ხუთშაბათი, 25.04.2024, 03:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » Van Cleef & Arpels - ისტორია.
12:05
Van Cleef & Arpels - ისტორია.

ვან კლიფისა და არპელსის სახლის ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო და მისი სახელი მაშინვე საიუველირო ხელოვნების სიმბოლოდ იქცა.

1896 წელს ძვირფასი ქვებით მოვაჭრის ლეონ არპელსის ქალიშვილი ესტელა ცოლად გაჰყვა ჰოლანდიური წარმოშობის, ალმასებით მოვაჭრის ვაჟს ალფრედ ვან კლიფს. ცოტა ხნის შემდეგ ვან კლიფმა ცოლის ძმებთან ერთად პატარა საიუველირო საწარმო დააარსა.

ვან კლიფისა და არპელსის სახელის ტრიუმფი ოჯახის მეგობრულმა ატმოსფერომ და საქმის ღრმა ცოდნამ განაპირობა.

ალფრედ ვან კლიფი და შარლ არპელსი ადგილზე უძღვებოდნენ საქმეს, ჟულიენ არპელსი კი მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა იშვიათი ქვების შესაძენად. უნდა აღინიშნოს, რომ ვან კლიფსა და არპელსის სახლს დღესაც ემსახურება დეტექტივების მთელი ჯარი, რომელიც ყველა კონტინენტზე ადევნებს თავს ძვირფასი ქვების გამოჩენას.

წარმატებული საქმიანობის შედეგად 1906 წელს ვან კლიფმა და არპელსის მოახერხეს კოსმოპოლიტური ელეგანტურობის მწვერვალზე Place Vandome-ზე გადასვლა. ამ სალონის ფილიალები საუკუნის დასაწყისშივე გაიხსნა მთელ საფრანგეთში, ოცდაათიან წლებში – ნიუ-იორკში, ხოლო სამოცდაათიან წლებში კი - იაპონიაში.

ვან კლიფისა და არპელსის სახლის კლიენტთა შორის  ისეთი სახელები გვხვდება, როგორიცაა უელსის პრინცი ედუარდ VII, ბეგუმ აღა ხანი და პრინცესა სოლიმანი, ჟაკლინ კენედი, გრეის კელი, ტაილანდის დედოფალი, ინდოელი მაჰარაჯები, ნეპალის მეფე და მარლენ დიტრიხი, ავა გარდნერი, რომი შნაიდერი, სოფი ლორენი, ელიზაბეტ ტეილორი, მარია კალასი. 1939 წელს არპელსისა და ვან კლიფის სახლში შეიქმნა მრავალი ესკიზი და შემდგომ დამზადდა აურაცხელი სამკაული სპარსეთის შაჰის საქორწილოდ. 

1966 წელს ვან კლიფისა და არპელსის სახლმა მიიღო დაკვეთა ირანის შაჰის მეუღლის ფარა ფაჰლევის სამეფო გვირგვინის დასამზადებლად. სალონის იუველირები იძულებული იყვნენ სეიფებში არსებული ქვების სანახავად ოცდაოთხჯერ გამგზავრებულიყვნენ ირანში და ადგილზევე შეერჩიათ და ზომები აეღოთ მათთვის საინტერესო ქვებისათვის. საბოლოოდ მათ 150-კარატიანი ზურმუხტი და 1469 ქვა – 1151 ალმასი, 36 ლალი, 36 ზურმუხტი და 105 მარგალიტი აირჩიეს. მოგვიანებით მათვე დაამზადეს ირანის შაჰის მთელი ოჯახისათვის სხვადასხვა სამკაული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბარბარა ჰატონის სახელთანაა დაკავშირებული ანეგდოტად ქცეული ამბავი – მას ისე უყვარდა ვან კლიფისა და არპელსის სახლის დიადემა, რომელიც მსხლის კურკის ფორმის მქონე 50 ალმასისა და 127 ბრილიანტისგან შედგებოდა, რომ ლოგინში მწოლიარე ავადმყოფიც კი არ იშორებდა მას.

დაარსების დღიდან ვან კლიფისა და არპელსის სახლი თავისი დევიზის ერთგული რჩება – დამკვეთის ყოველი კაპრიზი ამ სალონისათვის მისაღები და შესრულებადია. ჯერ კიდევ დავიწყებას არ მისცემია პოლეტ გოდარი, ჩარლი ჩაპლინის მეუღლე. მან ვან კლიფისა და არპელსის გამყიდველი თავის პარიკმახერთან დაიბარა სამკაულის გარნიტურის ასარჩევად. ერთ-ერთი დამკვეთის ფანტაზიის შედეგად ამ სახლში დამზადდა ბეღურას ოქროს გალია ლაზურითის ცოკოლით. იქვე შეისხა ხორცი ინდოეთის მაჰარაჯას სურვილს, რომელმაც ვან კლიფისა და არპელსის სახლს ჩიტის გალია ე.წ. "ჰორტენზიას სახლი” გააკეთებინა. ამ გალიაში უნდა მდგარიყო ოქროს კიბე, რომელზეც ზევით-ქვევით იხტუნებდა ბაყაყი და ამინდის ცვალებადობას შეატყობინებდა მფლობელს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამ ექსტრავაგანტული დაკვეთების გვერდით ვან კლიფისა და არპელსის სახლი, რა თქმა უნდა, საფრანგეთის აკადემიის წევრთა დაშნებსაც (მათი მდგომარეობის მაჩვენებელ სიმბოლოს) არ ივიწყებდა.

ვან კლიფისა და არპელსის სახლში, ისევე როგორც მთელ საიუველირო სამყაროში, ყოველთვის დიდი ადგილი ეთმობოდა იშვიათი ფერის მქონე ქვების შეძენას. ამ სახლის ისტორიაშია შესული 1953 წელი, როდესაც სალონი 30,82-კარატიანი ალმასის "Coeur bleu”-ს მფლობელი გახდა. 1956 წელს მის ძვირფასეულობას შეემატა ბომბეიში შეძენილი უიშვიათესი 114-კარატიანი საფირონი "neela Ranee”, რომელიც "Blue Princess”-ს სახელითაცაა ცნობილი. წლების განმავლობაში ამ სახლის მფლობელობაში სამეფო კარის ბევრი სამკაული აღმოჩნდა.

1933 წელს ვან კლიფისა და არპელსის სახლმა ძვირფასი თვლების ჩამაგრების ახალ მეთოდზე პატენტი მიიღო. "serti mysteriex”-ის ტექნიკის საშუალებით შესაძლებელია ქვების ერთმანეთთან ისე მჭიდროდ განლაგება, რომ შეუიარაღებელი თვალი ბუდეს ვერ ხედავს და შექმნილი სიბრტყე მონოქრომული ზედაპირის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს მითოდი მაღლ ოსტატობას და დიდი ხნის მანძილზე სკურპულოზურ მუშაობას მოითხოვს. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ძვირფასი ქვების ქვეშ ოქროს ბადეა, რომელშიც ერთი გამის გათლილი ქვები ლაგდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თითოული ლალი ან საფირონი იღებს საკუთარ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ფორმას დაწყებული სამკუთხედიდან, არაწესიერი ტრაპეციით დამთავრებული. წლების განმავლობაში ამ მეთოდს იყენებდნენ მხოლოდ ლალისა და საფირონისთვის, რადგან ზურმუხტი ძალიან მსხვრევადია, ხოლო ალმასი კი მტკიცე. მრავალწლიანი ექსპერიმენტებისა და ტექნიკის განვითარების შედეგად შესაძლებელი გახდა სუფთა წყლის ალმასის გამოყენება ამ მოდელით შექმნილი დრეკადობის მქონე მოდელებისთვის. ამ გზით დამზადებულ ნაკეთობათა რიცხვს მიეკუთვნება თხუთმეტი სანტიმეტრის სიგრძის პალმის ფოთლის ფორმის მქონე გულსაბნევი ლალებითა და ალმასებით, რომელსაც უინძორის ჰერცოგინია თილისმად ატარებდა.

გასული საუკუნის ოციან წლებში ახალი მოდური ნესესერი შეიქმნა, ე.წ. "Vanities”. ამ პერიოდის ქალებმა საზოგადოებაში მოწევა და მაკიაჟის გაკეთება ჩვეულებად შემოიღეს. აქედან გამომდინარე, მეტი პიკანტურობისთვის ისინი ყოველთვის თან ატარებდნენ "კოსმეტიკის საგანძურს” იუველირებმაც თავიანთი ფანტაზიით შემოსეს ქალებისთვის აუცილებლობადქცეული ეს აქსესუარი. ვან კლიფისა და არპელსის სახლშიც "Vanities” კოკეტად გადაიქცა. ოთხკუთხა კოლოფი, რომელშიც სიგარეტისა და კოსმეტიკისთვის განკუთვნილი განყოფილებებია. ზოგიერთი მოდელის ოქროსა და ძვირფასი ქვებისგან დამზადებული ჩასაკეტის გულსაბნევად ტარებაც შესაძლებელია.

1922 წელს ჰოვარდ კარტერისა და ლორდ კარნარვონის მიერ ტუტარხამონის სამარხის აღმოჩენამ დეკორატიულ ხელოვნებაში ეგვიპტური მოტივი შემოიტანა. ვან კლიფისა და არპელსის სახლის სამკაულებში ჰორუსი და ოსირისი, სფინქსები, ლოტოსის ყვავილები და იეროგლიფები გაჩდნენ. ფანტაზია ახლებურად აამუშავა ჩინეთისა და იაპონიის ხელოვნებამაც. აზიის მრავალფეროვანი დეკორით მოხიბლულმა  იუველირებმა მარჯნის, მარგალიტის, ემალისა და ლაქის დამუშავების აღმოსავლური მეთოდის გამოყენება დაიწყეს. ვან კლიფისა და არპელსის სახლში არაბესკამ და მცენარეულმა მოტივმა შემოაბიჯა. ფერადოვანი ძვირფასი ქვებისგან შექმნილ კოლიეებსა და სამაჯურებს ინდოეთის სიომ დაჰკრა.

ვან კლიფისა და არპელსის სახლი მჭიდროდ თანამშრომლობს გამოჩენილ მოდელიორებთან და ჩვენებებშიც ხშირად მონაწილეობს. იუველირებისთვის მოდაც შთაგონების წყაროა. 1948 წელს ოქროს პაწაწინა რომბებისგან კაცის საყელოს ფორმის მოქნილი კოლიე შეიქმნა. ხოლო 1951 წელს სარჟის ქსოვილის მოტივზე ოქროში შესრულებული კოლექცია "tissu Serge”. იგი შედგება ბაფთისმაგვარი კლიფსებისგან და მოქნილი მანჟეტი-სამაჯურებისგან, რომელიც ალმასის ღილით ან ზურმუხტის ბურთით იკვრება.

ვან კლიფისა და არპელსის დიზაინერები არც მცენარეებსა და ცხოველებს ტოვებენ უყურადღებოდ.

ჯერ კიდევ 1925წელს პარიზში გამართულ დეკორატიული ხელოვნების საერთაშორისო ექსპოზიციაზე ამ სალონის ორმა მოდელმა დიდი პრიზი დაიმსახურა. ერთი გულსაბნევია, ალმასის და ლალის ვარდებით და ზურმუხტის ფოთლებით, ხოლო მეორე კი – სამაჯური, ბრილიანტის, ლალისა და ზურმუხტისაგან დამზადებული თეთრი და წითელი ვარდებით.

ყვავილების მოტივის დიდი მოყვარული იყო ლედი დიანა. ვან კლიფისა და არპელსის "ვოლიერიდან” უნატიფესი ქვებითა და საოცარი ფერებით გამოირჩევა "სამოთხის ჩიტი”. 1962 წელს, მას შემდეგ, რაც მარკ შაგალი ამ სახლის ხელოვნებას ეზიარა, თავის მეუღლეს დაბადების დღეზე წითელბიბილოიანი მამლის ტილო მიუძღვნა.

ოხიანი წლების დასაწყისიდან ვან კლიფისა და არპელსის სახლი მხოლოდ ექსკლუზიურ საათებს ამზადებდა. 1949 წლიდან კი "P.A.49” სახელწოდების საათის სერიული წარმოება დაიწყო. ამან დასაბამი მისცა ქალისა და მამაკაცის საათების კოლექციას, რომელზეც მოთხოვნილება ისე გაიზარდა, რომ 1972 წელს ამ სახლმა ახალი, მხოლოდ საათებისთვის განკუთვნილი ბუტიკი გახსნა. საუკუნის განმავლობაში მთელ მსოფლიოს მოედო ვან კლიფისა და არპელსის სამკაულები.

ოცდახუთი წლის წინ ჟაკ არპელსმა ამ სახლის ყველაზე ცნობილი მოდელების შეგროვება დაიწყო. 1992 წელს პარიზის მოდის მუზეუმმა ვან კლიფისა და არპელსის სახლის ისტორიის ამსახველი გამოფენა მოაწყო. ნაჩვენები იყო 350 ნაკეთობა და მრავალი ესკიზი, რომლებიც სახლის სტილის განვითარების გზას წარმოაჩენდა. სალონმა ამ მოვლენას ახალი კოლექცია მიუძღვნა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1996 წელს თავისი საუკუნოვანი არსებობის აღსანიშნავად ვან კლიფისა და არპელსის სახლმა Place Vandome-ზე სალონი აღადგინა და ახალ საუკუნეს ახალი საინტერესო იდეებით შეხვდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1170 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები