სამშაბათი, 16.04.2024, 19:33
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ბავშვისთვის მამის სიტყვა კანონი უნდა იყოს
14:37
ბავშვისთვის მამის სიტყვა კანონი უნდა იყოს
ბავშვისთვის მამის სიტყვა კანონი უნდა იყოს
დღეს, მრავალი საცდურისა თუ ცრუ ფასეულობის აღზევების ფონზე, ბავშვთა აღზრდის თემა, უფრო და უფრო მეტ აქტუალობას იძენს. უკვე გაზრდილი შვილების უღირსი საქციელის გამოც არაერთ მშობელს აწუხებს კითხვა, თუ სად დაუშვა შეცდომა მაშინ, როდესაც ის საკუთარ შვილებს ცივ ნიავს არ აკარებდა და მათთვის თავდაუზოგავად იღვწოდა. ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე (კვარაცხელია), ამ თემაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ბავშვთა სულის ჯანსაღად განვითარებაში, უმთავრესი, მაინც ოჯახური გარემო და მშობლების პირადი მაგალითია. იგი სახარებისეულ ფრაზას შეგვახსენებს და განმარტავს, რომ მაცხოვრის მიერ თავისი მოწაფეებისადმი ნათქვამ სიტყვებში: "გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად", დღეს, სწორედ ის იგულისხმება, რომ თავად ჩვენ, ჩვენ მიერ სარწმუნოების არასწორი გაგებით, არაეკლესიური ცხოვრებით, არასწორი აღზრდით, მიმართულებით, ხედვით, ბავშვებს ხელს ვუშლით, ქრისტემდე მივიდნენ. 

დეკანოზი პეტრე: 

– ბავშვმა უნდა იცოდეს, რა შეიძლება, რა არ შეიძლება და ასევე, რატომ არ შეიძლება. ამის ახსნა კი ჩვენ, მშობლებს უნდა შეგვეძლოს. ბავშვი ყველაზე მეტ დროს მშობლებთან ატარებს. თუ ის დაინახავს, რომ მათ ოჯახში არ სუფევს ერთსულოვნება, მშობლებს ერთმანეთი არ უყვართ, ტრაპეზიც კი არ მიიღება ქრისტესმიერი სათნოებებით, დედა ცალკე მიდის, მამა – ცალკე, დავუშვათ, წირვის დროს ერთად არ დგანან და სხვა, შესაბამისად, ბავშვს გაუჩნდება პროტესტის გრძნობა, ოჯახში ყოფნის სურვილიც კი არ ექნება და ყოველთვის შეეცდება, რომ ამ მარწუხებიდან თავი დაიხსნას და გახდეს "თავისუფალი". ბავშვის სული არის სუფთა დაფა. რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს. მაგრამ მას სიტყვით რაც უნდა ასწავლო, ვერაფერს გახდები, რადგან უმთავრესი, მაინც ცხოვრების წესია. მართლმადიდებლობა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის ცხოვრების წესი. როდესაც ჩემს შვილს ვასწავლი, რომ მან ეკლესიაში უნდა იაროს, დილა–საღამოს ილოცოს დ ა.შ. და ამას მე თავად თუ არ ვასრულებ, ის ხომ მეტყვის, მამა, ეს, ჯერ შენ გააკეთე და მერე მეც გავაკეთებო. 

– მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მშობელი მორწმუნეა, მაგრამ ბავშვს მაინც უჭირს ეკლესიასთან სიახლოვე, ეკლესიურობა. 

– როდესაც ბავშვს არ აქვს ეკლესიაში ყოფნის სურვილი, ჩვენ არ უნდა დავაძალოთ, უნდა თუ არა, მოისმინოს წირვა–ლოცვა, ამგვარად მას ეკლესიასაც და ღმერთსაც შევაძულებთ. მომისმენია, როდესაც მშობელი ბავშვს ღმერთის სახელით ემუქრება და ეუბნება, თუ შენ ამას გააკეთებ, ღმერთი დაგსჯისო. ასეთ შემთხვევაში, ბავშვისთვის უფალი არის არა მოსიყვარულე მამა, არამედ – მრისხანე მსაჯული. თუკი ღმერთი ასეთია, ბავშვი სვამს კითხვას, მე რა მინდა ეკლესიაში, იქ რისთვის ვიარო? ამიტომ ჯერ თავად მშობელი უნდა იყოს ისე აღზრდილი, რომ ბავშვმა მისგან იგრძნოს სულიწმინდის მადლი, სარწმუნოებისადმი კეთილგანწყობა, კეთილგონიერება. ყველაზე მთავარია ის, თუ მშობელი რამდენად მადლიანია. დაძალებით ბავშვს ეკლესიურ ცხოვრებას ვერ ვაზიარებთ, რადგან მას რაც უფრო აუკრძალავ, ყოველთვის წინააღმდეგობის გაწევის მეტი სურვილი ექნება. სიტყვით კი არ უნდა მოვუწოდოთ ეკლესიურობისკენ. ჩვენი ცხოვრების წესით უნდა ვაჩვენოთ ამის აუცილებლობა. 

– თქვენი საუბრიდან იკვეთება აზრი, რომ ბავშვს ვიდრე ეკლესიურ ცხოვრებას დავაწყებინებთ, ჯერ ქრისტიანული მსოფლმხედველობა უნდა ჩამოვუყალიბოთ? 

– წმიდა მამები გვეუბნებიან, რომ ბავშვი ჩასახვისთანავე, დედის წიაღშივე არის პიროვნება და ჩვენ ვალდებული ვართ მის წინაშე ქედი მოვიხაროთ და მას მოვუფრთხილდეთ, როგორც პიროვნებას, რომლის თავისუფალი აზრიც მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელი. ბევრმა მშობელმა ეს არ იცის და ჰგონიათ, რომ ბავშვი პიროვნება მას შემდეგ ხდება, როცა ის გაიზრდება, სწავლა–განათლებას მიიღებს და საზოგადოებაში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს. ქრისტიანული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება დედის წიაღშივე იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, დედა რამდენად ეკლესიურად ცხოვრობს, არის თუ არა აღმსარებელი, მაზიარებელი, ლოცულობს, მარხულობს? როდესაც ჩვენ ბავშვის პიროვნების ერთბაშად შეცვლა და ფერისცვალება მოგვინდება, ბუნებრივია, ამას ვერ შევძლებთ, თუკი ჩვენ მის სულში კეთილი თესლი არ ჩავთესეთ და ის მუცლად ყოფნის პერიოდშივე არ მივაჩვიეთ სულიერ ცხოვრებას. ბავშვი დედის წიაღშივე გრძნობს გარესამყაროში მიმდინარე მოვლენებს. ესმის დედის ტკივილიც, სიხარულიც. აბსოლუტურად ყველაფერს შეიგრძნობს, რადგან ის უკვე პიროვნებაა და მემკვიდრეობით იღებს იმას, რასაც მუცლადყოფნის პერიოდში მშობელი ატარებს, ეკლესიურ ცხოვრებასა და სულიერებისკენ სწრაფვას. 

– მაგრამ ოჯახის გარდა, არსებობს გარემო, სადაც ბავშვს უწევს, ან მოუწევს ყოფნა, სკოლა, მეგობრების წრე და ა.შ. შეიძლება იქ სხვა კანონები იყოს მიღებული. ეს მის სულიერ ორიენტირზე არ იმოქმედებს? 

– სულის მდგომარეობისთვის ადგილმდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს. სოდომში ლოტი გადარჩა, მაგრამ სამოთხეში ადამი წარწყმდა და დაეცა. როდესაც ბავშვს დასაწყისიდანვე ეცოდინება, სინამდვილეში რა არის მთავარი და ღვთისთვის სათნო, ამავე დროს, დარწმუნებული იქნება, რომ მისი ოჯახი და სამყარო, აბსოლუტურად სასურველია ღვთისთვის, რაც არ უნდა, ბნელ საზოგადოებაში მოხვდეს, ყველანაირად შეეცდება, რომ პირიქით, ის სიკეთე და სიყვარული სხვებშიც გაავრცელოს და შესაბამისად, იქაც საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს. მაგრამ თუ ბავშვს ოჯახშივე ვერ ექნება ჩამოყალიბებული, რომელი გზაა სწორი ან რატომ, შესაბამისად, მასში დაიწყება რყევები და იმ საზოგადოების მანკიერ მხარეებს შეითვისებს. ზოგადად, ადამიანი უარყოფით მხარეებს უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე დადებითს, რადგან ჩვენი ბუნება ცოდვისკენ არის მიდრეკილი. ცოდვა კი ადამიანურ ბუნებაში იმდენად არის შესისხლხორცებული, რომ მისგან განძარცვა და განშორება ძნელია. ის სულს აქვს არეკლილი და სულის ცოდვებისგან განწმენდა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. ამისთვის, პირველ რიგში, ეკლესიური ცხოვრება, მორჩილება, უფლისადმი გულწრფელი, შინაგანი ლოცვა და კრძალვაა საჭირო. როდესაც ბავშვი დაინახავს, რომ იმ საზოგადოებაში, რომელშიც ის იზრდება, მიღებულია შაბათ–კვირას საეკლესიო მსახურებებზე დასწრება, წმიდა მამათა სწავლების კითხვა, ქადაგებების მოსმენა. როდესაც მისთვის ავტორიტეტულია მშობლების სიტყვა, როდესაც ოჯახში სწავლობს, რომ პატივი უნდა სცეს არამარტო უფროსს, არამედ უმცროსსაც და მზრუნველობა გამოიჩინოს მისდამი, შესაბამისად, ეს უკვე არის მისი ცხოვრების წესი. 

– როდესაც დედას აქვს სამსახური, ჩართულია საზოგადოებრივ საქმიანობაში, ბუნებრივია, ის წყდება შვილებს და ნაკლები დრო რჩება მათი აღზრდისთვის. ეს რამდენად უარყოფითად აისახება ბავშვის სულზე და აუცილებელია თუ არა, დედა იმყოფებოდეს საკუთარი შვილების გვერდით და მათ აღზრდაში სრულ მონაწილეობას იღებდეს? 

– როდესაც ბავშვებს მშობლების ყურადღება და სიყვარული აკლიათ, ისინი მუდმივად სიყვარულის დეფიციტს განიცდიან, ამ დროს ბავშვის გული ცივდება, სული მახინჯდება და უხეში ხდება. შეიძლება, მშობელმა სამსახური ვერ მიატოვოს, მაგრამ დედისთვის უმთავრესი და უპირველესი სამსახური მაინც შვილების აღზრდაა. დედას ყველაზე მეტად ხელეწიფება დიდი დრო გაატაროს საკუთარ შვილთან. ხშირად დედა არის ორივე მშობელი, მამაც და დედაც, რადგან ის ანაწილებს სითბოს და სიყვარულს. დედა უნერგავს შვილს მამის ხსოვნას, რომელიც გარეთ არის გასული და მუდმივად ოჯახზე ზრუნვისთვისაა მოწოდებული, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება მას უფრო მეტად ხელეწიფება. დედამ კი აუცილებლად ბავშვს უნდა შეახსენოს, რომ ოჯახში უფროსი მამაა და სწორედ ჩვენ გამოა, რომ დღეს ჩვენთან არ არის. ამგვარი ახსნით ბავშვი ისწავლის, რომ მამა არის ოჯახზე მზრუნველი და პატრიარქატი, ანუ მამის კულტი წინ წაიწევს. მამის თაყვანისცემით კი, პირველ რიგში, ბავშვს ღმერთის თაყვანისცემას ვუნერგავთ. ჩვენთვის, ჭეშმარიტი მამა ხომ, ზეციური მამა, ღმერთია. შემდეგ უკვე მიწაზე განხორციელებული მამა, რომელიც უნდა ღმრთის ნების აღმსრულებელია ჩვენ წინაშე. 

– რაც შეეხება დასჯას, ალბათ, ბავშვისთვის ეს ყველაზე მტკივნეულია, რაც ასევე უარყოფითად აისახება მის სულზე. სიმკაცრის გამოჩენა და თუნდაც დასჯა რა დოზით არის საჭირო ან როდის? 

– თუ ჩვენ ბავშვს სწორად ვზრდით, მისი დასჯა არც დაგვჭირდება, ეს ერთი, და მეორე – ბავშვის დასჯა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიხატებოდეს მისი ფიზიკური შეურაცხყოფით, რადგანც ეს არის არა მარტო ფიზიკური შეურაცხყოფა, არამედ, მისი სულიერი განადგურება. ბავშვისთვის მამის სიტყვა უნდა იყოს კანონი. თუ შენ შვილისთვის ავტორიტეტი ხარ, ის აუცილებლად დაგიჯერებს. თუ გვინდა, რომ ბავშვები სწორად აღვზარდოთ, მათთვის უფროსი მეგობრები უნდა გავხდეთ. ბავშვს, როდესაც რაღაც შეკითხვა გაუჩნდება, იმის შიში არ უნდა ჰქონდეს, რომ როდესაც ის შეკითხვას მამას დაუსვამს, მშობელმა შეიძლება ის სახლიდან გააგდოს. ხშირად გვგონია, რომ ჩვენი შვილები რადგან პატარები არიან, მათთან საუბარს აზრი არ აქვს, არადა ბავშვს გარესამყაროსთან ურთიერთობის ინტერესი უფრო გამძაფრებული აქვს. ჩვენ კი გვეზარება მათთან ურთიერთობა, თითქოს იმაზე მნიშვნელოვანი საქმეები გვქონდეს, ვიდრე ჩვენი შვილებია. ამის შესახებ მაცხოვარი ბრძანებს, ადამიანის სული უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე მთელი სამყარო ერთად აღებულიო. 

– მამა პეტრე, ბავშვთა აღზრდისას რამდენად მნიშვნელოვანია იმ მოძღვრების დამოკიდებულება, ვისთანაც ისინი ეკლესიის წიაღში ურთიერთობენ და აღსარებას აბარებენ. 

– ნებისმიერი მოძღვარი მოწოდებულია იმისთვის, რომ ყოველი ადამიანი უფლის გზაზე დააყენოს. მაგრამ ბავშვებთან მიმართებაში მოძღვარი მარტო ვერაფერს გახდება, თუ მასთან ერთად მშობელიც არ იქნება ჩართული აღზრდის საქმეში. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ ჯერ მშობელს სურს მისი ეკლესიურობა და შემდეგ უკვე, თავისთავად, როდესაც ის ოჯახში იგრძნობს, რომ აუცილებელია სარწმუნოებრივი ცხოვრება, მას უკვე სხვა გზა არ ექნება. ბავშვებმა არც იციან რა უნდა თქვან აღსარებაში. მოძღვარმა უნდა იცოდეს, მასთან აღსარებაზე მისული ბავშვი რა გარემოში იზრდება. როდესაც ჩემთან მოდის ბავშვი და მეუბნება, მამაო, მწყურია ეკლესიაში სიარული, მაგრამ მშობელი ამის უფლებას არ მაძლევსო, უკვე დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებით. ამ შემთხვევაში ერთი დასკვნა მაქვს, აღსაზრდელი ჯერ მშობელია და შემდეგ მისი შვილი. მშობლები უნდა დადგნენ მოწოდების სიმაღლეზე. როდესაც მშობლებს შვილები ეკლესიაში იმ მოტივით არ მიყავთ, რომ ამისთვის არ სცალიათ, შესაბამისად, მათი შვილები სრულყოფილ პიროვნებებად ვერასდროს გაიზრდებიან. 

– როდესაც ბავშვი ძალიან ჭირვეულია, მშობელი როგორ უნდა მოიქცეს? 

– ძალიან დიდი ძალა აქვს მშობლის ლოცვას, განსაკუთრებით დედისას. თუ ბავშვს არ ესმის, შეგონებით ვერასოდეს გააგებინებ. ამიტომ მშობელმა აუცილებლად უნდა ილოცოს და არ დაიღალოს შვილისთვის ლოცვაში. ხშირად ეზარებათ. ბავშვების მიმართ იმ ყურადღებასაც კი არ ვიჩენთ, რაც აუცილებელია მათთვის. ამ დროს, ბავშვს, შეიძლება, ძალიან დიდი დეპრესია ჩამოუყალიბდეს და მთელი ცხოვრება დეპრესიული იყოს. 

– არაერთ ოჯახში პრობლემატური საკითხია ბავშვების მხრიდან სწავლისადმი ნაკლები ინტერესი, ან საერთოდ იგნორირება. ამ პრობლემის მოგვარებაზე რას იტყვით? 

– როდესაც ბავშვი სულიერად ჩამოყალიბებულია და იცის, რომ მისთვის აუცილებელია ლოცვა და შრომა, მას აუცილებლად ექნება სწავლისადმი ინტერესი. აქვე, უნდა გავავლოთ ზღვარი, რა გვინდა, ჩვენი შვილი გაიზარდოს ადამიანური, რაშიც იგულისხმება ყველა ის ფაქტორი, რაც ადამიანობას განსაზღვრავს, თუ მაინც და მაინც, გვსურს, ის იყოს დიპლომირებული და არ გვაინტერესებს, როგორი ადამიანი იქნება? ანუ, ჯერ უნდა დავადგინოთ, რისკენ მოვუწოდებთ შვილს. 

– მამაო, თქვენ 5 შვილი გყავთ, რამდენად იცლით მათთვის და როგორ ზრდით, რას ასწავლით? 

– ერთადერთი, ვახერხებ უფლის წინაშე ლოცვას, რომ ბავშვებმა მამის გვერდით ყოფნა იგრძნონ. საღამოობით, როდესაც სახლში ვბრუნდები, ყოველთვის ვეკითხები, იმ დღეს რა წაიკითხეს და ვეკითხები არა იმიტომ, რომ უნდათ თუ არა, წაიკითხონ, არამედ, მაინტერესებს, თვითონ თუ ჰქონდათ ამის სურვილი. რა თქმა უნდა, მპასუხობენ რომ წაიკითხეს, წერენ კიდეც. ეს არ ხდება დაძალებით. როდესაც ბავშვს დააძალებ, უნდა თუ არა, ლექსი ისწავლოს, იმ ლექსს კი ისწავლის, მაგრამ მხოლოდ შენს გამო და არა თავისი სურვილიდან გამომდინარე. კითხვა, სწავლა ბავშვს უნდა შეაყვარო და ეს სიყვარული ისწავლება. როდესაც ბავშვი დაინახავს, რომ მშობელი ბეჯითია, ვთქვათ, დედას, მამას, ხშირად უჭირავთ წიგნი, თვითონაც ინტერესი გაუჩნდებათ, რა ხდება იქ. მე არ ვამბობ, რომ ჩემი შვილები გენიოსები უნდა გაიზარდონ და აუცილებლად ფურორი მოახდინონ, არა, ჩემთვის მთავარია, ისინი იყვნენ ღვთისთვის სათნო. 

– რას ეტყვით ახალგაზრდა მშობლებს, ვინც ახლა იწყებს შვილების აღზრდას? 

– წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, როდესაც ადამიანი, ქალი ბავშვს აჩენს, ამით ის, მიწას ერთ ადამიანს ჩუქნის და შვილი ისე უნდა აღზარდოს, რომ ზეცას ანგელოზი შემატოსო. ამას ვუსურვებ ყველა მშობელს. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1238 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები