შაბათი, 20.04.2024, 15:08
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ლეგენდა, სახელად - ჩელე!
13:16
ლეგენდა, სახელად - ჩელე!
ლეგენდა, სახელად - ჩელე!
არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შესაძლოა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედლებით არ დაუმშვენებიათ მკერდი, მაგრამ დაიმსახურეს უფრო დიდი ჯილდო - ხალხის უანგარო სიყვარული. თბილისის "დინამოს" ლეგენდად ქცეული ფეხბურთელები დღესაც პოპულარულები არიან და არა მარტო საქართველოში. რუსულმა გაზეთმა "სპორტ-ექსპრესმა" გამოაქვეყნა ინტერვიუ გულშემატკივართა საყვარელ ფეხბურთელთან, მწვანე მინდვრის კოლორიტთან რევაზ ჩელებაძესთან. საუბარი იმდენად საინტერესო გამოდგა, რომ დღემდე არ წყდება კომენტარები ამ მასალასთან დაკავშირებით. დღეს ამ ინტერვიუს ნაწილს გთავაზობთ, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

KvirisPalitra.Ge
- ბატონო რევაზ, როგორ გაიხსენებდით ნოდარ ახალკაცს?
- გრანდიოზული გონების ადამიანი იყო, უჭკვიანესი! ინსტიტუტში გამოცდებს მოუმზადებლად აბარებდა, ერთხელ მოსმენილით... "დინამოს" ბაზაზე ხშირად გვსტუმრობდნენ ცკ-დან შევარდნაძის მეთაურობით. მათი გამოსვლის შემდეგ ახალკაცი ისეთ სიტყვას იტყოდა, ყველა გაოგნებული იჯდა. ლოგიკა და საუბრის მანერა ჰქონდა საოცრად დამაჯერებელი. როგორც მწვრთნელი, უმკაცრესი იყო.
- ყველაზე მკაცრად როდის მოგექცათ?
- რომ მახსენდება, ახლაც გული მიწუხს: 1981 წელს, თბილისის "დინამომ", მოგეხსენებათ, თასების თასი მოიგო. ამ ტურნირზე ჩვენი გუნდი საბჭოთა კავშირის თასის ფინალის მერე მოხვდა. იმ გათამაშებაში 9 გოლი გავიტანე. თვითონ ევროტურნირის პირველ მატჩებშიც შევაგდე გოლები. ჰოდა, რომ დადგა დიუსელდორფში, თასების თასის ფინალზე გამგზავრების დღე, ბაზაზე ვართ გუნდი, ჩანთა ავიღე და ავტობუსისკენ გავემართე, რომ აეროპორტში წავსულიყავით. გივი ნოდია მომიახლოვდა და წყნარად მითხრა: "რეზო, შენ არ მოდიხარ..." გავოგნდი, ასეთი სისასტიკე არ მახსოვს. არ შეეძლო ახალკაცს თუნდაც წინა დღით ეთქვა ამის შესახებ?
ბესკოვი "სპარტაკში" მეძახდა - მანდ შენგელია, გუცაევი და ყიფიანი თამაშობენ, მე კი შენისთანა ფეხბურთელი მაკლია, ჩვენს სტილში თამაშობ და ბევრ გოლს გაიტან, ოღონდ წამოდიო... უარი ვუთხარი, ვერ წარმომედგინა თბილისის დატოვება. არც ბოღმა ჩამიდია გულში - თასების თასი რომ ჩამოიტანეს ბიჭებმა, გულში მქონდა კარგა ხანს ჩახუტებული.
- საერთოდ, თქვენი გაბარიტების კაცს წონის პრობლემა მუდამ ექნებოდა, ამის გამო ახალკაცი არ გსაყვედურობდათ?
- "დინამოში" მეორედ რომ დამაბრუნა ახალკაცმა 1985 წელს, მართლა მქონდა წონის პრობლემა, რადგან მანამდე სამი წელი ბათუმის "დინამოში" გავატარე და იქ ასი კილოც რომ ვყოფილიყავი, ჩემს საქმეს მაინც ვაკეთებდი, გოლებიც გამქონდა და საგოლე პასებსაც ვარიგებდი. თბილისში კარგა მომატებული ჩამოვედი, ასე არავინ მათამაშებდა და ექიმს ვუთხარი ჩუმად - 80 კილო ჩამიწერე-მეთქი. გაგიჟდა - რას ამბობ, გინდა ახალკაცმა მომკლასო?! გინდ იმას მოუკლიხარ მერე, გინდ მე ახლა-მეთქი და ჩაწერა... ვივარჯიშე, ახალკაცმა ხელი გამომდო მკლავში და ასაწონად წამიყვანა. სასწორმა 85 კილო აჩვენა. ისე გამოდიოდა, რომ ვარჯიშზე მოვიმატე ხუთი კილო. ექიმი გამოცხადდეს ჩემთანო, - იყვირა ახალკაცმა... მაგრამ მაინც დამტოვეს გუნდში...
- "დინამოდან" როგორ წამოხვედით მანამდე?
- 1982 წელს მოხდა ეგ, ახალკაცი ესპანეთში ახლდა საბჭოთა ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონატზე. "დინამო" ჩვეულებრივ ემზადებოდა კუტივაძეს ხელმძღვანელობით. ფოთში გვაქვს საკონტროლო მატჩი და კუტივაძემ არ დამაყენა შემადგენლობაში. რატომ არ მათამაშებ-მეთქი, რომ ვკითხე, მითხრა, - წადი და ახალკაცს დაელაპარაკეო. დავკარი ფეხი და წამოვედი გუნდიდან, მაგრამ სულელი ვიყავი, თურმე წადი რა მოსკოვის "სპარტაკში".
- აბა სად წახვედით?

- პირველ ლიგაში, ლანჩხუთის "გურიაში". ედუარდ შევარდნაძის ძმამ - ევგრაფიმ დამიჭირა და ვიდრე არ გადამიყვანა ლანჩხუთში, არ მომეშვა. ჩემი მისვლისას გუნდი პირველი ლიგაში მე-19 ადგილზე იყო. რვა თამაშში ექვსი მოვიგეთ და ორი ფრე ვითამაშეთ, მაგრამ მერე დისკვალიფიკაცია ამკიდეს სმოლენსკში. არბიტრი ძალიან უსინდისოდ მოიქცა, ხელი ვკარი და მინდორზე გაიშხლართა. სულ უნდოდათ ჩემი მოკვეთა ფეხბურთიდან, მაგრამ მურთაზ ხურცილავა ჩავიდა მოსკოვში და როგორც იქნა გადამარჩინა. უფრო უარესი მოხდა მანამდე, ლენინგრადში: "დინამოს" დუბლები ვეთამაშებით "ზენიტს". პირველი ტაიმი წავაგეთ 0:3. შესვენებაზე ახალკაცმა ისეთი დღე გვაყარა, რომ გავედით და 15 წუთში უკვე 3:3 იყო. ამის მერე კიდევ სამი გოლი გავიტანეთ და არ ჩაგვითვალა მსაჯმა. ბოლო წუთზე მეოთხეც რომ შევაგდე და არ ითვლებაო, მერე კი დასაბმელი გავხდი. გავეკიდე გვერდით მსაჯს, გამექცა ღრიალით. ახლა ტრიბუნებიდან დამიწყეს "შემკობა", გავიქეცი და პირდაპირ გულშემატკივრებს დავერიე, დაიფანტნენ ისინიც. ბიჭებმა ხელები გადამიგრიხეს და ისე ჩამომიყვანეს გასახდელში. მაშინაც გადავრჩი - 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მომცეს მხოლოდ.
- ლანჩხუთიდან ბათუმში გადახვედით სათამაშოდ და თბილისის  "დინამოში" როგორ დაბრუნდით?
- ბათუმი პირველ ლიგაში გადავიყვანე, არც იქ შემირცხვენია თავი, 27 გოლით ლიგის ბომბარდირი გავხდი და წასვლას ვაპირებდი ფეხბურთიდან. ბანკეტზე სიურპრიზიც მომიმზადეს - აჭარის ხილბოსტანვაჭრობის დირექტორად დამნიშნეს, მაგრამ სულ ორი საათით ვიყავი დირექტორი. თბილისან დარეკეს - ახალკაცს ისევ ჩააბარეს "დინამო" და გუნდში გაბრუნებსო. ასე წამოვედი თბილისში მეორედ.
- მაშინ რა მანქანით დადიოდით?
- "ვოლგა" მყავდა, 00-11. მიშა მესხი დადიოდა "ბმვ"-თი და ეგ იყო, უცხოური მანქანა არავის არ გვყავდა "დინამოში". 1986-ში მოსკოველმა მეგობრებმა "გამიჩალიჩეს" 10 წლის "ვოლვო" 28  ათას მანეთად. ჯერ ფულიც კი არ მქონდა გადახდილი, ორი კვირა ვიარე ამ მანქანით და ატყდა ცეკა-ში ერთი ამბავი - რა არის, რომ უცხოური მანქანებით "დაგულაობენ" ესენიო. რაღა მექნა, ავდექი და უკანვე გავატანე მოსკოვში ის "ვოლვო".
- მესხმაც მიატოვა "ბმვ"?
- ის სულ სხვა კაცი იყო, "წადი თქვენიო..." - უთხრა და ისევ გაგრძელა სიარული იმ მანქანით. მაგარი იყო მიშა, მამაზე არანაკლებ ნიჭიერი, მაგრამ...
- საბოლოოდ ფეხბურთს 1987 წელს შეეშვით. ამბობენ, რომ მაშინ უკვე აღარც ვარჯიშობდით...
- რას ამბობთ?ვარჯიშებს თავს ვაკლავდი, მაგრამ უკვე ისე იყო არეული სიტუაცია გუნდში... 1986-ში "დინამოში" გაზაევი ჩამოვიყვანეთ. მინსკის "დინამოს" ვმასპინძლობთ და პირველი ტაიმის მერე 0:1-ს ვაგებთ, მეც და გაზაევიც თადარიგში ვართ და ახალკაცმა გასახდელში გაგვიშვა - მოემზადეთ, შედიხართო. ამოიღო ვალერიმ "მარლბორო" და გააბოლა პირდაპირ გასახდელში, მეც ავიღე ერთი ღერი და მოკიდება ვთხოვე. მასაჟისტი შემოვიდა და გაგიჟდა, - გაგყრით ახლაკაცი ორივეს გუნდიდანო... შეგვიშვა მეორე ტაიმში და თამაში შემოვატრიალეთ: ჯერ ჩემი პასით სულაქველიძემ გაათანაბრა ანგარიში, ბოლო წუთზე კი გაზაევმა გაიტანა გამარჯვების გოლი. ასეც ხდებოდა...


KvirisPalitra.Ge
- ფეხბურთის შემდეგ ბიზნესს მოკიდეთ ხელი?
- მოვკიდე და ნეტა არ მომეკიდა! დღევანდელივით საფეხბურთო აგენტად რომ მემუშავა, ახლა მეფესავით ვიცხოვრებდი, მაშინ კი ხან რას დავეჭიდე, ხან რას. ბოლოს ერთი გემი მანდარინი გამიფუჭდა ტუაპსეში, ნახევარი მილიონის ქონება. მაგრამ საფეხბურთო ავტორიტეტი მაინც დამეხმარა ფეხზე წამოდგომაში. მეგობრებმაც არ მიმატოვეს.
- გვსმენია, თქვენც ასეთივე თანგადაყოლილნი ყოფილხართ მეგობრებისთვის. კიეველები ჩერნობილის ისტორიას იხსენებენ და ძალიან გემადლიერებიან ამის გამო...
- ჰო, რა სალაპარაკოა, კიევის "დინამოს" ფეხბურთელთა ოჯახები ჩემთან  ცხოვრობდნენ ქობულეთში. მერე ანდრეი ბალს ბავშვიც მოვუნათლე. მას ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის დროს დავუმეგობრდი. უყვარს ხოლმე გახსენება: გერმანელებს შეუგდო გოლი თბილისში და დიქტორმა ასე გამოაცხადა: "რევაზ ჩელებაძის ბრწყინვალე გადაცემის მერე გოლი გაიტანა..." რომ ატყდა აპლოდისმენტები და ყიჟინა, ბალის გვარი ვეღარვინ გაიგონა... ვლადიმერ ბესონოვიც ახლო მეგობარია. ერთხელ შვედეთში ყოფნისას, მეუღლისთვის ლაბადა უნდა მეყიდა, მაგრამ 300 დოლარი ღირდა და მე კი სულ 150 მქონდა. ბესონოვიც თან მახლდა და დაინახა, როგორ დამწყდა გული. ნომერში რომ დავბრუნდით, მითხრა: რეზო, გარდერობი გამოაღე! გავაღე და ის ლაბადა არ კიდია?! ეს შენს მეუღლეს ჩემგან, საჩუქრადო... ასეთი საყვარელი ბიჭია ვოვა ბესონოვი.
- მართალია, რომ ისეთი მდიდარი ბიძა გყავდათ, ყოველ გატანილ გოლზე ფულად პრემიებს გიწერდათ?
- მართალია. 100 მანეთს მაძლევდა "დინამოში" გატანილ გოლზე, 500-ს ნაკრებში. ერთხელ ისეთ ფორმაში ვიყავი, ყველა მატჩში გამქონდა დუბლი, მერე 3 გოლიც გავიტანე, ლამის გავაკოტრე კაცი... ბიჭები ხუმრობდნენ - რეზოსგან პასს არ ელოდოთ, ყოველ გოლზე პრემია აქვს გამოწერილიო...
- ყველაზე მწარედ რომელი გაფუჭებულ მომენტი გახსენდებათ ახლა?
- ერევანში, 1976 წელს, ბოლო წუთზე ცარიელ კარს გვერდიდან მოვახვედრე ბურთი. ამაზე ანეკდოტიც კი მოიგონეს: კლდეზე მიჯაჭვულ ამირანთან მივდივარ და შევჩივი - მიშველე, ამირან, გოლს გავიტან, მაგინებენ, ვერ გავიტან, მაინც მაგინებენ, რა ვქნა მეთქი... რა გვარი ხარო? - მეკითხება ამირანი. ჩელებაძე! - ვპასუხობ. ოჰ, ერთი მიბმული არ ვიყო აქ და გინება იქით იყოს, დაგახრჩობდიო! - ჯაჭვები შეურხევია ამირანს...
ერევნის მატჩის მერე კი ნაღდი რაც იყო, იმას გეტყვით: მოვდივართ ავტობუსით და თან "სუხოი პაიოკით" ვვახშმობთ გზაში. ახალკაცს ჰკითხა ადმინისტრატორმა - ფარსადანოვიჩ, ერთი ცალი "დოქტორსკი კალბასი" დაგვრჩა და რა ვუყოთო? ჩელებაძეს შეტენეთ უკანო! - ასე უპასუხა ახალკაცმა.
- გერმან ზონინმა თქვა ერთხელ: კარგი ფეხბურთელები კი იყვნენ თბილისელები, მაგრამ ლოთებიო...
- ზღაპრებს ნუ ყვება ზონინი. სანამ ვთამაშობდით, არ ვეკარებოდით სასმელს. ლოთობა საბჭოთა ნაკრების გასახდელში უნდა გენახათ. რაც პირზე მოადგება კაცს, ყველაფერი კი არ უნდა თქვას.
- ვინ სვამდა ნაკრების გასახდელში, რას ამბობთ?
- ვინ სვამდა, მაგას არ გეტყვით, მაგრამ სვამდნენ. თამაშის წინ ბოთლს მალავდნენ და მერე ხუთი-ექვსი კაცი პირდაპირ ბოთლიდან სვამდა ხოლმე ჩუმად. სულ მიკვირდა, ბარბაცით რომ გამოდიოდნენ გასახდელიდან, რა ხდება-მეთქი. მერე საშა ჩივაძემ მაჩვენა დამალული ბოთლი და  ლამის შოკში ჩავვარდი.
- თქვენ ლეგენდარულ "მარაკანაზეც" გაქვთ ნათამაშები, როცა საბჭოთა ნაკრებმა ბრაზილია დაამარცხა 2:1.
- კი და მაგ თამაშში ჟუნიორთან მომივიდა ჩხუბი მეორე ტაიმის დასაწყისში. ბრძოლაში შევეჯახე და დაეცა, მივედი, ხელი გავუწოდე და ვუთხარი: "პარდონ", მან კი ხელი მკრა. მეც ხურდა დავუბრუნე და დაგვაყარეს ტრიბუნებიდან პეტარდები. ბესკოვმა მაშინვე შემცვლა, რომ სიტუაცია უარესად არ დაძაბულიყო...
- ჩხუბისთავი ყოფილხართ...
- ვინც მოედანზე თავხედობდა, არ ვაპატიებდი, თორემ სხვა რა მქონდა საჩხუბარი? კიეველებს ჰყავდათ ერთი ბოიკო, ორმეტრიანი ვირგლა, დიდი ვერაფერი იყო, მაგრამ იმ თამაშში ჯერ მე დამალეწა ფეხები, მერე დარასელიას. ვიტალი ისე გაამწარა, ბიჭმა მის საცემად გაიწია, მე დავაწყნარე - ჩამოვა გასახდელში და მაგაზე მერე დაველაპარაკოთ-მეთქი. ჩავედით თუ არა გვირაბში, დავცხე ამ ბოიკოს. აიღო და, 48 ზომა ჰქონდა, წიხლი ჩამაზილა, ხინჩაგაშვილმა გაშველება დაიწყო, იმასაც დაარტყა, შოთამაც მისცხო... მაგარი ჩხუბი ატყდა, მილიციამ გაგვაშველა ძლივს. ცოტა ხანში შემოვიდა ერთი პოლკოვნიკი და იძახის: "ახალკაცი, ჩელებაძე, დარასელია და ხინჩაგაშვილი, გამომყევით." წავედით. ინსპექტორის ოთახში სხედან ლობანოვსკი, ბოიკო და უკრაინის შსს-ს მინისტრის მოადგილე, რომელმაც ჩვენს დანახვაზე დაიღრიალა - ეს ბანდიტები ციხეში უნდა ჩავსვა და ახლავე ვაპატიმრებო! ლობანოვსკიმ შეაწყვეტინა - ახლავე დატოვეთ ოთახი, ჩვენ თავად გავერკვევითო. სიტყვაც ვერ შეუბედა იმ გენერალმა, ბუზღუნით ადგა და გავიდა. მერე შეგვარიგეს ბოიკოსთან ლობანოვსკიმ და ახალკაცმა...
- ზღვაზე გაზრდილი კაცი ხართ,ამასთან დაკავშირებით რას გაიხსენებთ?
- სამჯერ მყავს გადარჩენილი ადამიანები დახრჩობას, ერთი უკრაინელი გოგონა და ორიც მოსკოველი ჭაბუკი. ჩვენთვის დიდი ტალღები არაფერს ნიშნავს, ისინი კი გამოუცდელები იყვნენ.
- ალბათ, მედალი მოგცეს?
- ხუმრობთ? მასე ნახევარი ქობულეთი მედალოსანი უნდა იყოს, ყველას ყავს გადარჩენილი ტურისტი...
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1146 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები