ხუთშაბათი, 25.04.2024, 09:31
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ნანიკო ხაზარაძე: "მთელი საქართველო ფეხით მაქვს შემოვლილი"
14:44
ნანიკო ხაზარაძე: "მთელი საქართველო ფეხით მაქვს შემოვლილი"
ნანიკო ხაზარაძეს მოგზაურობა ძალიან უყვარს და როგორც ახერხებს, იმ ინტენსივობით მოგზაურობს. უცხო ქვეყანაში ადაპტაცია, იქაურ გარემოსა და სამზარეულოსთან შეგუება არ უჭირს. ორიენტაციის კარგი უნარი აქვს და ადგილებსა და ქუჩებსაც ადვილად იმახსოვრებს. ახლა, გადაღლილი გრაფიკის გამო, დასვენება განსაკუთრებით უნდა და თანახმაა, ნებისმიერ ადგილას დაისვენოს, თუნდაც საქართველოში. მიუხედავად მოგზაურობის მიმართ დიდი სიყვარულისა, ნანიკოს ფრენის ეშინია და თვითმფრინავში ყოველთვის დამამშვიდებელ წამლებს სვამს. "გუმბათი" ნანიკო ხაზარაძეს "დღის შოუს" სტუდიაში ესტუმრა და მოგზაურობაზე ესაუბრა. 



– ნანიკო, მოგზაურობა გიყვართ? 

– კი, ძალიან მიყვარს და როდესაც საშუალება მაქვს, აუცილებლად მივდივარ სამოგზაუროდ. მნიშვნელობა არა აქვს, სად წავალ, მთავარია, წავიდე და ცოტა ხანი დავისვენო. რაც მთავარია, ამ დროს აუცილებლად მარტო უნდა ვიყო. მეტი საშუალება რომ მქონდეს, სულ მოგზაურობებში ვიქნებოდი. ვამბობ ხოლმე, ფული რომ მქონდეს და არ ვმუშაობდე, ერთი ქვეყნიდან მეორეში დიდი სიამოვნებით ვივლიდი–თქო. მოგზაურობა არასდროს მომბეზრდება. 

– რატომ გირჩევნიათ მარტო მოგზაურობა? 

– იმიტომ, რომ, როდესაც მარტო ვარ, უკეთესად ვისვენებ. ამ დროს მთლიანად საკუთარ თავს ვეყრდნობი, სხვის მითითებებს არ ვემორჩილები და სადაც მინდა, იქ მივდივარ. მოგზაურობა მაშინაა კარგი, როდესაც მარტო ხარ, სხვასთან ერთად ეს ყოველივე დამღლელი ხდება. ასე რომ, მარტო მოგზაურობა ჩემთვის საინტერესოა. თანაც როდესაც სხვა არის შენ გვერდით, მთელ ენერგიას გაცლის, გელაპარაკება, თავის ჭკუაზე გატარებს. მე, უმეტესად, სამოგზაუროდ მარტო დავდივარ, რაც ჩემთვის იდეალურია. 

– თუ გახსოვთ, პირველად სად იმოგზაურეთ? 

– კი, პირველად უნგრეთში ვიყავი. მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და ანსამბლ "ცისკარაში" ვმღეროდი, საიდანაც უნგრეთში წაგვიყვანეს. მახსოვს, რომ ძალიან მიხაროდა და თანაც საოცრად მომეწონა იქ მოგზაურობა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ბავშვები რეჟიმში ვყავდით და ძირითადად სულ გვამღერებდნენ. თუმცა, როგორც საზღვარგარეთ ჩემი პირველი გასვლა, ძალიან საინტერესო და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო. 

– ბოლოს სად იმოგზაურეთ? 

– ბოლოს ბარსელონაში ვიყავი. 

– უცხო ქვეყანას, იქაურ გარემოს ადვილად ეგუებით? 

– კი, საკმაოდ ადვილად ვეგუები. ამ მხრივ ყველაფერს უცებ ვუღებ ალღოს. უცხო ქვეყანასთან შეგუება არანაირად არ მიჭირს. როგორც კი ჩავდივარ, მაშინვე ვიწყებ იქაურობის დათვალიერებას. მნიშვნელობა არა აქვს იმას, ღირსშესანიშნაობებით დავიწყებ თუ არა, ნელ–ნელა მივყვები ხოლმე და ყველაფერს ვნახულობ. მით უმეტეს, მარტო რომ ვარ, უფრო მეტი დრო მაქვს და ხელს არავინ მიშლის იმაში, რომ მთელი ქალაქი დავათვალიერო. 

– სანამ უცხო ქვეყანაში ან ქალაქში ჩახვალთ, წინასწარ ინფორმაციას თუ აგროვებთ? 

– ზოგჯერ. რა თქმა უნდა, დაახლოებით ვიცი, სად მივდივარ, როგორი ადგილია და რაღაც ზოგადი წარმოდგენა მაქვს ხოლმე, მაგრამ რომ გითხრათ, ძირფესვიანად ვემზადები–თქო, ასე არაა. შეიძლება ისე ჩავიდე, რომ სულაც არ მქონდეს ამ ადგილის შესახებ ინფორმაცია მოძიებული. გააჩნია, სად მივდივარ. 

– ნანიკო, ქალაქის დათვალიერების დროს, რაიმე უცნაურ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხართ, ან თუნდაც გზა აგრევიათ?

– არა, ასეთი რამ არ შემთხვევია. ორიენტაციის გადასარევი უნარი მაქვს და ამ მხრივ პრობლემაც არ მექმნება ხოლმე. კარგად ვიმახსოვრებ ქუჩებს, სხვადასხვა ადგილებს. 

– ფული დაგიკარგავთ? 

– არ მახსენდება. ფული ან ნივთები უცხოეთში ყოფნისას არ დამიკარგავს. 

– უცხო ქვეყანაში უფულოდ თუ დარჩენილხართ? 

– არა, საკმაოდ თავშემონახული ადამიანი ვარ და უცხო ქვეყანაში ფულს ბოლო კაპიკამდე არასდროს ვხარჯავ. ყოველთვის ვინახავ რაღაც ნაწილს, რომ შემდეგ გამოუვალ სიტუაციაში არ ჩავვარდე. 

– უცხოეთში ყოფნის დროს, იქაურ საჭმელებს როგორ ეგუებით? 

– გადასარევად, თითქმის ყველა უცხოური სამზარეულო მიყვარს, რადგან თითოეულში შეიძლება ისეთი კერძი ნახო, რომელიც მოგეწონება. საზღვარგარეთ კვების მხრივ პრობლემა არ მაქვს. თუკი იქაური კერძები არ მომეწონა, მშიერი არ დავრჩები. ბოლოს და ბოლოს წავალ და "მაკდონალდსში" შევჭამ, რადგან სწრაფი კვების ეს ობიექტი ყველა ქვეყანაშია. გარდა ამისა, ძირითადად, ევროპის ქვეყნებში ვმოგზაურობ, სადაც კარგი სამაზრეულო აქვთ. 

– ეგზოტიკური კერძები გაგისინჯავთ? 

– კი, ერთხელ გავსინჯე ხვლიკის ხორცი, თუმცა მერე გავიგე რომ ხვლიკის იყო. ჭამის მომენტში მეგონა, ქათმის ხორცი იყო. მეტი ასეთი ეგზოტიკური საჭმელი, მგონი, არ გამისინჯავს. საერთოდ, სლიკინა თევზეული და მსგავსი რაღაცეები არ მიყვარს და ვერც შევჭამ. 

– საზღვარგარეთ გიცხოვრიათ? 

– კი, ერთი წელი ვიცხოვრე რუსეთში, მაგრამ იქაურ კლიმატთან შეგუება გამიჭირდა, მით უმეტეს, ზამთართან, რომელიც ძალიან ცივია. მე სითბოს მოყვარული ვარ, იქ კი, როგორც იცით, საშინელი ყინვებია ხოლმე. მართალია, რუსეთში უმოქმედოდ არ ვყოფილვარ, ვმუშაობდი, მაგრამ ისევ და ისევ იქაური კლიმატის გამო ვეღარ გავჩერდი. 

– უცხო ქვეყანაში ყოფნისას, საქართველო არ გენატრებათ? 

– კი, მენატრება. საერთოდ, ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და აქ ყოფნა ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ თუკი საშუალება მექნება საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის, როგორმე გავძლებ. 

– გაიხსენეთ ქვეყანა ან ადგილი, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა? 

– ასე განსაკუთრებით რომელიმე ქვეყანას ვერ გამოვარჩევ. ყველა თავისებურად მომეწონა. თუმცა, შთაბეჭდილებას რაც შეეხება, ასეთი რამ საქართველოში დამემართა. ჩარგალთან ახლოს, სანამ ყაზბეგში გადახვალთ, არის ულამაზესი ადგილი ჭაუხების მთები. იქ ყინულის ლოლოებია, რომელთა შუაშიც ფერადი წყლები ჩამოდის. ამ ადგილის ნახვამ გამაოცა და თამამად ვიტყვი, რომ ასეთი საოცარი შთაბეჭდილება უცხოეთშიც კი არასდროს მქონია. საერთოდ, საქართველო ულამაზესი ადგილია და ყველა კუთხეს თავისი ხიბლი აქვს. 

– ფეხით მოგზაურობა, ექსპედიციები თუ გიტაცებთ? 

– არა. ბავშვობაში იმდენი ვიარე ფეხით, თითქმის მთელი საქართველო მოვლილი მაქვს. ძალიან მაინტერესებდა და თანაც დიდი სიამოვნებით დავდიოდი. ახლა კი, უკვე ისეთ ასაკში ვარ, ვთვლი, რომ ექსპედიცია საჩემო საქმე არაა, თუმცა, ასეთი რამეები მომწონს. 

– ნანიკო, რამდენადაც ვიცი, ფრენის გეშინიათ. როგორ გაგყავთ დრო თვითმფრინავში ყოფნისას? 

– კი, ფრენის საშინლად მეშინია. ეს შიში ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს, მაგრამ მოგზაურობა მიყვარს და სხვა გზა არა მაქვს, ეს როგორმე უნდა გადავლახო. ერთადერთი საშუალება, რაც თვითმფრინავში მეხმარება, ეს არის დამამშვიდებელი წამლები, რომლებსაც წინასწარ ვსვამ. ამის გარეშე თვითმფრინავში არ ავდივარ. 

– როდესაც სამოგზაუროდ მიდიხართ, ბევრი ნივთის წაღება გჩვევიათ? 

– არა, ძალიან ცოტა რამე მიმაქვს, რაც დამჭირდება. ბევრი რამე რომ წავიღო და ვიცოდე, ეს არ დამჭირდება, ასეთი რამ არ მახასიათებს. ჩემი მეგობრებიც დამეთანხმებიან, რომ ტანსაცმლის ამოჩემება მიყვარს, რაღაც თუ ამოვიჩემე, შეიძლება ერთი თვე სულ ის მეცვას. უცხოეთშიც რომ მივდივარ, მხოლოდ ერთი–ორი რამ მიმაქვს. 

– საჩუქრების ჩამოტანა გიყვართ? 

– კი. ერთია რომ მიყვარს, და მეორე, რამდენად მაქვს ამის საშუალება. თუკი საკმარისი თანხა მაქვს, მსიამოვნებს, როდესაც ახლობლებისთვის რაღაც საჩუქარი ჩამომაქვს. ძირითადად, ჩემი შვილისთვის ჩამომაქვს საჩუქრები. 

– თქვენი გოგონა სამოგზაუროდ წაგიყვანიათ? 

– საზღვარგარეთ არა, საქართველოს ფარგლებში – კი. ვთვლი, რომ ამისთვის ჯერ პატარაა, ყველაფერს კარგად ვერ აღიქვამს. ცოტა რომ წამოიზრდება, წავიყვან ხოლმე. 

– ნანიკო, საქართველოში საზაფხულო და ზამთრის კურორტებს სტუმრობთ ხოლმე? 

– ზაფხულში ზღვაზე დასვენება ძალიან მიყვარს, თუმცა, ბოლო ორი წელია, არ დამისვენია. ზაფხულში სულ მინდა, რომ თბილისს, აქაურობას, საქმეს გავეცალო და ზღვაზე დავისვენო. ზამთარში კი, მირჩევნია თბილისში, ჩემს სახლში თბილად ვიყო, რადგან, როგორც უკვე გითხარით, სიცივე დისკომფორტს მიქმნის და ამ დროს გამორიცხულია, რომ დავისვენო. ასე რომ, ზამთრის კურორტებს არ ვსტუმრობ. 

– ახლა რომ შეგეძლოთ სამოგზაუროდ წასვლა, სად წახვიდოდით? 

– რომ შემეძლოს, დღესვე ჩავალაგებდი ჩემოდანს და წავიდოდი სადმე. მნიშვნელობა არა აქვს, საზვარგარეთ თუ სად. იმდენად ვარ გადაღლილი, რომ მითხრათ ქუთაისში წადი და იქ დაისვენეო, დიდი სიამოვნებით წავალ. მთავარია, თბილისიდან გავიდე და რაღაც პერიოდი ყველაფრისგან დავისვენო, მშვიდად ვიყო. მთლად ინდოეთში და ასეთ ქვეყანაშიც არ მინდა წასვლა, სადაც უფრო დავიღლები. ამჟამად დასვენებაზე ვოცნებობ, ვნახოთ, მოვახერხებ თუ არა. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1128 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები