პარასკევი, 19.04.2024, 11:43
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ქრისტიანული მორალის საფუძველი სიყვარულია
14:48
ქრისტიანული მორალის საფუძველი სიყვარულია
ქრისტიანული მორალის საფუძველი სიყვარულია
"მონასტრული ცხოვრებისადმი დიდი ინტერესი ბავშვობიდანვე მქონდა. სხვადასხვა მონასტრებში დავდიოდი და მომწონდა კიდეც იქაური ცხოვრება. მუდმივ ძიებაში ვიყავი. ვფიქრობდი, რა გზასაც ავირჩევდი, რამდენად შევძლებდი მის ტვირთვას. ღვთის მადლით, გავაკეთე არჩევანი და ამ არჩევანში ბედნიერი ვარ. ჩვენს ცხოვრებას განსაცდელი ყოველთვის თან სდევს. მთავარია, ცხოვრების წესით უფლის ნებას დაეთანხმო და მის ნებას გაჰყვე. ყოველი განვლილი დღე გამოცდილებაა და ვსწავლობთ, ღვთის ნებით, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ", – აღნიშნავს "გუმბათთან" საუბარში ახალგაზრდა მღვდელ–მონაზონი აბო (ჩაჩუა). 



– ახლა რომელ მონასტერში მსახურობთ, მამაო? 

– ახლა, სოფელ გლდანის ძველ სასაფლაოზე მდებარე წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მამათა მონასტერში ვმსახურობ, რომელიც მე–6–8 საუკუნეებში გახლავთ აგებული. ამჟამად იქ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ტაძარი სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა, მას გადაკეთების კვალიც ამჩნევია, შეცვლილია მთავარი ეკლესიის "კარნიზი", ძირითადი ცვლილებები მე–19 საუკუნეს მიეკუთვნება. მონასტრის ტერიტორიაზე არის როგორც სასულიერო, ისე საერო პირთა სასაფლაოები. 

– ახლა, სულიერ საკითხებზე ვისაუბროთ. გვესაუბრეთ ჭეშმარიტი სიყვარულის შესახებ, დღეს, მის არსს, ხშირად, არასწორად იგებენ ხოლმე. 

– ქრისტიანული მორალის საფუძველს სიყვარული წარმოადგენს. როგორ შეიძლება გამოითქვას, რა არის ქრისტიანული ცხოვრება სიყვარულში? ყოველივე ამაღლებული ლოგიკურ განსაზღვრებებს ძნელად ემორჩილება. მოციქულთა მოძღვრებანი, რომლებიც ქრისტეს სწავლებას გადმოგვცემენ, პირველ ყოვლისა, სიყვარულზე მიგვითითებენ. "პირველად შეიყვარე ღმერთი, შემოქმედი შენი, მეორედ მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი. ყველაფერი ის, რაც არ გსურს, რომ შეგემთხვეს შენ, არც შენ შეამთხვიო სხვას". დაახლოებით, ორიათასი წლის წინათ, სახარებისეულმა ქადაგებამ, ადამიანისადმი სიყვარულის შესახებ, მთელი სამყარო ელვასავით გაანათა. სახარებამ შემოიტანა ახალი სულიერი ფასეულობები: რწმენა, იმედი და სიყვარული, მაგრამ სიყვარული, მოციქულების სიტყვებით, ამათ შორის უმთავრესია, ის არის სრულქმნილებათა გვირგვინი ადამიანის განღმრთობის, მისი ცხონების გზაზე. 

– საინტერესოა, სიყვარულის თემას, თავად მაცხოვარი რა სახითა და შინაარსით გადმოგვცემს? 

– უფალი ჩვენი, იესო ქრისტე არის ზნეობრივი ცხოვრების უმაღლესი საფეხური. "აკურთხეთ თქვენი დამაწყევარნი და ილოცეთ თქვენი მტრებისთვის, იმარხულეთ მათთვის, ვინც გდევნით თქვენ. რა მადლი იქნება, თუკი შეიყვარებთ თქვენს მოყვარულებს? ნუთუ ამასვე არ შვრებიან წარმართებიც? ხოლო თქვენ შეიყვარეთ მოძულენი თქვენი და არ გეყოლებათ მტერი", – ეს არის ჭეშმარიტად ღვთის სწავლება, რაც ყველას გვმართებს. ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, თითქოს ხშირად გვესმის და ახალიც არაფერია, თუმცა, ძალიან შორს ვართ ასეთი ცხოვრების წესისგან "გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ", – მოგვიწოდებს უფალი. ის ჩვენი სიყვარულისთვის ჯვარს ეცვა და ჩვენც გვმართებს, ჩვენი ვნებები და უძლურება ჯვარს ვაცვათ, პირდაპირი გაგებით არა, რა თქმა უნდა. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რათა გავიმარჯვოთ საკუთარ ცოდვებზე და ამით გამოვხატოთ უფლისადმი სიყვარული. 

– მამაო, მინდა, ერთ–ერთ აქტუალურ საკითხსაც შევეხოთ. კერძოდ, რელიგიური თავისუფლების ცნებას. როგორ განიხილება ეს თემა და საერთოდ, როგორი უფლებრივი მდგომარეობა უნდა გააჩნდეს მართლმადიდებულ ეკლესიას ჩვენს ქვეყანაში? 

– ცხადია, რელიგიური თავისუფლების ცნების შინაარსი, ყველა სახელმწიფოში ისტორიული წარსულის გავლენის ქვეშ იქნა გააზრებული, რაც ჩვენს შემთხვევაშიც უდავოდ გასათვალისწინებელია. ვინაიდან, მართლმადიდებლობა საქართველოს ისტორიული რელიგიაა და იგი, დღესაც, მთლიანად გამსჭვალავს საზოგადოების ყოფასა და მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურას. ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის უფლებრივი მდგომარეობის განსხვავება, სრულებით არ ნიშნავს კანონით დადგენილ საზღვრებში, მათი საქმიანობის შეზღუდვას. რაც კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ისეთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო–სამართლებრივი პრინციპების ერთგულებისა, როგორიცაა ადამიანის უფლება რწმენის თავისუფლების შესახებ. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ჩამოყალიბებისა და ქართველი ერის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისათვის ბრძოლის ისტორიულ პროცესში. სადღეისოდ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების ურთულეს ეტაპზე მართლმადიდებელ ეკლესიას არანაკლები მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოებრიობისა და სამოქალაქო თანხმობის განმტკიცების საქმეში. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიული როლი და ადგილი მოითხოვს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე, მისი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენას, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის გარკვევას და, თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. 

– არსებობს გარკვეული მოსაზრება, თითქოსდა, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, სხვა აღმსარებლობის ადამიანთა უფლებებს შეზღუდავს. 

– ჩვენი ქვეყნის სინამდვილიდან გამომდინარე, საერთაშორისო იურიდიული ნორმებისა და გამოცდილების შესაბამისად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის განსაკუთრებული იურიდიული სტატუსის მინიჭება არ ითვალისწინებს ჩვენში მაცხოვრებელი სხვა აღმსარებლობის თუ ეთნიკური ნიშნით გამორჩეულ ადამიანთა უფლებების შეზღუდვას და დევნას. "ეკლესიის" ცნებას ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე მე–6 საუკუნის ათენელი კანონმდებელი სალონი განმარტავდა, ხოლო მისი ქრისტიანობასთან შერწყმა – გაიგივება მაცხოვრის მოძღვრებიდან იღებს საფუძველს, რაც უზენაესი ჭეშმარიტების უცდომელობის, უძლეველობისა და მისი ეკლესიის წიაღში მყოფობის მიმანიშნებელია. მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა განჩინებები, ეკლესიის მამათა და ავტორიტეტულ საეკლესიო მოღვაწეთა ეპისტოლარული ნაშრომები, ტრადიციულად, ეკლესიის წევრთა და ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობათა დამარეგულირებლად ითვლება ოდითგანვე. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1253 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 3.5/2
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები