შაბათი, 20.04.2024, 18:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ვალტერ კრივიცკი და მისი ბედი
14:40
ვალტერ კრივიცკი და მისი ბედი
ვალტერ კრივიცკი და მისი ბედი
"ბოროტების იმპერია – ასე მონათლა რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირი. როგორც ყველა ტოტალიტარულ სახელმწიფოში, სსრკ–შიც სრულყოფილი საიდუმლო პოლიცია არსებობდა. ის რეჟიმის საიმედო საყრდენი გახლდათ: 



– ამიტომაც ჩეკისტებს ეშმაკის მსახურები შეარქვეს, – წერს ალექსანდრე სოლჟენიცინი. 

ეშმაკზე მუშაობა კი ძნელია, ძალიან ძნელი. მსახურსაც პატრონის მიტოვების განუხრელი სურვილი უჩნდება. ამისი ნათელი დადასტურებაა ვალტერ კრივიცკი და მისი ბედი. 

სუპერაგენტი 

– რამ აიძულა უზრუნველყოფილი ებრაული ოჯახის შვილები ასე ბრმად ეწამათ ლენინის მოძღვრება? რა უბიძგებდა მათ მიეტოვებინათ ყველაფერი და კომუნიზმისათვის მებრძოლთა რიგებში ჩამდგარიყვნენ? – წერს ცნობილი ინგლისელი მწერალი ჯონ ლე კარე. 

კრივიცკი (ნამდვილი გვარი შამუილ გინსბერგი) ებრაელი გახლდათ. ის 1899 წელს გალიჩინაში (ლვოვის მახლობლად) დაიბადა. მაშინ ეს მხარე ავსტრო–უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა. კრივიცკის მამა სავაჭრო ფირმის მოხელე იყო, კარგი ხელფასი ჰქონდა და შვილსაც ელიტარული განათლება მისცა. ვალტერმა წარჩინებით დაამთავრა ჯერ გიმნაზია, შემდეგ ლვოვის უნივერსიტეტი – ერთ–ერთი უძველესი ევროპაში. მიუხედავად ამისა, ნორჩი კრივიცკი ოქტომბრის გადატრიალებას მიესალმა და არალეგალური კომპარტიის წევრი გახდა. სსრკ–პოლონეთის ომის დროს კომუნისტი კრივიცკი პოლონელთა ზურგში აწყობს აფეთქებებსა და დივერსიებს. დეფენზივას (პოლონეთის კონტრდაზვერვა) ბრჭყალებს ის სასწაულით გადაურჩა. კრივიცკიმ შეძლო ფრონტის ხაზის გადალახვა და საბჭოთა ტერიტორიაზე გადმოვიდა. მალე რიგაში რუსეთ–პოლონეთის ზავს მოეწერა ხელი. ომიც დამთავრდა. კრივიცკის მშობლიური ლვოვი აღორძინებული პოლონეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში დარჩა. 

– სსრკ–ში კრივიცკი წითელი არმიის სადაზვერვო სამმართველოს შტატიანი თანამშრომელი გახდა, – წერენ თანამედროვე რუსი მკვლევარები კოლპაკიდი და პროხოროვი. 

როგორც ცნობილია, სწორედ ამ სადაზვერვო სამმართველოს ბაზაზე შეიქმნა ავადსახსენებელი გრუ. გაურკვეველი მიზეზებით, შამუილ გინსბერგმა მასში სამსახურს გპუ–ს საზღვარგარეთულ განყოფილებაში სამსახური ამჯობინა. ასევე გაურკვეველი მიზეზით გვარი გამოიცვალა და ვალტერ კრივიცკად გადაიქცა. ინტელექტი, განათლება, ერუდიცია და სიმამაცე საშუალებას აძლევდა, ყველაზე რთული დავალებები წარმატებით შეესრულებინა ჯერ ზემო სილეზიაში, შემდეგ საფრანგეთსა და იტალიაში. 

– იმ დროს იტალიაში უკვე ფაშისტური დიქტატურა მძვინვარებდა, მუსოლინის კი საკმაოდ ძლიერი კონტრდაზვერვა ჰყავდა, რომელიც ძალზე აქტიურად მუშაობდა, – წერს იულიან სემიონოვი. 

კრივიცკი იტალიელ კონტრმზვერავებთან ჭიდილში იმარჯვებს. შემდეგ მას გადაისვრიან გერმანიაში, 1929 წელს კი, უკვე ჰააგაში (ჰოლანდია) ჩნდება. მალე ის ცენტრში გამოიძახეს და კარგი მუშაობისათვის დააჯილდოვეს. 

– კრივიცკის გადაეცა საპატიო იარაღი წარწერით: "პროლეტარული რევოლუციის მამაც დამცველს, საბჭოთა კავშირის სამხედრო–რევოლუციური საბჭოსაგან", – წერენ კოლპაკიდი და პროხოროვი. 

კრივიცკის ტოვებენ მოსკოვში. ერთხანობას მისი ამოცანა მზვერავთა მომზადებაა. საზღვარგარეთ კრივიცკი მხოლოდ 1935 წელს გაუშვეს, როდესაც გერმანიის ხელისუფლების სათავეში უკვე ჰიტლერი იყო მოსული. 

– დაიწყო ახალი ჯოჯოხეთური თამაში და ამაში მას, კრივცკისაც, უნდა შეესრულებინა თავისი როლი, – წერს იულიან სემიონოვი. 

კრივიცკის ამოცანა გერმანიაში ჯაშუშური საქმიანობის ორგანიზებაა. ამ მიზნით ჰააგაში მან შექმნა სადაზვერვო ცენტრი. მალე ბერლინიდან ერთიმეორის მიყოლებით სადაზვერვო ინფორმაციამ დაიწყო დენა. 

– კრივიცკის ერთ–ერთმა აგენტმა ბერლინში იაპონიის საელჩოში შეღწევა შეძლო. მისი მდგომარეობა იმდენად მაღალი გახლდათ, რომ კოდების წიგნთან მისვლაც შეეძლო, – წერენ კოლპაკიდი და პროხოროვი. 

მალე იაპონელთა მთელ შიფროგრამებს მოსკოვში კითხულობდნენ. 

გადაწყვეტილება 

1934 წელს ლენინგრადში (ამჟამინდელი პეტერბურგი) მოკლეს ს.მ.კიროვი. სტალინმაც დაიწყო პარტაპარატის, არმიის, უშიშროების ორგანოების ძირეული წმენდა. ძველი კადრები მოსპობას ექვემდებარებოდნენ. მათი ადგილი ახალ თაობას უნდა დაეკავებინა. 

– თაობას, რომელიც მუშფაკებსა და კომკავშირში იყო გამოზრდილი და რომელსაც გულწრფელად სწამდა: ღმერთი ქრისტე კი არა, სტალინი არისო, – წერს ლევ რაზგონი. 

კრივიცკი საკმაოდ ინფორმირებული კაცი იყო, არც ანალიტიკური აზროვნება აკლდა, ამიტომ უმალ დაასკვნა: მიმდინარეობს "ძველების" მოშორების პროცესი. ამის თაობაზე განუცხადა კიდეც თავის მეგობარ ორლოვს. 

– "ძველებს" იშორებენ! მალე მე და შენც მოგვიშორებენ! 

– დავუშვათ ასეა, – ამოიოხრა ორლოვმა, – რას აპირებ? 

– მინდა დასავლეთში დავრჩე! 

– მერე ცოლ–შვილი? მათზე არ ფიქრობ? შენ რომ გაიქცე, უმალ ბანაკში უკრავენ თავს! 

კრივიცკიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. საკუთარ თავს ასე თუ ისე გასწირავ, მაგრამ ცოლ–შვილი? კრივიცკიმაც ევროპაში დარჩენაზე უარი თქვა და უდრტვინველად დაემორჩილა ცენტრის ბრძანებას: "სასწრაფოდ დაბრუნდით!". ის მართლაც დაბრუნდა სსრკ–ში და ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა. მოსკოვში მართლაც თავზარდამცემი ამბები შეიტყო. საქმე მარტოოდენ იმაში როდი იყო, რომ მისი ბევრი მეგობარი როგორც "ხალხის მტერი" დააპატიმრეს. სტალინის ემისრები კონფიდენციალურ ვითარებაში შეხვდნენ გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებს. პარიზიდან მზადდებოდა თეთრი ემიგრაციის ერთ–ერთი ლიდერის გენერალ მილერის მოტაცება. ამ ოპერაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა თეთრი ემიგრანტი გენერალი სკობლინი. კრივიცკიმ იცოდა, რომ სკობლინი გპუ–ს აგენტი იყო (მეტსახელი ფერმერი) და იმავდროულად სდ–სთანაც ჰქონდა კავშირი. სკობლინის ასეთ აქციაში ჩაბმა ცალსახად მიუთითებდა სტალინის განზრახვაზე: მას ჰიტლერთან კავშირი სურს. თანამშრომლობა სპეცსამსახურების დონეზე ეს პირველი ეტაპია, შემდეგ ამას სსრკ–გერმანიის პაქტის დადებაც მოჰყვება. რაკი ასეა, ის, კრივიცკი, ეროვნებით ებრაელი, მსოფლმხედველობით კი ანტინაცისტი, მალე აღარ დასჭირდებათ. ასეთებს კი ნაგვის ყუთში დაუნდობლად მოისვრიან. კრივიცკიც მთელი ღამეები საწოლზე გაუხდელად იწვა. ცოლის შეკითხვაზე, რა გემართებაო, მიუგო: 

– შეიძლება ჩემს წასაყვანადაც მოვიდნენ! ამიტომ სჯობს, საერთოდ არ დავწვე! 

იმხანად გაუმართლა და ხელი არ ახლეს. მეტიც, 1937 წლის მაისში კვლავ გაგზავნეს ჰააგაში. კრივიცკის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დასავლეთში ჩასვლისთანავე უმალ თავისი მეგობარი ორლოვი ინახულა: 

– გადავრჩი! გესმის?! გადავრჩი! – ამ სიტყვებით ის მეგობარს გადაეხვია. 

კრივიცკის ამოცანას კვლავაც გერმანიაში ჯაშუშური საქმიანობის გაძღოლა წარმოადგენდა. ამიტომაც ამომწურავად იყო ინფორმირებული, თუ როგორ შეითითხნა "ტუხაჩევსკის საქმე". სტალინს სურდა, სათათანადო მამხილებელი საბუთები ჰიტლერისაგან მიეღო. ასეც მოხდა. შეუფერხებლად ჩატარდა გენერალ მილერის მოტაცების ოპერაციაც. სტალინური და ჰიტლერული სპეცსამსახურები მართლაც შეხმატკბილებულად მუშაობდნენ. 

– საშინელებაა! – კრივიცკი თავზარდაცემული იყო. 

წონასწორობა მხოლოდ მაშინ დაკარგა, როცა ცენტრმა განუყრელი მეგობრის ორლოვის ლიკვიდაცია უბრძანა. კრივიცკი, რომელიც აქამდე ყველა ბრძანებას უდრტვინველად ასრულებდა, თავის უფროსებს პირველად განუდგა. მან შეცვლილი ხმით დაურეკა ორლოვს და განუცხადა: 

– ხომ არ იცით, სად შეიძლება შევიძინო მილტონის ტომი? 

ეს იყო პირობითი ფრაზა, რაც ნიშნავდა: გაიქეცი, თავს უშველე, თორემ მოგკლავენ! ორლოვი ასეც მოიქცა. ის დასავლეთში დარჩა. კრივიცკიმ კი მალე მოსკოვიდან ახალი ბრძანება მიიღო: სასწრაფოდ დაბრუნდით! 

– ცხადი იყო, თუ რა ელოდა სსრკ–ში დაბრუნების შემდეგ, – წერენ კოლპაკიდი და პროხოროვი. 

კრივიცკის გადაწყვეტილებაც მტკიცე იყო: ის დასავლეთში დარჩა. 

თამაშის დასასრული 

საბჭოთა რეზიდენტი, რომელიც დასავლეთში რჩება... "ცივი ომის" დროს ასეთებს ხელგაშლით ხვდებოდნენ. მათთვის ღია იყო ბი–ბი–სის, რადიო "თავისუფლებისა" თუ ამერიკის ხმის კარი. მაშინ 1937 წელს "ცივი ომი" ჯერ არ იყო დაწყებული. დასავლეთის დემოკრატიაშიც (ინგლისი–საფრანგეთი) არ არსებობდა ერთსულოვანი პოზიცია საბჭოთა კავშირის შესახებ. ერთნი სსრკ–ს მტრად თვლიდნენ, მეორენი მიიჩნევდნენ, რომ სტალინური რუსეთიც კი აუცილებელი მოკავშირეა ჰიტლერის წინააღმდეგ, მესამენი ნებისმიერ ფასად მშვიდობის შენარჩუნებას ესწრაფოდნენ. გამომდინარე აქედან, გასაგებია ის გულგრილობა, რასაც კრივიცკი შეეჩეხა. მართალია, რუსულ ემიგრანტულ გამოცემებში მისი სტატიები დაიბეჭდა, მაგრამ საფრანგეთის მთავრობამ დაცვაც კი არ გამოუყო. კრივიცკიმ კი იცოდა: სტალინი ღალატს არავის პატიობდა და მისი სიცოცხლეც საფრთხეში იყო. 

– მალე საფრანგეთის კონტრდაზვერვამ დააპატიმრა ორი რუსი აგენტი, რომელთაც კრივიცკის ლიკვიდაცია დაავალეს, – წერს უილიამ შირერი. 

ფრანგებმა მხოლოდ ამის შემდეგ გამოუყვეს შეიარაღებული დაცვა. საბჭოთა ელჩი საფრანგეთის საგარეო სამინისტროში გამოიძახეს და გააფრთხილეს: კრივიცკი მთავრობის დაცვის ქვეშ იმყოფება, ამიტომ მასზე ნებისმიერი თავდასხმა განიხილება როგორც აგრესია საფრანგეთის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ფრანგები აშკარად აგრძნობინებენ კრივიცკის, რომ მოღალატედ თვლიან. მან, საიდუმლო სამსახურის ოფიცერმა, ფიცი გატეხა და მტრის მხარეს გადავიდა! მოღალატეებს კი იყენებენ, მაგრამ მათ არასდროს ენდობიან. კრივიცკიმაც მტკიცედ გადაწყვიტა საფრანგეთის დატოვება. 

– 1938 წელს ის აშშ–ში გაემგზავრა, – წერენ კოლპაკიდი და პროხოროვი. 

მალე "სეთერდეი ივნინგ პოსტის" ფურცლებზე საბჭოთა ექსრეზიდენტის სტატიები ჩნდება. კრივიცკი დაწვრილებით ყვება საბჭოთა უშიშროების რიგ ბნელ საქმეებზე, მათ შორის ჰიტლერელებთან საიდუმლო კონტაქტებზე. "მზადდება სსრკ–გერმანიის პაქტი" – მას კრივიცკი უკვე 1938 წელს განაცხადებს. თავდაპირველად ეს სასაცილოდაც არ ეყოთ, მაგრამ როდესაც აღნიშნული პაქტი მართლაც დაიდო, კრივიცკის სიმართლე ყველამ აღიარა. ექსპრეზიდენტის წიგნი "მე სტალინის აგენტი ვიყავი" მსოფლიო ბესტსელერად გადაიქცა. კრივიცკიც ინგლისის დაზვერვის ყურადღების ქვეშ მოხვდა. ინგლისელების წინადადებას თანამშრომლობის შესახებ კრივიცკი დათანხმდა, თუმცა, უკვე ნერვიულ ზღვარზე იმყოფებოდა. 

– ჩვენებს მან განუცხადა: ნუთუ თავს არასოდეს დამანებებენ? ნუთუ ამ ჯოჯოხეთურ თამაშს ბოლო არ მოეღება?! – წერს კუკრიჯი. 

ინგლისის დაზვერვამ კრივიცკი ლონდონში ჩაიყვანა და გულმოდგინედ დაკითხა. ექსრეზიდენტი, როგორც იტყვიან, "საცრის ქვეშ გაატარეს". კრივიცკიმ რაც იცოდა, ყველაფერი გადმოალაგა. კერძოდ, მან გადასცა ბრიტანელებს ცნობები, რაც "კემბრიჯის ხუთეულის" (კიმ ფილბი და მისი მეგობრები) გამოაშკარავებაში უნდა დახმარებოდათ. სამწუხაროდ ამას ჯეროვანი ყურადღება არ მიექცა. კრივიცკი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა: 

– არ მენდობიან! არ მენდობიან! – დაუსრულებლად იმეორებდა იგი. 

თუმცა, გარკვეული შედეგები კრივიცკის საქმიანობამ მაინც მოიტანა. მისი ჩვენებების შედეგად, ინგლილსელებმა შეიპყრეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი კინგი. რუსებზე ის 1935 წლიდან მუშაობდა. ამის შემდეგ კრივიცკი აშშ–ში ბრუნდება. 1941 წლის თებერვალში მას კვლავ ლონდონში იძახებენ. არაქათგამოცლილ ექსრეზიდენტს გამგზავრება ნამდვილად არ სურდა. სასტუმროს მოსამსახურე გოგონა ამტკიცებს, რომ მან გაიგონა, თუ როგორ წაიჩურჩულა კრივიცკიმ: "აღარ შემიძლია! ნეტავ, როდის დასრულდება ეს ჯოჯოხეთი?". 

1941 წლის 10 თებერვალს კრივიცკის თავგახვრეტილი გვამი იმ სასტუმროს ნომერში იპოვეს, სადაც ცხოვრობდა. იქვე ეგდო რევოლვერიც, რომლითაც საფეთქელში ტყვია დაიხალა და გამოსათხოვარი წერილი, განკუთვნილი ცოლისადმი. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ის კრივიცკის დაწერილი იყო. 

ჯოჯოხეთური თამაში დასრულდა. 

ეპილოგი 

გამოძიების დასკვნა ცალსახა იყო: თვითმკვლელობა! თუმცა, ზოგიერთები ამას ეჭვქვეშ აყენებდნენ და ამტკიცებდნენ: კრივიცკი საბჭოთა უშიროებამ მოკლაო. ამას ამტკიცებს ცნობილი ისტორიკოსი ბრუკ–შეფერდიც. რუსები მკვლელობას კატეგორიულად უარყოფდნენ, თვით სსრკ–ს დანგრევის შემდეგაც აცხადებდნენ, კრივიცკიმ თავი მოიკლაო. 

– მას დეპრესია განუვითარდა და თავიც ამიტომ მოიკლა, – წერს პავლე სუდოპლატოვი. 

დისკუსიები ვალტერ კრივიცკის სიკვდილის გარშემო დღესაც გრძელდება. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1349 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები