ხუთშაბათი, 28.03.2024, 23:46
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ჯანყი ანტიოქიაში ანუ როგორ იქცეოდნენ ადრინდელი მამები
12:43
ჯანყი ანტიოქიაში ანუ როგორ იქცეოდნენ ადრინდელი მამები
ჯანყი ანტიოქიაში ანუ როგორ იქცეოდნენ ადრინდელი მამები
რისთვის საჭირბოროტო საკითხზე ეკლესია რაწამს ხმას ამოიღებს, მაშინვე პირში ეცემიან ოპონენტები და მას პოლიტიკაში ჩარევას ”საყვედურობენ. როგორ უნდა მოიქცეს ეკლესია, როცა მისი სამწყსო საფრთხეშია? ამის მაგალითად გამოდგება ერთი ძველი ამბავი, რომელიც ბიზანტიის იმპერიაში მოხდა.


ორი წელია, რაც წმინდა იოანე ოქროპირი მღვდლობს ანტიოქიაში. მოახლოვდა 388 წლის დიდმარხვა. თითქოს სინანულისთვის უნდა მომართულიყო ხალხი, მაგრამ აქაურები ურჩობის სულით იყვნენ სავსე - არაერთგზის აჯანყებულან. ახლაც ასე მოხდა. იმპერიაში ათი წელი სიმშვიდე სუფევდა თეოდოსი დიდის გონივრული მმართველობის წყალობით. მან ოთხი წლის წინ ავგუსტუსად დასვა თავისი ძე, არკადი და რადგან ამ მნიშვნელოვანი მოვლენის მეხუთე წელი ახლოვდებოდა, გადაწყვიტა, მთელ იმპერიაში დიდი ზეიმი გაემართა. ამასთან უნდა აღენიშნა თავისი გამეფების ათი წლისთავიც. 

ეს ზეიმი მეტად ხარჯიანი იყო. თეოდოსიმ გადაწყვიტა, იმპერიის დიდი ქალაქებიდან მოეკრიფა გადასახადი. პირველად ალექსანდრია აჯანყდა. როცა იმპერატორის ბრძანება ანტიოქიაში წაიკითხეს, სენატორები ქუჩაში ყვირილით გამოცვივდნენ - ეს გადასახადები ქალაქს დაგვიქცევს და ცოლ-შვილის მონებად გაყიდვა მოგვიწევსო. ხალხის აფორიაქებული მასა პრეტორიაში შეიჭრა. 

მათ თვალწინ დიდებული სანახაობა გადაიშალა. გამოსაჩენ ადგილას დაედგათ იმპერატორ თეოდოსის, მისი გარდაცვლილი მეუღლის ფლაცილას, შვილის - არკადის და იმპერატორის ოჯახის სხვა წევრთა ძეგლები. ბრბო შედგა, კრძალვამ დარიათ ხელი. უფრო კეთილგონიერნი ხალხს დაშლისკენ მოუწოდებდნენ. საქმე რამდენიმე ონავარმა გააფუჭა - ძეგლებს ქვები დაუშინეს. ერთის დამსხვრევამ ვნებები გაამძაფრა - ყველაფერი გაანადგურეს. "ძირს ტირანი!" - გაიძახოდნენ, ძეგლების ნარჩენები ლანძღვა-გინებით წაიღეს და მდინარე ორონტში გადაყარეს. 

მრისხანების ქარიშხალი ჩადგა, ხალხი გონს მოეგო და თავიანთი საქციელის გამო სასოწარკვეთამ მოიცვა. მდიდრები ერთმანეთს ასწრებდნენ  ქალაქიდან გაქცევას. მაგრამ ღარიბი მოსახლეობა სად გაიქცეოდა, ღვთის გარდა მათი დამცველი აღარავინ იყო. ეკლესიები ხალხით გაივსო, ყველა ნუგეშს აქ ეძიებდა. წმინდა იოანეს ბაგეთაგან წარმოთქმულ სიტყვებს დიდი ძალა ჰქონდა, მაგრამ ისიც დუმდა, ერთი კვირა სიტყვა არ დასცდენია, თითქოს ხალხს აცლიდა, დაფიქრებულიყო და თავისი დანაშაულის სიმძიმე შეეგნო. ბოლოს კი, ხორციელის შაბათს თუ კვირას ღრმად დამწუხრებული გამოეცხადა ხალხს და იქადაგა. შემდგომ აღარც დადუმებულა, ქალებისა და ბავშვების ტირილი აწყვეტინებდა ქადაგებას: "ქრისტიანი იმით უნდა განსხვავდებოდეს ურწმუნოთაგან, რომ მომავლის იმედით უნდა გამხნევდეს, - ეუბნებოდა მათ მამა იოანე".

როცა ანტიოქიიდან კონსტანტინოპოლისკენ აჯანყების მაცნეებმა გააჭენეს ცხენები, მღვდელმთავარმა ფლავიანემ გადაწყვიტა, ყველაფერი გაეკეთებინა მეფის მრისხანების შესამსუბუქებლად. მოხუცი და უძლური იყო, მაგრამ მაინც გადაწყვიტა კონსტანტინოპოლში გამგზავრება. გზა შორი (1200 ვერსი) და რთული იყო, ცივი ზამთარი იდგა. ანტიოქია ერთ დიდ მონასტერს დაემსგავსა, სადაც მხოლოდ ლოცვა-ღაღადისი ისმოდა. ყველას ერთი ფიქრი აწუხებდა, მიასწრებდა თუ არა მოხუცებული მღვდელმთავარი და როგორ შეხვდებოდა მას იმპერატორი. ანტიოქიელთა სამწუხაროდ, მაცნეებმა დაასწრეს ფლავიანეს და იმპერატორმა მაშინვე გამოგზავნა მოხელენი, რომლებიც ანგარიშსწორებას შეუდგნენ. უამრავი ხალხი დაიჭირეს, ციხეები ხალხს ვერ იტევდა და ღია ცის ქვეშ გალიებში დაამწყვდიეს, ხალხს გარეთ გამოსვლისაც ეშინოდა. 

და აი, ამ უმძიმეს დღეებში, როცა მონისა და ბატონის სიცოცხლეს ერთი ფასი ჰქონდა, სამსჯავროში მიმავალ მეფის მოხელეებს გზა უცნაურმა, მარხვით სახემიმჭკნარმა ხალხმა გადაუღობა. ისინი გარშემომყოფი განდეგილები იყვნენ, თამამად წარუდგნენ მოხელეებს და ანტიოქიელთა შებრალება და შეწყალება სთხოვეს. განსაკუთრებით უშიშრად იქცეოდა მოხუცი ჩია ბერი მაკედონი. მეფეს დარწმუნება დაუწყო, რომ წასულიყვნენ და იმპერატორისგან შეწყალება გამოეთხოვათ. "იმპერატორიც ხომ კაცია, შეიძლება მიხვდეს, თუ რაოდენ სახიფათოა მის მსგავს ადამიანთა მოკვლა. მაგრამ შეუძლია მკვდრეთით აღადგინოს ისინი, ვინც მისი მრისხანების მსხვერპლნი შეიქმნენ? დაე, გაიხსენოს ღვთის რისხვა". მოხელენი გაოცდნენ ამ უჩვეულო, ხალხისგან ფრიად პატივცემული განდეგილის სიტყვებით. 

დაარწმუნეს, რომ უშუამდგომლებდნენ იმპერატორის წინაშე. დაიძრნენ პრეტორიისკენ, სადაც სიკვდილმისჯილი ანტიოქიელები იდგნენ. აქაც სიურპრიზი ელოდათ - მეფის მოხელეებს წინ გადაუდგა ეპისკოპოსთა და ხუცესთა გუნდი, მათ შორის წმინდა იოანე ოქროპირიც იყო. უთხრეს მეფის მოხელეებს, - მანამდე არ შეგიშვებთ პრეტორიაში, სანამ არ დაგვპირდებით სიკვდილმისჯილთა შეწყალებას, "თუ არადა,  ჩვენს გვამებზე მოგიწევთ გადავლაო"... მერე მუხლებზე მოეხვივნენ მოხელეებს და ხან თავმდაბლური თხოვნით, ხანაც ღვთის რისხვის შეხსენებით ისე შეძრეს ისინი, რომ მათ ხმამაღლა გამოაცხადეს სიკვდილმისჯილთა შეწყალება. ერთ-ერთი კეთილშობილი მოხელე კონსტანტინოპოლს გაემგზავრა ყოველივეს იმპერატორისთვის მოსახსენებლად. 

ამ დროს მოხუცებული ფლავიანე იმპერატორის კარზე მიღებას ითხოვდა. ღრმად დამწუხრებული, თავდახრილი და ატირებული წარუდგა თეოდოსის მოხუცი. თავის სამწყსოსთვის ასე გატანჯული მღვდელმთავრის ხილვამ შეძრა თეოდოსის გული, აღელვებული მივიდა მასთან და უმადურ ანტიოქიელთა შუამდგომლობა უსაყვედურა. სულისშემძვრელი იყო ფლავიანეს პასუხი: შეწყალების ღირსნი არ ვართ, მაგრამ თუ ასეთებსაც შეგვინდობ, მაშინ შენი დანგრეული ძეგლის ნაცვლად მრავალი ათასი უბრწყინვალესი ძეგლი აღიმართება ადამიანთა გულებში. არა მარტო ჩვენს, არამედ მომავალ თაობათა გულებშიც, რომლებიც კრძალვით გაიხსენებენ შენს კეთილშობილებას. როცა შენვე, ცოტა ხნის წინ, აღდგომის დღესასწაულისთვის ტუსაღები გაათავისუფლე და ამავე ბრძანებაში აღნიშნე: 

"ეჰ, ნეტავ შემეძლოს მკვდრებს (სიკვდილით დასჯილებს) მოვუწოდო და მკვდრეთით აღვადგინოო". აი, დრო დადგა მოუწოდო მიცვალებულებს და მკვდრეთით აღდგნენ! ვინაიდან ანტიოქიელები განაჩენის გამოტანამდე უკვე დაიხოცნენ და ჯოჯოხეთის კარებთან დგანან. ასე მრავალი მეფე მოქცეულა. მათი შეწყალებით შენს სახელზეც იზრუნებ, რამეთუ როცა შენს ბრძანებას შეიტყობენ იუდეველნი და წარმართნი, იტყვიან: "აი, რა ძლიერია ქრისტიანობა! კაცი, რომლის ტოლიც არავინ არის დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია ყოველი დაღუპოს და დააქციოს, დაამშვიდა ქრისტიანობამ, მოთმინება ასწავლა... ჭეშმარიტად დიდია ქრისტიანთა ღმერთი. 

ის კაცთაგან ანგელოზებს ქმნის და მათ ბუნებრივ მოთხოვნილებებზე მაღლა აყენებს!" მრავალი ანტიოქიელი უკვე გარეულ მხეცთა მსხვერპლი გახდა უდაბნოში. უამრავი ქალი და ბავშვი მღვიმეებსა და მიუვალ ხეობებში იმალება. როცა ისინი შეიტყობენ შეწყალების ამბავს, უფრო განგადიდებენ. რადგან შეურაცხყოფის პატიება ერთი-ორს თუ შეუძლია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენზე მთავრობს ზეციური მეუფე, რომელმაც ადამიანებს ურთიერთშეწყალება გვასწავლა: "თუ ადამიანებს მიუტევებთ შეცდომებს, მაშინ ღმერთიც მოგიტევებთ თქვენს შეცდომებს". გაიხსენე განკითხვის დღე, როცა შენი შეცდომები ამ დამნაშავეთა მიტევებით გეპატიება. სხვანი თუ პატიებისთვის შენთან ოქროთი და ვერცხლით მოდიან, მე შენს მეფურ დიდებულებასთან საღმრთო კანონებით მოვედი, მას მოგართმევ და გევედრები:

მოიქეცი ისე, როგორც შენი მეუფე იქცევა, რომელსაც ყოველდღიურად შეურაცხვყოფთ ჩვენი ცოდვებით. ის კი მაინც არ გვაკლებს წყალობას, ნიჭებს. მაგრამ თუ არ აპატიებ, მაშინ არც მე დავუბრუნდები იმ ქალაქს, იმ მხარეს, რომელსაც შენ, კაცთა შორის ყველაზე მდაბალსა და მოყვასს, არ გსურს აპატიო მათ და შეურიგდე". 
შეძრა ნათქვამმა თეოდოსის გული: "თუ სამყაროს მეუფე, კაცთა ხსნისთვის მოსული და კაცთაგან ჯვარცმული, ზეციურ მამას ეუბნებოდა: "მიუტევე მათ, რამეთუ არ იციან, რასა იქმან", მით უმეტეს ადამიანებმა უნდა აპატიონ ერთმანეთს დანაშაული", - თქვა მეფემ და ანტიოქიელებს შეუნდო დანაშაული. გახარებულ ფლავიანეს აღდგომის ზეიმი მეფესთან ერთად სურდა, მაგრამ თეოდოსიმ თითქმის იძულებით ანტიოქიაში გაგზავნა: "წადი და დაამშვიდე ხალხი. როცა თავიანთ მწყემსს დაინახავენ, დაავიწყდებათ თავსმოწეული განსაცდელი". 

ფლავიანე ანტიოქიაში აღდგომის დღეს შემოვიდა. მთელი ანტიოქია ქალაქგარეთ შეეგება მღვდელმთავარს. ამ განსაცდელმა და მისმა დასასრულმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტიანობისკენ და ღმერთს შეარიგა. მართლაც, რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფალს და რამდენად ძლიერია ის ქვეყანა, სადაც ხელისუფალი და ქვეშევრდომი ურთიერთმიმტევებელნი არიან. ძლიერია ის ქვეყანა, სადაც ასეთი მწყემსები და მწყემსმთავრები ჰყავთ, სადაც ხელისუფლება თავს ხალხის მსახურად თვლის და მათ დამწყემსვაში ადამიანთა სულების ჭეშმარიტ მწყემსებს გვერდით დაიყენებს, თვითონვე დაემორჩილება მათ და ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი იქნება ზეცათა მეუფისა - ქრისტესი.
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 973 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები