ხუთშაბათი, 25.04.2024, 23:26
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » დავით აღმაშენებლის საფლავი და საიდუმლოება.
12:50
დავით აღმაშენებლის საფლავი და საიდუმლოება.

8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.

 

წინაპრის საფლავი ყოველ დროში და ყოველ ქვეყანაში საკრალურ ადგილად ითვლებოდა. 

განსაკუთრებული დატვირთვა აქვს გმირის, რელიგიური მოღვაწის, მეფის და სხვა დიდი ადამიანების უკანასკნელ განსასვენებელს ყველა ერისათვის. დიდი მოწიწებითა ეპყრობიან ასეთ ადგილებს: აშენებენ მავზოლეუმებს, სალოცავებს. ზოგიერთი ადამიანი სიცოცხლეში იმზადებდა თავის საძვალეს და ცდილობდა, მისი პიროვნებით, თუ საფლავით, სიკვდილის მერეც აღფრთოვანებულიყვნენ. დაწყებული პირამიდებიდან სხვადასხვა მონარქნი და ამა ქვეყნის ძლიერნი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს საფლავების პომპეზურობით, სილამაზით, სიმდიდრით...

 

ქრისტიანობამ პომპეზურობაზე უარი თქვა.

 

ყველა კონფესიის მიმდევრები ცდილობენ საკუთარი  წმინდანის, წინასწარმეტყველის, მოციქულის თუ მეფის საფლავზე მისულებმა განსაკუთრებული შეგრძნება განიცადონ და ეს გრძნობა დიდი ხნის მანძილზე გაჰყვეთ.

 

წინაპრის საფლავზე გასვლა და იქ რიტუალის ჩატარება: ლოცვა, ღვინის დალევა, სანთლის დანთება და ა.შ. მისტერიაა. იგი უუძველესი ხანიდან  მომდინარეობს.

 

ქართველებისათვის, მით უმეტეს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წინაპრის საფლავი. მთელი ჩვენი მიწა წინაპრების საფლავად მიგვაჩნია. ამიტომ ვიცავთ თავდაუზოგავად. ერთ-ერთი უდიდესი საფიცარია ჩვენთვის მამის საფლავი. აღდგომის დღესასწაულზე ყველაზე ამაღლებული გრძნობა, ალბათ, ლიტონიობის მერე, წინაპრების საფლავზე გასვლისას გვეუფლება.

 

ყველაფერს ვივიწყებთ, ყველაფერს გადავდებთ, ყველაფერს ვიშოვით საფლავზე გასატანად. იქვე ვხვდებით ნათესავებს. იქ არის ჩვენი უსათუო შეკრების ადგილი. მივალთ, მიგვიხარია რომ ვახაროთ _ ქრისტე აღსდგა!!!

 

გადავალთ წინაპრების საფლავებზე, ქედს მოვიხრით, თაყვანს ვცემთ, გადავაგორებთ წითელ კვერცხს, ღვინოს შევსვამთ და დავაქცევთ საფლავზე და ვალმოხდილები მოვდივართ იქიდან სიცოცხლის გასაგრძელებლად.

 

თაყვანისცემა ძველი ქართულ-ურარტული სიტყვაა და თავის მიწამდე დახრას, ქედის მოხრას ნიშნავს.

 

ქედის მოხრა, თაყვანისცემა საფლავზე მისტერიაა. ეს ყველა ხალხმა იცის, ამიტომ ფრანგებმა ნაპოლეონის საფლავს გადასახედი გაუკეთეს, თურმე, რათა გადაიწიო, მოიხარო და თაყვანისცემა გამოგივიდეს.

 

ცნობილია, რომ წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი უაღრესად განვითარებული ადამიანი იყო, როგორც ფიზიკურად და გონებრივად, ასევე სულიერად.

 

მემატიანის სიტყვებით, წმინდა მეფეს "ნადირთა დევნასა შინა ოდესმე მუხნარს წარექცა ცხენი". სამი დღეღამის მანძილზე თითქმის უსულოდ, უძრავად იწვა. მხოლოდ ოდნავი სუნთქვით მიხვდნენ რომ ცოცხალი იყო. სამი დღის მერე მან სისხლი ამოანთხია და გამოჯანმრთელდა. ლეგენდის თანახმად იგი თორმეტი ირმის მონაწველ რძეში განბანეს და ამის შემდეგ გაცოცხლდა. მართალია მემატიანე ამაზე დუმს, მაგრამ, ალბათ იმიტომ, რომ ეს საიდუმლოა. ამ დროს წმიდა მეფემ ქრისტიანული ინიციაცია გაიარა.

 

გელათი (გაენათი) დავით მეფემ ააშენა თავის საძუალედ და, რაც მთავარია, "სხუად ათინად" და "მეორე იერუსალემად". გელათი დიდი ხნის მანძილზე იყო აღმოსავლეთის ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სულიერ-კულტურულ-სამეცნიერო ცენტრი.   

 

წმიდა დავით აღმაშენებელი დაკრძალეს გელათის სამხრეთ შესასვლელში. "ესე არს განსასვენებელი ჩემი, ესე მთნავს აქა დავემკვიდრო მე”, აწერია მისი საფლავის ქვას მისსივე დიდი წინაპრის, დავით მეფსალმუნე მეფის სიტყვები. ეს ამართლებს ლეგენდას, რომლის მიხედვით წმინდა მეფემ მოისურვა ყველა ქართველს ფეხი დაედგა მისი საფლავისათვის.

 

მისი თავმდაბლობა არის მისი უდიდესი ნიჭი. მისმა ქრისტიანულმა თავმდაბლობამ გამოიწვია მისი მადლიანობა, "ძლევაო საკვირველი" დიდგორში, დიდი საქართველოს შექმნა, ქართველი ერის არსებობა დღემდე...     

 

მისმა თავმდაბლობამ უდიდესი მისტერია მოგვცა თითოეულ ქართველს.

 

აბა წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი გელათში: შევდივართ ეზოში (ახლა შესასვლელი სხვა მხრიდანაა). ფეხს ვადგამთ, გადავივლით ხელმწიფის საფლავს.

 

წმიდა მეფის საფლავზე ფეხის დადგმისას (და გადავლისას), გინდა თუ არ გინდა, თავი იხრება ქვეშ დასახედად – ეს ქედის მოხრაცაა (ამ ვითარებაზე დიდი ხნის წინ ყურადღება მიმაქცევინა ჩემმა მეგობარმა მალხაზ ბერიშვილმა). ეს თაყვანისცემაცაა ქრისტიანული თავმდაბლობისადმი, მისი უდიდებულესობისადმი – ხელმწიფისადმი.

 

გინდა თუ არ გინდა, მოწიწება ჩნდება და აღიძრება ფიქრები: რა დიდი კაცი იყო, როგორი დიდი ქვეყანა შექმნა, კი მაგრამ მე ვინ ვარ, რომ მის საფლავს ფეხი დავადგი, ასეთი პატიოსანი, წმინდა მეფე ასეთი თავმდაბალი იყო. მე?.... მე როგორ ვცხოვრობ? მე როგორი ქრისტიანი და ქართველი ვარ? და შემოდის ჩვენში მადლი კათარზისისა, განწმენდისა, რამეთუ შეუძლებელია ფეხი დაადგა წმინდა დავით მეფის საფლავს და არ იფიქრო, არ შეიცვალო...

 

მართალია დღეს დავით მეფის წმიდა ნაწილები აღარ განისვენებს საფლავში, მეთხუთმეტე საუკუნეში ისინი აღმოიყვანეს და გადააბრძანეს ტაძარში, საკურთხეველში. ახლა მისი წმინდა ძვლების ადგილსამყოფელი უცნობია. მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ჩვენ ფეხს ვადგამთ წმინდა ქვას წმიდა მეფის წმიდა საფლავს ანდერძისამებრ.

 

გაუჩინარებული საფლავების მისტერია კიდევ სხვაა. ჩვენ ვიცით, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიძინების მერე ზეცად იქნა აღყვანილი. ბევრი მოწამისა თუ გამოჩენილი პიროვნების საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია, მაგრამ გაუჩინარებული საფლავები თუ გაუჩინარებული წმინდა ნაწილები საკრალურ მოწიწებას მაინც (და შესაძლოა მეტადაც) გვინერგავენ.

 

საქართველოში გაუჩინარებული საფლავი (თუ ნაწილები) რამდენიმეა. ერთ-ერთი, გაუჩინარებული წმინდა ნაწილები დავით აღმაშენებლისაა. შესაძლოა, ის გელათის მონასტერში რომელიმე ადგილას გადამალეს, რათა მტერს არ ჩავარდნოდა ხელში.

 

გარდა ამისა, გელათში კიდევ რამდენიმე გაუჩინარებული თუ გასაიდუმლებელი საფლავია საგულვებელი. მაგალითად თამარ მეფისა. შესაძლოა თამარ მეფის წმინდა ნაწილები გელათიდან იერუსალიმსაა გადასვენებული.

 

თამარის საფლავი, ალბათ მართლაც, გახდებოდა ძარცვის ობიექტი ურჯულოთა მხრიდან. მტრებს ეგონებოდათ, რომ ის სიმდიდრით, განძით იქნებოდა სავსე. წმინდა თამარი ხომ უმდიდრესი ქვეყნის ხელმწიფე იყო. მტრები  ფიქრობდნენ, ქართველები ტაძრებში განძს მალავდნენო. ამის დამადასტურებელია განძისმაძიებელთა მიერ გადათხრილი და აფეთქებული ქართული ტაძრები დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე.

 

ქართველები მართლაც მალავდნენ ტაძრებში, და სხვაგანაც, განძს, ხშირად ეს ძვირფასად მოოჭვილი ხატები და წმინდა წიგნები იყო. მაგრამ, შეუძლებელია, რომელიმე მეფისთვის, მით უმეტეს, წმინდა ცხოვრებით ცნობილისთვის, როგორიც დავით აღმაშენებელი და თამარი იყვნენ, ოქრო ჩაეტანებინოთ საფლავში. პირიქით, მათი საფლავები განსაკუთრებული ქრისტიანული სისადავით იქნებოდა გამორჩეული, როგორც ბერ-მონაზვნების სამარეები.

 

ასევე არ ჩანს ლაშა-გიორგის და სხვა მეფეების საფლავები გელათში. შესაძლოა, არა ტაძარში, არამედ ტაძრის ეზოში კრძალავდნენ დიდი საქართველოს მეფეებს. რაც დამაჯერებლად არ მიმაჩნია. ჩვენი აზრით, გელათში სადღაც უნდა იყოს, დროთა განმავლობაში, შემთხვევით გასაიდუმლოებული სარკოფაგი. ვფიქრობ, გელათის ტაძარი როცა გაგვიხსნის თავის საიდუმლოს, ბევრი სურპრიზი გველოდება.

 

ასეა თუ ისე, ყოველი ქართველი ვალდებულია შეასრულოს მეფის ანდერძი და ფეხი დაადგას საფლავის ქვას (სასურველია ქვას გადაეფაროს გამჭვირვალე, გამძლე მასალა, რათა არ გაფუჭდეს წარწერა, არ გაიცვითოს ქვა).

 

ქართველი, რომელიც შეასრულებს წმიდა მეფის ანდერძს უფრო კარგი გახდება... არ არის აუცილებელი არც სიტყვების წარმოთქმა და არც პომპეზურობა. უბრალოდ ფეხი უნდა დავადგათ წმიდა დავით მეფის საფლავის ქვას...


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1113 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები