პარასკევი, 19.04.2024, 18:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » მამა იაკობი: "არ შეიძლება მღვდელმა ცოდვა შეიცხადო"
14:53
მამა იაკობი: "არ შეიძლება მღვდელმა ცოდვა შეიცხადო"
თითქოს, ვიღაცის ჯინაზე ვხდებოდი მღვდელი. ეროვნული მოძრაობა ახალი დაწყებული იყო, ეკლესიის მიმართ დიდი წინააღმდეგობა რომ არსებობდა, ვფიქრობდი, აი, ჩავიცვამ სამღვდელო ჩოხას და მაგათ ვაჩვენებ სეირს–თქო. ასეთი ჯიბრული დამოკიდებულება მქონდა. მერე დავინახე, არც ისე უძლეველი ვყოფილვარ ბევრ რამეში", – ასე იხსენებს საეკლესიო მოღვაწეობის დასაწყისს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, იაკობ აბაშიძე. სამღვდელო მსახურებაში უკვე 15–წლიანი გამოცდილება აქვს. მრავალ სიკეთესთან ერთად, ის გულწრფელი მოსაუბრეცაა. ვფიქრობ, დღევანდელი ინტერვიუც საინტერესო გამოვიდა. 



– მამა იაკობ, რამდენი წელია, რაც ეკლესიის წიაღში მსახურობთ და როგორ გახსენდებათ ღვთისმსახურების პირველი ეტაპი? 

– უკვე 15 წელია, რაც ღვთისმსახური ვარ. რა თქმა უნდა, ახალი ნაკურთხი მღვდელი ბეწვის ხიდზე გადიხარ, გამოუცდელობის გამო, შიშობ, ცოდვაში არ ჩავარდე, ან რაიმე არასწორი არ ასწავლო მრევლს. ამ მხრივ, სიფრთხილე მახასიათებდა. ერთი ფაქტია, ძალიან მძიმე საქმეს შევეჭიდე, რაც მოგვიანებით ვიგრძენი. დედა მეხვეწებოდა, რომ რიგითი მორწმუნე ვყოფილიყავი და არ ამეღო მღვდლის დიდი ტვირთი. მაშინ ეს შემოთავაზება მე უფლისგან შემოთავაზებულივით მივიღე და ამიტომ ამ ნაბიჯს ვერ ვუღალატე, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეც მეწინააღმდეგებოდა და ამის გამო ოჯახი დამენგრა. დედა რომ მეხვეწებოდა, მღვდლობაზე უარი მეთქვა, მახსენდებოდა მაცხოვრის სიტყვები, ვინც არ დატოვოს დედაი, ცოლი, ძმაი ან დაი თვისი ჩემი გულისთვის, არ იყოს ჩემი ღირსიო. ეს სიტყვები ვერ ამოვიღე გონებიდან. უკანდახევა ცოდვად მიმაჩნდა. ჩავთვალე, რომ ეს იქნებოდა ჩემი მხრიდან ღალატი, მიუხედავად იმისა, რომ მღვდლობის სიმძიმე უკვე ვიგრძენი. ვსწავლობდი სემინარიაში, დიაკვანი ვიყავი და ვფიქრობდი, ალბათ, ეს არის ჩემი მოწოდება–მეთქი. 

– რა გამოცდილება შეიძინეთ ამ ხნის მანძილზე და კონკრეტული საკითხების მიმართ თუ შეგეცვალათ დამოკიდებულება? 

– აღვნიშნავ, რომ რაც წლები გადის, ღვთის სიყვარული ძლიერდება. იყო პერიოდი, საერთოდ უარყოფილი მქონდა ამქვეყნიური ცხოვრება და ოჯახში ბევრ რამეს ვკრძალავდი. მაგალითად, მარხვაში ოჯახის ყველა წევრს ვაძალებდი, ემარხულა, იმის მიუხედავად, უნდოდათ თუ არა მათ ეს. განვიცდიდი, როდესაც მეუღლეს შარვალი ეცვა. იმ დროს ლამის ოჯახი უარვყავი. 3 წელიწადი ვსწავლობდი თბილისში, მეუღლე და ბავშვები რაიონში ცხოვრობდნენ. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, მიკვირს, როგორ მივატოვე ოჯახი 3 წლის მანძილზე. მათთან მხოლოდ 2 კვირაში ერთხელ ჩავდიოდი. როგორც ჩანს, ნაწილობრივ, ფანატიზმსა და რაღაცა კუთხით ექსტაზში ვიყავი. მერე მივხვდი, ერთბაშად ყველაფრის უარყოფა ზოგჯერ შეუძლებელია. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ გული გაგვიცრუვდეს სარწმუნოების მიმართ, მაგრამ არც ფანატური მიდგომაა სწორი. ლამის ქუჩაში ვაჩერებდი გოგონებს და ვეუბნებოდი, შარვალი არ ჩაეცვათ. 

– ახლა, აღარ ხართ შვილების მიმართ მკაცრი? 

– არა. დაძალებამ უკურეაქცია გამოიწვია. ახლა, თავად არიან ეკლესიურები. მშობელმა შვილს ხელი უნდა შეუწყოს, თორემ დაძალებით არაფერი გამოუვა. გარემოება უნდა შეუქმნა, რომ მოგბაძონ სარწმუნოებრივ ცხოვრებაში, პირადი მაგალითი ყველაზე კარგია. 

– ესე იგი, ამ წლების მანძილზე, როგორც მღვდელი, მკვეთრად შეიცვალეთ? 

– ადრე ცოტა უფრო მკაცრი ვიყავი. აღსარებაში მძიმე ცოდვას რომ მოვისმენდი, შევიცხადებდი ხოლმე. მერე ბევრი აღარ მოდიოდა ჩემთან და რომ ვაკვირდებოდი, მრევლი მეფანტებოდა. შემდეგ პატრიარქისგან მოვისმინე, არ შეიძლება მღვდელმა ცოდვა შეიცხადო, არამედ ისე უნდა მიიღო, თითქოს შენც გქონდეს ჩადენილი. ადამიანებს ცოდვის სიმძიმე უნდა დაანახოთ, მაგრამ თავად ცოდვა არ გაგიკვირდეთო. ერთი პერიოდი, მე ცოდვა მიკვირდა, ვბრაზდებოდი და მკაცრადაც ვსჯიდი. ახლაც მომთხოვნი ვარ, მაგრამ ვცდილობ, ცოდვის სიმძიმე ადამიანს სიყვარულით დავანახო და მათგან გათავისუფლების გზები ვეძიო. გამოხატული გაოცებითა და აღშფოთებით, შეიძლება, მრევლი ისე დააფრთხო, რომ საერთოდ აღარ მოვიდეს ტაძარში. გამოცდილებამ ერთ–ერთი ეს მასწავლა რომ მრევლს, მის მიერ აღსარებაში ნათქვამი ცოდვის შეცხადება არ დავანახო. 

– მრევლთან ურთიერთობამ კიდევ რა გასწავლათ? 

– მრევლთან ურთიერთობამ მასწავლა ის, რომ თუ შენ გიყვარს სულიერი შვილები, გულახდილი ხარ მათთან და ბოლომდე იხარჯები, მათაც ეყვარები. 

– როდესაც სასულიერო პირი თავად არ ასრულებს იმას, რასაც ქადაგებს, ასეთ დროს მრევლი როგორ უნდა მოიქცეს? ვინც რწმენაში მტკიცე არაა, ის იოლად ბრკოლდება ეკლესიური ცხოვრების გზაზე. 

– საერთოდ, მღვდელმა ის უნდა იქადაგოს, რასაც თავად ასრულებს, მაგრამ თუ ის ყოველივე, რასაც მრევლს მოუწოდებს, თვითონ არ შეუსრულებია, ამის შესახებ უფალი გვეუბნება, მოუსმინეთ მღვდლებს, შეასრულეთ, რასაც ისინი ქადაგებენ, მაგრამ მათ ნამოქმედარს ნუ მიბაძავთო. ყველა ადამიანს აქვს პირადი ცოდვა, მათ შორის, მღვდელსაც, მაგრამ მოძღვარი არ არის მიტოვებული, ისიც ისეთივე მრევლია ეკლესიისა, როგორც სხვა ადამიანები და ნანობენ კიდეც ჩადენილ ცოდვებს. 

– მამაო, რაც ღვთისმსახურებას ეწევით, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა გქონიათ? მაგალითად, რწმენითა და უფლის ძალით, საკუთარი მრევლის სასწაულებრივი განკურნება თუ გიხილავთ? 

– ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიაში მსახურებისას ხშირი შემთხვევები იყო წმიდა ზიარებით ადამიანთა განკურნების. მახსოვს, ფეხზე ვერ დგებოდა დავრდომილი ავადმყოფი. 7–ჯერ ზეთისცხების საიდუმლო ჩავუტარე. მე–7 ზეთისცხებაზე, შუა ლოცვისას წამოდგა, დიდი ბოდიში მოგვიხადა და გავლა მოგვთხოვა. ეს სასწაული გახლდათ, რადგან ტვინში ჰქონდა სამწვერა ნერვის ანთება, საერთოდ გათიშული იყო ადამიანი, ექიმებმა ფეხზე ვერ წამოაყენეს. მახსენდება კიდევ ასეთი შემთხვევა, შორი მანძილიდან მოსული ქალბატონი, რადგან მძიმე ცოდვა არ ჰქონდა, პირველივე აღსარებაზე ვაზიარე, შეიძლება, მეორედ ვეღარ მოვიდეს–მეთქი. შემდეგ მოხდა ისე, რომ მან ხალხში ხმა გაავრცელა, ეტყობა, მამაომ ბარძიმში სისხლი შეურია, სისხლის გემო შემყვაო. იმის მერე ყველა მრევლს სისხლის გემო ჰქონდა პირში და რჩეულმა მრევლმაც კი ეჭვი შეიტანა, მოვიდნენ და მთხოვეს, მეთქვა სიმართლე, იყო თუ არა შერეული სისხლი. მე მათ ავუსხენი, რომ მეც იგივე წმიდა ნაწილებით ვეზიარე. ბოთლში დარჩენილი სიწმინდეც გამოვუტანე და გავასინჯე, ის სულ სხვა გემოსი აღმოჩნდა მათთვის. ეს ფაქტი იყო ეჭვის შედეგი. მე თავიდან ავუხსენი იმ ქალბატონს, რომ ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარებოდა. ეს რომ მითხარი, მე დავეჭვდიო, მითხრა და, როდესაც ეზიარა, უფალმა ამ ეჭვის გამო რეალურად სისხლის გემო აგრძნობინა. ეჭვის შედეგად ყოფილა შემთხვევა, რომ პური, რომელიც მოძღვრის მიერ კურთხევის შემდეგ მაცხოვრის ხორცს წარმოადგენს, იმ ადამიანს, ვისაც ეჭვი შეპარვია, რეალურ ხორცად ჰქცევია. რა თქმა უნდა, ეს ნამდვილი სისხლი და ხორცია, მაგრამ უფალი, ქრისტიანებს მათი მიღებისას, პურისა და ღვინის გემოს უტოვებს იმიტომ, რომ არ შეეზაროთ მისი მიღება. 

– მამაო, აღნიშნეთ, რომ მოგვიანებით მიხვდით, თუ რა მძიმე საქმეს შეეჭიდეთ. მღვდლის ჯვარი დაგმძიმებიათ? 

– რა თქმა უნდა, დამმძიმებია. პატრიარქის ქადაგებისას ასეთი რამ მოვისმინე, არის შემთხვევა, რომ ადამიანი, შეიძლება, თავად მოყვეს ჯვრის ქვეშო. მაცხოვარიც ხშირად ეცემოდა, გოლგოთაზე ჯვარი რომ მიჰქონდა. ასე რომ, მთავარია, ფეხზე წამოდგომა და წინსვლა ვისწავლოთ, რომ ჯვრის ქვეშ არ გავიჭყლიტოთ. რა თქმა უნდა, დაცემები ყველა ადამიანს აქვს, მათ შორის, მეც მქონია, მაგრამ ვცდილობ, არ შევეგუო ცოდვას, აღვდგე და ისევ ვიდოდე, როგორც უფალი აკეთებდა ამას. 

– ღვთისმსახურება არასოდეს დაგზარებიათ? 

– თითქმის ყოველდღე ტაძარში ვარ. ორშაბათსა და ხუთშაბათს წირვა–ლოცვა მიწევს, ოთხშაბათობით პარაკლისს ვატარებ, პარასკევს აღსარებების მიღება მაქვს, შაბათ–კვირას, როგორც წესი, ღვთისმსახურებაა და მარტო ერთი დღე – სამშაბათი მრჩება თავისუფალი. ეს არის ჩვენი საქმე, ღვთისმსახურება გვაძლიერებს, მღვდელი სხვა საქმით ნაკლებად უნდა იყოს დაკავებული. თუმცა, მე, ამის გარდა, ჭედურობაშიც მიწევს მუშაობა. 

– გამორჩეულად რომელიმე ლოცვა თუ გიყვართ? 

– გამორჩეულად მიყვარს მაცხოვრის მიმართ პარაკლისი, რომელსაც ოთხშაბათობით ვატარებ. ისე, თავისი სიწმინდით, ყველაზე მაღალი მსახურება წირვაა. 

– საკათედრო ტაძარში, სადაც ყოველთვის ხმაური და ხალხმრავლობაა, გულისხმიერ ლოცვას აღწევთ? 

– მართალია, ტაძარი ხალხმრავალია, მაგრამ ადამიანს მაინც შეუძლია სიმყუდროვის მოძებნა. ღვთისმსახურების დროს ყოველთვის მაქვს შიში, მორიდება. ვიდრე ვეზიარებით, ყოველთვის საოცარი განცდა მოდის, რასაც ალბათ, ყველა მოძღვარი გრძნობს. ხანდახან, როცა შეუძლოდ მყოფს ან დაღლილს გიწევს წირვის ჩატარება, მაშინ, ღვთისმსახურების შესასრულებლად წინასწარ განწყობას იქმნის სასულიერო პირი. მღვდელმა იცის, როგორ განეწყოს ამისთვის. 

– უფლის წყალობას თქვენს ცხოვრებაში ხშირად გრძნობთ? 

– ძალიან ხშირად. მქონია პრობლემები, ეკონომიკური გაჭირვება, მაგრამ ზუსტად იმ დღეს, როცა ბოლო ზღვარზე ვყოფილვარ, გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც დახმარების ხელს მიწვდიდა. თითქოს უფალი ამ ყველაფერს ხედავდა და მიღიმოდა, ისეთ დროს გამომიჩენდა ხოლმე შემწეობას. შემდეგ უკვე შევეჩვიე ამგვარ მომენტებს. 

– თქვენი აზრით, მრევლს რა პრობლემები აქვს სარწმუნოებრივ ცხოვრებაში და ქადაგების დროს რა საკითხებზე აკეთებთ აქცენტებს? 

– თავმდაბლობა, უფლის სიყვარული და სხეულის წმიდად შენახვაა მთავარი. როგორც წმიდა მამები ამბობენ, ქრისტიანისთვის უპირატესი არის ჭეშმარიტი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემის დაცვა და ხორცის წმიდად შენახვა. ვინც წმიდა მამების მორჩილი იქნება და მათ სწავლებას დაუჯერებს, ის ნაკლებად შეცდება. ხშირად ვკითხულობ მამა გაბრიელ ქიქოძის ქადაგებებს, სადაც ის ამბობს, რომ მრევლს აღსარება, ზიარება, მარხვა და ა.შ. არ უნდა ექცეს ჩვევად, არამედ ადამიანის გულში მუდამ უფლის მიმართ მარადიული სიყვარულის განცდა უნდა სუფევდესო. ქრისტიანი მარხვას არ უნდა ინახავდეს მარხვისთვის, არამედ ეკლესიური ცხოვრების უკეთ დაცვისა და ცხონებისთვის. ხშირად მეკითხებიან, მამაო, ჯანმრთელობის პარაკლისი იქნება? მე ვეუბნები, ლოცვა და პარაკლისები მარტო ჯანმრთელობისთვის არ არსებობს, არამედ სულის ცხონებისთვის. ხომ გახსოვთ, მცხეთაში, მამა გაბრიელის (ურგებაძე) საფლავის ქვაზე რა აწერია: "ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია". ანუ სულის უკვდავებისთვის უნდა დავდიოდეთ ეკლესიაში და არა იმისთვის, რომ მოძღვარმა დაგვლოცოს, ჯანმრთელად ვიყოთ და ა.შ. მამა გაბრიელი (ქიქოძე) ბრძანებს, ღვთისგან ასეთი წყალობაც კარგია და მრევლისთვის ამას კიდეც ვისურვებდი, მაგრამ, პირველ რიგში, სულის ცხონებისთვის ვიზრუნოთო. 

– ესე იგი, ეკლესიური ადამიანიც ნაკლებად ფიქრობს უმთავრეს საფიქრალზე? 

– რა თქმა უნდა. არის შემთხვევები, როდესაც აღსარებას ზერელედ ამბობენ. მაშინ მე ჩავუწვრილმანდები ხოლმე. ხშირია აღსარების დროს თავის მართლების მომენტებიც. სწავლება ასეთია, ჯერ ცოდვები უნდა თქვა და თუკი მოძღვარი ჩაგეძიება, მერე შეგიძლია მოყვე, ის ყოველივე რატომ და როგორ შეგემთხვაო. აღსარებისას, ადამიანმა, პირიქით, საკუთარი თავი უნდა გაიმტყუნოს ზომაზე მეტადაც კი, არათუ სხვას გადააბრალოს თავისი ცოდვები. სამწუხაროდ, განკითხვაშიც ვარდებიან აღსარების დროს. 

– მამაო, ძალიან გულახდილად ისაუბრეთ. მაინც, როგორ აფასებთ თქვენი სამღვდელო მსახურების წლებს? 

– ალბათ, უკეთესიც შეიძლებოდა. მახსოვს, თითქოს, ვიღაცის ჯინაზე ვხდებოდი მღვდელი. ეროვნული მოძრაობა ახალი დაწყებული იყო, ეკლესიის მიმართ დიდი წინააღმდეგობა არსებობდა და ვფიქრობდი, აი, ჩავიცვამ სამღვდელო ჩოხას და მაგათ ვაჩვენებ სეირს–თქო. ასეთი ჯიბრული დამოკიდებულება მქონდა. მერე დავინახე, არც ისე უძლეველი ვყოფილვარ ბევრ რამეში და ვნანობ იმ შეცდომებს, რაც დამიშვია ცხოვრებაში, მაგრამ ამ გადასახედიდან ვიტყვი, იმ ეტაპზე რომ ვიმყოფებოდე, ალბათ, ისევ მღვდლობას ავირჩევდი, ოღონდ ამ ბილიკებზე უფრო ფრთხილად ვივლიდი. 

– დაგვლოცეთ, მამაო. 

– ღმერთმა დაგლოცოთ და ჩვენი ეკლესიის საკეთილდღეოდ გამოღვაწეოთ. მოძღვრებისთვის ისეთი კითხვები დაგესვათ, რომლებიც მორწმუნეებსა და მრევლს წარადგება. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1537 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები