ხუთშაბათი, 25.04.2024, 09:36
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » საჭიროა თუ არა ბავშვების დასჯა.
08:00
საჭიროა თუ არა ბავშვების დასჯა.

კითხვაზე - საჭიროა თუ არა ბავშვის დასჯა ცუდი საქციელისთვის, ჩვეულებრივ, ყველა ერთგვაროვნად პასუხობს: „საჭიროა!" აზრთა სხვადასხვაობა დასჯის მეთოდის შერჩევისას წარმოიშობა. არიან დარიგება-დაყოლიების მომხრეები, მშობლები, რომლებიც სილას საუკეთესო საშუალებად თვლიან, თუმცა, არიან სხვებიც, რომლებიც სკანდალებით, ბავშვისათვის გართობის, გასეირნებისა და ტკბილეულის აკრძალვის მუქარითაც კი ცდილობენ პრობლემის მოგვარებას.

ფიზიკური დასჯის მომხრეები ჩვეულებრივ იმ არგუმენტით ხელმძღვანელობენ, რომ მათაც მოხვედრიათ ბავშვობაში. სამაგიეროდ, ხომ ჩამოყალიბდნენ კარგ ადამიანებად? მათ რომ ჰკითხოთ, არასოდეს  ყოფნით დრო ბავშვთან საუბრის გაბმისა და მისი დარიგებისთვის – როდისღა იმუშაონ, ოჯახი ხომ უნდა შეინახონ? 
სამსახურიდან დაბრუნებული დაღლილი მშობლები, მაინცდამაინც არ ცდილობენ იმ მიზეზებში გარკვევას, თუ რატომ მიიღო ბავშვმა ცუდი ნიშანი ან რატომ მოიქცა ცუდად გაკვეთილებზე, რისთვის იჩხუბა. სამაგიეროდ, ისინი ჩვეულებრივ, მთელი ძალისხმევით დაატეხენ ხოლმე დამნაშავეს თავს  რისხვას და თან ადრინდელ ცოდვებსაც გაახსენებენ.

ის მშობლები კი, ვინც თვლის, რომ მათი ბავშვი ანგელოზია, აშკარა დაუმორჩილებლობისა და ცუდი საქციელის შემთხვევაშიც კი მასწავლებელს, თუ სხვა ბავშვებს ადანაშაულებენ. ნებისმიერი რამ, ოღონდ არა საკუთარი შვილი! უკეთეს შემთხვევაში, ისინი ბავშვს ალერსიანად დატუქსავენ.

ნებისმიერი უკიდურესობა მცდარია. სულ ერთია, ამგვარ შეცდომებს საკუთარი სიზარმაცის გამო სჩადიან მშობლები, დროის უკმარისობისა, თუ დაღლილობის. მთავარია, რა  შედეგები მოყვება შემდგომში.
გასაგებია, რომ დასჯა ბავშვს გამოსწორებაში უნდა დაეხმაროს  და ცუდი საქციელის გამეორებისგან დაიცვას. ეს იმას ნიშნავს, რომ დასჯის ნორმების გააზრება და სწორად განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ბავშვს ხშირად ნებისმიერი საბაბით ეჩხუბებით, ნუ გაგიკვირდებათ, თუ მას თქვენი არ ესმის და თავისთვის ფიქრობს: „აი, დაიწყო ახლა!" ამ შემთხვევაში მხოლოდ განწყობას გაიფუჭებთ და შედეგს ვერ მიაღწევთ.

თუ გსურთ, რომ ბავშვმა მოგისმინოთ და დაგიჯეროთ, დატუქსეთ ის მხოლოდ სერიოზული დანაშაულისთვის. ამასთან, კარგად აუხსენით, კონკრეტულად რით ხართ უკმაყოფილო და რატომ, რათა ის დაფიქრდეს საკუთარ საქციელსა და მის შედეგებზე.

ნებისმიერ ასაკში ბავშვი უნდა ხვდებოდეს, რომ მისმა ცუდმა ქცევამ შეიძლება მშობლის რისხვა გამოიწვიოს, მაგრამ ამასთან, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ დედას და მამას მაინც უყვართ და არ დაუშვებენ მის დამცირებას, ადამიანური ღირსების შეურაცხყოფას. პირიქით, დაეხმარებიან იმის გარკვევაში, თუ რა არის კარგი და რა – ცუდი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის სხვის თვალწინ დასჯა. ეს გააფთრებასა და სირცხვილის გრძნობას გამოიწვევს მასში და მშობლის მიმართ წყენას დაუტოვებს, საკუთარი საქციელის გააზრებისა და სინანულის გრძნობის მაგიერ.

თუ მასწავლებლები, აღმზრდელები, მეზობლები და ა.შ. უჩივიან თქვენს ბავშვს, ნუ იჩქარებთ მის დასჯას. ზრდასრული ადამიანებიც ხომ შეიძლება ცდებოდნენ და არაობიექტურები იყვნენ. ამ დროს მთავარია, ბავშვთან ერთად გაერკვეთ მომხდარის არსში, თუ რაში ადანაშაულებენ მას.

რა თქმა უნდა, ბავშვის ცუდ საქციელთან დაკავშირებული საჩივრების უყურადღებოდ დატოვებაც დაუშვებელია. ეს მას იმის შეგრძნებას ჩამოუყალიბებს, რომ ყველაფერი ეპატიება. თუმცა, გამუდმებული ჩხუბიც საშინელებაა. ის საწამლავივით ეწვეთება ბავშვს გულში და შედეგად გაბოროტებასა და შურისძიების გრძნობის გაღვივებას იწვევს. თუ რით შეიძლება დასრულდეს ამგვარი მდგომარეობა – გაუთვალისწინებელია.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ დასჯის მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს დანაშაულის სიმძიმეს, და რა თქმა უნდა, არ უნდა ვნებდეს ბავშვის ჯანმრთელობას! თუ დარწმუნებული არ ხართ, დასასჯელია თუ არა ბავშვი, უმჯობესია, თავი შეიკავოთ. პროფილაქტიკისთვის ამის გაკეთება არ ღირს! ასევე, ნუ დააგროვებთ მის ცუდ საქციელებსა და დანაშაულებს იმისთვის, რომ შემდგომ „სასამართლო პროცესი" მოუწყოთ. დასჯა უნდა მოხდეს კონკრეტული საქციელის შემდეგ და არა რამდენიმე ხანში, როცა ყველაფერი ერთად გაგახსენდებათ.
ამასთან, თუ ბავშვი რაიმეზე უკვე დასჯილია ერთ-ერთი მშობლის მიერ, ნუ დაუმატებთ კიდევ, ეს უსამართლობაა. ნუ დასჯით ძილით, სახლის საქმის კეთებით, გაკვეთილებით, გასეირნების აკრძალვით. ეს გამოიწვევს სიძულვილს სკოლის მიმართ და თქვენი დახმარების სურვილს საერთოდ დააკარგვინებს.  დასჯის მიზნით ნუ წაართმევთ საჩუქრებს – ეს ულამაზო ჟესტია, თქვენ ხომ ამ საჩუქრებს სიყვარულითა და მზრუნველობით უკეთებდით.

 აუცილებლად შეურიგდით ბავშვს დასჯის შემდეგ და აღარასდროს გაიხსენოთ ეს ისტორია. ბავშვები სითბოში უნდა იზრდებოდნენ. ამიტომ ძლიერ გაბრაზების შემთხვევაშიც კი ჯერ დაწყნარდით და ნუ მიმართავთ ბავშვს, ისე როგორც თითქოს თქვენი შვილი კი არა მტერი იყოს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 930 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები