პარასკევი, 19.04.2024, 16:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » კარავაჯო - სკანდალური ფერმწერი
12:36
კარავაჯო - სკანდალური ფერმწერი
კარავაჯო - სკანდალური ფერმწერი
არიან ადამიანები, რომლებიც აჩქარებენ დროის მდინარებასა და ცივილიზაციის ისტორიას. სწორედ მათ უმადლის კაცობრიობა უდიდეს აღმოჩენებს. ისინი გვახსენებენ, რომ ისტორიის მდინარება ყოველთვის არ არის სწორხაზოვანი. დასავლეთევროპულ მხატვრობაში ასეთი როლი ჯოტომ და მაზაჩომ ითამაშეს. მათ შემდეგ კი მხოლოდ და მხოლოდ კარავაჯოს დასახელება შეიძლება. კარავაჯომ უდიდესი გავლენა მოახდინა ევროპული ფერწერის განვითარებაზე. 

დანამდვილებით არ არის ცნობილი, სად დაიბადა გენიალური მხატვარი კარავაჯო, იგივე მიქელანჯელო მერიზი - სოფელ კარავაჯოში თუ მილანში, რადგან იგი არ არის მოხსენიებული ამ პატარა სოფლის საეკლესიო დავთრებში. ზუსტად არც მისი დაბადების თარიღია ცნობილი. ფიქრობენ, რომ მიქელანჯელო 1571 წლის 29 სექტემბერს უნდა იყოს დაბადებული - მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეს. მხატვრის ხანმოკლე და ფათერაკიანი ცხოვრება დაემთხვა ევროპის ქვეყნებს შორის რელიგიური ომების პერიოდს, როცა რენესანსი რელიგიურმა შეუწყნარებლობამ შეცვალა: ლუთერის პროტესტანტული რეფორმის პასუხად კათოლიკურმა ეკლესიამ ინკვიზიცია აამოქმედა და მკაცრ კონტროლს დაუქვემდებარა აზროვნება და მორალიც. 

მამამისი, ფერმო მერიზი მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო სფორცას მოურავი იყო. ბიჭუნა 5 წლისა დაობლდა - შავი ჭირის ეპიდემიამ მისი მამა, ბაბუა და ბიძა იმსხვერპლა. ადრე გამოვლენილი ხატვის დიდი ნიჭის გამო სფორცებმა 12 წლის მიქელანჯელო მილანში, მხატვარ სიმონე პეტერცანოს მიაბარეს. მისგან კარავაჯომ ფერებით გატაცება და სინათლის ოსტატური გამოყენება შეითვისა. პეტერცანოს დამკვეთი უმეტესად სამღვდელოება იყო და კარავაჯო კათოლიკური ეკლესიის ესთეტიკურ პოსტულატებშიც კარგად გაერკვა... მილანში ჭაბუკი კარავაჯო თავზე ხელაღებულთა და მაწანწალათა გავლენის ქვეშ მოექცა, "რომლებიც უპატიოსნო საქციელსა და ლაპარაკში იყვნენ შემჩნეული, განსაკუთრებით კი საროსკიპოებში, ტავერნებში ყოფნისას და აზარტული თამაშებისა და სანაძლეოების დადების დროს", - ნათქვამია მაშინდელი მთავრობის განცხადებაში. დუელის გამო კარავაჯომ ერთი წელი გაატარა ციხეში - არ ისურვა, გაეცა ამავე საქმეში მონაწილე სხვა პირების ვინაობა, სასჯელის მოხდის შემდეგ კი, 1592 წელს, რომს გაემგზავრა. 

იმ დროს ვატიკანი უკვე საეკლესიო ძალაუფლების სიმბოლო იყო მთელ მსოფლიოში. პაპის მოთხოვნით, კათოლიკური რელიგია "ხალხური ხელოვნების"”მეშვეობით ვრცელდებოდა - მისი იდეები და ფორმები მარტივი და გასაგები იყო ფართო მასებისთვის. წმინდანთა ფიგურები რეალისტურად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ წმინდანობის მაჩვენებელი ატრიბუტების თანხლებით. შედეგად, ჩამოყალიბდა "ყველასთვის ადვილად გასაგები" სტილი - ბაროკო. თუმცა ჭაბუკი კარავაჯო ეჭვქვეშ აყენებდა დაკანონებულ იერარქიულ სისტემას. მას არ იზიდავდა კლასიკური მოდელები,   სურდა, გათავისუფლებულიყო პირობითობისაგან, ძირეულად შეესწავლა ფერწერის პრობლემები. ჭაბუკი დარწმუნებული იყო, რომ ბუნება ტილოზე ისე უნდა აესახა, როგორც თავად ხედავდა და სრულიად არ ადარდებდა, მნახველს იგი ლამაზი მოეჩვენებოდა თუ უშნო. იმას ხატავდა, რისი დახატვაც ეწადა - მაგალითად, სურათზე "ხვლიკის მიერ დაკბენილი ბიჭი". ხელოვნების ისტორიაში პირველად მხატვარმა აღბეჭდა მომენტი, როცა პერსონაჟი უეცარ ტკივილს განიცდის. 

კარავაჯოს ტილოს - "წმინდა ფრანჩესკოს ექსტაზი" - გულწრფელობით მოხიბლული კარდინალი ფრანჩესკო მარია დელ მონტე მისი მფარველი გახდა. დელ მონტეს კავშირების წყალობით ახალგაზრდა მხატვარმა მალე მოიხვეჭა სახელი. მის შემოქმედებაში დაიწყო ახალი და წინააღმდეგობრივი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები შექმნა. კარავაჯო დროებით დაემშვიდობა დაბალი წრის ხალხში ტრიალს და მთელ თავის შინაგან ძალას ფერწერას ახმარდა. მისი მხატვრული ენა მანამდე არნახულ სიმძაფრეს სძენდა ტილოებს, რომლებშიც შუქ-ჩრდილები გადამწყვეტ როლს თამაშობდა. კარავაჯო არ სჯერდებოდა მხოლოდ ქრისტიანი წმინდანების ტანჯვის იდეალიზებულ ჩვენებას, არამედ დაურიდებლად აჩვენებდა ტკივილის სიმწვავეს.

კარდინალ დელ მონტეს კეთილგანწყობის მიუხედავად, კარავაჯოს რამდენიმე სურათი მიუღებლად მიიჩნიეს და იგი იძულებული გახდა, მათი შესწორებული ვარიანტები შეექმნა. მის მიერ დახატული ქრისტეს, ღვთისმშობლის თუ წმინდანთა გამოსახულებები სკანდალს იწვევდა, რადგან ნაცნობი, ახლობელი ადამიანებივით იყვნენ დახატული. კარავაჯო ქუჩებში, განსაკუთრებით კი ქალაქის ღატაკთა უბნებში ნანახ ადამიანებს იყენებდა მოდელებად. ოფიციალური აღიარების გარეშე დარჩენილი მხატვარი ცდილობდა წყენა და იმედგაცრუება ახლობელთა წრეში დაევიწყებინა. მის ირგვლივ თითქმის სულ მხატვრები, თამაშებისა და დუელის მოყვარული ახალგაზრდები იყრიდნენ თავს. 

KvirisPalitra.Geკარავაჯოს ორი სურათით - "მათე მოციქულის მარტვილობა" და "მათე მოციქულის მოწოდება" დასავლეთევროპული მხატვრობის ისტორიის ახალი ფაზა დაიწყო. ამ ორი დიდი ნაწარმოების მთავარ ღირსებას შუქის არაჩვეულებრივი დამუშავება წარმოადგენდა. სინათლე, რომელიც ღვთაების ზებუნებრივი მოვლინების სიმბოლოდ გვესახება, ჩნდება როგორც დამოუკიდებელი ელემენტი და სცენის თხრობით რიტმს განსაზღვრავს. "ამ შუქის მიზანი არ არის, სხეულები უფრო მოქნილი და ჰარმონიული გახადოს: იგი მკვეთრია და მძაფრ წინააღმდეგობაშია ღრმა ჩრდილებთან. იგი მკაფიოდ გამოკვეთს უცნაურ სცენას მთელი თავისი სიმართლით, ყოველგვარი კომპრომისისა და შერბილების გარეშე, სიმართლეს, რომელიც ძალზე ცოტა მისი თანამედროვესთვის იყო მისაღები, მაგრამ გადამწყვეტი გავლენა იქონია ფერწერის მომავალზე", - წერს ერნსტ გომბრიხი. 

კარავაჯო იღებს დაკვეთებს სურათებზე "მათე მოციქული და ანგელოზი", "სავლეს ჩამოვარდნა", "პეტრე მოციქულის ჯვარცმა", "პილიგრიმთა მადონა", "მადონა გველით", "ღვთისმშობლის მიძინება" - ის დიდად სახელგანთქმულ და პრესტიჟულ მხატვრად ითვლება, მაგრამ სკანდალებიც ფეხდაფეხ სდევს, რადგან სისტემატურად არღვევს მიღებულ ნორმებს და ვატიკანთან საბოლოო განხეთქილების ჟამიც დგება.

1606 წლის 20 მაისს ბურთის თამაშის დროს ატეხილ ჩხუბში მას მეტოქეები შემოაკვდა და თავადაც მძიმედ დაიჭრა თავში. თავდაპირველად იმალებოდა. ეგონა, შეიწყალებდნენ, რადგან მკვლელობა შემთხვევით მოხდა. მეგობრებიც ცდილობდნენ მის დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ და კარავაჯოს 1607 წელს რომის დატოვება მოუხდა. 

დიდი მხატვარი  ციებ-ცხელებით (მალარიით) გარდაიცვალა 1610 წელს.
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1373 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები