ოთხშაბათი, 24.04.2024, 02:30
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ღვთისმშობლის წილხვედრი ადგილები.
12:26
ღვთისმშობლის წილხვედრი ადგილები.
ღვთისმშობლის წილხვედრი ადგილები
"ათონელი ბერები ამბობენ, რომ ეს ხატი მეორედ მოსვლის წინ, ბოლო ჟამს წავა აქედან თავის პირველ სამყოფელში, ივერიაში ანუ ჩვენს საქართველოშიო"

ივერია


მაცხოვრის ზეცად ამაღლების მერე უფლის მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვის სად უნდა ექადაგა ქრისტეს მოძღვრება. ივერია ღვთისმშობელს ხვდა წილად. გამომგზავრების წინ ღვთისმშობელს უფალი გამოეცხადა და უთხრა: "დედაო ჩემო, არა უგულებელ ვჰყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთათვის. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხვედრებულსა და თანა-წარატანე ხატი შენი, როგორიც პირსა შენსა დადებითა გამოისახოს და შენ წილ ხატი იგი შენი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკანასკნელთა ჟამთა". 

საქართველოში საქადაგებლად წმინდა ანდრია მოციქული წამოვიდა და თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის "აწყურისად" წოდებული ხატი ჩამოაბრძანა. არ დაივიწყა უფალმა საზეპურო ერი და სხვადასხვა დროს, წმინდა ანდრიასთან ერთად, სვიმონ კანანელი, მატათა და ბართლომე მოციქულნი გამოგზავნა საქადაგებლად. 

აღარაფერს ვიტყვით სვეტიცხოველში დაკრძალულ უფლის კვართსა და ილიას ხალენზე, წმინდა მოციქულების საფლავებზე - სვიმონისა - აფხაზეთში და მატათასი - აჭარაში და სხვა სიწმინდეებზე, რომლებიც, როგორც სვეტნი, შესდგომიან ქართველთა რწმენის საყდარს. 

ამ სიწმინდეთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ზუგდიდის მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართი (რომელზეც რამდენიმე წლის წინ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი გამოისახა) და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იმ სარტყლის ნაწილი, რომელიც კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ტაძარში ინახებოდა და, ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოში ბიზანტიელ ელენე დედოფალს ჩამოუტანია  XI საუკუნეში.

უფლის დედამ საქართველოს ქრისტიანულად ნათელღება შემდგომში წმინდა ნინოს ხელით ინება. ღვთისმშობელი სიზმარში გამოსცხადებია წმინდა ნინოს და უთქვამს: "გაემგზავრე ივერიაში, დაამკვიდრე იქ სახარება და მე ვიქნები შენი შემწე". მერე ყოვლადწმინდა მარიამს ვაზის ლერწის ჯვარი გადაუცია წმინდა ნინოსთვის და უთქვამს: 

"ეს იქნება შენი შემწე და მფარველი ყოველ გაჭირვებაში, ყოველი ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ, ძალითა მისითა დაამყარებ იქ სიტყვას ძისა ჩემისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა". წმინდა ნინოს გაღვიძებია და ხელში ის ჯვარი ჰქონია...

გავიდა ორი საუკუნე და საქართველოში ქრისტიანობის განსამტკიცებლად ღვთისმშობელმა ასურეთიდან გამოიხმო ცამეტი წმინდა მამა, წმინდა იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე.  

IX საუკუნეში ულუმბოს მცირე საყდარში, მთაზე, მწირის სახით შეხიზნულ წმინდა ილარიონ ქართველს იქაური ბერძენი მამასახლისი ეკლესიიდან გაძევებას უპირებდა. ამ მამასახლისს ძილში გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მკაცრად გააფრთხილა:

"რომელნი მათ (ქართველებს - კ.კ.) არ შეიწყნარებენ, მტერ ჩემდა არიან, რამეთუ ჩემდა მონიჭებულ არს ძისა მიერ ჩემისა ნათესავი იგი, შეურყვნელად მართლმადიდებლობისათვის მათისა, ვინაითგან ჰრწმენა სახელი ძისა ჩემისა და ნათელ იღეს". 


ათონის მთა


უფლის დედა წმინდა იოანე ღვთისმეტყველსა და უფლის სხვა მოწაფეებთან ერთად კუნძულ კვიპროსზე გაემგზავრა. კუნძულამდე ცოტაღა იყო დარჩენილი, რომ ქარიშხალი ამოიჭრა და ხომალდი ეგეოსის ზღვისკენ გაიტაცა, არქიპელაგის კუნძულებს შორის გაცურა და ათონის ნახევარკუნძულს მიადგა. ათონი წარმართული ღმერთების ტაძრებით იყო სავსე. როცა ღვთისმშობლის გემი ათონს მიუახლოვდა, მწვერვალზე მდგარი იუპიტერის ქანდაკება ჩამოვარდა და დაიმსხვრა. 

წარმართულ ტაძრებში მდგარი კერპებიც დაიშალა. ხეებიც და შენობებიც კი ღვთისმშობლის მიმართ პატივისცემის ნიშნად დაიხარა. კერპებში ჩაბუდებული ეშმაკები ღვთის ძალით აყვირდნენ: "ჰოი, აპოლონის თაყვანისმცემლებო, სასწრაფოდ წადით კლემენტოს ნავმისადგომთან და მიესალმეთ ღვთის წმინდა დედას, მარიამსო". 

გაოცებული ხალხი შეეგება ნავსადგომში შემოსულ ხომალდს და ღვთისმშობელ მარიამს... შეუყვარდა ღვთისმშობელს ეს მხარე და ილოცა: "დაე, ეს ადგილი იყოს ჩემი წილხვედრი, რომელიც მომეცა ძისა და ღმრთისა ჩემისაგან. დაე, ღმრთის მადლი იყოს ამ ადგილას და მასზე რწმენით დამკვიდრებულთა და ჩემი ძის მცნებათა აღმსრულებელთა ზედა". მერე უფლის დედამ ხომალდით კვიპროსისკენ გაცურა. აქ ერთი საინტერესო დეტალია: 

ლაზარეს (რომლის ხსენებისას, იოანე-ზოსიმეს საგალობლის მიხედვით, რატომღაც ივერია გვახსენდება) სანახავად მიმავალი ღვთისმშობელი ღვთის განგებულებამ ათონის მთაზე, იმ ადგილას მიიყვანა - სადაც შემდგომში ივერთა მონასტერი აშენდება. აღსანიშნავია ისიც, რომ დაახლოებით 950 წლის შემდეგ, ყოფილი კლემენტოს ნავმისადგომის ახლოს ივერიის ღვთისმშობლის ხატს ზღვიდან გამოაბრძანებს გაბრიელ ქართველი. ამ წმინდა ხატს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და თავის წმინდა მისიას შეასრულებს მეორედ მოსვლის წინ მართლმადიდებელ სამყაროში... 

როცა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა ათონის მთის სიახლოვეს დედაქალაქის აშენება, იმ მხარის ეპისკოპოსს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: "მე ეს მთა ჩემს წილხვედრად ავირჩიეო". ეს რომ გაიგო კონსტანტინე დიდმა, ბრძანა: "ამ მიწის გამო ღვთისმშობელს დავას არ დავუწყებ და თუ ინებებს და ამ მთაზე ბერები დასახლდებიან, იქიდან ყველა მცხოვრებს გამოვიყვანო". ათონის წმინდა მთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაღია და იქაურ მკვიდრთ უფლის დედის წყალობა ბოლო ჟამამდე არ მოაკლდებათ. 1821 წელს, ბერძენთა აჯანყებისას, თურქებმა ათონის მთა დაიკავეს. ბერთა უმეტესობამ იქაურობა მიატოვა. 

დარჩენილნიც გაქცევას აპირებდნენ, რადგანაც იფიქრეს, ღვთისმშობელმა მიგვატოვაო. ამ დროს უფლის დედა მრავალ მეუდაბნოე მამას გამოეცხადა და უთხრა: "რისი შეგეშინდათ? ეს ყველაფერი გაივლის და აქაურობა კვლავ მონაზვნებით გაივსება. აი, გაძლევთ ნიშანს, ვიდრე ივერიის მონასტერში იმყოფება ჩემი ხატი, ნურაფრის გეშინიათ, ხოლო როცა ივერთა მონასტრიდან გამოვალ, მაშინ ყველამ აიკიდეთ აბგები და საითაც გინდათ, იქით წადითო". 

წმინდა ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებით, როცა ივერიის ღვთისმშობელი დატოვებს ათონის მთას, მაშინ მთაწმინდას გადაეხსნება ღვთისმშობლის საფარველი. ხოლო მამა სერგის (ვესნინი) 1844 წელს ათონურ დღიურში ჩაუწერია: "ზოგიერთები (ათონელი ბერები) ამბობენ, რომ ეს ხატი მეორედ მოსვლის წინ, ბოლო ჟამს წავა აქედან თავის პირველ სამყოფელში, ივერიაში ანუ ჩვენს საქართველოშიო". 

ივერიის ღვთისმშობლის ხატის საქართველოში მობრძანებით უფლის დედის მეორე კვართი გადაეფარება ჩვენს სამშობლოს და იხსნის ივერიელთ ანტიქრისტეს ხელთაგან, ალბათ ამიტომ ბრძანებს მამა ლავრენტი ჩერნიგოველი, ანტიქრისტე საქართველოში ვერ გაბატონდებაო.


კიევი

XI საუკუნეში ათონის მთაზე, ერთ-ერთ მონასტერში, ცხოვრობდა ჩერნიგოვის გუბერნიის ქალაქ ლუბეჩის მკვიდრი, ბერი ანტონი. წმინდა კირიონ კათალიკოსის (საძაგლიშვილი) აზრით, ეს მონასტერი გახლდათ ივერონი, სადაც იმ დროს რამდენიმე სხვა რუსი მამაც მოღვაწეობდა. წინამძღვარს ღვთისაგან გამოცხადება ჰქონდა, რომ ანტონი ისევ რუსეთში უნდა გაეგზავნა. მართლაც, წმინდა ანტონმა მიმოიარა კიევის სავანეები, იქ ერთ ბორცვზე მღვიმეში დასახლდა და გამრავლდა ანტონის საძმო. მათთან სამოღვაწეოდ მოვიდა თორმეტი წლის ბიჭი, თეოდოსი.  ერთხელ ღირს ანტონთან ვარიაგი შიმონი მივიდა. 

შიმონი კიეველ მთავრებთან ერთად ყივჩაღებს შეებრძოლა და სასიკვდილოდ დაჭრილი ღირსი ანტონისა და თეოდოსის ლოცვით გადარჩა. ახლა სამადლობლად მოსულმა, ღირს ანტონს ოქროს სარტყელი და გვირგვინი გადასცა, რომელიც ერთ დროს მამამისმა მაცხოვრის ქანდაკებას წელზე შემოარტყა და თავზე დაადგა. შიმონს ხმა მოესმა თურმე: - ეს გვირგვინი არასოდეს დაიდგა თავზე, წაუღე ანტონს, რომელიც ჩემი დედის სახელზე ტაძარს ააგებსო. ამავე გამოცხადებით, სარტყელი საზომად უნდა ჰქონოდათ წმინდა მამებს, როცა ეკლესიის მშენებლობას დაიწყებდნენ.

გამოხდა ხანი და კონსტანტინოპოლიდან ქვისმთლელი ჩამოვიდა. ისინი ტაძრებს აშენებდნენ კონსტანტინოპოლში. ერთხელ მათ შიკრიკებმა აუწყეს, ვლაქერნის ტაძარში დედოფალი გიხმობთო. ქვისმთლელებმა იქ დედოფალთან ერთად უამრავი მეომარი ნახეს. დედოფალმა მათ წმინდა ნაწილები და ოქრო გადასცა და უთხრა: 

- მსურს ეკლესია ავაგო კიევში, თქვენ გავალებთ ამ საქმეს. წაიღეთ ოქროს სამი წლის მარაგი, ტაძარს კი საფუძვლად ეს წმინდა ნაწილები დაუდეთო. ღვთისმშობელმა მათ თან თავისი მიძინების ხატი გამოატანა, რომლის სახელობისაც ეს ტაძარი უნდა ყოფილიყო. უფლის დედამ ბოლოს მათ თავისი სახელიც გაუმჟღავნა. კიევში ჩამოსული ქვისმთლელები ამტკიცებდნენ, სწორედ ანტონისა და თეოდოსის ხელით გადმოგვცა დედოფალმა ღვთისმშობელმა ეს ოქროო. 

ანტონის მიერ კიევში დაარსებულმა მონასტერმა განამრავლა სლავთა მიწაზე ბერმონაზვნობის მსურველნი.  ეს ადგილიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მესამე წილხვედრ ადგილად ითვლება. 


დივეევო

დაახლოებით 1760 წელს კიევის წმინდა ფლორას სახელობის დედათა მონასტერში მივიდა მდიდარი პოლკოვნიკის ქვრივი აღათია მელგუნოვა სამი წლის ქალიშვილთან ერთად. აღიკვეცა მონაზვნად ალექსანდრას სახელით, კიევში სამუდამოდ აპირებდა დარჩენას, მაგრამ ერთხელ, ძილ-ღვიძილში წარმოუდგა ღვთისმშობელი მარიამი და უთხრა: 

"არ მინდა აქ დაასრულო შენი წუთისოფელი... მიმოიარე რუსეთის ჩრდილოეთით ყველა წმინდა სავანე. ნახავ ადგილს, სადაც ჩემი მითითებით დაასრულებ შენს ღვთივსათნო ცხოვრებას, იქ დავაარსებ ისეთ სავანეს, რომელზეც გადმოვიყვან ღვთისა და ჩემს მთელ კურთხევას და კურთხევას დედამიწაზე ჩემი სამი წილხვედრისა: ივერიისა, ათონისა და კიევისა". 

ქალი გაემგზავრა რუსეთის ჩრდილოეთში. სოფელ დივეევოში შეჩერდა დასასვენებლად. აქ გამოეცხადა მას მეორედ უფლის დედა და უთხრა: "აი, ის ადგილი, რომლის მოძებნაც გიბრძანე. აი, ის სამყოფელი, სადაც შენ ღვთის განგებულებით უნდა იცხოვრო. მე ყოველთვის ვიქნები შენთან და ხშირად მოვინახულებ ამ ადგილს. ეს არის ჩემი მეოთხე წილხვედრი მსოფლიოში. 

და როგორც ცაზე ვარსკვლავს და ზღვაში ქვიშას, გავამრავლებ აქ მსახურებს უფლისა და ჩემი, და სიუხვე მიწიერ და ზეციურ სიკეთეთა, მცირე ადამიანური შრომით მოწეული, არ მოაკლდეს ამ ჩემგან შეყვარებულ ადგილს". 

დედა ალექსანდრამ საროვის მონასტრის მამათა დახმარებით ააშენა ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარი და რამდენიმე კელია. სიკვდილის წინ ფული ბერ-დიაკონ სერაფიმეს გადასცა. გამოხდა ხანი. ღირსი მამა სერაფიმე სულიერად წარემატა და როცა დადგა ჟამი ღვთისმშობლის კურთხევის აღსრულებისა, ღირსი მამის ხელმძღვანელობით მისმა სულიერმა შვილებმა დიდებული სავანე ააგეს, სადაც ცალკე იყო კინოვია ქალწულებისთვის. 

იქ ყოველი აგური ღვთისმშობლის კურთხევით დაიდო. უფლის დედის ნებითვე გაითხარა სავანის გარშემო არხი, რომელსაც ვერ გადალახავს მონასტრის დასარბევად მოსული ანტიქრისტე...

ალბათ დაუსრულებლად შეიძლება უფლის დედაზე და მის წილხვედრ ადგილებზე საუბარი. საგულისხმოა, რომ მისი წილხვედრი ქვეყანა მხოლოდ ივერიაა, რაც ათასგზის ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას. გილოცავთ ყველას ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მისი წყალობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს ქვეყანასა და სრულიად საქრისტიანოს!
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1226 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები