შაბათი, 20.04.2024, 00:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ადამიანი, რომელმაც დროს გაუსწრო
12:36
ადამიანი, რომელმაც დროს გაუსწრო
ადამიანი, რომელმაც დროს გაუსწრო
იუნესკოს ოფიციალური ცნობით, ჟიულ ვერნი მსოფლიოს ყველაზე ხშირად თარგმნილი ავტორია და დღემდე მისი ნაწარმოებები 148(!) ენაზეა გამოცემული



სიკვდილამდე ორი წლით ადრე, 1903 წელს, ჟიულ ვერნი თავის დას სწერდა: "ძვირფასო დაო, მხედველობა სულ უფრო მიუარესდება... გარდა მაგისა, ცალი ყურით დავყრუვდი. ასე რომ, ახლა მხოლოდ ნახევარი მესმის იმ სისულელეებისა და ავსიტყვაობისა, რომელიც ქვეყნად სუფევს, და ეს ცოტათი მანუგეშებს..."
ეს რომ სხვას დაეწერა, ცინიკოსად შერაცხავდნენ, მაგრამ ამ სიტყვების თქმის უფლება ჰქონდა ადამიანს, რომელმაც დროს გაასწრო.

საოცარია ჟიულ ვერნის მიერ ნაწინასწარმეტყველებ იმ აღმოჩენათა ჩამონათვალი, რომლებიც თითქმის საუკუნის შემდეგ იქცა რეალობად: თვითმფრინავი, ვერტმფრენი, ტელევიზია და ვიდეოჩაწერა, წყალქვეშა ნავი, კოსმოსური ხომალდები... "შეცდომაც" დაუშვა: ჩრდილოეთ პოლუსზე მიწის არსებობა ივარაუდა, სამხრეთ პოლუსზე კი - ოკეანისა, სინამდვილეში პირიქით აღმოჩნდა.


ჟიულ ვერნის ბავშვობა და სიჭაბუკე სულაც არ მოასწავებდა, რომ იგი სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფუძემდებლად იქცეოდა - მაშინაც კი, როდესაც ლიტერატურას დაუკავშირა თავისი  ცხოვრება, ალექსანდრე დიუმას თეატრთან თანამშრომლობდა და თვით დიუმასთანაც მეგობრობდა, მხოლოდ ვოდევილებსა და პატარა პიესებს წერდა, თანაც "ტეატრ ლირიკში" მდივნად მუშაობდა.

არადა, 1828 წელს ნანტელი ადვოკატის ოჯახში დაბადებული ჟიულ ვერნი თვითონაც იურისტის კარიერისთვის ემზადებოდა - პარიზშიც ისწავლა, მუშაობაც დაიწყო, იურიდიულ და ფინანსურ წრეებშიც მიღებული კაცი გახდა, მაგრამ ლიტერატურის სიყვარულმა და, როგორც ამბობდნენ, დიუმა-მამის პირადმა ზეგავლენამაც, საბოლოოდ შეაცვლევინა არჩევანი. დიუმა-შვილთანაც ამ უკანასკნელის სიკვდილამდე მეგობრობდა და ახალგაზრდობაში ერთად წერდნენ კიდეც - თავისი პირველი კომედია ლექსად, "დამტვრეული ლერწმები", სწორედ უმცროს დიუმასთან ერთად დაწერა, დაბეჭდვა კი უფროსმა დიუმამ ურჩია და მისთვის დამახასიათებელი სარკაზმით დაამატა: "ნუ გეშინიათ, გარწმუნებთ, ამ წიგნს ერთი კაცი მაინც იყიდის და ის კაცი მე ვიქნები!" 

თეატრში მდივნად მუშაობა ვახსენეთ და, როგორც თვითონ იგონებდა, სწორედ ამ სამსახურმა, უფრო ზუსტად, იმ მცირე ჯამაგირმა, აიძულა დამატებითი სამუშაო მოეძებნა - პოპულარულ ჟურნალში ისტორიულ და სამეცნიერო თემებზე პატარა წერილების დაწერა დაავალეს. მაშინ დაინტერესდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, ასტრონომიით, იმდროინდელი მსოფლიოს უახლესი აღმოჩენებითა და გამოგონებებით. მისი, როგორც მწერალ-ფანტასტის დებიუტიც ამის შემდეგ შედგა - 1862 წლის შემოდგომაზე დაიწყო მუშაობა რომანზე "ხუთი კვირა საჰაერო ბურთზე", მალევე დაამთავრა და ისე აღაფრთოვანა ცნობილი გამომცემელი პიერ-ჟიულ ეტცელი, რომ წიგნი მალე მაღაზიების თაროებზე იდო და დიდი ტირაჟითაც გაიყიდა.

პირველივე რომანმა საშუალება მისცა მწერალს, მანსარდიდან კარგ ბინაში გადასულიყო. ცოლი უკვე ჰყავდა, მალე შვილიც გაუჩნდა, ცხოვრება დალაგდა... რაც მთავარია,  ჟიულ ვერნმა მოგზაურობა დაიწყო!

როდესაც ჟიულ ვერნის ბიოგრაფიაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება ეტცელზე საგანგებოდ არ შევჩერდეთ: ამ კაცმა ძალიან ბევრი გააკეთა ჟიულ ვერნის პოპულარიზაციისთვის (ცხადია, პირველ რიგში საკუთარი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე), პირველივე რომანის შემდეგ 25-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის ძალითაც მწერალს მისთვის ყოველწლიურად ორი რომანი, ან ერთი რომანის ორი ტომი უნდა გადაეცა დასაბეჭდად (1886 წელს, ეტცელის სიკვდილის შემდეგ ეს კონტრაქტი მის შვილთან გაგრძელდა).

სხვათა შორის, ეტცელის კომერცია ერთხელ რომანის შინაარსშიც "ჩაერია": სწორედ ჩვენი მკითხველისთვის დღეს შეთავაზებული რომანის ("80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ") პირვანდელ ვარიანტში კაპიტანი ნემო იყო 1863-65 წლებში რუსეთის წინააღმდეგ პოლონეთის აჯანყების მონაწილე არისტოკრატი, რომელმაც "ნაუტილუსი" რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად ააგო, მაგრამ ეტცელმა, რომელიც რუსეთშიც ვაჭრობდა წიგნებით, დაარწმუნა ჟიულ ვერნი, რომ ამით ბევრს ვერაფერს მოიგებდნენ და ასე გახდა "80 ათასში" კაპიტანი ნემო "უსამშობლო" კაცი, ხოლო "საიდუმლო კუნძულში", რომელიც ფაქტობრივად ამ რომანის გაგრძელებაა, იგი ინდოელი რაჯას შვილი, პრინცი დაკარი ხდება, რომელიც ინგლისელებზე შურისძიების მიზნით სჯის მათ, სიპაების აჯანყების სისხლში ჩახშობის გამო.

თუმცა ეს დათმობა გამონაკლისი შემთხვევა იყო, თანაც ჟიულ ვერნი თავის რომანებში პერსონაჟთა ეროვნულ წარმოშობაზე მეტად, სიუჟეტურ ქარგასა და, რაც მთავარია, სამეცნიერო-ფანტასტიკურ პასაჟებს აქცევდა ყურადღებას.

ჟიულ ვერნს მართლაც არ ჰყავს ბადალი - იმ ასამდე რომანში, რომელიც მან დაწერა, ცხადია, არის კარგიც, ბრწყინვალეც და შედარებით უარესიც, მაგრამ არც ერთი მათგანი არ განიცდის სიუჟეტის სიმძაფრის დეფიციტს ან პერსონაჟთა გალერეის სიმწირეს. საკუთარი ოსტატობისა და ეტცელის კომერციული ნიჭის წყალობით, მისმა რომანებმა ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთშიც, შემდეგ კი, ინერციით, საბჭოთა კავშირშიც.

ჩვენ, ვისაც "საბჭოთა ბავშვობა" გამოგვივლია, ყველას გვახსოვს არა მხოლოდ ჟიულ ვერნის ქართულად გამოცემული რვატომეული, არამედ მისი რომანების უამრავი ეკრანიზაცია, მათ შორის ძალზე პოპულარული ფილმი "კაპიტანი ნემო".

სხვათა შორის, ის, რომ "50 წიგნის" პროექტში, მკითხველთა გამოკითხვის შედეგად, ამ რომანის ადგილიც აღმოჩნდა, სწორედ იმ თაობის მკითხველთა დამსახურება მგონია. თვით რომანის სათაურშიც ხომ, დღემდე, იმ წლებში დამკვიდრებული და ჩვენთვის უფრო გასაგები "80 ათასი კილომეტრი" შემორჩა და არა ორიგინალის "20 ათასი ლიე" (ლიე - მაშინდელ საფრანგეთში მიღებული საზომი ერთეული იყო და დაახლოებით 4 კილომეტრს უდრიდა).

ვისთვის წერდა ჟიულ ვერნი? მის ნაწარმოებებს კითხულობდნენ პოლიტიკოსებიც, ლიტერატორებიც, მეცნიერებიც - ერთი მხრივ და ყასბები, თერძები და კანტორის კურიერები - მეორე მხრივ. იგი თავის მთავარ მიზნად მიიჩნევდა - ყველასთვის ხელმისაწვდომობას. განსაკუთრებული ყურადღებით პატარა მკითხველს ეკიდებოდა.
მუშაობის საკუთარი რეჟიმი და წესი ჰქონდა: ასე უცებ მოსული პოპულარობისა და სიმდიდრის შემდეგ პარიზი დატოვა, ცოლის მშობლიურ ქალაქ ამიენში იყიდა დიდი სახლი და იქ - პატარა ქალაქის სიწყნარეში დილის ხუთი საათიდან შუადღემდე მუშაობდა ხოლმე. ამ სამუშაოს უდიდესი დრო არა წერას, არამედ კითხვას - სხვადასხვა ლიტერატურის გაცნობას, სხვადასხვა სფეროში სიახლეების ძიებას და, რაც მთავარია, ჟიულ ვერნის ცნობილი კატალოგის შედგენას ხმარდებოდა: სიცოცხლის ბოლოს 20 ათასი(!) რვეული დაუგროვდა, რომლებშიც თემების მიხედვით მოთავსებული იყო ენციკლოპედიური ცნობები, საგაზეთო ამონაჭრები, საკუთარი მოსაზრებები...

როგორც უკვე ვთქვით, განმარტოებით, სიწყნარეში ცხოვრების გარდა, შემოსავლებმა ჟიულ ვერნს მოგზაურობის საშუალებაც მისცა, რაც მთავარია - საკუთარი იახტებით. "სენ-მიშელი II", "სენ-მიშელი IIII" და "სენ-მიშელი III III" სხვადასხვა დროს მიაპობდნენ ბალტიის, ნორვეგიისა და ხმელთაშუა ზღვის ტალღებს, მწერალმა ტრანსატლანტიკური მოგზაურობაც მოაწყო და ყველა მათგანი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა - საკუთარი თვალით ენახა და დაკვირვებოდა ყველაფერს, რის შესახებაც შემდეგ ასე ოსტატურად მოგვითხრობდა.

ჟიულ ვერნმა თითქმის რვა ათეული წელი იცოცხლა (1905 წელს გარდაიცვალა დიაბეტისგან), მაგრამ ბოლო წლებში გულდაწყვეტით წერდა: "რომ იცოდეთ, როგორ ვნანობ, რომ ასე ადრე ვამთავრებ ამქვეყნიურ გზას და სიცოცხლეს იმ ეპოქის გარიჟრაჟზე ვემშვიდობები, რომელიც ამდენ სასწაულს გვპირდება..."

ცხადია, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის დამახასიათებელი წუთიერი სისუსტე კი არა, მხოლოდ საკუთარი "წინასწარმეტყველებების" ახდენის ცხადად ხილვის სურვილი იყო...
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1065 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები