პარასკევი, 29.03.2024, 14:52
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » ჩრდილოეთ კავკასია – რუსული სახელმწიფოს “აქილევსის ქუსლი”.
19:39
ჩრდილოეთ კავკასია – რუსული სახელმწიფოს “აქილევსის ქუსლი”.

ჩრდილოეთ კავკასია მეტროპოლიის მისამართით მუქარას განაგრძობს. ჩეჩენი საველე მეთაური დოკუ უმაროვი ტერაქტზე პასუხისმგებლობის აღების შემდეგ, მორიგი განცხადებებით გამოდის და განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ტერორისტულ აქტებს იძულებითს უწოდებს. ჩეჩენი მეამბოხეები ირწმუნებიან, რომ რუსეთის კავკასიელი მოქალაქეების სასტიკი ნაბიჯები მთლიანად კრემლის "ბინადრების” პროვოცირებულია, რომლებიც კავკასიელებს არა მხოლოდ საკუთარ მიწა წყალზე, არამედ რუსეთის მთელ ტერიტორიაზე დევნიან.

 

ტერაქტები კი, ჩრდილოკავკასიელების მტკიცებით, რუსი ხალხის გამოსაფხიზლებლადაა მიმართული, რომელიც ხელისუფლებას ჩადენილ ქმედებებზე პასუხს არ სთხოვს. უმაროვი იმასაც დაიმუქრა, რომ ასეთი ოპერაციების რაოდენობას მომავალში კიდევ უფრო გაზრდის. თუმცა, მშვიდობიანი, უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტა, ჩრდილო კავკასიელ ემისრებს ვერანაირი ლოგიკით ვერ ამართლებს. რუსების ნაწილი ყოველგვარი ტერაქტების გარეშეც დიდი ხანია ხედავს, რომ ჩრდილო კავკასია მათი სახელმწიფოსათვის "დენთის კასრია,” რომელიც როდის აფეთქდება და გადაიყოლებს დანარჩენ სახელმწიფოში არსებულ მოჩვენებით სტაბილურობას, არავინ უწყის.

 

ამიტომაც არის, რომ იგივე რუსულ ინტერნეტ-სივრცეში, რომელიც ისე იოლად ვერ კონტროლდება, როგორც რუსული მედია, იატაკქვეშა მოსაზრებები სოკოებივით მომრავლდა. რუსები თვლიან, რომ სიტუაციის ცვლილება აუცილებელია. ამას კი ინტერნეტ-სივრცის გარდა, უკვე სტატისტიკური კვლევებიც ადასტურებს. მხოლოდ ორი პროცენტი მიიჩნევს, რომ ჩრდილო კავკასიაში სრული სიმშვიდე და კეთილდღეობაა. ეს ორი პროცენტი ალბათ ვარსკვლავით შემკული შენობის დერეფნებში თუა გამოვლენილი, თორემ 90 პროცენტი რესპოდენტებისას, სამხრეთ რეგიონის მდგომარეობა უკიდურესად აშფოთებს და ხელმძღვანელობისაგან სასწრაფო ჩარევას ითხოვს.

 

სიტუაციის განვითარების პროგნოზირებისას, რუსების უმრავლესობა პესიმისტურად არის განწყობილი. როგორც ჩანს, ნაკლებად არიან დარწმუნებულნი მმართველი ორეულის ქმედითუნარიანობაში და მიიჩნევენ, რომ კავკასიის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე დომხალი და არეულობა კიდევ დიდხანს შენარჩუნდება.

 

ამასობაში დღეს არ გავა, რომ კავკასიის ჩრდილოეთ ნაწილში, დაღესტნიდან მოყოლებული ყაბარდო-ბალყარეთამდე, ან თავდასხმა არ მოხდეს, ან აფეთქება, ან დიდი მასშტაბის კრიმინალური აქტი. კრემლის ემისარი ჩრდილო კავკასიელი ჩინოვნიკები ამაოდ ცდილობენ მოსახლეობაში იდეოლოგიურ-პროფილაქტიკური თუ საინფორმაციო-განმარტებითი სამუშაოების ჩატარებას. აგიტ-პროპაგანდა საქმეს ვერ შველის.

 

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ფედერალური ხელისუფლების ადგილობრივ მოსამსახურეებს აწუხებთ, არის ის, რომ ამ ათასი ჯურის უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს დაფინანსების ფარული და გაურკვევლი წყაროები არ ელევათ. ამასთან ბრძოლა და მისი დამარცხება კი კრემლმა ვერაფრით შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ორგანოები რა საშუალებას აღარ მიმართავენ პროცესის აღსაკვეთად, სასტიკი სასჯელით ემუქრებიან ყველას, ვინც არა მხოლოდ ტერირისტებს და ექსპტემისტებს, არამედ მათ ოჯახის წევრებს და ახლობლებს გაუწევენ მხარდაჭერას, ეს მდგომარეობას არ ცვლის.

 

ახალი, თანამედროვე, მშვიდი და მორჩილი კავკასიის რეგიონის საკუთარ ოცნებაში დახატული პროექტი, აშკარაა, რომ კრემლს თვალსაწიერ მომავალში მირაჟის დონეზეც კი არ ეჭყანება. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ჩინოვნიკ-მარიონეტები ილუზიებში ცხოვრებას მაინც განაგრძობენ და ეკონომიკის განვითარებას, უმუშევრობის დაძლევას და ინოვაციების დანეგვას ჰპირდებიან ქვეშევდრომთ, გამეფებულ უმძიმეს კორუფციაზე კი საუბარის დონეზეც არაფერი ფიქსირდება.

 

ამის პარალელურად, ბანდიტებად სახელდებული მეამბოხეების მცირე რაზმების გასანეიტრალებლად ხან კადიროვს და ხან სხვა რომელიმე ხელისუფალს ლამის მთელი ქვედანაყოფები გამოჰყავთ. სიტუაცია კი ემსგავსება იმ ზღაპარულ ქოთანს, პატრონები რძეს რომ სვამენ და მაინც არ იცლება. ურჩხულის მოკვეთილი თავის ადგილას 10 თავი ამოდის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ეგზოტიკური რეგიონი კვლავ ქაოსის და არეულობის ჭაობშია ჩაძირული.

 

ამ ყველაფრის პარალელურად, ისლამური რადიკალიზმი წლითი წლობით აქ სულ უფრო და უფრო მატულობს. წლების წინ, როდესაც მაშინ პრეზიდენტის სტატუსის მქონე ვლადიმერ პუტინმა რუსეთი მსოფლიო მუსულმანთა მფარველად და მხარში მდგომად გამოაცხადა, ჩრდილო კავკასიელებმა იმთავითვე დააფიქსირეს საკუთარი აზრი და კრემლის ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით განცხადებებითაც გამოვიდნენ. პუტინი თუ მსოფლიოს დასანახად კრემლის მბრწყინავ დარბაზებში მთელი მსოფლიოს მიერ მოკვეთილ და ტერორისტების შავ სიაში შეყვანილ "ჰამასის” ლიდერებს ოფიციალურ მიღებას უმართავდა და მფარველობას ჰპირდებოდა, იმ დროს კავკასიელ მუსულმან თანამოქალაქეებს საკუთარ მიწაზე სდევნიდნენ, რუსი თუ თანამემამულე ჩინოვნიკები, ან რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ჯგროებად მოშლიგინე ნაცისტურ-ფაშისტური ორგანიზაციების წევრები.

 

ამიტომ მსოფლიოში მაშინ ბევრს არ დაუჯერებია კრემლის ლოიალური განწყობა მუსულმანური სამყაროსადმი და, როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, არცთუ უსაფუძვლოდ. საბოლოოდ კი, რუსეთმა მიიღო არა მხოლოდ ჩრდილოკავკასიური, არამედ სხვადასხვა წარმოშობის ისლამური ორგანიზაციების ქსელის დიდი აგრესია და გამოუცხადებელი ომი მისი სახელმწიფოებრიობის და, რაც ყველაზე სამწუხაროა, საზოგადოების წინააღმდეგ, რასაც უკვე უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსახვერპლა.

 

მედვედევიც და პუტინიც, მთელი თავისი აბუსურდული მმართველობების განმავლობაში გამოდიან სხვადასხვა პოპულისტური ნაბიჯების აფიშირებით: ხან ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მასობრივ გარდაქმნას აანონსებენ, ხან არმიის თუ სპეცსამსახურების რეფორმებზე საუბრობენ, ხან მორიგ თავდაცვის დოქტრინას აქვეყნებენ, მაგრამ ეს ამხელა ბირთვული იმპერიული სახელმწიფო შიშით ცახცახებს დ ვერ ლაგმავს რამდენიმე ათეული მეამბოხის თავდასხმებს.

 

ამ ფენომენის და რეალობის გაცნობიერება კი, რუსულ ოფიციოზს მაინცდამიანც დიდად არ ხიბლავს. როგორც თავად რუსები ირონიულად შენიშნავენ, ტერორიზმთან ბრძოლაში იხარჯება დღეს არა მხოლოდ კონკრეტული სამსახურები, არამედ მთელი რუსეთი, მისი მთელი ბიუჯეტი, პოლიტიკური და ფინანსური რესურსები, სპეცსამსახურები, არმია. ეს დაუსრულებელი და უშედეგო ბრძოლა მიწასთან ასწორებს რუსულ ეკონომიკას, სოციალურ სფეროს აუარესებს, ასევე ძაბავს კრიმინალურ სიტუაციას. მწვავე ალერგიული რეაქცია კი შეიძლება ძალიან საშიში გახდეს.

 

ამ დროს კი რუსულ სახელმწიფოს აზრადაც არ მოსდის, რომ, პირველ რიგში, საკუთარი მენტალიტეტი და მიდგომები აქვს შესაცვლელი, რომ ვიდრე ასეთი პოლიტიკა გაგრძელდება, დაღესტანში თუნდაც ათეულობით ათასი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის ყოლა აზრსმოკლებული დარჩება.

 

რუსეთმა ვერაფრით გაითავისა, რომ მისი ყველაზე დიდი პოტენციური საფრთხე რუსული რადიკალური ნაციონალიზმია, რომლიც უწევს პროვოცირებას ყველა დანარჩენ მოვლენას და რომელსაც, თავის მხრივ, თვით რუსული სახელმწიფო აპროვოცირებს. ეს არის მტერი, რომელსაც შეუძლია, რეალურად გაანადგუროს რუსეთი. საკუთარი თანამოქალაქეების სახელმწიფოში ინტეგრაციაზე რუსეთი ყველაზე ნაკლებად ზრუნავს.

 

ხშირად გადააწყდებით მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ იგივე დაღესტნელები ძნელად ინტეგრირდებიან რუსებთან, ახალგაზრდებს კი ისეთი ხასიათი აქვთ, რომ მათგან კრიმინალური ან ნახევრადკრიმინალური ქმედებების გარდა სხვა არაფერია მოსალოდნელი, რუსი მასწავლებლები ინგუშ ბავშვებს ახსენებენ, რომ მათი პაპები ჰიტლერისათვის თეთრი ცხენის დახვედრებას აპირებდნენ... ეს დამოკიდებულება თანამოქალაქეების მიმართ რუსეთში ჩვეულებრივ მოვლენაა, რაც შემდეგ ჩრდილოკავკასიელების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას და უამრავ პრობლემას განაპირობებს.

 

ისტორიას რომ გადავხედოთ, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ბორის ელცინის პერიოდიდან, რეგიონში "მშვიდობის” დამყარება აღინიშნება მძევლების გატაცებებით, თავდასხმებით თუ ფართომასშტაბიანი ტერაქტებით. Mმდგომარეობა არც საკუთარი ემისრების რეგიონში დანიშვნამ გამოასწორა და ამ შედეგებს რუსული სახელმწიფო ყოველდღიურად. დენთის სუნის ტრიალის ფონზე, უმძიმესი შედეგებით იმკის.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1015 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები