სამშაბათი, 23.04.2024, 09:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » როგორ შევაყვაროთ პატარებს ეკლესია
14:47
როგორ შევაყვაროთ პატარებს ეკლესია
ღვთისმსახურები მართლმადიდებელ მრევლს მოუწოდებენ, რომ ეკლესიური ცხოვრების დაწყება არასოდეს არის გვიან, უფლის სახლის კარი ყველა ასაკის ადამიანებისთვის არის ღია. თუმცა კარგია, როცა ეკლესიურ ცხოვრებას ადამიანი ბავშვობიდან ეცნობა, მონაწილეობს აღსარების საიდუმლოში, იღებს ზიარებას – ქრისტეს სისხლსა და ხორცს. მართლმადიდებელი მოძღვრები მორწმუნეებს ურჩევენ, ბავშვები თავიდანვე მიაჩვიონ ქრისტიანულ წესებს, ლოცვებს, უკითხონ ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან, ასწავლონ მოწყალების გაღება მოყვასისთვის, მღვდლებისგან კურთხევის აღება და ა.შ. ამ თემაზე "სარკეს" წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) ესაუბრა.

– მამაო, ცოდვად გვეთვლება, როცა მოუცლელობის გამო მხოლოდ დილა–საღამოს მოკლე ლოცვებს ვკითხულობთ? 

– ლოცვა ადამიანის სულიერი ცხოვრების საზომი და საწინდარია. უფალი ძალას გვაძლევს, რომ ვილოცოთ. როცა ლოცვისა და ცხოვრების ერთობა ინგრევა, აღარ შეგვიძლია, უფალს მივმართოთ. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, ვცხოვრობთ კი ისე, რომ ლოცვის ძალა გვქონდეს? არის თუ არა ლოცვის შემოკლება ცოდვა? მე ასე გიპასუხებთ: ეს არის არა იმდენად ცოდვა, რამდენადაც ცოდვის შედეგი და შემდგომი დაცემის წინაპირობა. ხშირად ამისათვის მცირეოდენი დაუდევრობაც კი საკმარისი ხდება. ადამიანები მიზეზებზე უნდა დავფიქრდეთ. საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვები, იქნებ მეტისმეტად ჩავეფალით ამქვეყნიურ გრძნობებში, ხომ არ მივუშვით თავი ისეთი რამის საყურებლად, მოსასმენად ან სალაპარაკოდ, რაც ცოდვას შეიცავდა? ლოცვას განსაკუთრებით ანგრევს განკითხვა, უჯერო სიცილი, ოცნება... არაფერს ვამბობ, მომაკვდინებელ ცოდვებზე. ერთი სიტყვით, მორწმუნეებმა თავიანთ ცხოვრებას სერიოზულად უნდა გადახედონ და აღსარებისთვის მოემზადონ. ლოცვის აღდგენისათვის საჭიროა გულმოდგინება. 

– რა რჩევებს მისცემთ მორწმუნეებს, რა დაეხმარებათ მათ, რომ ლოცვისთვის გულისყური მოიკრიბონ? 

– ლოცვისთვის დრო უნდა გამონახოთ, დილით ცოტა ადრე უნდა ადგეთ. ლოცვის დაწყებამდე დამშვიდდით, მიატოვეთ ფიქრი მიწიერ საზრუნავზე. თუ მოახერხებთ, წმინდა წერილიდან ან წმინდა მამათა ცხოვრებიდან ნაწყვეტები წაიკითხეთ. ლოცვის პირველი სიტყვებისთანავე ეცადეთ, მთელი ყურადღება სიტყვებზე გადაიტანოთ და გაიაზროთ, რას კითხულობთ, არაფერზე იფიქროთ, თუნდაც წმინდა აზრებიც რომ მოგდიოდეთ თავში. ლოცვა აუჩქარებლად, დაბალ ხმაზე წაიკითხეთ, რომ თავად გესმოდეთ. აჩქარებით, მოსწრებაზე ლოცვის კითხვას აჯობებს, შეამოკლოთ, მაგრამ მშვიდად წაიკითხოთ. არ უნდა შეგეშინდეთ, თუ აზრები გაგეფანტებათ, ამ დროს ბოროტი ცდილობს, მორწმუნე ლოცვისგან მოწყვიტოს. მას კი სწორედ ლოცვით გავექცევით. ცალკეულ ლოცვებს შორის შეიძლება რამდენჯერმე იესოს ლოცვაც თქვათ, ეს ყურადღების მობილიზებაში დაგეხმარებათ. ლოცვის შემდეგ უმალ არ უნდა ჩაეფლოთ წუთისოფლის საქმეებში. საჭიროა, წმინდა წერილები და წმინდა მამათა სწავლებები ყოველდღე ვიკითხოთ. ერთი სიტყვით, საჭიროა ზოგადი სულიერი დისციპლინა. ლოცვა მძლავრი საყრდენია. 

– რა ასაკიდან უნდა გამოვიმუშავოთ ლოცვის უნარი? 

– ეს ადამიანმა ბავშვობიდან უნდა ისწავლოს და მიეჩვიოს, რომ ზრდასრულ ასაკში მისთვის ახალი ხილივით არ იყოს. თუმცა ადამიანი ასაკის გამო არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრკოლდეს. სულის გადასარჩენად ახალი ცხოვრების დაწყება ყოველთვის შეიძლება. 

– როგორ ჩავუნერგოთ ბავშვს უფლისადმი შიში და მოწიწება? 

– ბავშვმა წმინდა ჯვრისა და ხატების წინაშე მუხლის მოდრეკა და პატივისცემა თავიდანვე უნდა ისწავლოს. ხშირად უნდა დაესწროს მღვდელმსახურებას ტაძარში, რომ წირვა–ლოცვის მოსმენას მიეჩვიოს და თავადაც ისწავლოს ლოცვა. უფროსები უნდა მიეხმარონ და ხატების წინ სანთლები დაანთებინონ, მიაწოდონ მოსახსენიებელი, გაიღონ მოწყალება, საეკლესიო შესაწირავი. ბავშვი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ხშირად უნდა ვაზიაროთ. საზრდელის მიღებამდე ხშირად უნდა მიიღონ სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი, შევასწავლოთ ლოცვები. უნდა მივაჩვიოთ, მღვდელმსახურს რომ შეხვდება, მისგან კურთხევა აიღოს. ოჯახში გალობასა და წმინდა წერილს რომ მოისმენს, ძალაუნებურად შეეჩვევა. ბავშვების თანდასწრებით უნდა წარვმართოთ კეთილმორწმუნე საუბრები ღმერთსა და სულის ხსნაზე. უნდა მიაჩვიოთ ტკბილეულის, თვით პურის ნაჭრის გაყოფას ძმებისთვის, დებისთვის და გარეშე პირებისთვის. 

– ღვთისმსახურები მორწმუნეებს და, მით უმეტეს, ბავშვებს სერიალების ყურებას უკრძალავენ. რას გვავნებს სერიალების ცქერა? 

– ტელესერიალები ჩვეულებრივი ფილმებისგან თვისობრივად განსხვავდება. იგი თვეების განმავლობაში, ზოგჯერ კი წლობითაც გრძელდება. სერიალები არ შეიძლება ხელოვნების ნიმუშად ჩაითვალოს, ისინი ძალზე მდარე ხარისხისაა, აჩლუნგებენ ადამიანების ესთეტიკურ გრძნობებს და ესეც მათგან მიყენებული ერთ–ერთი ზიანი და ბოროტებაა. ტელესერიალები ისეა გადაწყვეტილი, მაყურებლებს ისე ითრევენ, რომ ტელევიზორებს ვეღარ სწყდებიან. აჩლუნგებენ გონებრივად და აჰიპნოზებენ სულიერად. აიძულებენ ადამიანებს, თვეებისა და წლების განმავლობაში სხვისი ცხოვრებით იცხოვრონ. ამით აშორებენ რეალობას და ღმერთსაც. ადამიანი კი უფალს მხოლოდ რეალურ სამყაროში, ცხოვრებაში იპოვის. 

– მამაო, თუ ცოდვებს შორის ზოგი ისეთიც ურევია, რომ ჩვენი სულიერი მოძღვრისთვის მათი თქმა გვეუხერხულება, რათა მეტისმეტად არ შევრცხვეთ, ასეთ დროს გვირჩევნია, ეს ცოდვები გარეშე, უცხო მღვდელს გავუმხილოთ, რომელსაც სხვა დროს არასოდეს ვნახავთ. არის თუ არა ეს ცოდვა? 

– ვინც თავისი მოძღვრისგან სხვა მღვდელმსახურთან მიდის საკუთარი ცოდვების დასაფარავად და მალულად მოსანანიებლად, იგი თვით სინანულისა და აღსარების საიდუმლოს შეურაცხყოფს. ჩვენ აღსარებას ვეუბნებით ღმერთს და არა – მღვდელს. არსებობს ცრუსირცხვილი, რომელიც წინ ეღობება ადამიანის გულახდილობას. ამიტომ საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ, რომ მივდივართ არა ადამიანის წინაშე ცოდვების საღიარებლად, არამედ უფლის წინაშე. მოძღვარი ის ადამიანია, ვინც ჩვენს სწორ რელიგიურ ცხოვრებას წარმართავს, მას უნდა ვუთხრათ ყოველივე დაუფარავად, რათა სწორი მკურნალობა მივიღოთ. სწორედ ის ცოდვები, რომლებიც სასირცხვილოდ მიგვაჩნია, შეიძლება აღმოჩნდეს ამ მკურნალობის უმთავრესი ორიენტირი. მოძღვარი ღმერთსა და კაცს შორის შუამავალია და ჩვენ მას კი არ ვეუბნებით აღსარებას, ღმერთს ვაბარებთ და მოძღვრის შუამავლობით მოგვეტევება. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1037 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები