პარასკევი, 19.04.2024, 03:28
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » დევნილ ბავშვებს ერთი დღით ომის კოშმარები დაავიწყეს
14:41
დევნილ ბავშვებს ერთი დღით ომის კოშმარები დაავიწყეს
დევნილ ბავშვებს ერთი დღით ომის კოშმარები დაავიწყეს
თამარ გიგაური 10 წლისაა, მაგრამ ცხოვრებაში უკვე ბევრი რამ ნახა. მის მეხსიერებაში 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომი კოშმარულ კადრებად აღიბეჭდა. მანქანას, სადაც მამასთან და თავის ძმასთან ერთად იჯდა, ჭურვი მოხვდა და აფეთქდა. მამა მის თვალწინ დაიღუპა, ის და მისი ძმა კი მძიმედ დაშავდნენ... 

მსგავსი ტრავმა ამ ომში უამრავმა ბავშვმა მიიღო. მათ თვალებში, რომლებიც, წესით, სიხარულსა და სიცოცხლეს უნდა ასხივებდნენ, ნაღველი და სევდა ჩანს... ანსამბლი "გვირილა" შეეცადა, ამ ბავშვებისთვის თუნდაც ერთი დღე გაელამაზებინა, რომ მცირე ხნით მაინც დაევიწყათ ომის კოშმარები. ანსამბლმა დევნილ ბავშვებს ახალი წლის წინა დღეებში უმასპინძლა და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მათთვის კონცერტი გამართა. 

"გვირილა" 18 წლისაა. მათ სახელს არაერთი საქველმოქმედო აქცია თუ ფესტივალი უკავშირდება. მუსიკოსი ერნა წიფურია, რომელიც ანსამბლის სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელია, სოციალურად დაუცველ ფენას, დევნილებსა და უდედმამო ბავშვთა სახლებს ხშირად სტუმრობს და ცდილობს, მათი მძიმე ყოფა მცირე ხნით მაინც გაალამაზოს. 

ერნა წიფურია: 

– ასეთ ღონისძიებას ყოველ წელიწადს ვატარებთ. ამჯერად ვეცადეთ, რომ ახალგორიდან, ცხინვალიდან, კოდორიდან დევნილი ბავშვებისთვის ერთი დღე გაგველამაზებინა. ეს ღონისძიება იმით იყო საინტერესო, რომ ბავშვებმა ბავშვებისთვის იზრუნეს. სხვადასხვა ორგანიზაცია რომ არ დაგვდგომოდა გვერდში, მარტო "გვირილა" ვერაფერს გააკეთებდა. მარნეულიდან 120 ბავშვი ჩამოვიყვანეთ, წეროვანიდან – 300, კოდორიდანაც იყვნენ ბავშვები. კონცერტს ბავშვთა სახლების აღსაზრდელებიც დაესწრნენ. "ბავშვების საჩუქარი ბავშვებს", – ასე ერქვა ამ საღამოს. პატარებთან ერთად უფროსი თაობის მომღერლებიც მონაწილეობდნენ – ნუგზარ კვაშალი, ეთერ კაკულია, გურამ ჯაში... ბატონი ნუგზარი სანტა კლაუსი იყო, ეს საღამო მას და ჩემს ქალიშვილ ნინოს მიჰყავდათ. ეთერ კაკულიამ დევნილ ბავშვებთან ერთად დუეტები ჩაწერა. ის ბავშვები, რომლებსაც კარგი მუსიკალური მონაცემები ჰქონდათ, ამ პროექტში ჩავრთეთ. მაგალითად, ნატა და სალომე ხერკელაძეებს სიმღერის ნიჭი აღმოაჩნდათ და, ბუნებრივია, კონცერტში მათაც მიიღეს მონაწილეობა. 

– ამდენი ბავშვის გახალისებამ ალბათ თქვენც მოგიტანათ სიხარულის შეგრძნება. 

– რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ბავშვის სიხარულით ანთებული თვალები დავინახე. არადა, სანამ კონცერტი დაიწყებოდა, მათ რომ ვუყურებდი, დაღვრემილები იყვნენ. სცენა ისე მოვაწყვეთ, რომ ცეკვა ყველას შესძლებოდა. ზოგიერთი პირველად იყო თბილისში, ზოგი კი პირველად ესწრებოდა კონცერტს. მათ ასეთი რაღაცეები აკლიათ. ბავშვებს თბილისის ლამაზი ხედები ვაჩვენეთ. ეს დღე ალბათ მთელი წელი ემახსოვრებათ. ისინი ბედნიერები დაბრუნდნენ შინ. მეც კმაყოფილი ვარ, რომ ამ ბავშვებს ერთი დღე გავულამაზეთ. 

წეროვანში არის სამეჯლისო ანსამბლი "წეროები", რომლის ხელმძღვანელი გიორგი მჭედლიშვილია. კონცერტში ისინიც ჩავრთეთ. ვალენტინობას ან ქალთა დღეს ვაპირებთ, დევნილი ბავშვებისთვის შევაგროვოთ სათამაშოები, ჩასაცმელი და მათ კიდევ ერთხელ მოვეფეროთ, ვაგრძნობინოთ, რომ თითოეული მათგანი ძალიან გვიყვარს. 

არ შემიძლია, ნაზიმ მამედოვზე არ ვთქვა, როგორ დაგვიდგა გვერდში, გენერალური სპონსორი სწორედ მან მოგვიძებნა. ის აზერბაიჯანელი დეპუტატია, ბაქოში ცხოვრობს. მისი შვილი, რომელიც არაჩვეულებრივი პიანისტია, ჩვენს საახალწლო ფესტივალში მონაწილეობდა. მათ საქართველოსთან დიდი მეგობრობა აკავშირებთ. ბატონმა ნაზიმმა გაიგო თუ არა, რომ დევნილი ბავშვებისთვის ვაკეთებდით კონცერტს, ახალი წლის წინა დღეებში ყველაფერი მიატოვა, შვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და დევნილ ბავშვებს სცენიდან მოეფერა. 

 * * * 

რამდენიმე მოზარდმა იმ ბავშვებიდან, რომლებისთვისაც საახლწლო კონცერტი მოეწყო, "სარკეს" თავისი სევდიანი ისტორიები უამბო. 

თამარ გიგაური, ახალგორიდან დევნილი, 10 წლის: 

– ახალგორში დავიბადე და იქ ვიზრდებოდი. ომის პერიოდი მეც ისევე ცუდად მახსენდება, როგორც ყველა იქ მცხოვრებ ბავშვს. ამ ყველაფერს მე და ჩემი ძმა ვუყურებდით, გვესმოდა, როგორ აფეთქებდნენ ჭურვებს. ჩემი მშობლების მანქანა აფეთქდა, სადაც მე, მამა და ჩემი ძმა ვისხედით. მე და ჩემი ძმა მძიმედ დავშავდით, 18 დღე საავადმყოფოში ვიწექი. ხელი, თავი და სხეულის სხვა ნაწილები დამიშავდა, ჭრილობები მქონდა. მამა აფეთქებისთანავე, ჩემ თვალწინ გარდაიცვალა. ჩვენი სახლი ახალგორშია და მამა იქვე დავკრძალეთ, მაგრამ მის საფლავზე ვერ მივდივართ. მენატრება ჩემი სახლი, მამა... მე და ჩემს ძმას დედა მარტო გვზრდის. ცდილობს, არაფერი მოგვაკლოს. წეროვანის მე–3 საჯარო სკოლაში ვსწავლობ. სამეჯლისო ცეკვებზე ანსამბლ "წეროებში" დავდივარ. ახლა ჩემი ძმაც შემომიერთდა. "გვირილამ" ერთი დღე გაგვილამაზა და ფილარმონიაში, კონცერტზე დაგვპატიჟა. "წეროებმა" პირველად ვიცეკვეთ დიდ საკონცერტო დარბაზში. კარგი იქნება, თუ ასეთი ლამაზი დღეები ხშირად გვექნება... 

სალომე მახარაშვილი, ახალგორიდან დევნილი, 5 წლის: 

– ჩვენი სახლი არ მახსოვს. როცა იქიდან წამომიყვანეს მშობლებმა, სულ პატარა ვიყავი. მაინტერესებს, ჩემი სახლი როგორი იყო, როგორი საძინებელი მქონდა... ახლა წეროვანში ვცხოვრობთ. ცეკვაც ძალიან მიყვარს და ჩემი ცეკვის მასწავლებელი გიორგიც. ფილარმონიაში გამოსვლა ძალიან მომეწონა. 

გიორგი ჩარიგოგდიშვილი, ახალგორიდან დევნილი, 8 წლის: 

– დედა მეუბნება, რომ შინ ვერ დავბრუნდებით, იმიტომ, რომ ჩვენი სახლის ეზოში რუსული ჯარი დგას. არადა ჩემი სახლი მე და ჩემს ძმებს ძალიან გვენატრება, ჩვენს ეზოში თამაში გვინდა. მიუხედავად იმისა, რომ წეროვანში ბევრი მეგობარი შევიძინე, მაინც მინდა, ჩემს სახლში დავბრუნდე. ორი წელია ვცეკვავ. გამიხარდა, ფილარმონიაში რომ გამოვედით. დედაჩემმა შემაქო. ძალიან უხარია, მე და ჩემი ძმები რომ არ ვაბრაზებთ... დიდი რომ გავიზრდები, ჩემს სახლს მაინც დავიბრუნებ! 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1742 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 2.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები