ოთხშაბათი, 24.04.2024, 03:36
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » რა არ მოეწონა გერმანიის თეატრში ნინო ბურდულს
14:38
რა არ მოეწონა გერმანიის თეატრში ნინო ბურდულს
რა არ მოეწონა გერმანიის თეატრში ნინო ბურდულს
მსახიობი ნინო ბურდული რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა საქართველოში. იგი გერმანიაში, კერძოდ ჰამბურგში იმყოფებოდა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ქალბატონი ნინო "ლიჰტჰოფ თეატრში" თამაშობს. იგი გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა მწერალმა და რეჟისორმა ნინო ხარატიშვილმა თავის ახალ პიესაში მიიწვია. ეს სპექტაკლი დამოუკიდებელი პროდუქციაა. როგორც ქალბატონმა ნინომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ამ სპექტაკლში თამაში მისთვის საინტერესოა, რადგან იქ რამდენიმე როლი აქვს, რადგანაც ერთსა და იმავე პერსონაჟს სხვადასხვა მსახიობი ანსახიერებს. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ნინო მსახიობია, მან რეჟისორობაც დაიწყო და ორი სპექტაკლი დადგა "თოლია" და "მაყურებელთა დარბაზები", რომლებზეც მაყურებელს, როგორც თავად ამბობს, დიდი ინტერესი არ გამოუჩენია. მომავალში კიდევ ერთი სპექტაკლის დადგმა სურს, რომელიც საქართველოზე იქნება, თუმცა ამას როდის მოახერხებს, ჯერჯერობით არ იცის. ამ და სხვა საინტერესო თემებზე "გუმბათი" ნინო ბურდულს ესაუბრა. 

– ქალბატონო ნინო, თქვენ ახლახანს დაბრუნდით გერმანიიდან, სადაც თამაშობდით ერთ–ერთ სპექტაკლში. მოგვიყევით უფრო დაწვრილებით, რომელ ქალაქში და რომელ თეატრში იყავით? 

– სპექტაკლი, რომელშიც მე ვთამაშობ, დაიდგა ქალაქ ჰამბურგში "ლიჰტჰოფ" თეატრში. 

– როგორც ვიცით, ამ თეატრთან გაქვთ თანამშრომლობა, რომლის მიხედვითაც, პერიოდულად უნდა ჩახვიდეთ გერმანიაში და სპექტაკლში ითამაშოთ. 

– სპექტაკლი დამოუკიდებელი პროდუქციაა და ჰამბურგში ამ კონკრეტულ თეატრში განხორციელდა. მე ვალდებული ვარ, არა მარტო ამ თეატრის სცენაზე ვითამაშო, არამედ ყველგან, სადაც მიწვეული იქნება ეს სპექტაკლი. დღემდე სულ ცხრა სპექტაკლი ვითამაშე ამ თეატრის სცენაზე და ამ სეზონში კიდევ რამდენიმე სპექტაკლის თამაში მომიწევს. 

– რა როლი გაქვთ სპექტაკლში და რამდენად საინტერესოა იგი თქვენთვის? 

– ერთი კი არა, რამდენიმე როლი მაქვს, ისევე, როგორც სხვა მსახიობებს და ეს კიდევ უფრო საინტერესოა! სპექტაკლში ერთი და იგივე პერსონაჟებს სხვადასხვა მსახიობები ასახიერებენ, ეს ხერხი კონცეფციის გამოკვეთასაც უწყობს ხელს და ემოციურ ზემოქმედებასაც ახდენს მაყურებელზე. 

– როგორ შედგა თქვენი ურთიერთობა ამ თეატრთან, მათ თავად მიგიწვიეს? 

– თეატრმა მიმიწვია, მას შემდეგ, რაც გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მწერალმა და რეჟისორმა თავისი ახალი პიესის დადგმისთვის ჩემი მიწვევა მოინდომა. ნინო ხარატიშვილი, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, უკვე ლიტერატურული და თეატრალური პრიზების მფლობელია და საკმაოდ ცნობილია გერმანიაში, საქართველოსგან განსხვავებით. 

– როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით გერმანიიდან, მით უმეტეს, რომ თქვენი იქ ყოფნა ახალი წლის პერიოდს დაემთხვა? 

– ბოლოს, ახალი წლის პირველ დღეებში ვიყავი გერმანიაში და ძალიან ცოტა ხნით, მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოდ. ერთ–ერთი მთავარი შთაბეჭდილებაც სწორედ აქედან გამომდინარეობს – საქართველო ამ დროს ჯერ კიდევ მეორე წყება ზეიმების მოლოდინში ისვენებდა, რასაც გადამეტებულად ილუმინირებული ქუჩები შესანიშნავ ფონს უქმნიდა, გერმანიაში კი უქვე აქტიურად მიდიოდა მუშაობა ყველა სფეროში. 

– რა შედარებები შეგიძლიათ გააკეთოთ იქაურ თეატრსა და ქართულ თეატრს შორის? 

– თეატრი ყველგან თეატრია. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რამდენად მრავალფეროვანია სასცენო ხელოვნება და რამდენად ჰყავს მაყურებელი, ანუ რამდენად მოთხოვნადია ეს მრავალფეროვნება. ჩვენს მსგავსად, გერმანიაშიც უყვართ ე.წ. პოპკულტურა: მიუზიკლები, ბულვარული პიესები და ა.შ. მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, ე.წ. სერიოზულ ხელოვნებასაც ჰყავს მაყურებელი და ასეთი ხელოვნების დაფინანსების საშუალებები შეუდარებლად მეტია. 

– რა მოგწონთ გერმანიის თეატრში, აქვს თუ არა მას რაიმე სპეციფიკური ნიშანი? 

– მრავალფეროვანი რომ არის, ეს მომწონს პირველ რიგში. გარდა ამისა, გერმანია ცნობილია ე.წ. პლასტიკური თეატრით, როგორიცაა პინა ბაუში და საშა ვალთცი, რომლებიც საქართველოშიც იციან. მე კი სასცენო ხელოვნების ეს მიმართულება განსაკუთრებით მიყვარს. 

– რთული არაა, რომ ითამაშოთ უცხო ქვეყნის თეატრში, უცხო ადამიანების გვერდით, თუნდაც იმიტომ, რომ იქ სულ სხვა მენტალიტეტია? 

– მათი მენტალიტეტი ჩემთვის სრულიად მისაღებია, პატივს ვცემ და ხშირად მშურს კიდეც. "უცხო" კი ჩემთვის საინტერესოს ნიშნავს და არა რთულს. 

– "ლიჰტჰოფ" თეატრში, სადაც თქვენ თამაშობთ, სხვა ქართველი არის ვინმე? 

– როგორც უკვე ვთქვი, პიესის ავტორი და რეჟისორი ქართველია, თუმცა, გერმანიაში მოღვაწეობს. ერთი მსახიობია ავსტრიელი, ასევე გერმანიაში მოღვაწე, ხოლო დამდგმელი ჯგუფის დანარჩენი წევრები გერმანელები არიან. ასე რომ, ქართველი მსახიობი მხოლოდ მე ვარ. 

– ადვილად მოერგეთ იქაურ გარემოს? 

– ძალიან. ერთადერთი, რაც სერიოზულ დისკომფორტს მიქმნის იქ, მწეველთა უფლებების უხეში დარღვევაა. 

– რა საერთოს ხედავთ გერმანელ და ქართველ ხალხს შორის? 

– აქამდე ვერაფერს ვხედავდი საერთოს, ამ ბოლო დროს კი, აღმოვაჩინე, რომ ცუდი მაგალითი ისეთივე გადამდებია გერმანელებისთვის, როგორც ქართველებისთვის. 

– არსებობს მოსაზრება, რომ გერმანელი ხალხი ბუნებით ცივია, თქვენ თუ ეთანხმებით ამას? 

– მე ასე არ ვიტყოდი. მართალია, თავიანთ ემოციებს ქართველებივით "ცხელად" არ გამოხატავენ, მაგრამ უგრძნობლობას ვერ დავაბრალებ. 

– გერმანიაში ყოფნის დროს, როდესაც თავისუფალი დრო გაქვთ, ანუ არ გაქვთ სპექტაკლი და რეპეტიციები, რას აკეთებთ ხოლმე? 

– დავდივარ თეატრში, კინოში, გამოფენებზე, კონცერტებზე, მეგობრებთან ერთად ბარში. მარტო დავბოდიალობ ქალაქში. მოკლედ, ვაკეთებ იმას, რასაც ვახერხებ. 

– იქ მცხოვრებ ქართველებთან თუ გაქვთ ურთიერთობა? 

– კი, გერმანიაში მცხოვრებ რამდენიმე ქართველს ვიცნობ. 

– როგორც თქვენ ინტერვიუს ჩაწერამდე მითხარით, გერმანიაში ტაძარშიც იყავით. მოგვიყევით ამის შესახებ. 

– წმ.იოანეს ეკლესიაში კონცერტზე გახლდით. სრულდებოდა ჰენდელის "მესია", რომელიც არ მქონდა მოსმენილი და პირველად მოსასმენად უკეთეს ადგილს ვერ ინატრებს ადამიანი. სხვათა შორის, ეკლესიებში ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული პროგრამებია ჰამბურგში, რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგია. გარდა ამისა, ვიყავი წმ.მიხეილის ტაძარში, ჰამბურგის მთავარ ტაძარში, სადაც "დიდებაი მაღალსა ღმერთსა" სხვადასხვა ენებზეა დაწერილი, მათ შორის, ქართულადაც. მადლიერებით ვუერთდები ამ ერთიანობის სულისკვეთებას. 

– აქ, თბილისში, რამდენად ხშირად ახერხებთ ტაძარში სიარულს? 

– თბილისში ტაძარში არ დავდივარ. 

– ეკლესიურ წესებს, რისი დაცვაც მართლმადიდებელ ქრისტიანებს გვევალება, რამდენად იცავთ? 

– წესებს არ ვიცავ, ვცდილობ, ვიცხოვრო ქრისტიანული მცნებებით. 

– ბევრი მსახიობისგან მსმენია, რომ რელიგია, რწმენა ახლოსაა მსახიობობასთან, რადგან, როგორც ღმერთის წინაშე უნდა იყო სუფთა და არ უნდა ითამაშო, ასევე მაყურებლის წინაშე, როდესაც ხარ მსახიობი. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? 

– რელიგიასა და ჩემს პროფესიას ერთი საერთო აქვს – ორივესთვის მნიშვნელოვანია განათლება და თავისუფალი აზროვნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანების გაბრიყვება–დაბრიყვებას იწვევს. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1165 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები