ხუთშაბათი, 25.04.2024, 08:25
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ნინო კურატაშვილი: "ზედმეტად ფეთიანი დედა ვარ"
14:44
ნინო კურატაშვილი: "ზედმეტად ფეთიანი დედა ვარ"
ნინო კურატაშვილი კვლავ მშობლიურ ტელევიზიას – პირველ არხს დაუბრუნდა. ჯერ დილის გადაცემა "ალიონი" მიჰყავდა, მერე საინფორმაციო გადაცემა "მოამბე", რასაც მოჰყვა ექვსწლიანი პაუზა, ახლა ის გადაცემა "სამოთხის ვაშლების" ერთ–ერთი წამყვანია. 

– ნინო, რით ახსნით ამდენი წლის პაუზას? 

– იმით, რომ ჩემი გოგონა მარიამი პატარა იყო და მასთან უნდა ვყოფილიყავი. ვერ წარმომედგინა, ის დრო, რასაც ტელევიზიაში ვატარებდი, შვილისთვის არ მომეხმარა, ამიტომ მუშაობას თავი დავანებე და მთელი ყურადღება შვილს დავუთმე. საინფორმაციოში ისეთი რეჟიმი იყო, რომ მთელი დღე სამსახურს ვუთმობდი. გადავწყვიტე, რომ ის პერიოდი ოჯახისთვის დამეთმო. 

– ახლა აღარ გიჭირთ მარიამთან განშორება? 

– არა. წამოიზარდა და საბავშვო ბაღში დადის. ოჯახში საქმეები გადავინაწილეთ, დილით მარიამი საბავშვო ბაღში მიდის, მე და ჩემი მეუღლე – სამსახურში. 

– ეს გადაცემა დიდ დროს არ ითხოვს? 

– არა. ეს რეჟიმი ძალიან მაწყობს, იმიტომ, რომ მთელი ჩემი დრო სამსახურს არ მიაქვს. 

– როგორც ცნობილია, თქვენ ბიზნესმენობაც გადაწყვიტეთ? 

– დიახ, მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით პიარკომპანია "სმარტ ფენსილს". სულ მქონდა მოთხოვნილება, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა. სანამ საქმე ავაწყვეთ, მანამდე ტელევიზიაშიც დავიწყე მუშაობა და ახლა ყველაფერს ვასწრებ. საერთოდ, რაც უფრო მეტი საქმე გაქვს, მით უფრო მობილიზებული ხარ და ყველაფერს ასწრებ. 

– ამდენი წლის პაუზის შემდეგ, ტელევიზიაში მუშაობას როგორ აუწყვეთ ფეხი? 

– ძალიან კარგად. როგორც აღვნიშნე, "სამოთხის ვაშლებს" დიდი დრო არ მიაქვს და დილის 12 საათის შემდეგ, მუშაობას ვამთავრებ. თუ გადაცემას ვგეგმავთ, რა თქმა უნდა, დიდხანს ვრჩებით, მაგრამ, ძირითადად, 12 საათის შემდეგ თავისუფალი ვარ. თუ მეორე სამსახურში, ანუ კომპანიაში საქმე არაფერი მაქვს, სახლში მივდივარ და მთელ დროს ოჯახს ვუთმობ. 

– თქვენ პიარკომპანიის შესახებ რას გვეტყვით? 

– ჩვენი კომპანია ყველაფერს აკეთებს, რაც დაკავშირებულია პიართან. მთავარია, ვიცოდეთ, დამკვეთს რა სჭირდება. არიან ორგანიზაციები, რომლებსაც საერთოდ არა აქვთ თავიანთი პიარსტრატეგია და უნდათ, რომ დაიქირაონ კომპანია, რომელიც ყველაფერს დაუგეგმავს და გაუკეთებს. არიან ორგანიზაციები, რომლებსაც ჰყავთ თავიანთი პიარმენეჯერი, მაგრამ რაღაც ღონისძიებებს ერთი ადამიანი ვერ გაუძღვება და დამხმარე სჭირდებათ. 

– პირველი დახმარების შემოთავაზება ვისგან მიიღეთ? 

– საკუთარი კომპანიის პრეზენტაცია ჯერ არ გვქონია, ჩვენ შესახებ მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი წინადადება შემოგვთავაზეს. როდესაც საქმეს გავაკეთებთ და უკეთესად გაგვიცნობენ, მაშინ უფრო მეტი შემოთავაზებები გვექნება. 

– მალე თბილისის მოდის კვირეული იწყება, თქვენს კომპანიას თუ შესთავაზეს დახმარება? 

– კი, მთლიანათ ვეხმარებით თბილისის მოდის კვირეულს. 

– როგორი დედა ხართ? 

– მარიამი ჯერ 4 წლისაა, მაგრამ ზედმეტად ფეთიანი დედა ვარ. ყველა იმას მეუბნება, ბავშვს სჭირდება ყურადღება, მაგრამ არა ასეთიო. ყველა წვრილმანს ვაქცევ ყურადღებას. ჩემზე ძალიან იყო მოჯაჭვული, მაგრამ ახლა საბავშვო ბაღში დადის და მინდა დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგას. 

– მეუღლეზე რას გვეტყვით? 

– ჩემი მეუღლე აკო კვარაცხელია პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ თავისი ბიზნესი აქვს. 

– თქვენთვის მთავარი საქმეა, თუ ოჯახი? 

– ოჯახი. ოჯახზე მაღლა არაფერს ვაყენებ. 

– როგორ მოხდა თქვენი და აკოს გაცნობა? 

– ჩვენ ერთმანეთს დიდი ხნის მანძილეზე ვიცნობდით, რადგან ჩემი მამიდაშვილის მეგობარი იყო. გვქონდა ხშირი ურთიერთობა. ბოლოს ისე მოხდა, რაღაცა პერიოდი უფრო ხშირად ვიყავით ერთად და ეს ურთიერთობა გრძნობაში გადავიდა. მერე კი ოჯახი შევქმენით. 7 ნოემბერს ექვსი წელი გახდა, რაც ერთად ვართ. ჩვენი ურთიერთობა, რაც დრო გადის, მით უფრო ძლიერდება და კიდევ უფრო ძვირფასი ხდება, რადგან უფრო მეტი საერთო გვაქვს. 

– რამდენადაც ცნობილია, თქვენ მეუღლის მშობლებთან ცხოვრობდით. 

– კი, ექვსი წელია, რაც მთელი ოჯახი ერთად ვცხოვრობთ, სულ რამდენიმე თვეა, რაც ცალკე გადმოვედით. მანამდე კი ერთად ვცხოვრობდით: ჩემი მაზლები, მაზლისცოლი და ჩემი მაზლიშვილები, ყველა ერთად მხიარულად ვიყავით. არასდროს გამჩენია სურვილი, ცალკე გავსულიყავით. აკოს არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს. 

– მის მშობლებს სახელით მიმართავთ? 

– როდესაც გავთხოვდი, ჩემს მაზლს უკვე ჰყავდა მეუღლე, რომელიც დედას და მამას ეძახდა ქმრის მშობლებს, მისი შემყურე, მეც ჩვეულებრივად დავუძახე დედა და მამა. 

– სახლის საქმეს თქვენ აკეთებთ, თუ დამხმარე ქალი გყავთ? 

– სანამ ოჯახს შევქმნიდი, ძირითად დროს სამსახურში ვატარებდი, სახლში ოჯახის საქმეს დედა და ბებია აკეთებდნენ. ბუნებრივია, რაღაცას მეც ვაკეთებდი, მაგრამ ოჯახის ძირითადი ტვირთი მე არ მეკისრებოდა. რაც გავთხოვდი, სულ ვცდილობ, რომ მარიამისთვის ყველაფერი თავად გავაკეთო. სულ არ ვფიქრობ, რომ რაღაცა თუ არ იცი, ეს კარგი ტონია. როცა დაგჭირდება, ყოველთვის გააკეთებ. ჩემი დედამთილი არაჩვეულებრივი დიასახლისია და თუ დამჭირდა, დამეხმარება. 

– სად გიყვართ ოჯახთან ერთად განმარტოვება? 

– ოჯახში მირჩევნია ყოფნა, მაგრამ მარიამს ძალიან უყვარს გარეთ გასეირნება. 

– როგორ ზრუნავთ საკუთარ გარეგნობაზე? 

– არანაირი განსაკუთრებული მეთოდი არა მაქვს. ადრე უფრო მიყვარდა კოსმეტიკა, ახლა – არა. მაღაზიაში რომ შევდივარ, მარიამისთვის უფრო ვყიდულობ, ვიდრე ჩემთვის. საერთოდ, კოსმეტიკას ყოველდღიურად არ ვხმარობ, სამსახურში რომ მოვდივარ, ვიჟაზისტები გვყავს და ისინი მიკეთებენ მაკიაჟს. გადაცემის დროსაც საკუთარი ტანსაცმელი მაცვია. ცოტა რთულია, ყოველდღე მოიფიქრო, რა ჩაიცვა, მაგრამ რას იზამ. 

– როგორი სტილი გიყვართ? 

– ადრე, სანამ მუშაობას დავიწყებდი, სპორტული სტილი მიყვარდა, ჯინსები და ასე შემდეგ. დავიწყებული მქონდა პიჯაკები. ამ გადაცემაშიც არ არის აუცილებელი, პიჯაკი მეცვას, ამიტომ თავისუფლად მაცვია, რაშიც თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. 

– დიეტაზე თუ ყოფილხართ? 

– არ მიყვარს დიეტაზე ყოფნა. მშობიარობის შემდეგ, 14 კილო მქონდა მომატებული, დიდი ხნის მანძილზე მარიამი ბუნებრივ კვებაზე მყავდა, მაგრამ მერე, ნელ–ნელა, დავიკელი. საბედნიეროდ, სიმსუქნისკენ მიდრეკილება არა მაქვს. ძალიან მიყვარს ღამით ჭამა. თუ შევატყვე, რომ მოვიმატე, რამოდენიმე დღე გვიან აღარ შევჭამ და დავიკლებ. 

– ნინო, თქვენ რამდენიმე ფილმშიც ხართ გადაღებული. 

– კი, რამოდენიმე ფილმში გადამიღეს, ძირითადად კი ნანა ჯანელიძის ფილმებში. ჩემი კინოსთან დაკავშირება ნანა ჯანელიძეს ეკუთვნის. ბავშვობაში ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, ერთ–ერთი კონცერტის დღეს ნანა ჯანელიძე მოვიდა, რადგან ფილმ "იავნანასთვის" გოგონები სჭირდებოდა. სინჯები გადამიღეს და გაირკვა, რომ ნანა ჩემი ახლობელიც ყოფილა, რაც არ ვიცოდი. მაშინ სკოლას ვამთავრებდი და მოსამზადებელი პერიოდი მქონდა, მაგრამ როგორც კი მისაღები გამოცდები ჩავაბარე, საგურამოში ავედი, სადაც "იავნანას" გადაღება მიმდინარეობდა და ეპიზოდურ სცენებში გადამიღეს. ნანასთან მუშაობა არაჩვეულებრივია. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1442 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 1.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები