ხუთშაბათი, 25.04.2024, 02:28
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ახალგაზრდა ქართველი ბალერინა გერმანიის შტაც-ოპერის სცენაზე...
11:58
ახალგაზრდა ქართველი ბალერინა გერმანიის შტაც-ოპერის სცენაზე...

თამუნა კვარაცხელია

            
  ჩვიდმეტი წლის ქართველი ბალერინა, თათა ჯაშიაშვილი სულ რაღაც მეორე წელია, რაც გერმანიაში ცხოვრობს და იქაური მაყურებლისთვის უკვე საყვარელი შემსრულებელია... ინტერნეტ-ჟურნალი eva.ge  წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა მოცეკვავეს, აქვე მის ინტერვიუსაც გთავაზობთ...  

 

 - თათა, მოდი შენი შემოქმედებით დავიწყოთ. მოგვიყევი რა სიახლეებია შენს კარიერაში და რას საქმიანობ გერმანიში ამ ეტაპზე?
 - ვსწავლობ ბერლინის სახელმწიფო საბალეტო სკოლაში და ამავდროულად ინსტიტუტ "ernst busch”-ში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. ვმონაწილეობ სპექტაკლებში და ვარ პირველი სოლისტი. წინა შაბათს ფრანკფურტში ვიყავით გასტროლებზე, სადაც ბალანჩინის სერენადას ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაზე მთავარი სოლისტის პარტიის გარდა, მეორე სოლისტის როლის შესრულებაც მომიწია, რადგან მოულოდნელად მან ფეხი იტკინა და სპექტაკლი ლამის ჩაიშალა... ყველა დაიბნა, ვინაიდან შემცვლელები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გასტროლებზე არ იმყოფებოდნენ. რამოდენიმე წუთის შემდეგ, სამხატვრო ხელმძღვანელს ვუთხარი, რომ შევძლებდი, მეორე სოლისტის ნაცვლადაც გავსულიყავი სცენაზე. საოცრად ვნერვიულობდი, რადგან არ ვიცოდი, ორივე როლის შესასრულებლად  მეყოფოდა თუ არა ძალები. ღმერთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუმცა, სპექტაკლის ბოლოს რევერანსის გასაკეთებლად დიდხანს ვეღარ გავდიოდი, რადგან ძლივს ვსუნთქავდი დაღლილობისგან.

 - როგორ დაიწყო ყველაფერი, როგორ მოხვდი გერმანიაში?
 - ორი კვირით, დასთან ერთად გერმანიის დასათვალიერებლად ვიყავი წასული. ჩემი აღმზრდელისა და პედაგოგის, ნატაშა დიღმელაშვილის რჩევით, მივედი საბალეტო სკოლაში, რათა მენახა, როგორ ვარჯიშობდნენ იქაური ბალერინები. რომ ვუთხარი, მეც საბალეტო სკოლაში ვსწავლობ-თქო, მათთან ერთად ვარჯიში შემომთავაზეს. ვარჯიშის შემდგომ მოიწვიეს პედაგოგთა საბჭო და მითხრეს, რომ შემეძლო მათ სკოლაში გამეგრძელებინა სწავლა. მშობლებმა უარი თქვეს, რადგან მაშინ, მხოლოდ თორმეტი წლის ვიყავი. განმეორებით მოწვევებს მხოლოდ ორი წლის შემდეგ დავთანხმდი. თუმცა, გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, რადგან უსაყვარლესი ადამიანები უნდა დამეტოვებინა საქართველოში. 
          
 - მანამ გერმანიაში წახვიდოდი, როგორც ვიცი, მოდელი იყავი. რატომ დაანებე თავი ამ პროფესიას და საბოლოოდ ბალერინობა არჩიე?
 - ლიკა ყაზბეგის სტუდიასთან ვთანამშრომლობდი და ძალიან მომწონდა ეს საქმე. თუმცა, შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ბალეტისა და მოდელობის ერთმანეთთან შეთავსება ძალიან რთული იყო, რადგან ბალეტს უამრავი დრო და ენერგია მიჰქონდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ამ ორიდან ის საქმე ამერჩია, რომელიც უფრო მეტად მიყვარდა. ეს საქმე კი - ბალეტია. ისე, კი გამორიცხული არ არის, რომ მოდელობას ოდესმე კვლავ დავუბრუნდე. ვნახოთ..! 

 - გარდა იმისა, რომ ბელეტს უამრავი ენერგია მიაქვს, თუ გიყენებენ მკაცრ პირობებს, მაგალითად კვების რაციონი თუ გაქვთ შეზღუდული?
 - ვერ ვიტყვი, რომ ვინმე კატეგორიულად გვიკრძალავს რაიმეს ჭამას. უბრალოდ, როგორც გითხარით, ბალერინები ისეთი დატვირთვით ვმუშობთ, რომ წონაში, რომც გინდოდეს, ვერ მოიმატებ. ესეც რომ არ იყოს, მშიერი ვერანაირად ვერ იცეკვებ. მთავარი საიდუმლო კი ის არის, რომ ვიკვებებით ჯანსაღი საკვებით, ჩვენი რაციონი ძირითადად სალათების, ხილისა და ბოსტნეულისაგან შედგება. არანაირი შემწვარ-მოხრაკული, ეს არის და ეს.

 - თუ შეგიძლია გამოყო ის როლი, რომელიც ყველაზე დიდი სიამოვნებით შეგისრულებია?
 - ძალიან რთულია ერთი რომელიმე როლის გამოყოფა, თუმცა ყველაზე კარგად მახსოვს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის წვეულებაზე (პრეზიდენტ-ბალზე) შესრულებული `მომაკვდავი გედი~, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ასევე, არ შემიძლია არ გამოვყო ჯორჯ ბალანჩინის "სერენადა", სადაც მთავარი სოლისტის პარტიას ვცეკვავ.

 - უფროსი თაობა გულისტკივილით აღნიშნავს, ახალგაზრდებს ხელოვნება აღარ აინტერესებთ და არ დადიან ოპერასა თუ თეატრებშიო. გერმანიაშიც თუ დგას იგივე საკითხი ასე მწვავედ და თუ შეგიმჩნევია, რა ინტენსივობით ესწრებიან ჩვენი ასაკის წარმომადგენლები ბალეტს?
 - ვერ ვიტყვი, რომ ბალეტი გერმანიაში საოცრად პოპულარულია-თქო, მაგრამ იქ სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ ხელოვანი ადამიანების მიმართ. რომ გაიგებენ, ვინმე მუსიკოსი, მოცეკვავე ან მხატვარია, დიდი პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობიან. ისე კი, სპექტაკლები თითქმის ყოველთვის ანშლაგებით ტარდება, მაყურებელს შორის კი ბევრი ახალგაზრდაცაა.

 - თუ გიცეკვია თანამედროვე ბალეტის გამორჩეულ სოლისტებთან ერთად და როგორია განცდები ამ დროს?
 - შარშან, შტაც-ოპერის სოლისტ, მარიან ვალტერთან ერთად ვიცეკვე. ის ძალიან უძლიერესი ბალერონია და წინა წელს მას ევროპის საუკეთესო მოცეკვავის ტიტული მიანიჭეს. ძალიან ვღელავდი, რადგან პრემიერა დოიჩ-ოპერაში გვქონდა, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობდი ნერვიულობა არ დამტყობოდა. რამდენად წარმატებულად გავართვი თავი, ვერ გეტვით, რადგან სპექტაკლის შემდეგ, მხოლოდ შესრულებულ როლზე ვფიქრობდი. ჩემთვის ასევე დიდი პასუხისმგებლობაა ის, რომ თავისუფალ დღეებში, ვლადიმირ მალახოვის შემოთავაზებით, შტაც-ოპერის სოლისტებტან ერთად ვვარჯიშობ. როგორც წესი, მალახოვის სოლისტებტან ერთად ვარჯიშის უფლებას არავის აძლევენ. ჯერჯერობით სულ ესაა...

 - და ბოლოს, აუცილებლად უნდა გკითხო, რამდენად ცნობილია გერმანელი მაყურებლისთვის ქართული ბალეტი? თუ სმენიათ რამე ჩვენი დიდი მოცეკვავეების შესახებ?
 - რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი იცნობს და პატივს სცემს ვახტანგ ჭაბუკიანს, ნინო ანანიაშვილს, ნიკოლაი ცისკარიძეს... და პირადად მე, ეს უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს.   

 

 ფოტომასალა მოგვაწოდა ფოტოსტუდიამ "KLC" - დავით ჭაბაშვილმა.

   

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1296 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები