ახალგაზრდა მოსამსახურეები, მერძევე იანსონისთანა მეზობლები, ბოცმანისთანა ძაღლი, რომელთა ისტორიებიც სხვადასხვა მოთხრობებში ასახა.

ასტრიდიც დადიოდა შხერებში, აგებდა ქოხს, კრეფდა მარწყვს და გვერდში ედგა მშობლებს კარტოფილის აღებაში, ხოლო შესვენებისას გემრიელ მორსს წრუპავდა.

ლიდგრენი რეალობას ასახავს, თუმცა, უარი არ უთქვამს ტროლებზე, ელფებზე, ბუნების სულებზე.. თავისი მოთხრობებით ასტრიდი ჰანს ქრისტიან ანდერსენს ჰგავს, რომელსაც შეეძლო მოეყოლა გასაოცარი ისტორიები ჩვეულებრივ საგნებზე და მოვლენებზე.

ასტრიდი 1907 წელს დაიბადა, შვედეთში, მკაცრი და ღარიბი სმოლანდის ოლქის პატარა ქალაქ ვიმერბიუში. ის სემუელ ავგუსტ ერიკსონის და მისი მეუღლის, ჰანას მეორე შვილი იყო. მამა სოფლის მეოურნეობას მისდევდა მთის ფერდობზე შეფენილ, იასამნებში ჩაფლულ ხუტორში, დედა დიასახლისობდა. ოჯახში ოთხი და–ძმა იზრდებოდა.

ბუნების, ადამიანების სიყვარულით და გავლენით „დაიბადა:" ექსცენტრული გოგონა პეპი, ცხოველების მოყვარული პატარა ბიჭი პელე, შრომისმოყვარე და ფანტაზიორი ლიზი, ლასე და ბოსე და მათი მეზობლები, გულუბრყვილო სტინა, კეთილი მწერალი მელკერი თუ ულამაზესი და ჭკვიანი მალინი, თავიანთი საოცარი ისტორიებით.

მიუხედავად იმისა, რომ მის რეგიონში იმ დროისათვის ცხოვრება ძალიან ჭირდა, ასტრიდი თავის ბავშვობას ყოველთვის ბედნიერს უწოდებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალმა დიდმა მწერალმა ადგილობრივ გაზეთში დაიწყო მუშაობა, 1926 წელს გაემგზავრა დედაქალაქში, სადაც „მდივანთა სკოლაში" ჩააბარა. ამავე წლის 4 დეკემბერს მას პირველი შვილი, ლარსი შეეძინა. ასტრიდი 5 წლის შემდეგ გათხოვდა და მიიღო მეუღლის გვარი, რომლითაც გახდა ცნობილი, როგორც მწერალი.

ოჯახური ცხოვრება მშვენივრად აეწყო. მუშაობას კი ასტრიდი 1937 წელს დაუბრუნდა, როდესაც ლარსს 11 წელი უსრულდებოდა და 3 წლის დაიკო, კარინიც ჰყავდა. 1941 წელს ლინდგრენების ოჯახი სტოკჰოლმის ერთერთ რაიონ დალაგატანში გადავიდა, სადაც მწერალმა სიცოცხლის ბოლო წუთებამდე იცხოვრა.

„პეპი გრძელიწინდამ" და მისმა ავტორმა წიგნის გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვეს. პეპი იმთავითვე მილიონობით ბავშვის უსაყვარლეს წიგნად იქცა. ასტრიდი სამუშაოდ მიიწვიეს საბავშვო წიგნების გამომცემლობაში. მას შემდეგ, მწერლის ყველა ნაწარმოებმა, „პეპი გრელიწინდამ" თუ „ყაჩაღის ასულმა რონიამ," „ლიონბერგელი ემილის თავგადასავალმა," „მაწანწალა რასმუსმა," „ბიჭუნა და სახურავზე ბინადარმა კარლსონმა," „მიო, ჩემი მიომ" და სხვებმა ერთმანეთის მიყოლებით მოიპოვა დიდება, ითარგმნა უამრავ ენაზე და მთელი მსოფლიოს მკითხველების გული მოიგო.

1951 წელს ასტრიდს მეუღლე გარდაეცვალა. ამის შემდეგ ის მთლიანად ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაეფლო. 80–იან წლებში აქტიურად იცავდა ბავშვების და ცხოველების უფლებებს, წერდა, სტუმრებს იღებდა... ასტრიდი 2002 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა.

ვერანაირი ჯილდოები და პრემიები ვერ შეუცვლის ლინდგრენს ერთ ყველაზე დიდ ჯილდოს – მსოფლიოს ბავშვების უდიდეს სიყვარულს. შვედები ამბობენ, დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ შვედეთის აკადემიის ჩინოვნიკებს, რომლებმაც ვერაფრით მიიღეს გადაწყვეტილება, მიეცათ ასტრიდისთვის აკადემიკოსის სტატუსი, საბავშვო წიგნებისათვის. ამას რა მნიშვნელობა აქვს ასტრიდის ზღაპრული სამყაროსათვის, იმ სამყაროსათვის, რომლის შექმნამაც პლანეტა დედამიწა ბევრად უფრო ლამაზი გახადა.  


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1408 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები