ხუთშაბათი, 28.03.2024, 13:53
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » სადავო შეთანხმება რომელიც ქართულ მხარეს ცუდ მდგომარეობაში აგდებს
12:47
სადავო შეთანხმება რომელიც ქართულ მხარეს ცუდ მდგომარეობაში აგდებს
სადავო შეთანხმება რომელიც ქართულ მხარეს ცუდ მდგომარეობაში აგდებს
"ჩემს ტერიტორიაზე შენი აღმსარებლობის ასობით სალოცავი იყოს და შენს ტერიტორიაზე - არც ერთი მართლმადიდებლური ტაძარი?"

"ქართულ და თურქულ მხარეებს შორის შეთანხმებაში ბალანსი უნდა იყოს დაცული"


10 იანვარს "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილ სტატიას "ისტორიული შანსი ქართული ტაძრების გადარჩენისა, თუ წინდაუხედავი ნაბიჯი?!", გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოსა და თურქეთს შორის მოლაპარაკების შესახებ. შეთანხმების მიხედვით, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ხანძთის, ოშკის, იშხნისა და ოთხთა ეკლესიის რეაბილიტაციის სანაცვლოდ საქართველოში სამი მეჩეთის განახლება და ერთის აშენება იგეგმება. განცხადების გავრცელების შემდეგ საზოგადოებაში განსხვავებული აზრი გაჩნდა, ისიც კი ითქვა, რომ საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია რადიკალურად ხისტია. საპატრიარქოს ოპონენტებისთვის მიუღებელია, რომ ქართული საეკლესიო ხელისუფლება საქართველოში მეჩეთების აღდგენის წინააღმდეგია. თუმცა, საპატრიარქოს განცხადებაში მსგავსი პოზიცია არსად ჩანს.    


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის  მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: 

- ვინც ობიექტურად მსჯელობს, მას არ გაუჩნდება აზრი, რომ საქართველოს საპატრიარქო თურქეთის ტერიტორიაზე ეკლესია-მონასტრების აღდგენის წინააღმდეგია. ჩვენს განცხადებაში ყველაფერია განმარტებული. თუ რიგით მოქალაქეებს სურთ გადაარჩინონ ოშკი და იშხანი, როგორ ფიქრობთ, ეს ვინმეზე ნაკლებად სურს საპატრიარქოს? ქართულ და თურქულ მხარეებს შორის შეთანხმებაში ბალანსი უნდა იყოს დაცული. ფაქტია, რომ საქართველოში ასობით მუსლიმანური სალოცავია და მათ მოქმედებას არავინ კრძალავს. ამიტომაც, რბილად რომ ვთქვათ, კარგი ჟესტი არ არის თურქეთის მხრიდან იმის მოთხოვნა, რომ კიდევ ერთი ან ოთხი სალოცავი გაახსნევინო და სანაცვლოდაც იმდენივე აღგადგენინოს თავის ტერიტორიაზე. ამასთან, აღგადგენინოს არა მონასტერი, როგორც ფუნქციური ობიექტი, არამედ, მხოლოდ როგორც ძეგლი. 

ეს არ არის თანაბარი  სუბიექტების საუბარი. ქართულ მხარეს აშკარად ცუდ მდგომარეობაში აგდებს ეს შეთანხმება. როგორი თანასწორობაა, ჩემს ტერიტორიაზე შენი აღმსარებლობის ასობით სალოცავი იყოს და შენს ტერიტორიაზე -  არც ერთი მართლმადიდებლური ტაძარი? თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომა საქართველოს საპატრიარქოს ახირებაა, მაშინ საკითხი საფუძვლიანად განიხილოს ნებისმიერმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა და ნათელი გახდება, რომ ჩვენ მხოლოდ სამართლიანობის და თანაბარუფლებიანობის დაცვას ვითხოვთ. ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ თურქული მხარე გაგებით შეხვდება ჩვენს პოზიციას და შემოგვთავაზებენ უფრო პოზიტიური შეთანხმების ფორმას. 

ძეგლები უნდა აღდგეს, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს მხოლოდ თანაბარ პოზიციაში მყოფი სახელმწიფოების დონეზე.  2005 წელსაც, როდესაც ამ საკითხზე მოლაპარაკება დაიწყო, თურქულ მხარეს ასეთივე მოთხოვნები ჰქონდა. ჩვენ მაშინაც მკვეთრი პოზიცია გამოვხატეთ, თუმცა, როგორც მახსოვს, არა ოფიციალურად, არამედ - კულუარებში. პრობლემაზე ლაპარაკიც მყისვე შეწყდა. ახლა საკითხი ხელახლა წამოიჭრა, თურქები კი უწინდელ პოზიციაზე არიან. თუ მოლაპარაკება მიდიოდა, რაღაც ხომ უნდა შეცვლილიყო?

- საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ საკითხის მოგვარება კვლავ გაჭიანურდება, ამასობაში კი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ოშკის გუმბათიც ჩამოიქცევა. 
- ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ასეთი კონსტრუქციული და ძალიან მოზომილი პასუხის შემდეგ თურქულ მხარეს მოლაპარაკების ინტერესი გაუჩნდება. ვიმეორებ, საქართველოში არის 250-ზე მეტი მუსლიმანური სალოცავი,  თურქეთის ტერიტორიაზე კი ჩვენი არც ერთი სალოცავი არ არის. არადა, ჩვენს მეზობელს აქვს ამბიცია, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თურქეთის ასეთი მისწრაფებიდან გამომდინარე, არაკონსტრუქციულია ნაცვალგების ამ დროისთვის არსებულ ფორმაზე ლაპარაკი. ჩვენ მზად ვართ პროფესიული საუბრისთვის, რის შემდეგაც ალბათ კონსენსუსამდე მივალთ. 

-  საპატრიარქოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შესაძლო იყო, ჩვენი ძეგლები თურქეთის ტერიტორიაზე იუნესკოს მფარველობით აღდგენილიყო... 
- დიახ, სახელმწიფოს პრეროგატივაა, რომ იუნესკო დაინტერესდეს ამ ტაძრებით. ამ შემთხვევაშიც საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ თურქეთი ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. თუ იუნესკო მოითხოვს, ეს ტაძრები ამ სადავო შეთანხმების გარეშეც შეიძლება აღდგეს. ამ მართლაც უნიკალური ძეგლების აღდგენა არა მხოლოდ საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა. 

ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების მძიმე მდგომარეობის შესახებ საუბარი, მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს განცხადება შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს ხალხის ან სახელმწიფოსა და საპატრიარქოს დაპირისპირების საბაბად. "როგორმე იმაზე მაინც უნდა შევთანხმდეთ, რომ პირველ ეტაპზე ტაძრები თუნდაც მხოლოდ გამყარდეს, რაც მათ ჩამონგრევას აგვაცილებს," - აცხადებს იგი და თვლის, რომ ეროვნული და იდეოლოგიური მოსაზრებით, ოშკი არა იუნესკომ ან ვინმე სხვამ, არამედ ქართველებმა უნდა აღადგინონ: 

- უდავოა, რომ ოშკი უნდა აღდგეს! ტექნიკის საკითხია, როგორ უნდა აღდგეს, მაგრამ უნდა აღდგეს რაც შეიძლება სწრაფად,  დრო აღარ ითმენს! თურქეთს ჯერ არც ერთი სახელმწიფოსთვის არ მიუცია ასეთი უფლება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორია სავსეა არა მარტო ქართული და სომხური, არამედ ბერძნული, ანტიკური და სხვა ძეგლებითაც. შეგახსენებთ, რომ  ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკება მიმდინარეობდა სომხური ძეგლის - ახთამარის აღდგენასთან დაკავშირებით, მაგრამ სომხებმა ეს უფლება ვერ მოიპოვეს. 

ქართულ-თურქული მხარეების შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ქართველები თურქეთის ტერიტორიაზე აღადგენენ ოთხ უმნიშვნელოვანეს ტაძარს, სანაცვლოდ კი თურქებიც აღადგენენ ოთხ მეჩეთს, თუმცა  ეს ოთხი მეჩეთიც სუფთა ქართული არქიტექტურის ნიმუშია. ბევრი ამბობს, რომ  ისეთი მხატვრული დონის მეჩეთები, როგორიც საქართველოშია, თურქეთში არ არის. იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი ტაძრების ან მეჩეთების ამოქმედებაზე. ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. წირვა-ლოცვის აღდგენა რომ გვინდა, ამაში ცუდი არაფერია, მით უფრო იმიტომ, რომ მონასტერში წირვა-ლოცვის აღდგენას მრევლი სულაც არ სჭირდება. თუმცა, სანამ ამ შეთანხმებას მივაღწევთ, მანამდე ძეგლი უნდა გადარჩეს.

დრო კი აღარ ითმენს! 2005 წელსაც დაიწყო ამ საკითხის განხილვა და იმის გამო, რომ ვერაფერზე შეთანხმდნენ, ხანძთა ჩამოიქცა. ვშიშობთ, იგივე დაემართება ოშკსაც, თუ მოლაპარაკების პროცესი გაჭიანურდება ან ჩიხში შევა. 

გაზვიადებულად მიმაჩნია შიში, რომ მეჩეთების აღდგენით მუსლიმანები თავიანთ გავლენას გაავრცელებენ საქართველოში.  ვერც ერთი მეჩეთი ვერ შეედრება თუნდაც მხოლოდ გარეგნული სიდიადით ჩვენს უნიკალურ ტაძრებს და თუ გავლენაზე ვსაუბრობთ, მათი აღდგენით ჩვენ არანაკლები გავლენის მოხდენა შეგვიძლია მთელ მსოფლიოზეც კი, რადგან ნებისმიერი უცხოელი, რომელიც იქ ჩადის და ამ ქართულ საგანძურს ნახულობს, აღფრთოვანებას ვერ ფარავს. 

მე ახლა მხოლოდ ერთი რამის - ოშკის დანგრევის მეშინია. ეს არის ჩემი უდიდესი ტკივილი ისევე, როგორც რუსებისგან გადაღებილი და გუმბათშეცვლილი ილორი და ნგრევის პირას მყოფი დავითგარეჯის უძველესი მონასტერი, მაგრამ ოშკი თურქეთის ტერიტორიაზეა და მას საქართველოსგან შველა სჭირდება. ეს ტაძარი რომ დაგვენგრეს, მერე რაღა გვეთქმის? 

- რა ეწოდება საერთაშორისო ენაზე იმ ფაქტს, რომ ერთი სახელმწიფო მეორის ტერიტორიის დაპატრონების შემდეგ მის ძეგლებს საუკუნეების მანძილზე არ უვლის და აჩანაგებს? 

- ამას საერთაშორისო ენაზე ვანდალიზმი ჰქვია. თუმცა, ეს საკითხი არ უნდა განვიხილოთ რელიგიურ ჭრილში, რადგან იერუსალიმის ქართულ ჯვრის მონასტერს ბერძნები დაეპატრონენ და იქ ამოსთხარეს თვალები შოთა რუსთაველის ფრესკას. ამიტომაც ეს ტაძრები ასეთივე მდგომარეობაში იქნებოდა რუსეთის ან საბერძნეთის იურისდიქციაში მოხვედრის შემთხვევაშიც. ვფიქრობ, ახლა ასეთი ჩაძიებით მხოლოდ წავაგებთ, ჯანსაღი მსჯელობით და სწრაფი გადაწყვეტილებებით კი საქმეს გავაკეთებთ.  

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

თურქეთში ქართული ტაძრების, ხოლო საქართველოში მეჩეთების რესტავრაციასთან დაკავშირებით


როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის ამჯერად საქართველოში უკვე ოთხი მეჩეთის და ერთი აბანოს, ხოლო თურქეთში ოთხი ქართული ტაძრის აღდგენის შესახებ. 

საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) თანახმად, ეკლესია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მესაკუთრეა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრებისა, ხოლო სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთში არსებული ქართული ტაძრების საკუთრებისა და მოვლა-პატრონობის შესახებ.

ამდენად, თურქეთის მხარისათვის წარდგენილი ტაძრების სია და მოლაპარაკების პირობები, ბუნებრივია, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო მის მესაკუთრესთან - საქართველოს საპატრიარქოსთან, რაც არც ადრე და არც ახლა არ განხორციელებულა. ეს ჩვენთვის სრულიად გაუგებარია.

თავიდანვე შევნიშნავთ, რომ ისეთი მნიშვნელობის ძეგლები, როგორიცაა ოშკი, ხანძთა, ოთხთა, იშხანი ... იუნესკოს ეგიდითაც შეიძლებოდა აღდგენილიყო და ამისათვის შესაბამისი ნაბიჯები აქამდეც შეიძლებოდა გადადგმულიყო. მოლაპარაკებები კი თურქულ მხარესთან სხვა ტაძრების რესტავრაციასთან დაკავშირებით უნდა გვეწარმოებინა.

რატომ არ იქნა ეს გზა გამოყენებული, არ ვიცით. 

ხოლო თუ დღეს არსებული სიტუაციის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩვენთვის საპრობლემო საკითხებიდან ამჯერად მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას:
ა) ადრეც აღვნიშნავდით, და ახლაც ვიმეორებთ, რომ თურქეთი მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის პარტნიორ სახელმწიფოდ, რომელთანაც კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაკავშირებს, ამიტომაც, ბუნებრივია,  ისმება კითხვა: მაშინ, როდესაც საქართველოში ახლად გახსნილი უამრავი მეჩეთი და ჯამე ფუნქციონირებს, ამათ სანაცვლოდ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში რატომ არ შეიძლება გაიხსნას თუნდაც 2-3 ქართული მონასტერი (მათ ამოქმედებას ხომ მრევლი არ სჭირდება) და რატომ გვთავაზობს თურქული მხარე ამის განხორციელებას მხოლოდ ნაცვალგების საფუძველზე, თანაც 5/4 შეფარდებით?

ბ) შევნიშნავთ იმასაც, რომ, როგორც თურქული მხარისათვის არის მნიშვნელოვანი გარკვეული მეჩეთების პრიორიტეტად წარმოჩენა, ასევე ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, მაგალითად, ლაზებით დასახლებელ ზღვისპირა ზოლში დანგრევის პირას მყოფი არდაშენის ტაძრის აღდგენა; ასევე ხახულის ტაძრიდან მეჩეთის გადატანა და მნახველთათვის მისი გახსნა; 

ასე რომ, საქართველოს საპატრიარქო უპირველესად მიიჩნევს ქალაქ არდაშენისა და ხახულის ტაძრების აღდგენას; სხვა სარესტავრაციო ეკლესიების შერჩევა კი შეიძლება სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა გადაწყვიტონ საპატრიარქოსთან შეთანხმებით.
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 929 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები