ოთხშაბათი, 24.04.2024, 11:59
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » მამა ზაქარია: "მოძღვარი მთის ხალხთან ძალიან მოწესრიგებული უნდა იყოს"
14:46
მამა ზაქარია: "მოძღვარი მთის ხალხთან ძალიან მოწესრიგებული უნდა იყოს"
მთის ხელსაქმე იკარგება
16 იანვარს, ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში არსებულ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, დეკანოზ თავმას ჩოხელის ინიციატივით, გუდამაყრული საღამო გაიმართა. საოცრად თბილი იყო მთიელი და ბარელი გუდამაყრელების შეხვედრა. მთის მონატრება და სიყვარული ერთმანეთს შენაცვლებულ ლექსსა და სიმღერაში გაჟღერდა. იყო პრობლემებზე საუბარიც. სწორედ იმ საღამოზე გავიცანი ჭეშმარიტად ღვთისნიერი მოძღვარი, დეკანოზი ზაქარია მგელაშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგ ინტერვიუ ჩამოვართვი. მამა ზაქარიამ აღნიშნა, რომ ხშირად უნდა ეწყობოდეს მსგავსი შეხვედრები, რათა მთიდან წამოსული ადამიანებიც გააქტიურდნენ და წვლილი შეიტანონ მშობლიურ მხარეთა აღორძინების საქმეში. 



– მამა ზაქარია, რამდენია ხანია, რაც მთაში მოღვაწეობთ? 

– დუშეთისა და წილკნის მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) ხელდასხმით, რომელთანაც 10 თვე დიაკვნად ვიმსახურე, 2008 წლის 7 ივლისიდან დადგენილი ვარ ფასანაურის წმიდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვრად. ასევე მავალია ციხიძირისა და ჭართლის ეკლესიებში მსახურებაც, სადაც წირვებს შუა კვირაში ვატარებ. ციხისძირში წმიდა გიორგისა და ჭართალში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებია, რადგან ფასანაურთან ახლოსაა, გუდამაყრის ხეობაში მსახურებაც მე დამავალა მეუფემ. 

– მამაო, მთაში რომ უნდა გემსახურათ, ამას როგორ შეხვდით და როგორ მიგიღოთ იქაურმა მოსახლეობამ? 

– მოძღვრად მთაში რომ დამადგინეს, სასულიერო პირები მეუბნებოდნენ, მთის ხალხი ცოტა მკაცრია, გაგიჭირდებაო. ფასანაურში პირველად რომ წირვა ჩავატარე, ღვთისმსახურებაზე 3–4 კაცი იდგა. წირვის დასრულების შემდეგ გავესაუბრე მათ, ძალიან თბილად მიმიღეს. მერე თანდათან გაიზარდა მათი რიცხვი. ახლაც, ყოველ კვირას ახალი მრევლი გვემატება. აღმსარებელიც უკვე ბევრია. შაბათ–კვირასა და საუფლო დღესასწაულებზე, ჩვეულებრივ ტარდება წირვა–ლოცვა. ტაძარი ნაეკლესიარზეა აღდგენილი. იმ ადგილას მდებარე გუმბათოვანი ტაძარი 1969 წელს დაუნგრევიათ და უნივერმაღი აუშენებიათ. მერე უნივერმაღიც რომ დანგრეულა, ბაზილიკური ტიპის ეკლესია აღუდგენიათ. თუ დამფინანსებელი გამოჩნდა, მეუფეს გეგმაში აქვს იქვე გუმბათოვანი ტაძრის აგება. ეპარქიას არ აქვს იმდენი საშუალება, რომ საკუთარი სახსრებით ააგოს ტაძარი. საეკლესიო საქმეებში ძალიან გვეხმარება, ყველანაირად მხარში გვიდგას ფასანაურის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჩიტაური, მან საკუთარი ხარჯებით გააკეთა ტაძრის გალავანი. 

– ადგილობრივი მგალობლები გყავთ? 

– ფასანაურის ეკლესიაში მედავითნე და მგალობელი გახლავთ ინგლისური ენის მასწავლებელი, სოფელ ხანდოს მკვიდრი, ძალიან კარგი ადამიანი ლეილა ქავთარაძე. მეუფის კურთხევით, მან 5–6 მოსწავლეს შეასწავლა გალობა. ახლახანს სამმა სკოლადამთავრებულმა ბიჭმა გამოთქვა გალობის სწავლის სურვილი. მათაც დაიწყეს მეცადინეობა და მალე 10–ზე მეტი მგალობელი გვეყოლება. მეუფეს ძალიან მოსწონს ჩვენი მგალობლები. ციხისძირის ეკლესიაში ანანურის ეკლესიის მგალობელი გალობს. ჭართალში და გუდამაყარში ფასანაურელი მგალობლები მიმყავს ხოლმე. 

– ახლა გუდამაყრის ხეობაზე გვესაუბრეთ. იქ ვისი სახელობის ტაძარია, როგორ აშენდა, ადგილობრივი მოსახლეობა თუ დაუახლოვდა ეკლესიას, როდის ტარდება წირვა–ლოცვა, ვინ გეხმარებათ ღვთისმსახურებაში. 

– სოფელ ზანდუკში, 2008 წელს გაიხსნა მთავარანგელოზთა სახელობის ბაზილიკური ტიპის ტაძარი. თვითონ გუდამაყრელები ჩამოსულან პატრიარქთან ეკლესიის დაარსების თხოვნით. უწმინდესს ისინი მეუფე ზოსიმესთან გაუგზავნია. შემდეგ მეუფესთან ერთად, მოუნახავთ ტაძრისთვის ადგილი და მშენებლობაც დაწყებულა, რაც კომპანია "მაგნატის" პრეზიდენტის ჯემალ ლომიძეს დაფინანსებით განხორციელდა. მშენებლობაში ფიზიკური მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობამ უსასყიდლოდ მიიღო. ტაძარი მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული. ისეთ ადგილას მდებაროებს, რომ მაღლა მთიდანაც მთვარანგელოზის სალოცავი გადმოჰყურებს. მე რომ მივედი, მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. მოგეხსენებათ, მთის ხალხი უფრო ხატებისა და სალოცავებისკენ მიილტვის. კაცებს უჭირთ ეკლესიაში შემოსვლა. ქალები და ბავშვები კი მოდიან. მათ ყოველთვის ვეუბნები, რომ მამაკაცებიც მოიყვანონ. ძირითადად კიტოხისა და მაქართის მაცხოვრებლები ურთიერთობენ ეკლესიასთან. დანარჩენი სოფლები შორსაა და ამიტომ იქაურები ვერ მოდიან. წირვას იქ შაბათობით ვატარებ და საღამოს ფასანაურში გადმოვდივარ. ტაძარი ყოველთვის ღიაა. ღვთისმსახურებაში მაქართის მკვიდრი გიორგი წიკლაური და ფასანაურელი ივანე ქავთარაძე მეხმარებიან, რომლებიც გუდამაყრის სკოლაში ასწავლიან. სკოლა ეკლესიის გვერდზეა. სწავლის პერიოდში ბავშვები ყოველთვის შემოდიან. 

– მამაო, ზოგადად, როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ მთის ხალხის მხრიდან? 

– ქალაქში მგზავრობისას ვერ ვგრძნობ ისეთ მოწიწებას, როგორც მთაში. დიდი განსხვავებაა. იქ მანქანით რომ გავივლი, ზოგი თავს დამიხრის, ზოგი პირჯვარს იწერს. მთის მოსახლეობა ღვთის მორწმუნე ხალხია. ეკლესიური ცხოვრება ჯერ კარგად არ იციან, მაგრამ რწმენა აქვთ. 

– თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს მთაში მოღვაწე სასულიერო პირი? 

– სასულიერო პირზე ბევრია დამოკიდებული. ისინი შენ, მოძღვარს გიყურებენ, ყველანაირად გაკვირდებიან. მკაცრი შემფასებლები არიან, არ გაპატიებენ რამე ცხოვრებისეული თუ შეგეშალა. ამიტომ, შენ თვითონ არ უნდა ააცრუებინო გული. მაგრამ თუ გიწამეს და მიგიღეს, მერე უღალატოდ დაგიდგებიან გვერდში. მოძღვარი მთის ხალხთან ძალიან მოწესრიგებული უნდა იყოს. შეიძლება ვიღაცამ გისაყვედუროს კიდეც, მაგრამ შენ პირიქით, უნდა დალოცო, მოეფერო, აუხსნა რა, როგორ არის, სითბო და სიყვარული აგრძნობინო. 

– ყველაზე მეტად რა უჭირს მთის ხალხს? 

– ძირითადი პრობლემა უმუშევრობაა, მათ საარსებო შემოსავალიც უჭირთ. სამწუხაროდ, მთას ისეთი ყურადღება არ ექცევა, როგორიც საჭიროა. მოხუცებთან პრობლემატურ საკითხებზე ვსაუბრობ ხოლმე. იქ ბევრი ბრძენი ადამიანია. მეუფემ საშობაოდ, მრევლში დასარიგებლად ფქვილი გამატანა. ყველას რომ გაწვდენოდა, ცოტ–ცოტა დავარიგეთ, შეიძლება თითო ადამიანს თითო კილო შეხვდა, მაგრამ დიდად მადლიერები დარჩნენ. ძალიან იმოქმედა ამგვარმა საქციელმა და კიდევ უფრო განუმტკიცა რწმენა და სიყვარული უფლისადმი. 

– თვითონ თუ გჩუქნიან მთიელები საკუთარ ნახელავს? 

– ამ მხრივ ძალიან ყურადღებიანები არიან და არ მაკლებენ საჩუქრებს. ზამთარში სულ ნაჩუქარი წინდები მაცვია. 

– მეუფე ზოსიმე ხშირად გსტუმრობთ ხოლმე? 

– ფასანაურში, ტაძრის დღესასწაულზე, პეტრე–პავლობასა და 14 იანვარს, ტაძრის კურთხევის დღეს მეუფე ყოველთვის გვსტუმრობს, სრულდება სამეუფეო წირვები და ასევე, მთავარანგელოზობას, ტაძრის დღესაწაულზე, გუდამაყარში მობრძანდება. 

– გუდამაყარში, ზამთარშიც ახერხებთ ასვლას? 

– როცა გზა გაწმენდილია, არ ჭირს გუდამაყარში ასვლა. შარშან ერთი თვე იყო გზა გასაწმენდი და ვერ ავედი. ზამთარში, გუდამაყარში ძალიან ცოტა ხალხი რჩება. საქონელი გამოსაზამთრებლად ბარში მოყავთ და თვითონაც მოყვებიან. ეს მხარე ძალიან მისახედია. გზა არ აქვთ. იქ ხალხს გამაგრება სჭირდება. ხეობა რომ დაიცალოს, ჩათვალეთ, რომ ვინმე უცხოელი დაეპატრონება. 

– ადგილობრივ ხევისბერებს თუ იცნობთ, ან იქაურ სალოცავებში თუ ყოფილხართ? 

– რამდენიმე დღის წინ, ერთ–ერთმა გუდამაყრელმა თავისი მშობლების სახლი მაკურთხებინა და იქ დამხვდა ხევისბერი. ჩვენ ვისაუბრეთ რწმენის შესახებ და ძალიან კმაყოფილი დარჩა. ბევრი რამ არ ვიცოდიო, დიდი მადლობა გადამიხადა. როცა შევატყობ ადამიანს, რომ ნაკლები რწმენა აქვს, მასთან უფრო მეტი საუბარი მიხდება. ამ დროს ჩემი მიზანია, ადამიანს რწმენა გაუღვივდეს, იწამოს ღმერთი და მისი რიდი და შიში ჰქონდეს. წიფურის წმიდა გიორგის სალოცავში მიმიპატიჟეს, მაგრამ ვერ წავედი, რადგან ეკლესიაში წირვას ვერ გავაცდენდი, კი მაინტერესებდა, მენახა, როგორი წესი აქვთ სალოცავებში. იქ სასულიერო ერთი გასაუბრებაც საკმარისია, რომ დაფიქრდნენ და ეკლესიის მიმართ რწმენა განიმტკიცონ. სოფელ ხორხში, ნიშთან ჯვარი აღმართეს და მეუფის კურთხევით, ის ადგილი ვაკურთხე. 

– რას ნიშნავს თქვენთვის მთის რეგიონში მოღვაწეობა? 

– ჩემთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლოა, მაგრამ მთიდან მადლიც დიდი გადმოდის. მახსოვს, გუდამაყარში პირველი წირვა რომ ჩავატარე, ჩემს ხმას მე თვითონ ვერ ვცნობდი და მგალობლებიც მეუბნებოდნენ, ჩვენ გვეგონა საკურთხეველში ვიღაც სხვა იყო და ის ლოცულობდაო. ლოცვისას ხმაც კი შემეცვალა, იმხელა მადლი ვიგრძენი. ყოველთვის ძალიან მიმიხარია გუდამაყრისკენ. რაც უფრო ზევით ადიხარ, უფალთან მეტი სიახლოვე და სიწმინდე იგრძნობა, მადლიც მეტია. ფასანაურიც ხომ მთაა, მაგრამ გუდამაყრის ტაძარში უფრო მეტი მადლი გადმოდის. თუ გინდა, რომ მადლი და უფალთან მიახლოება იგრძნო, მთაში უნდა ემსახურო ღმერთს. 

– მამაო, აღნიშნეთ, რომ ფასანაურში მეუფეს გუმბათოვანი ტაძრის აგება აქვს გადაწყვეტილი, კიდევ რა გეგმები გაქვთ? 

– მეუფეს ასევე სურს ფასანაურში სამრევლო სკოლის გახსნა. ოთახების მშენებლობას, ალბათ გაზაფხულზე დავიწყებთ. მთის ხელსაქმე იკარგება და ეს ძალიან გვაწუხებს. ძველ ხალხში არსებული ცოდნა რომ მომავალ თაობებს გადაეცეს, ამიტომ გვსურს, რაც იქ ხელეწიფებათ: ჩეჩვა, დართვა, ქსოვა, ქარგვა, ჭედურობა, ხეზე კვეთა, თუ სხვა, სამრევლო სკოლაში ისწავლებოდეს. დუშეთში კი არის სამრევლო სკოლა გახნსილი, მაგრამ იმის იქით არსად და ამიტომ გადავწყვიტეთ ფასანაურში გავხსნათ. 

– მარტო თქვენ? 

– დიახ, ჩვენს ეპარქიას სასულიერო პირები ძალიან უჭირს. მინდა აღვნიშნო, რომ გუდამაყრული საღამოს დასრულების შემდეგ, მე და ჩემს სტიქაროსანს, გიორგი წიკლაურს, უწმინდესთან მოგვიწია სტუმრობა. ნამდვილად არ ველოდი, პატრიარქთან ასე უცბად შეხვედრას. საპატრიარქოში რომ გავედით, იქ მყოფმა სასულიერო პირებმა გვირჩიეს, დავლოდებოდით უწმინდესს და უშუალოდ გადაგვეცა საჩუქარი, რომელიც გიორგიმ პატრიარქს გუდამაყრიდან ჩამოუტანა. საღამოს ლოცვები რომ დაასრულა, უწმინდესმა თბილად მიგვიღო, დაგვლოცა და ხილით გაგვიმასპიძლდა. როდესაც გაიგო რომ გუდამაყარში ვმსახურობდი, მითხრა, ადგილობრივ გამოძებნეთ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომ ღვთისმსახურებისთვის მოამზადოთო. მე გიორგიზე ვუთხარი, რომ მას სურდა სემინარიაში ჩაბარება. უწმინდესი მასაც გაესაუბრა, ჯვარი გადახასა და კურთხევა მისცა, მოემზადოს ამ საქმისთვის. ღვთის ნებით, იმედი მაქვს, მართლაც გვეყოლება, ეკლესიაში ადგილობრივი კადრი. იქიდან როგორ წამოვედი აღარ მახსოვს, მადლს ვეღარ ვიტევდი, ისეთი სიხარული იყო, მოვფრინავდი. 

– მამა ზაქარია, რას უსურვებთ თქვენს სულიერ სამწყსოს, მთიულ და გუდამაყრელ ხალხს? 

– ღმერთმა გააძლიეროს ის ხალხი და დიდი მოთმინება მისცეს. ისინი ბევრს ითმენენ. მაგრამ რაც მეტს მოითმენს ადამიანი, ბოლოს მეტ სიკეთესა და სინათლეს იხილავს. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1353 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები