პარასკევი, 19.04.2024, 13:43
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » მაესტრო - გოგი ჭიჭინაძე.
12:01
მაესტრო - გოგი ჭიჭინაძე.

ალბათ, არ არის საჭირო იმის შეხსენება ვინაა გოგი ჭიჭინაძე. თუმცა, ვინც არ იცით შეგახსენებთ. ბატონი გოგი ჭიჭინაძე გახლავთ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ბალეტისა და ოპერის სახელმწიფო თეატრის დამსახურებული დირიჟორი და უნიჭიერესი მუსიკოსი. ის ყველასათვის საყვარელი პიროვნებაა. მახსოვს, პირველად როდესაც ის ვნახე საოცარი გრძნობა დამეუფლა. თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით, თუმცა, თავიდან მისი სახელიც არ ვიცოდი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს პირველივე სიტყვიდან ამ ადამიანისგან ვიგრძენი კეთილგანწყობა და სიკეთე ჩემს მიმართ. ადამიანები ხშირად ვერ ხედავენ იმ "ნათელს" რაც ცხადად ჩანს და რაც აშკარაა. ეს "ნათელი" ამ ადამიანში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და ესეთი მადლი ნამდვილად იშვიათობაა. ადამიანი და მით უმეტეს შემოქმედი ადამიანი ძალიან ღრმა და შეუცნობადია. არ არსებობს ისეთი კითხვები, რომლებიც მის შინაგან სამყაროს ბოლომდე გახსნის და არ არსებობს ისეთი პასუხები რომლებიც ბოლომდე იტყვის სათქმელს . . .

 

 


  რა ხდებოდა თავდაპირველად?
  სიტყვა . . . სურნელი, შეგრძნებები, ძალიან დიდი გაკვირვება ყველაფრისადმი და დაკვირვება.

 

ყველაზე მეტად, რა მოვლენამ იქონია თქვენზე ძლიერი ზეგავლენა?
   სიყვარულმა. საერთოდ ჩემი ცხოვრების მთავარი მონაპოვარი არის სიყვარული ჩემს გულში. სიყვარულმა გამზარდა როგორც პიროვნება. ეს ჩემს შემოქმედებაშიც აისახა.

 

პირველი გამოცდილებიდან ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?
 - მახსოვს სკოლა და შეგრძნება იმისა, რომ თავს ვყოფ ცხოველთა სამყაროში, სადაც ყველა იბრძვის გადარჩენისათვის. ადამიანის ცხოვრება ძალიან გავს ცხოველთა სამყაროს. ჩვენც ცხოველებივით ვიბრძვით გადარჩენისთვის. არა მხოლოდ ინსტიქტის დონეზე არამედ ინტელექტის დონეზეც. ეს გაცილებით უფრო სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლაა. იმარჯვებს ყველაზე ძლიერი. ეს ძალიან მტკივენული განცდა იყო ჩემთვის. ეს პროცესი დღემდე გრძელდება და უფრო და უფრო ღრმავდება. საერთოდ მე ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი გამარჯვებულებს და ჩემი იდუმალი მხარდაჭერა ყოველთვის მიმართული იყო დამარცხებული და სუსტი ადამიანისაკენ. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს მე ვფიქრობ, რომ ყველა შედევრი იქმნება სუსტი და დამარცხებული ადამიანის მიერ, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არის დამთმობი, თავმდაბალი და დიდი პიროვნება. მას არ აინტერესებს გამარჯვება. ის იღწვის იმისთვის, რომ შექმნას და არა იმისთვის, რომ გაიმარჯვოს.
  პირველი გამოცდილებებიდან ასევე მახსოვს, პირველი კოცნა . . . სასწაული იყო. 11 წლის ვიყავი. მაგრამ მანამდე, რამოდენიმე წლით ადრე, პირველად დავდექი ციგურებზე და მემგონი ეს ბევრად უფრო კარგი იყო . . . არა, უფრო სწორედ, რომ ვთქვათ ციგურებზე დადგომას ტკივილი არ მოუტანია და პირველ და შემდგომ კოცნებს ბევრი ტკივილი და იმედგაცრუება ახლდა თან, ამიტომ ციგურებზე დადგომა უფრო კარგი იყო ამ თვალთაზრისით.

 

რა არის მუსიკა? 
 ყველაფერი . . . ჩემთვის. ეს არის გადარჩენის ერთად-ერთი გზა და გამოსავალი.

        

 

როდის მოხდა პირევლი გარდატეხა?
 - პირველი გარდატეხა მოხდა მაშინ, როდესაც მე ორკესტრის წინაშე, პირველად დავდექი სადირიჟორო პულტთან. ეს მოხდა მოსკოვში და მაშინ ვიყავი 18 წლის. ეს იყო, როგორც თამაში. ამ ფაქტს სერიოზულად არ აღვიქვამდი. ეს მოხდა უცნაურად და შემთხვევით. თუმცა, საოცარი ის იყო, რომ იმავე წუთს მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება იცვლება . . . ან ეს საქმე უნდა ვაკეთო მთელი ცხოვრება, ან სხვა არაფერი.

 

თქვენი გულის სენტიმენტი:
 - მიყვარს ისინი ვინც არიან და ვინც აღარ არიან, კონკრეტულად ვერ გამოვყოფ, მაგრამ კაცთმოყვარე ვარ და თბილი . . . სამწუხაროდ.

 

ქალი: 

- ქალი არის სიმშვიდე მაგრამ რამდენად გჭირდება ეს სიმშვიდე ეს სულ სხვა საკითხია. ქალი ნიშნავს დედობას. საერთოდ, ხშირად დავფიქრებულვარ იმ საკითხზე თუ რატომ არის გამოჩენილი ქალი რაოდენობრივად უფრო ცოტა ვიდრე გამოჩენილი კაცი. ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ლიტერატურაში თუ სხვა სფეროებში ქალს უფრო მწირი ადგილი უკავია. არა იმიტომ, რომ ქალს ზღუდავენ, ვინაიდან სულიერება და ნიჭი ყველას ერთნაირი აქვს, არამედ იმიტომ, რომ დედობა ქალს ართმევს ყველანაირ ძალას და შესაძლებლობას. დედობა არის უზარმაზარი ხელოვნება . . . ღვთაებრივი ნიჭი, მადლი. ეს არის გრანდიოზული ნიჭი და გამომდინარე აქედან ქალს აღარ რჩება დრო და ძალა სხვა მიზნებისათვის. თუმცა, ხდება პირიქითაც. როდესაც ქალი ხდება დედა და ის უსაზღვროდ ნიჭიერი და გამოჩენილი პიროვნებაა, ხშირად ასეთი ქალები თავიანთ მიზნებს უფრო წინ აყენებენ, ვიდრე შვილს და თავისთავად მათ მუდმივად აქვთ დედობრივი გრძნობის დანაკლისი და მოთხოვნილება.  


ოცნება:  

- ჩემი პროფესია იყო ჩემი ოცნება და როგორც ხედავთ ეს ოცნება ხორცშესხმულია. თუმცა, კიდევ მაქვს ერთი ოცნება, ესაა შვილი. ამაზე ვოცნებობდი ყოველთვის. მამაშვილობა ანუ ეს ფენომენი უნიკალური და ჩემთვის ჯერ-ჯერობით შეუცნობია.

 

როდის გეწყბათ ვნებათა ღელვა?  

- უსამართლობაზე საშინელება მემართება, მანგრევს და მანადგურებს. ჩემს მიმართ უსამართლობას გაცილებით უფრო იოლად და წყნარად აღვიქვამ. მაგრამ თუ სხვების მიმართ ვხედავ უსამართლობას იმდენად ცუდად ვგრძნობ თავს, რომ იმ მომენტში მეტყველების უნარს ვკარგავ. როდესაც ვიღაცა ტირის . . . სხვის ტირილზე საშინელ მდგომარეობაში ვვარდები. ეს ნამდვილი კოშმარია ჩემთვის. სხვის უბედურებას და ტკივილს უფრო მძაფრად აღვიქვამ, ვიდრე საკუთარს. საკუთარი უბედურება მეტს არაფერს გასწავლის, გარდა სხვისი უბედურების უფრო მტკივნეულად განცდისა.

 

        "ხასიათი და განწყობა ხშირად მეცვლება"


როგორ ფიქრობთ სად უფრო მეტი სიმარტოვეა თავისუფლებაში თუ მარტოობაში?  

- თავისუფლება არ არსებობს და ამიტომ არც თავისუფალი ადამიანი არსებობს და ვერც იარსებებს, ვინაიდან საკუთარი თავისგან თავისუფალი ვერ იქნები ვერასოდეს. თავისი თავისგან აბსოლუტურად თავისუფალი შეიძლება იყოს ან ღმერთი ან ეშმაკი, მაგრამ ადამიანი არასოდეს. ადამიანი თავის თავს არც ეკუთვნის. ყველა ადამიანი არის თავისი ვნებების, სიკარგის, სიგლახის მონა. არსებობს ილუზიური თავისუფლება, რომელსაც მე მხოლოდ მუსიკაში ვხედავ და ვგრძნობ. ჩემს საქმეში, იმ მომენტში მე ვარ თავისუფალი, ოღონდ არა ჩემი თავისგან არამედ გარე სამყაროსაგან. რა თქმა უნდა ეს არის სრულყოფილი და რეალური თავისუფლება, ეს გაქცევა და ილუზიაა, რაც ბევრ ადამიანს არც სჭირდება. საერთოდ რაც უფრო ბევრი ცოდნა გაქვს, რაც უფრო ღრმა, გამოცდილი და მგრძნობიარე ხარ, მით უფრო უბედური ხარ და რაც უფრო მარტივი და იოლი ხარ მით უფრო ბედნიერი და ლაღი ხარ. რაც შეეხება მარტოობას, ის არის ყველგან და ყოველთვის. განსაკუთრებით სადაც ხალხმრავლობაა. როდესაც ფიზიკურად მარტო ვარ მაშინ უფრო კომფორტულად და შედარებით უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს და ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებისგანაც იმ მომენტში ვისვენებ.

 

რისი დანაკლისი გაქვთ? 

-ბედნიერების და თავისუფლების. საერთოდ ბედნიერება მიუღწეველია და თუ იღწვი მისი მოპოვებისთვის მას ვერასოდეს ვერ მიაღწევ. ბედნიერება არის ნიჭი . . . თანდაყოლილი. ბედნიერება სიყვარულივითაა, ან მოგეცემა ან არა. არ არსებობს გზა ბედნიერებისაკენ. რაც შეეხება ბედნიერებას პირად ცხოვრებაში ესეც ძალიან ფართო მცნებაა. სიყვარული შეიძლება იყოს წარმატებული რაღაც ეტაპზე და არა მუდმივად. სიყვარულს ბევრი ტკივილი ახლავს თან. სიყვარული არ არის მუდმივი, ყოველ შემთხვევაში ჩემს ცხოვრებაში. სიყვარული ძალიან ფაქიზი და მსხვრევადი გრძნობაა, იმისთვის, რომ ის მყარი ბედნიერების საფუძველი იყოს. საერთოდ, პირველი სიყვარული საფუძველია შემდგომი ჭეშმარიტი სიყვარულისა და ის არ უნდა იყოს წარმატებული, ვინაიდან პირველი სიყვარული რეპეტიციაა ნამდვილი და ჭეშმარიტი სიყვარულის წინ.  ჩემი პირველი სიყვარული იყო რეპეტიცია ნამდვილი სიყვარულის წინ, ოღონდ ეს ღია და გენერალური რეპეტიცია იყო პრემიერამდე, რომლსაც მაყურებელი ესწრება. რა თქმა უნდა პრემიერა ღირდა ამად. ეს იყო ნამდვილი ქარიშხალი . . .  ეს იყო სიგიჟე, გენიალური გრძნობა. საერთოდ, ადამიანს, რომელსაც უყვარს, ის დღეგრძელია და უფრო დიდია. გამომდინარე აქედან ის თუ როგორ დასრულდება ეს სიყვარული დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია სიყვარული იგრძნო და იმ წუთას იბედნიერო. სიყვარული არის სულიერი ზრდა და ამის გამო არის ეს გრძნობა ასეთი ძვირფასი.

 

22 წლის შემდეგ:  

-ვარ 60 წლის, საღამოა და ენის ქვეშ მაქვს ნიტროგლიცერინი. ვუყურებ ჩემს შვილს, რომელიც ჯერ არ მყავს და ის მთელი ძალით და ღონით ცდილობს, რომ იყოს თავისუფალი და ბედნიერი, მაგრამ არ გამოსდის და მე ვუყურებ, მეცინება და ვიხსენებ, ვიხსენებ, ვიხსენებ . . .

 

"ეს დღეს ვარ ასეთი. ერთ მოვლენას ვუყურებ სხვადასხვანაირად, სხვადასხვა კუთხით, შვიდნაირად, იმიტომ, რომ შვიდი დღეა კვირაში"

 

სინანული:  

- ვნანობ, რომ უფრო გაბედული არ ვიყავი პირად ცხოვრებაში. ვნანობ, რომ ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებ ცხოვრებას, ძალიან ვართულებ, ზედმეტად რთულად ვუყურებ ცხოვრებას . . . დღემდე. ეს არის ძალიან ცუდი.Eეს დანაშაულია.


რა სარგებლობა მოაქვს პოპულარობას? 

 -ჯერ ერთი მე არ ვთვლი ჩემს თავს პოპულარულად. სარგებლობა? არანაირი . . . მხოლოდ ემოცია. ჩემთვის ძვირფასია ის სითბო და სიყვარული რასაც მსმენელისგან და გარშემომყოფი ადამიანებისგან ვგრძნობ. ამას ვაფასებ. თუ ადამიანი გულწრფელია მე მას ყველაფერს ვპატიობ. გადამეტებულ ემოციებსაც კი.


რის გარეშე არ შეგიძლიათ ცხოვრება? 

-მუსიკის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება. როდესაც მე ამას ადრე ვამბობდი 18-20 წლის ასაკში, ეს იყო ძალიან რომანტიკული და ოდნავ კეკლუცური განცდა, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არ ქონდა. ეხლა მე დანამდვილებით ვიცი და ვგრძნობ, რომ მე ფიზიკურადაც ვერ ვიცხოვრებ მუსიკის და შემოქმედების გარეშე. როგორც მანამდე ვთქვი მუსიკა ეს ერთად ერთი გარარჩენის გზაა ჩემთვის. მუსიკა და შემოქმედება, რომ წამერთვეს ეს ჩემთვის ნამდვილი ტრაგედია იქნება, ფიზიკურამდეც კი.

 

როგორ ფიქრობთ, როდესაც გიყვართ ვინმე ის თქვენი ხდება?

-მე საერთოდ არ ვარ მესაკუთრე. არ მიყვარს ნივთების ფლობა. იგივეს თქმა შემიძლია ადამიანებზეც. მე საერთოდ იოლად ვუშვებ ადამიანებს. მე მძიმედ მივდივარ . . . თუმცა, არც ისე მძიმედ. არავინ არავის არ ეკუთვნის. შესაბამისად ვერ დაკარგავ იმას ვინც გიყვარს, ვინაიდან ის შენ არ გეკუთვნის. როდესაც გიყვარს, ეს არ ნიშნავს, რომ გეკუთვნის.

 

 რძიანი შოკოლადი გიყვართ თუ მუქი?

-მუქი . . . არა რძიანი, მგონი რძიანი, აღარ მახსოვს. ვიცი, რომ მიყვარს თხილით.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1116 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 1.5/2
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები