ხუთშაბათი, 28.03.2024, 14:32
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » გიორგი გოგიჩაიშვილს საბავშო გადაცემები ენატრება
14:43
გიორგი გოგიჩაიშვილს საბავშო გადაცემები ენატრება
გიორგი გოგიჩაიშვილს საბავშო გადაცემები ენატრება
გოგიჩა, იგივე გიორგი გოგიჩაიშვილი ბოლო პერიოდში "იმედის დილაში" მუშაობდა, ახლა კი "გოგიჩას ხარისხიანი დილის" წამყვანია. მიუხედავად ამისა, საზოგადოების თვალში ის მაინც ბავშვებთან ასოცირდება. როგორც თავადაც ამბობს, ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მოსწონს და დიდი სურვილი აქვს, რომ ისევ წაიყვანოს რაიმე საბავშვო გადაცემა. დილის გადაცემებს და დილით ადრე ადგომას ძალიან შეეჩვია. ამბობს, რომ ასეთი გრაფიკით მუშაობა უკეთესია, რადგან შემდეგ მთელი დღე თავისუფალი აქვს, განსხვავებით მისი მეუღლისგან. როგორც იცით, ნათია ბანძელაძე რამდენიმე თვეა, რაც პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსად დაინიშნა და ძალიან დატვირთული გრაფიკით მუშაობს. ცოლ–ქმარი ერთმანეთს თითქმის მთელი დღე ვერ ხედავს და ამ თემაზე გოგიჩა ბევრს ხუმრობს. დანარჩენს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. 

– ბატონო გიორგი, რას გვეტყვით თქვენს გადაცემაზე, რომელიც უკვე ორი თვეა გადის ტელეკომპანია "მზის" ეთერში? 

– ჩემს გადაცემას ვერ გეტყვით, რომ ბევრი მაყურებელი ჰყავს ან არ ჰყავს, ზუსტი ციფრები არ ვიცი. ჯერ ახალი გადაცემაა, თუმცა, გამოხმაურებები არის. იქედან გამომდინარე, რომ "მზე" შედარებით პატარა ტელეკომპანიაა, ვაპირებთ, რომ ეს ტელეარხი მთლიანად "დაიქოქოს" და მაყურებელი დაიბრუნოს. ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ბოლო პერიოდში ამ არხს დიდი რეიტინგი არ ჰქონია, მაგრამ ახალი გადაცემები დაინერგა. კიდევ მზადდება ახალი პროექტები, ასე რომ, ჩვენ მაყურებელს სიახლეებს ვთავაზობთ. ეს გახდება ისეთივე თბილი არხი, როგორიც თავის დროზე იყო. ადრე "მზე" საკმაოდ პოპულარული იყო და ეს პოპულარობა უნდა დაიბრუნოს. რაც შეეხება ჩემს გადაცემას, ის ჩვეულებრივია და თუ ხალხს მოსწონს, ეს ძალიან მახარებს. მისი ფორმატი ჩემი მოფიქრებული არ არის, უბრალოდ წამყვანი ვარ. 

– თქვენთვის ეს გადაცემა რამდენად საინტერესოა? 

– საინტერესო ნადვილად არის. ყოველ დილით მივდივარ და მინიმუმ სამი სტუმარი მხვდება, რომლებთანაც საინტერესო თემებზე ვსაუბრობ. ეს არის საკითხები, რომლებზეც მანამდე არ მისაუბრია, თუნდაც პროდუქტებზე, თუ რა უნდა იცოდეს მომხმარებლმა, როგორ აარჩიოს ხარისხიანი პროდუქტი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ამ გადაცემიდან მე თავადაც ბევრ ახალ რამეს ვიგებ და ვსწავლობ, მიუხედავად ჩემი ასაკისა. ამგვარად, აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. 

– სანამ ამ გადაცემის წამყვანი გახდებოდით, პროდუქტის ხარისხს რამდენად აქცევდით ყურადღებას? 

– რა თქმა უნდა, ყურადღებას ვაქცევდი. მაღაზიებში ხშირად დავდივარ და კარგი პროდუქტის არჩევაც ვიცი. ბავშვობიდან ვმუშაობდი და საშუალება მქონდა, რომ მაღაზიაში შევსულიყავი და ჩემი გემოვნებით რამე მეყიდა. ახლაც ასე ვარ, მით უმეტეს, შვილები მყავს და მათთვის როდესაც რამეს ვყიდულობ, კარგად ვარჩევ მის ხარისხიანობას. 

– როდესმე გამყიდველს თქვენთვის უხარისხო საქონელი შემოუპარებია? 

– ეგ ჩვეულებრივი ამბავია და ადრე მეც დამმართნია, ახლა ნაკლებად. მე სადაც ვცხოვრობ, იმ უბანში, ჩვენი კორპუსის გარშემო რაც მაღაზიებია, ყველგან ნაცნობები არიან, უკვე ერთი ოჯახივით ვართ. ისე არ ხდება, რომ ცუდი პროდუქტი შემოგვაპარონ, რადგანაც ნდობის ფაქტორი არსებობს. კიდევ კარგი, რომ საქართველოში ეს ურთიერთობა არსებობს. საერთოდაც, მაღაზიაში მიტანამდე პროდუქცია უკვე შემოწმებულია. ამაში ჩემი ახალი გადაცემის საშუალებით გავერკვიე, რომ მომხმარებლამდე ახალი პროდუქცია მიდის. 

– თქვენი დღე საკმაოდ ადრე იწყება, ჯერ კიდევ "იმედის" დილაში მუშაობიდან მოყოლებული დღემდე. რამდენად შეეჩვიეთ ასეთ გრაფიკს? 

– კი, შევეჩვიე. დილის ხუთ საათზე უკვე მღვიძავს. მეტრო ხომ ექვს საათზე იღება და მე ვაღებ ხოლმე, რადგანაც ჩემზე ადრე, მგონი, არავინ დგება. შეიძლება ითქვას, რომ მეც ბუნებასთან ერთად ვიღვიძებ. ასე ადრე რომ ადგები ადამიანი, სწორედ მაშინ მიხვდები, თუ რამხელა ყოფილა დღე, თანაც ძალიან ბევრი რამის მოსწრება შეიძლება. ეს ახლა დავაფასე, რადგანაც ადრე ისეთი რეჟიმი მქონდა, რომ საღამოს ვმუშაობდი. დილით 10–ზე ან მაქსიმუმ 11–ზე ვდგებოდი. ბედნიერი ვარ იმით, რომ დილის გადაცემა მიმყავს. 

– არ გიჭირთ ადრე გაღვიძება? 

– არა. საერთოდ, ყველაფერმა მიჩვევა იცის და ამასაც მივეჩვიე. ჯარში ვარ ნამყოფი და ჯერ კიდევ იქედან შევეჩვიე ადრე ადგომას. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია. ადრე ადგომა რომ ბევრს უჭირს, ეს ახალი ტექნოლოგიებისა და ღამის ცხოვრების ბრალია. რაც კაცობრიობა არსებობს, ადამიანი ისევე იღვიძებდა, როგორც მამალი, ძაღლი და კატა. მაგრამ გვიან დაძინება და გვიან ადგომა 21–ე საუკუნის სენი გახდა. ყველას ვურჩევ, დილით ადრე ადგეს ხოლმე. 

– ბატონო გიორგი, აქამდე მაყურებელი ძირითადად საბავშვო გადაცემებში გხედავდათ. არ გინდათ, რომ ისევ ასეთი ფორმატის გადაცემაში იყოთ? 

– სულ მინდა, რომ რაიმე საბავშვო გადაცემა ისევ წავიყვანო. ყველგან და ყველასთან ამას ვამბობ ხოლმე. ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდი სწორედ მაშინ იყო, როდესაც საბავშვო გადაცემის წამყვანი ვიყავი. აქ ხელფასი და რაღაც არ იგულისხმება. განსაკუთრებულად ჯანმრთელი და ბედნიერი ვიყავი, როდესაც ბავშვებთან უშუალო კონტაქტი მქონდა და ეს გადაცემა მიმყავდა. მათთან ერთად ვცხოვრობდი და ამას მუშაობას ვერ დავარქმევ, რადგან ეს არის სამყარო, სადაც შენც ბავშვი ხდები. ბავშვებთან ურთიერთობა ღმერთის დიდი საჩუქარია. ასე რომ, დიდი სურვილი მაქვს, ისევ გავხდე საბავშვო გადაცემის წამყვანი. მეტი განსაკუთრებული ნატვრა არ მაქვს. საერთოდ, რასაც შემომთავაზებენ და რის წაყვნასაც მთხოვენ, ყველაფერზე ვთანხმდები. ოცი წელია, ტელეეკრანზე ვარ, ყველაფერი წაყვანილი მაქვს და ყველა ტელევიზია მოვიარე. ვხუმრობ ხოლმე, მარტო ტრამვაი და ტროლეიბუსი დამრჩა წასაყვანი–თქო. 

– ასე ძალიან რომ გინდათ საბავშვო გადაცემის წაყვანა, არ გიცდიათ, რომ რაიმე პროექტი თავად მოგეფიქრებინათ? 

– კი, მაგრამ ამას ხომ დაფინანსება სჭირდება. პროექტი რომ დაიძრას, ამისთვის მარტო სურვილი არ კმარა, ბევრი ფინანსებია საჭირო. მე კიდევ ბიზნესი არ მაქვს. როდესაც ვმუშაობ, მაშინ მაქვს ფული და როცა არ ვმუშაობ, არ მაქვს. მე რომ რაიმე გვერდითი საქმე მქონდეს, ამ გადაცემას მოვახმარდი. სამწუხაროდ, არ მაქვს. სხვათა შორის, "ბასტი–ბუბუსთან" ერთად, ძალიან კარგი პროექტი მაქვს. ის ფაქტი, რომ დღეს "ბასტი–ბუბუ", 20–წლიანი ისტორიის მქონე ბრენდი, ტელეეკრანზე არაა, ძალიან დიდი შეცდომაა. იმედია, ამას ვინმე გამოასწორებს, რადგანაც მასზე ბევრი თაობა აღიზარდა. 

– თქვენს მეუღლეზე რას გვეტყვით, რომელსაც, თქვენგან განსხვავებით, ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს? 

– სადღა მყავს მეუღლე? ვერ ვხედავ საერთოდ, თუმცა, ამ ფაქტს სულაც არ ვაპროტესტებ. როდესაც ადამიანს თავისი საქმე აქვს და იმას აკეთებს, რაც მას უყვარს, ეს ძალიან კარგია. მისთვის დაფასებაც იყო, ასეთ ადგილას რომ დაინიშნა. მთელი ოჯახი, ძირითადად, ღამით ვიკრიბებით ხოლმე და ძალიან ვხალისობთ. ერთმანეთი სულ გვენატრება მე და ჩემს მეუღლეს და ამასაც თავისი ხიბლი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ 22 წელია ერთად ვცხოვრობთ, სულ გვაქვს მონატრების გრძნობა. 

– თქვენი ქალიშვილი ნანუკა ამჟამად საქართველოშია? 

– კი, თუმცა რაღაც შემოთავაზებები აქვს და ვნახოთ მომავალში რა იქნება. ამას ოჯახი გადავწყვეტთ. მაინც ქართველები ვართ და მაინც საქართველოა. არ ვიცი, ეს ბავშვი ამხელა გზაზე როგორ გავუშვა, მით უმეტეს, რომ რამდენიმეწლიან კონტრაქტზეა საუბარი. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1198 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები