ხუთშაბათი, 25.04.2024, 20:14
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » მერაბ ნინიძე - კულტურა არ ცნობს მტრობის ენას.
10:56
მერაბ ნინიძე - კულტურა არ ცნობს მტრობის ენას.

ნოემბერს 45 წლის გახდა. ლიტერატურის მუზეუმში 3 ნოემბრის საღამოს მთავარ გმირი სწორედ ის გახლდათ. ვალერიან გაფრინდაშვილისა და პაოლო იაშვილის ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხა და ამით მუზეუმში „ჰაშიშით მთვრალი დეკადენტების" ციკლი გაიხსნა. იდეა ლიტერატრის მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძისა და მერაბ ნინიძის ვენაში შეხვედრის დროს გაჩნდა. 

ღიმილი, ძველებური მაგიდა და ერთი ჭიქა წყალი - სულ ეს არის ერთი მსახიობის წარმოდგენის დეკორაცია. იუბილარს თითქმის ორსაათიანი იმპროვიზებული წარმოდგენის შემდეგ გავესაუბრეთ. 
  
- გიზო ჟორდანია, თქვენი თეატრალური ჯგუფის ხელმძღვანელი ერთგან იხსენებს, რომ მისაღებ გამოცდებზე სხვები გაცილებით მეტად იქცევდნენ ყურადღებას, ვიდრე თქვენ: „საცოდავი იდგა, მაგრამ... მაგრამ აი, თვალის ფსკერზე ისეთი ეშმაკები უბრწყინავდნენ მას, რომ... მე დავინახე, რომ ამისგან რაღაც სერიოზული გამოვიდოდა და ასეც მოხდა!.."  ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ მსახიობად ითვლებით. რამდენად რთული იყო ამ გზის გავლა?
- ეს გზა ჯერ არ დამთავრებულა. სულ მგონია, რომ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო და საინტერესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის. გზის დასაწყისი არაჩვეულებრივი იყო: ბატონი გიზოს ჯგუფში მოხვედრა ჩემთვის დიდი გამართლება იყო -  ჩემით დაინტერესდა და დაიჯერა, რომ რაღაც შემეძლო. ამ ყველაფერმა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მომცა: ძალიან ახალგაზრდამ დავიწყე საინტერესო როლების შესრულება და 5 წლის განმავლობაში რუსთაველის თეატრს შევეთვისე. არასდროს დავლოდებივარ როლებს დიდი ხანი, არც უმუშევარი ვმჯდარვარ წლების განმავლობაში. ზოგადად, ჩვენი ჯგუფის ყველა წევრმა ადრეული ასაკიდანვე მიაღწია წარმატებას: მაყურებელი ჩვენს სანახავად მოდიოდა. მაშინ ამას ისე აღვიქვამდი, თითქოს სხვაგვარად არც შეიძლებოდა, მაგრამ მერე ვხვდებოდით, რომ ყველას არ ჰყავდა ისეთი მაყურებელი, როგორიც  - ჩვენ.

ვფიქრობ, რომ პროფესიული თვალსაზრისით შედარებით იოლი ცხოვრება მაქვს. თუმცა, მსახიობს ყოველი ახალი როლით ბევრი რამის დამტკიცება უწევს: ახალი ფილმის დროს ყველაფერს ნულიდან იწყებ, რადგან ძველი როლები ხალხს თითქმის აღარ ახსოვს. ყოველი გამოწვევით მსახიობიც თითქოს ახლდება საკუთარ თავში და არ ტკეპნის ერთსა და იმავე ადგილს. არიან მსახიობებიც, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთ როლს თამაშობენ...

          

- 1986-1991 წლებში რუსთაველის თეატრის სცენაზე თამაშობდით. დასის წევრები ხშირად იხსენებენ, თუ  როგორ „დაგდევდათ" თაყვანისმცემლების დიდი არმია. განსაკუთრებით ბევრი ნატრობდა „ანა ფრანკის დღიურებში" ნინო თარხან-მოურავის ადგილას ყოფნას და არც თუ იშვიათად ნახავდით სპექტაკლის აფიშაზე წარწერას "მერაბ, მიყვარხარ"... ახლაც ასეა?
- კი, დღესაც ძალიან დიდ სითბოს ვიღებ უცნობი ხალხისგან, თუმცა ისინი, რომლებიც რუსთაველის თეატრის სალაროსა და აფიშებზე ამ წარწერებს ტოვებდნენ, უკვე საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ, მათ უყვართ და მათზე ზრუნავენ - დღეს შვილები და შვილიშვილები ჰყავთ. თუმცა, 80-იანი წლების სპექტაკლები დღემდე ახსოვთ. წარწერები სალაროებზე იყო, თეატრიდან რომ წამოვედი, რა თქმა უნდა, გადაღებეს. თუმცა, დღესაც თუ მიხვალთ და იმ კედლებს რამდენიმე შრეს ჩამოაშორებთ, სიყვარულის ახსნის ამოკაწრულ ფაქტებს აღმოაჩენთ.

- დღესაც ბევრი იხსენებს, რომ თეატრის სალაროებთან გრძელ რიგებში იდგა, მეგობრების დაბადების დღეებზე არ მიდიოდნენ და ხუთჯერ ნანახი სპექტაკლის მეექვსედ სანახავად გარბოდა. მსახიობებიც ლამის ჯადოქრებივით აკვირვებდნენ აუდიტორიას. მიზეზი რომანტიზმი, თავისუფლების წყურვილი თუ შემოქმედებითი თვითრეალიზაცია იყო?
- ყველაფერი ერთად. სულ სხვა დრო იყო. საბჭოთა კავშირი იშლებოდა, რეჟიმი მოდუნებული იყო _ სხვებთან შედარებით, გაცილებით ლმობიერ დროში გვიწევდა ცხოვრება - არავის სჯიდნენ, თუ პარტიაში არ გაწევრიანდებოდა.  სწორედ ამ დრომ შვა ახალგაზრდა თაობაში მოთხოვნილება, ჰყოლოდა მისაბაძი ადამიანები, რომელთა ნახვის სურვილს თეატრში მიჰყავდა. სპექტაკლებიც სულ სხვა ენერგიით იყო სავსე - წრეც იკვრებოდა და ეს დადებითი ენერგია გვაერთიანებდა ყველას - მაყურებელსაც და მსახიობსაც.

- ინგმარ ბერგმანმა თქვა ერთხელ: „თეატრი ჩემი უერთგულესი მეუღლეა, კინო კი  - ძვირად შესანახი საყვარელი". თქვენ რომლის ერთგულება გიადვილდებათ? 
- ძალიან მიჭირს ერთი და იმავეს კეთება. თეატრი ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, თეატრში ვიმუშაო და ყოველდღე რეპეტიციებზე ვიარო. ამ სტრუქტურას ვერ ვეწყობი _ თითქოს თავისუფლებას მიზღუდავს. თავის დროზე ამიტომაც წამოვედი სცენიდან. თუმცა, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი კონკრეტულ პროექტზე, მაგრამ ამაზე მსახიობი ვერ იფიქრებს, ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, თუ სად ითამაშო და ესა თუ ის როლი რომელ სპექტაკლში განასახიერო. სწორედ ამიტომ მე და კინო ვართ „შეუღლებულები".

ბოლოს სცენაზე თბილისში 2003 წელს ვიდექი. რა თქმა უნდა, მენატრება თეატრი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ სცენა არსად გაიქცევა. ერთსაც გეტყვით, განსაკუთრებით ქართულ თეატრში თამაში მიყვარს _ ეს სულ სხვა რამეა ჩემთვის და თბილისურ სცენაზე თავს როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობ. კინოგადაღებების რეჟიმი არ მაძლევს საშუალებას,  თეატრში აქტიურად ვიმუშაო. თუ იმას მოვახერხებ, რომ ხანდახან მაინც სამშობლოში ვითამაშო, ძალიან ბედნიერი ვიქნები. თუმცა, არ ვიცნობ ახალი თაობის ქართველ რეჟისორებს, ჩემთვის მაინც ლევან წულაძეა ყველაზე ახლობელი, რადგან ერთად გვიმუშავია.

          

- კინოში თქვენი პირველი ტრიუმფი თენგიზ აბულაძის „მონანიებაში" შედგა. განასახიერეთ თორნიკე, რომელმაც წინა თაობის ცოდვათა სიმძიმისა და ახალი თაობის გამოსაფხიზლებად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 1984 წელი იყო და საქართველოში რეჟიმის დასასრულის დასაწყისი ახლოვდებოდა. როგორ ფიქრობთ, თანამედროვე საქართველოში თორნიკე არაბიძის ადგილი არის?
- ბატონ თენგიზს 16 წლის ასაკში შევხდი. „მონანიების" სცენარი რომ წავიკითხე, ცოტა არ იყოს, მეწყინა, ჩემი ასაკის ადამიანი რატომ უნდა მოკვდეს-მეთქი. იმ დროს ჩემთვის დამახასიათებელი მაქსიმალიზმით ვკითხე კიდეც ბატონ თენგიზს -  რატომ უნდა მოკვდეს თორნიკე-მეთქი? წავიდეს, გაიქცეს ქვეყნიდან, გვარი გამოიცვალოს, მოშორდეს, იცხოვროს, ოღონდ არ მოკვდეს-მეთქი, ვთხოვდი რეჟისორს. ბატონ თენგიზს გაეცინა და მითხრა: შენ ამას ჯერ ვერ მიხვდებიო. ახლა, მართლა, ვაცნობიერებ, თუ რა სიმბოლო ჩადო რეჟისორმა თორნიკეს თვითმკვლელობაში. ახალგაზრდამ საკუთარი სისხლის ფასად ოჯახის გაქვავებული ნამუსის და სრულიად საზოგადოების გამოფხიზლება განიზრახა. თორნიკე ჩემთვის დღემდე იდეალისტური აზროვნების მქონე პერსონაჟად რჩება და მგონია, რომ იმ თაობას მართლაც  სჭირდებოდა ასეთი თვითმკვლელი რადიკალიზმი.

- ვენა-თბილისი-ვენა... უკვე 15 წელია, თქვენი ცხოვრების უცვლელ რეისად იქცა. რა გენატრებათ თბილისში ყველაზე მეტად?
- ის თბილისი, რომელიც უცხოეთში ყოფნისას მენატრება, უკვე აღარ არსებობს. ახლანდელი თბილისი უკეთესი ან უარესი კი არ არის, უბრალოდ სხვანაირია. იმ თბილისმა გამზარდა, ჩამომაყალიბა და სწორედ ეს მაცოცხლებს დღემდე. მეტიც, სწორედ ის ადამიანი ვარ, რომელიც 80-იან წლებში თბილისის ქუჩებში დადიოდა. უცხოეთში ცხოვრებას ევროპელად არ გადავუქცევივარ. უბრალოდ, იქაც ბევრი რამ არის, რისი სწავლა, გათავისება და ისევ აქ ჩამოტანა შეიძლება.

ეს საღამოც მონატრების და ლაშა ბაქრაძის „ბრალია". მივჩნევ, რომ ამ ადამიანებზე, რომელთაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ გააკეთეს ქართულ კულტურაში, მეტი უნდა ვიცოდეთ: ქართული ენა ფრანგულ სიმბოლიზმზე დაამყნეს, აზროვნების და ცნობიერების სფერო გააფართოეს, ქართული ყოფა მეტად კეთილშობილური გახადეს. ბუნებრივია, „ცისფერყანწელების" მსგავსი პროგრესული ადამიანები საბჭოთა რეჟიმისთვის მისაღები ვერ იქნებოდა, ამიტომაც დახვრიტეს. ტიციანიც, პაოლოც და ბევრი სხვაც რელიგიური სიმტკიცით დააკვდნენ თავისუფალ და ამაღლებულ აზროვნებას. ამასთან, მათ, ვინც საკუთარი ნიშა იპოვეს ახალ სისტემაში, არა მგონია, ბედნიერი ცხოვრება ჰქონოდათ საბჭოთა კავშირში. დახვრეტილი ხელოვანები დღევანდელობასაც კი შთააგონებენ განვითარებას, თავისუფლებას, ამიტომაც ვფიქრობ, რომ მათი შემოქმედების ხელახალი აღორძინება-რენესასნი უნდა მოხდეს.

          

- თბილისში რუსული კინოს ფესტივალის ორგანიზატორების მიწვევით ჩამოხვედით. 4-8 ნოემბერს თბილისელი მაყურებელი რუსი რეჟისორების 30-ზე მეტ ნამუშევარს იხილავს. როგორ ფიქრობთ, კინოს და ზიგადად, კულტურას შეუძლია მშვიდობისმოყვარე დესპანის როლის შესრულებას?
- მთხოვეს, რუსული კინოს ფესტივალის სტუმრებს მივსალმებოდი. 2008 წელს ერთ-ერთ რუსულ ფილმში მივიღე მონაწილეობა და ალბათ ამიტომ იფიქრეს, რომ მე უფრო ადვილად დავაკავშირებდი ქართველ და რუს ხელოვანებს. რუსული კინოს ფესტივალში განსაკუთრებულს არაფერს ვხედავ. ცოტა ხნის წინ ბუდაპეშტში ვიყავი და ვნახე, რომ იმ მოედანს, სადაც რუსულმა ტანკებმა უნგრელებს გადაუარეს, დღესაც მოსკოვის მოედანი ჰქვია, მოედნის ცენტრში კი იმ ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა პატივსაცემად მონუმენტი დგას. გაკვირვებულმა ვიკითხე: მოსკოვის მოედანი რატომ დაარქვეს-მეთქი? სწორედაც მოსკოვის უნდა ერქვასო და არა, შანხაისო, _ მიპასუხეს, _ ეს ჩვენი ისტორიაა და მუდამ უნდა გვახსოვდესო. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ფესტივალის ჩატარებას ვერ შეედრება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ომის მიუხედავად, კულტურას ეს ყველაფერი არ უნდა შეეხოს. ჩვენი ხელოვანები არა სტამბულსა და თეირანში, არამედ მოსკოვში, პეტერბურგსა და კიევში დადიოდნენ და იქიდანაც ძალიან ბევრი სიახლე მკვიდრდებოდეს. კულტურა არ ცნობს მტრობის ენას, ამიტომაც მსგავს ფესტივალებს მივესალმები. თუმცა, კულტურაში ყოველთვის არის პოლიტიკა. ამასთან, რაც უფრო არაპოლიტიკურია, მით უფრო მიმზიდველი და მნიშვნელოვანია იგი. თან, ადრე თუ გვიან, ხომ უნდა შევრიგდეთ, ვინმე აპირებს 50-წლიანი ცივი ომის გამოცხადებას? რაღაცამ ხომ უნდა დაგვაწყებინოს ერთმანეთთან საუბარი? რუსეთში რაღაც შეიცვლება, ადრე თუ გვიან და დიალოგი დაიწყება, ვერ გამიგია, XXI საუკუნეში როგორ უნდა ვიცხოვროთ მსგავსი ურთიერთობებით.

- თანამედროვე ქართულ კინოზე რას გვეტყვით?
- რა თქმა უნდა, ბევრი რამ კეთდება, ახალი თაობის კინორეჟისორები მოდიან, მათ ახლებური ხედვა აქვთ, სათქმელს, გამოხატვის ფორმებს ეძებენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ტრადიციებს და გამოცდილებას არ უნდა ავცდეთ. კარგია ჰოლივუდის ფილმები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ქართული კინოს შედევრები შეიქმნა და მათ მოვლა-პატრონობა სჭირდება. ამ ფილმებს მარტო საპატრიარქოს ტელევიზია კი არ უნდა უშვებდეს ეთერში, ახალგაზრდობა უნდა დააინტერესონ ამ კინოს ისტორიით და პოპულარიზაცია სხვა ხერხების გამოყენებითაც ხდებოდეს.

          

- სამშობლოში საბოლოდ როდის დაბრუნდებით?
- სულ ვამბობ, რომ არსად წავსულვარ. თუ ვინმეს დავჭირდები, ყოველთვის ჩამოვალ.

- ახალი პროექტები?
- გადაღებები მაქვს პრაღაში, გერმანული კინოპროექტია და გადაღებები პრაღასა და სანკტ-პეტერბურგში იქნება. რომან აბრამოვიჩის მსგავს პერსონას განვასახიერებ. ფილმის რეჟისორია იოზეფ ფილცმანი. გერმანიაში, იანვარ-თებერვალში დიტო ცინცაძის ახალი ფილმის გადაღებებშიც მივიღებ მონაწილეობას. ფილმი ბოროტ ადამიანებზეა და მართლაც, საინტერესო იქნება ამ როლზე მუშაობა. ვფიქრობ, რომ არ გამიჭირდება ამ როლის განსახიერება, რადგან ასეთი ბევრი ადამიანი მინახავს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1005 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები