ხუთშაბათი, 25.04.2024, 15:43
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » კრისტიან დიორი.
12:08
კრისტიან დიორი.

 "მე ქალებს ლამაზად ჩაცმის სიამოვნება დავუბრუნე და ისინიც უტყუარი ინსტინქტით მიხვდნენ, რომ მარტო მათი გალამაზება კი არა, გაბედნიერება მინდოდა” 
  კრისტიან დიორი

 

 

 


  14 წლის ბიჭისთვის  ერთ ბოშას უწინასწარმეტყველებია: ერთხელაც ფული საერთოდ არ დაგრჩება, მაგრამ წარმატებას ქალები მოგიტანენო. ეს სიტყვები რომ მოუსმენია, ნორჩ კრისტიანს ერთი გულიანად უცინია. 

  კრისტიან დიორი დაიბადა ლა-მანშთან, პატარა ნორმანდიულ ქალაქ გრენვილში, 1905 წლის 21 იანვარს. 1911 წელს ოჯახი პარიზში გადმობარგდა.

  ...”14 წლისას ნებისმიერი წინასწარმეტყველება ხუმრობა გგონია”. თანაც კრისტიანი, მდიდარი მეწარმის ვაჟი, ვერც კი წარმოიდგენდა, რას ნიშნავს, არ გქონდეს საარსებო სახსრები. მამას ძალიან დიდი შემოსავალი ჰქონდა, დედა კი კარგად ახერხებდა ამ ფულის ხარჯვას. მშობლები კრისტიანის დიპლომატიურ კარიერაზე ოცნებობდნენ და მორჩილი ყმაწვილი, იმის მიუხედავად, რომ გულსა და გონებას მხატვრობა და მუსიკა იტაცებდა, სასწავლებლად პარიზის პოლიტოლოგიის სკოლაში გაემგზავრა. ხელოვნების სიყვარული  არ გაუნელდა, მეგობართან, ჟან ბონჟაკთან ერთად სამხატვრო გალერეა გახსნა, რომელშიც დერენის, მატისის, ბრაკისა და პიკასოს ნახატები იფინებოდა. გალერეის გახსნაში მამა იმ ერთადერთი პირობით დაეხმარა, რომლის თანახმადაც კრისტიანი აბრაზე საკუთარ გვარს არასდროს დააწერდა... ისე ჩანდა, თითქოს პარიზული ბოჰემის შუაგულში უშფოთველი ცხოვრება ასევე ტკბილად გაილეოდა.

  ყველაფერი შეიცვალა: 1931 წელს დედა გარდაიცვალა. მამა ერთ-ერთმა პარტნიორმა მოატყუა და გაკოტრდა. სურათების გალერეა დაიხურა. კრისტიანი უსახსროდ, მეგობრების კმაყოფაზე დარჩა. მაშინ ძველი გატაცება - ხატვა გაახსენდა. რამდენიმე შლაპის და კაბის ესკიზი გაზეთმა "ფიგარომ” (Le Figaro Illustre) შეიძინა. პირველმა ჰონორარმა კრისტიანი მიახვედრა, რომ მის ტალანტს შემოსავლის მოტანა შეეძლო. მაშინვე მოდურ ჟურნალებთან თანამშრომლობას მიჰყო ხელი და თან ცნობილი დიზაინერებისთვის ტანსაცმლის მოდელებს ხატავდა. მალე კრისტიანი ჯარში გაიწვიეს.

  ნამდვილი წარმატება მხოლოდ ომის შემდეგ მოვიდა. ქსოვილების წარმოების მაგნატმა "ბამბის მეფედ” წოდებულმა მარსელ ბუსაკმა, ყურადრებით მოისმინა დიორის თეორიები  და უკვე 40 წლის კრისტიანს საკუთარი სამოდელო სახლის დირექტორობა შესთავაზა. დიორი დათანხმდა, მაგრამ პირობით: ფირმას სახელი უნდა შეეცვალა და "კრისტიან დიორის სახლი” დარქმეოდა. კომპანია 85 თანამშრომლით პატარა აგარაკზე გადავიდა, რომელიც დიორის საყვარელ ფერებში _ ნაცრისფერსა და თეთრში _ შეღებეს.

"ახალი ხედვა”

  1947 წლის ზამთარი. ომის შემდეგ პარიზს ნახშირი და ბენზინი არ ჰყოფნის, გამუდმებული პრობლემებია ელექტროენერგიასთან და წყალგაყვანილობასთან, ყველგან გაფიცვაა. აი, ასეთ დროს შედგა კრისტიან დიორის პირველი ჩვენება. ქალაქში, რომელშიც მწუხარება და ნგრევა დიდიხნის წინ გაბატონდა, თითქოს ზღაპრული, არაამქვეყნიურად ლამაზი და საოცარი ყვავილები გაიშალაო – პოდიუმზე ერთი მეორის მიყოლებით ჩნდებოდნენ ულამაზეს კაბებში გახვეული მოდელები. მაყურებლები მოჯადოებული ისხდნენ: კრისტიანმა ისინი აიძულა, დავიწყებოდათ ომის ყველა საშინელება და წუხილი. გაახსენა, როგორი ნაზი, ფაქიზი და მშვენიერი არსებები არიან. ვიწრო წელი, მაღალი მკერდი, პატარა მრგვალი მხრები, კოჭებამდე ქვედაკაბები – ან ძალიან ვიწრო, ან პირიქით – ყვავილივით გაშლილი. ეს იყო სტილი, რომელიც პირველი ჩვბენებით დიორმა ომისშემდგომ პარიზს შესთავაზა და ამით ომამდელი ტენდენციები თავდაყირა დააყენა.

  წარმატება გამაოგნებელი იყო. მეორე დღიდანვე ყველამ დიორის სამოსის ჩაცმა მოინდომა. მის სტილს სახელი "New Look” ჟურნალსტებმა მოუგონეს. მე ვხატავდი ქალებს, რომლებიც ყვავილებს მოგაგონებდნენ, - წერდა დიორი. და ქალებიც ემადლიერებოდნენ იმას, ვინც მათ ქალურობა დაუბრუნა. ამერიკიდან საშინელი პროტესტი გაისმა, აქაოდა, როგორ გაბედა და ფუფუნებას მაშინ დაუბრუნდა, როცა ქვეყანა დაქცეული და პარალიზებულიაო. პარიზში მოკლე კაბების დამცველი კლუბიც კი შეუქმნიათ. მაშინდელი ფრანგი დიზაინერები კრისტიანს ქალის დამახინჯებას აბრალებდნენ და კრიტიკა არ ცხრებოდა. დიორს კი ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდზე ასეთი ლანძღვა, ბოლო გვერდზე ქებას ურჩევნოდა. ის კერპი გახდა.
 
  დიდმა წარმატებამ თურმე ის ბოშა გაახსენა, ბავშვობაში რომ ნახა. ძველი ამბავი რეალობას დაუკავშირა და ამის შემდეგ სერიოზული ნაბიჯი პირადი წინასწარმეტყველის (მადამ დელაპიე) რჩევის გარეშე არასდროს გადაუდგამს. ბოლო სიტყვა ყოველთვის ამ ქალს ეკუთვნოდა.

მოთვინიერებული ქიმერები

  რამდენიმე წლის შემდეგ კრისტიან დიორის სახლი საწარმოების ქსელად გადაიქცა. მასში ორი ათასამდე ადამიანი შრომობდა. სახელოსნოში ყველაფერი ხელით კეთდებოდა. დიორი ხვდებოდა, რომ ასეთი შრომა კაბას ან ქვედაკაბას ხელოვნების ნიმუშად აქცევდა. არადა ეს მასობრივი წარმოების ეპოქაში ხდებოდა. როცა ფაქტიურად ყველა ნივთი ათასობით ეგზემპლარად, თანაც გაცილებით სწრაფად მზადდებოდა. "დიორის სახლი” ქარხანად მაინც არ გადაიქცა და ლაბორატორიად რჩებოდა. ოსტატი კაბებს ცოცხალ არსებებად აღიქვამდა: ისინი ჩემი მოთვინიერებული ქიმერები არიანო, - ამბობდა თურმე ღიმილით. არც ტყუოდა, თითოეული ტიტანური შრომის ნაყოფი იყო. გამოვიდა სუნამოებიც: Miss Dior, Diorama, Diorissimo. პირველი არომატის გამოშვების შემდეგ კრისტიანს უთქვამს: საკმარისია, შუშას თავი მოხსნა, რომ ყველა ჩემი კაბა გაჩნდეს და მათში გამოწყობილი თითოეული ქალი, რომელსაც ვაცმევ, თავის უკან სურვილების მთელ შლეიფს ტოვებსო. 

  დიორი ფუფუნების სამყაროს აღიარებული ლიდერი გახდა. ჩემს ხელობას ყოველთვის ბრძოლად აღვიქვამდი. ბრძოლად ყველაფერთან, რაც საშუალოაო. საოცარი პედაგოგიური ნიჭი აღმოაჩნდა და მომავალ ტალანტებს გრძნობდა და თავის სახლში სამუშაოდ იწვევდა. აქ ხატავდა თავის კოსტიუმებს პიერ კარდენი, ჟან ლუი შერერი, ფრედერიკ კასტე. თანაც დიორი მარტო კი არ პოულობდა ამ ტალანტებს, Haute Couture-ის ოლიმპზე ასვლაშიც ეხმარებოდა. არადა ეს თვისება მოდის სამყაროს სულაც არ ახასიათებს. 1955 წელს მასთან ახალგაზრდა ივ სენ ლორანი მივიდა და მალე დიორმა ის თავის მემკვიდრედ დაასახელა.

  ... თავგანწირვა  ბოლოს ჯანმრთელობაზე აისახა. სამკურნალოდ იტალიაში გამგზავრება გადაწყვიტა, მადამ დელაჰაიემ კი დარჩენა ურჩია. მაინც ვერაფრით გადაარწმუნა, კრისტიანმა ცხოვრებაში პირველად არ დაუჯერა მის გაფრთხილებას _ 1957 წლის 24 ოქტომბერს იტალიაში დიდი მაესტრო გულის შეტევით გარდაიცვალა...

"მემკვიდრეები”
  ივ სენ ლორანი – 6 წარმატებული კოლექციის შემდეგ არმიაში გაიწვიეს. სახლს სათავეში მარკ ბოანი ჩაუდგა – მის დროს დიორის კლიენტები იყვნენ მარლენ დიტრიხი, გრეის კელი, მია ფერროუს, მაგრამ ჩვენებებზე გახშირებული ნახევრადცარიელი დარბაზების გამო მოგვიანებით დიზაინერი დაითხოვეს. 1989 წელს "დიორის სახლში” ჯან ფრანკო ფერე მოვიდა. როგორც იტალიელს, ძალიან სკეპტიკურად შეხვდნენ, მაგრამ მოგვიანებით "ოქროს სათითეთი” დააჯილდოვეს (დიორი ამ ჯილდოს 3-გზის მფლობელი გახდა). შემდეგ ფერე ჯონ გალიანომ შეცვალა...

 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1041 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები