პარასკევი, 29.03.2024, 16:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 6 » „უაზრო ხმაური არ მსურს! უაზრო დუმილი მიჭირს!“
04:28
„უაზრო ხმაური არ მსურს! უაზრო დუმილი მიჭირს!“

როგორც თავისი კრებულის ერთერთ ანოტაციაში წერდა, იმ ადგილას დაიბადა, სადაც ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის მატარებელი სახელწოდების მდინარე ჩამოდის: ყვირილა და დუმალა. ლექსებსაც ასეთს წერდა: არც ყვიროდა და არც დუმდა, მაგრამ ყველა ლექსს თავისი ხმა ჰქონდა.

 

 „ლექსში ხმაა მთავარი - სათქმელის შესატყვისი ხმა! თუ სათქმელი ალთასაა და ხმა ბალთას, ლექსი გინდ ყოფილა და გინდ არა!" - ამბობდა და ეს ზუსტად ის იყო, რაც სხვებისგან განასხვავებდა, რაც არასდროს ეშლებოდა.

 

- „არ ვიცი! არ მესმის! - პოეზიის ვალი არ არის განგვაცვიფროს! პოეზიამ წყნარად, ნელ - ნელა უნდა გაგვმსჭვალოს!" - ამბობდნენ მისი ლექსით შოკირებული, დაბნეული და ოდნავ დაბოღმილი კრიტიკოსები 20 წლის მუხრან მაჭავარიანის მიერ „საბას" წაკითხვის შემდეგ. სწორედ „საბათი" დაიწყო და მერე მოჰყვა და მოჰყვა - რომელი ერთი...

 

ბევრი მას პოლიტიკურ აქტიურობას და პირველი პრეზიდენტის გვერდით დგომას აყვედრიდა, ზოგსაც ის ვერ მოუნელებია, საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტი რატომ მიიღო, როცა 80 წლის იუბილის მისალოცად მივიდაო. არადა, მუხრან მაჭავარიანი არასოდეს თამაშობდა, არც პოზიცია შეუცვლია ზოგიერთებივით და 80 წლის იუბილეზე, საკუთარ სოფელში მყოფმა, მხოლოდ ის ითხოვა მორიდებით, ამ ლამაზ სოფელს წყარო გამოუყვანეთ, ხალხი წყალს შორიდან ეზიდებაო... პარადოქსია:

 

პოლიტიკურ აქტიურობას (რაც მხოლოდ მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვითა და ამ პოზიციის ლექსებში გადატანით გამოიხატებოდა) აყვედრიდნენ იმას, ვისზეც  მისი თანამედროვე პოეტები დღესაც ამბობენ, რომ მისმა ლექსებმა შექმნა ქართული პოლიტიკა:

 

საოცრად სიმბოლური დამთხვევა იყო, რომ მუხრან მაჭავარიანის კრებული, რომელიც 1832 წლის შეთქმულებას ეხებოდა, სწორედ იმ წელს გამოვიდა, როცა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება დიდი მონდომებით ზეიმობდა გეორგიევსკის ტრაქტატის სამასი წლისთავს. არადა, კრებულში ერთ-ერთ შეთქმულთაგანს  მუხრანმა, არც მეტი, არც ნაკლები, ეს სტროფი ათქმევინა:

 

„ეს ვინ ყოფილა, ბატონო, რუსი!

ეს რა ყოფილა, ბატონო, რუსი!

არ მოგვანატრა ლახტი და გურზი

თემურ-ლენგისა და მურვან ყრუსი!" - კრებული სასწრაფოდ აიკრძალა, მაგრამ ჯინის ბოთლში ჩაბრუნება უკვე აღარ შეიძლებოდა, რადგან ხელნაწერების სახით ლექსები მაინც ვრცელდებოდა.

 

სტუდენტობის წლებიდანვე მეგობრობდა შოთა ნიშნიანიძესთან. მაგრამ თუ შოთა ნიშნიანიძე მაინც ხარკს უხდიდა იმდროინდელ წყობას, მუხრანს ამ გზისთვის არ მიუმართავს:

 

 „ამ ვიწრო ქუჩებში კომუნიზმი ვერ შემოეტევა!

ქუჩებმაც იფიქრეს და ქუჩების პატრონებმაც!

ქუჩის დასაწყისთან მოდგა კომუნიზმი,

ელვის უსწრაფესად ქუჩები ფართოვდება!" - ეს ფრაგმენტი, თუ არ ვცდები, იმ ერთადერთი ლექსიდანაა, რომელიც მუხრანმა კომუნიზმს მიუძღვნა და ისიც, საკმაოდ ორაზროვნად...

 

სხვა შემთხვევებში მისი სათქმელი, ხმაც და ლექსიც მუდამ გვედიგვერდ მიაბიჯებდა: გრგვინავდა, როცა ხალხს ომახიანი შეძახება სჭირდებოდა და ჩუმი, სევდანარევი ხმით მოედინებოდა, როცა ამის საჭიროება არსებობდა.

 

მუხრან მაჭავარიანს სხვა ლექსებს შორის ერთი პატარა, ერთსტროფიანი, უსათაურო ლექსი აქვს ასეთი ჩუმი სევდით დაწერილი. მის ბევრ კრებულზე ლექსის ქვეშ მისი დაწერის თარიღი ეწერა ხოლმე. ეს პატარა ლექსი 1956 წლითაა დათარიღებული.  არსად წამიკითხავს, არც ვინმესგან მსმენია, მხოლოდ საკუთარ აზრს მოგახსენებთ და თავს ვერ დავდებ, რომ ნამდვილად ასეა, მაგრამ ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, როცა ეს ლექსი პირველად წავიკითხე და თარიღიც აღვიქვი, ჩავთვალე, რომ მუხრანმა იგი 1956 წლის 9 მარტს დაღუპული ერთ-ერთი ბიჭის ხსოვნას მიუძღვნა და ამ ლექსით ყველა იმ დღეს დაღუპულს დაემშვიდობა:

 

„დამგვანებიან შენი დები მოწყენილ მერცხლებს,

ხვალ პროცესია პლეხანოვზე ჩაივლის ნელა.

„თბილისის"(ვაი, შენი ბრალი!) მეოთხე გვერდზე

დღეს - პირველად და უკანასკნელად

დაბეჭდილია სახელი შენი, ბიჭო..."

 

„პრესა.ჯი" ამჯერად დაარღვევს ერთი ლექსის გახსენების ტრადიციას და ამ სტატიაში სრულად მუხრან მაჭავარიანის მეორე ლექსსაც შემოგთავაზებთ,  რომელიც სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით სავსე უამრავ ლექსთაგან ერთ-ერთია (სტატიის ბოლოს კიდევ ერთ ლექსს გაგახსენებთ). მავანი, შესაძლოა, შემოგვედავოს, სხვა ლექსი სჯობდაო, მაგრამ მუხრან მაჭავარიანის პოეზია სწორედ იმითაა უნიკალური, რომ ერთი ლექსის  წაკითხვისას გრჩება განცდა, თითქოს ეს ლექსი საუკეთესოა მის შემოქმედებაში და როცა სხვა ლექსზე გადახვალ, აღმოაჩენ, რომ მუხრანის პოეზია სწორედ ასეთი, საუკეთესო ლექსების კრებულია...

 

პასუხი

სველია თუმცა ქვრივთა ცრემლით ქართლის მინდვრები,

დედა ქართვლისა უფრო ხშირად ვიდოდა ძაძით,

მაგრამ ხალხს, მჯერა, კიდევ შერჩა ცრემლი იმდენი,

კვლავ რომ დაღვაროს, დასჭირდება სამშობლოს თუკი!

 

დღემდეა თუმცა წყალწითელა სისხლით წითელი,

მომხვდურს ქართველის არ უნახავს რადგანაც ზურგი,

მაგრამ ჯერ კიდევ, ღვთით, შემოგვრჩა სისხლი იმდენი -

კვლავ რომ დავღვაროთ, დასჭირდება სამშობლოს თუკი!

 

და თუა ვინმე - ეს ამბავი არ სჯერა ვისაც,

ურწმუნო იგი - მით უმეტეს, თუა ქართველი!

არც მკვდარს, არც ცოცხალს, არ ეკუთვნის მას ქართლის მიწა,

კაცი ასეთი - ცხენის ძუით არის სათრევი!

 

„მეგონა საუკუნეების მიღმიდან მესმოდა მისი ხმა. ხმაც ისეთი ჰქონდა, რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე ძეხორციელის ყელიდან ამოსული... თითქოს ეს ხმა სიტყვების გარეშეც საბრძოლველად გეძახდა. თითქოს მისი გულიც მხოლოდ იმიტომ ძგერდა, რომ შენს მკერდქვეშაც აეჩქარებინა სისხლი "სად არ დაღვრილი... ნადიდგორალი, ნაშამქორალი". სახელიც ისეთი ჰქონდა - ძალიან ქართული და ჟღერადი, ხმადაბლა თქმა რომ არ მოუხდებოდა არაფრით. ამიტომ თუ დაასახელებდი, ომახიანად უნდა დაგესახელებინა - მუხრან მაჭავარიანი!" - ლელა ჯიყაშვილი.

 

ასეთი სათქმელის ასეთი ხმით წარმოთქმის შემდეგ, განა ვინმეს შეეძლო მოდუნებული, განცხრომაში მყოფი, სამშობლოსთვის ფიქრზე ხელჩაქნეული მუხრანის წარმოდგენა? ან კიდევ - საწოლს მიჯაჭვულისა და დადუმებულის, სიკვდილის მომლოდინის?

 

როგორი ომახიანიც იყო, ისევე ომახიანად დაასახელეს მისი ვინაობა იმ საღამოსაც, რომელიც აგერ, სულ ახლახან იყო: 2010 წლის 17 მაისს, რუსთაველის თეატრის სცენაზე, ფრიდონ ხალვაშის 85 წლისთავის იუბილის დროს...

 

მუხრანის გარდაცვალების დეტალებით კიდევ ერთხელ დაგიმძიმებთ განწყობილებას - მისი ბოლო ფრაზა ფრიდონ ხალვაშისადმი მიმართვის დროს იყო: „...ჩემო ფრიდონ, ყველას შენს მსგავსად როდი უყვარს სამშობლო..." ფრაზა - ფრაზად, მაგრამ ბოლო სიტყვას დააკვირდით...

 

ყველაზე ადრე პაუზა დარბაზში მყოფ მის ქალიშვილს, ნანას ემცხეთა, წამოდგა და როცა პოეტი უკან გადავარდა, შეჰკივლა კიდეც. მუხრან მაჭავარიანი უკანასკნელ გზაზე სწორედ იმ ქალიშვილის შეკივლებამ გააცილა, რომლის უწყინარ გართობაზე  წლების წინ უნიკალური ლექსი დაწერა"

 

ჩემს პატარა ნანას

 

პაწია ქვაბი ცხელია თითქოს,

ცხადია, იცი, არაა ცხელი.

და მაინც, მარდად იმარჯვებ ტილოს,

რომ არ დაგეწვას ხელი.

ანდა, თოჯინას აძინებ როცა,

საბანს უსწორებ, უწყრები თითით,

ძალიან კარგად იცი შენ თუმცა -

თოჯინა საბანს ვერ გადაიხდის...

მალე, სულ მალე, ოდეს აღარ იქნები ბავშვი,

და კაბის ჩაცმა არაერთხელ მოგიწევს შავის,

მაშინაც თუ არ მოიტყუე ასევე თავი,

ასევე თუ არ მოიტყუე მაშინაც თავი -

ვაი შენ, მაშინ!

 

პოეტს ძვალთშესალაგი ადგილი სიცოცხლეშივე, ლექსად ჰქონდა ნანატრი, როცა ამბობდა:

„რა ბედენაა დიდუბის ან მთაწმინდის მიწა,

თუ სიკვდილია!

აი, წოლა მესმის შამქორში!" - მაგრამ ქართველმა ხალხმა სხვაგვარად ინება და მუხრან მაჭავარიანს მთაწმინდაზე მიუჩინა ადგილი...

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1243 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები