ხუთშაბათი, 25.04.2024, 11:30
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » თამრიკო ჭოხონელიძის ბედნიერება საყვარელი მამაკაცის გარეშე
14:56
თამრიკო ჭოხონელიძის ბედნიერება საყვარელი მამაკაცის გარეშე
თამრიკო ჭოხონელიძის ბედნიერება საყვარელი მამაკაცის გარეშე
ცნობილი წყვილის, მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის და მსახიობ გია როინიშვილის სიყვარულის ისტორია 22 წლის წინ დაიწყო და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. სავსე და საინტერესო თანაცხოვრების წლები განვლეს, მაგრამ განხეთქილების ვაშლი მათ ოჯახშიც შეგორდა. საზოგადოებაში დრო და დრო ვრცელდებოდა არასასიამოვნო ხმები, რომელთაც თამრიკო თავგამოდებით უარყოფდა. ჭორები ქმრის ღალატის შესახებ, ინტრიგები, გაბზარული გული, დაძაბულობა, უთანხმოება... საბოლოოდ კი ოჯახი დაინგრა. დიდიხნის წინ ლამაზად დაწყებული ურთიერთობა ოფიციალურად ორი წლის წინ დასრულდა. 

თამრიკომ ერთ–ერთ ტოქ შოუში საზოგადოების წინაშე თავისი ოჯახის რღვევის მიზეზებზე გულწრფელად ილაპარაკა და კატეგორიული განცხადებაც გააკეთა, ჟურნალისტებს ვთხოვ, ამ თემაზე არ გამომეხმაურონო. მის გამოსვლას რეზონანსი მართლაც მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. მას ბევრი დაუკავშირდა და სთხოვა, კვლავ ესაუბრა ამ თემაზე, ვინაიდან მისმა პასუხებმა ისინი საკუთარ ცხოვრებაზე დააფიქრა. ამიტომ "სარკის" შეთავაზებაზე, მის პირად ცხოვრებაში სამწუხარო გამოცდილებას შევხებოდით, თამრიკო თავშეკავებით, მაგრამ მაინც დაგვთანხმდა. 

"შეიძლება, ვიღაცას გაუკვირდეს, რატომ ვპასუხობ ამდენ კითხვას პირად ცხოვრებაზე, მაგრამ ამით იმ ადამიანებს ვეხმაურები, ვინც თხოვნით მომმართა. თუ ჩემს მაგალითზე თუნდაც რამდენიმე მათგანს შვება მიეცემა, რაც ცხოვრების უკეთ აწყობაში შეიძლება დაეხმაროს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თავად მე მძიმე მდგომარეობიდან ხანგრძლივმა თვითჩაღრმავებამ და ადამიანების მხრიდან დიდმა სიყვარულმა გამომიყვანა", – გვითხრა მან. 

სრულიად შემთხვევით, ინტერვიუ 18 იანვარს, თამრიკოს დაბადების დღეზე შედგა. იმ ერთი საათის განმავლობაში, სანამ ინტერვიუ იწერებოდა, მისი მობილური არ გაჩერებულა. ულოცავდნენ ნაცნობები თუ უცნობები. 

– მწერალმა ოტია იოსელიანმა ერთხელ თქვა, რომ ცოლი და ქმარი ერთმანეთის მტრები არიან და თანაცხოვრების მანძილზე ჰარმონიის დასამყარებლად ნებისმიერი მცდელობა დასაღუპადაა განწირულიო. ქორწინებაში მარცხმა თქვენშიც ხომ არ გამოიწვია სკეპტიკური დამოკიდებულება ცოლქმრული სიყვარულის მიმართ? 

– ბატონი ოტიას ერთგული მკითხველი და თანამოაზრე ვარ. მისი ყოველი ფრაზა ჩემთვის იმდენად ახლობელი და ბრძნულია, რომ ალბათ ეს ერთადერთი შემთხვევა იქნება, რაშიც თავს უფლებას მივცემ, შევედავო. ჩემი აზრით, მტრობა უფლის ყველაზე დიდი სასჯელია. ცოლ–ქმარს შორის მსგავს დამოკიდებულებას კი უფრო გარკვეულ კომპლექსს დავარქმევდი და არა – მტრობას. მაგალითად, ზოგჯერ ერთი მათგანი თავის პროფესიაში გამარჯვებული და ძლიერია, რასაც მეორე მხარე არაჯანსაღად აღიქვამს და ამ დროს საკუთარ თავზე ბოროტდება. ეს კი უდიდესი მარცხია. 

– თქვენს ცხოვრებაშიც იყო მსგავსი რამ? 

– ჩემს შემთხვევაშიც იყო აზიატური გამოვლინება გიას მხრიდან, შეიძლება მესაკუთრულიც, როცა კაცს არ სიამოვნებს, მის ცოლს ბევრმა ადამიანმა უყუროს. გიამ მომთხოვა, სცენაზე აღარ მემღერა. ოჯახებში ასეთი რამ ხდება, მაგრამ ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამან თავის დროზე საკმაოდ დამთრგუნა, მაგრამ მაინც ყოველთვის ვცდილობდი, გამართლება მეპოვა. 

– მართლაც, იყო პერიოდი, როცა სცენაზე აღარ ჩანდით. 

– თითქმის სამი წელი დავყევი მის ნებას, მერე კი მივხვდი, რომ სიმღერის გარეშე არ შემეძლო. როდესაც საქმე საქმეზე მიდგა და ფილმ "იავნანასთვის" სიმღერა უნდა ჩამეწერა, გიას შეპარვით ვკითხე, კადრმიღმა რომ ვიმუშაო, თუ შეიძლება–მეთქი. შემდეგ ბატონი ჯანო კახიძე თავის კონცერტებზე "იავნანას" შესასრულებლად ზედიზედ მიწვევდა და თავისთავად მოხდა ისე, რომ სცენას დავუბრუნდი. მაპატიოს ჩემმა მეუღლემ, რომ სიმღერა უფრო ძლიერი აღმოჩნდა ჩემთვის, ვიდრე თუნდაც სიყვარულზე დაყრდნობილი მესაკუთრეობა და რაღაც გაუგებარი პრინციპები. მე დღემდე სცენაზე ისეთ სიმღერებს ვმღერი, რომელსაც მხოლოდ დადებითი მუხტი აქვს. თუ მათი შემწეობით თუნდაც რამდენიმე ადამიანს მაინც სიკეთით ვავსებ, ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია. 

– საერთოდ ქმრის მხრიდან მესაკუთრული, ეგოისტური დამოკიდებულება სიყვარულად მიგაჩნიათ? 

– რა თქმა უნდა, სიყვარულია. უბრალოდ ყველას არ აქვს იმის უნარი, მეტი ფერი და გაქანება მისცეს ამ გრძნობას, ამ სიყვარულში არამარტო საკუთარ თავთან დაკავშირებულ პოზიტივებზე იფიქროს, არამედ მეორე მხარეზეც. ამას უკვე სხვა მონაცემები სჭირდება. უნდა ვთქვა, რომ მე ეს შემიძლია. ძალიან ბევრს გავცემ სხვისთვის და როცა იმის ნახევარსაც კი ვერ ვიღებ, მერე უკვე თავს ცუდად ვგრძნობ. ყოველგვარი ანგარება ჩემგან შორსაა. ერთადერთი, რასაც ვითხოვ, სიყვარულია. სიყვარულში კი ზედმეტად მომთხოვნი ვარ. დაე, ჩათვალონ, რომ სიყვარულთან მიმართებაში ანგარებიანი ვარ. 

– თქვენი აზრით, რა არის საჭირო ოჯახური იდილიისთვის, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ორივე მხარე? 

– როგორც გალაკტიონი ბრძანებდა, პირველ რიგში, ნიჭია საჭირო. სიყვარულის ნიჭი უნდა გქონდეს, ყოველთვის ისე უნდა გიყვარდეს, როგორც აღმაფრენის პერიოდში. ამას შეუმჩნევლად თან უნდა სდევდეს პატივისცემა, რომლის გარეშე ეს გრძნობა ვერ წარმომიდგენია. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახური ტრადიციებიც. ჩემი ოჯახი ტრადიციებს ეყრდნობა და, რაც მთავარია, კარგ ტრადიციებს, როგორიცაა სტუმართმოყვარეობა, წინაპრების პატივისცემა, შინ ფუსფუსისა და მზადების ტრადიცია, ჯანსაღი დამოკიდებულება მეგობრების და ნათელ–მირონის მიმართ. ჩემს ოჯახში ყოველ ახალ წელს განსაკუთრებული ფუსფუსი იყო. ამ დროს თუნდაც ჭიქის მიჭახუნება და ერთმანეთის დალოცვა, მოფერება მნიშვნელოვან მომენტად მიმაჩნია. დღეს ბევრი ახალ წელს გარეთ ხვდება, ჩემთვის კი ეს მიუღებელია. ამ დროს ხომ კარი იკეტება და გამოდის, რომ ახალ წელს სახლში არ უშვებ. ღმერთმა ნუ ქნას, ისეთმა ადამიანმა დაუკავშიროს ჩემს ვაჟს ცხოვრება, ვისთვისაც ტრადიციები უცხოა. თუ მერე ერთმანეთზე არ გადაეწყვნენ, მათი ერთად ყოფნა გამორიცხული იქნება. ცოლ–ქმარი ერთმანეთს კბილანებივით უნდა შეეთავსონ. საჭიროა ერთმანეთის ოჯახებში ფესვგამდგარი ტრადიციებისა და პროფესიის პატივისცემა. ამის გათვალისწინებით ალბათ ყველაფერი კარგად იქნება. 

– სიტყვამ მოიტანა და, დღეს ბევრი ახალგაზრდა ოჯახი მშობლებისგან, უფროსებისგან ცალკე ცხოვრებას ამჯობინებს. ამ საკითხს როგორ უყურებთ? 

– გარკვეულწილად ვთვლი, რომ ახალგაზრდა ოჯახმა ცალკე უნდა იცხოვროს, ვინაიდან არის შემთხვევები, როცა ურთიერთობაში სხვისმა ჩარევამ ცუდი შედეგები მოიტანა. პირადად მე კი დიდი ოჯახის მომხრე ვარ და მინდოდა, მრავალსულიან ოჯახში შევსულიყავი. ამასთან, ალბათ დამეთანხმებით, დიდ ოჯახში პატარა ოჯახი და მათ შორის ურთიერთობები აუცილებლად კაცის ასაწყობია. ოჯახში ახალშესულმა ქალმა ქმრისგან უნდა შეიყვაროს მისი ოჯახის წევრები, რომ ურთიერთსიყვარულის დიდი ტრადიცია არ მოიშალოს. 

პირადად მე ძალიან მინდა, რაც შეიძლება დიდი სახლი მქონდეს და ყველამ ერთად ვიცხოვროთ. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს ოჯახში შემოსული წევრები (ჩემი სიძეები დების მხრიდან და შვილის მარიამის მხრიდანაც) ჩემთან თავს კარგად გრძნობენ. ეს სურვილი სანახევროდ ავისრულე საგურამოში – იქ დიდი სახლი მაქვს, სადაც ყველა ერთად ვიკრიბებით ხოლმე და სტუმრების მიღებასაც ვახერხებთ. განსხვავებული ხასიათისა და მენტალობის, სხვადასხვა ოჯახში გაზრდილი ადამიანები ერთ ჭერქვეშ რომ მოექცევიან და იქ ერთსულოვნებაა, ეს ჩემთვის უდიდესი სიამოვნება და ზეიმის ტოლფასია, ენერგეტიკულად ძალიან მავსებს, ამიტომ არასოდეს ვიღლები. 

– თუ ცოლ–ქმარს შორის ურთიერთობა იმ ზღვრამდე მივა, რომლის იქითაც დაღმართი იწყება, ხომ არ ჯობია, ლამაზად დაწყებული სიყვარული ლამაზადვე დამთავრდეს? 

– დიახ, წერტილი უნდა დაესვას, თუნდაც ეს დროებითი იყოს. როცა ურთიერთობაში დაღმართი იწყება, ბევრი არაჯანსაღი მოვლენა ამოტივტივდება ხოლმე, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენს სულებს ვნებს, შემდეგ კი ჩვენს შვილებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც. თუ შენთან ყოფნა უხაროდათ, მერე უკვე აღარ უხარიათ, დაღმართისკენ დაქანებულს არც ჩამოგყვებიან. შეიძლება დახმარებასაც ეცადონ, მაგრამ მაინც შენ თვითონ უნდა ამოხვიდე. 

ბევრი ამ "წერტილის" გამო დეპრესიაში ვარდება. ჩემი აზრით, ეს ძალიან ჯანსაღი "წერტილია" იმისთვის, რომ ხვალ უფრო საინტერესო იყოს ცხოვრება. წერტილის დასმა ცხოვრების დამთავრებას არ ნიშნავს, ეს ახლის დასაწყისია, თუნდაც შვილებთან და ირგვლივ მყოფ ადამიანებთან, საზოგადოებრივ ცხოვრებასთან მიმართებაში. 

– მარკესი ამბობს, რომ ყველაფერი საუკეთესო ცხოვრებაში მოულოდნელად მოდის. 

– გამორიცხული არ არის, რაღაც სიახლე მოულოდნელად მოვიდეს. სხვა საქმეა, მივიღებთ თუ არა ამას. იმდენად საინტერესო ცხოვრება გავიარე და მაქვს დღემდე, რომ "შიმშილს" ნამდვილად არ განვიცდი. შეიძლება ეს ყველაფერი იმან გადამატანინა, რომ ძალიან ბევრ სიყვარულს და მოფერებას ვგრძნობ ირგვლივ მყოფთაგან, თუნდაც ქუჩაში უცნობი ადამიანებისგან. ალბათ ამის გამო არ მაქვს გამოფხიზლების საშუალებაც და ეს ძალიან კარგია. 

– ერთ–ერთ ტოქ შოუში თქვით ასეთი ფრაზა: "ყველამ ყურადღებით მომისმინოს, ურთიერთობას არ ანგრევს მესამე, ურთიერთობა ინგრევა ორს შორის". ამან მაყურებელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგი ფიქრობს, რომ თქვენ ეს აღიარება სულგრძელობით გააკეთეთ, რათა არ დაგემცირებინათ მეორე მხარე. ზოგმა გულწრფელობაში ჩაგითვალათ. ორივე შემთხვევაში ამის აღიარებისთვის შინაგანი სიძლიერე და გამბედაობაა საჭირო. რამდენად დარწმუნებული ხართ იმაში, რაც მაშინ თქვით? 

– ცხადია, ეს გამოიწვევდა აზრთა სხვადასხვაობას, რადგან თვითონ თემაა სადავო, მაგრამ მე ძალიან გულწრფელად ვთქვი. თუ ცოლ–ქმარს შორის ბზარი ჩნდება და ის საბოლოოდ თანხმობით არ დაგვირგვინდა, ერთი მხარე აუცილებლად გულნატკენი დარჩება, რადგან ვერ მიიღო ის, რაც სურდა, ვერ გაიმარჯვა. ცოლქმრულ ურთიერთობაში ეს ბზარები ღრმა ჭრილობას ტოვებს. 

"მესამე" ცალკე თემაა. ის შეიძლება ერთ წამში გაჩნდეს, როცა ადამიანი გაიაზრებს, რომ მისი მეწყვილე თურმე არც ისეთი იდეალურია, როგორიც ეგონა. მერე შეიძლება გვერდზე გაიხედოს და სხვა აღმოაჩინოს. თუ ეს "მესამე" პირველი გახდა და განგების ნებით საბოლოოდ შეერთდნენ, ვფიქრობ, რომ ალბათ ასეც უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში კი "მესამე" ძალიან დაჩაგრული, საცოდავი და უბადრუკია, თუნდაც იმიტომ, რომ მესამედ იწოდება, ის "ვიღაცაა", ვინც წყვილს შორის ჩადგა. სამწუხაროდ, ასეთები მრავლად არიან. 

ადამიანებს გვჩვევია, ჩვენი მარცხი სხვას გადავაბრალოთ და ამით თავიდან ავიცილოთ პასუხისმგებლობა. ეს ადამიანური სისუსტეა. მერწმუნეთ, ასეთ დროს ცხოვრება რთულია – როდესაც აქცენტი სხვაზე გადაგაქვს, აუცილებლად გაბოროტდები, ბოღმა, გარკვეული შურისძიების გრძნობა გიჩნდება: "ყველაფერი მისი ბრალია, რა დღეში ჩამაგდო!" და ა.შ. მაგრამ ასე არ არის. როცა საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ მე რაღაც დავაკელი ამ ურთიერთობას, ისე ვერ გავაკეთე, როგორც საჭირო იყო, ძალიან გამიადვილდა ცხოვრება, მომეხსნა დაძაბულობა, სხვის მიმართ ზედმეტი გაღიზიანება, აბსოლუტურად სხვა ადამიანი გავხდი. ეს ბევრი უძილო ღამის და უმძიმესი დღეების, გამუდმებული ძიების, საკუთარ თავში ჩაღრმავების შედეგად ნაპოვნი გზა იყო. ვცდილობდი, მიმეგნო, სად იყო ძაღლის თავი დამარხული. უმიზეზოდ არაფერი ხდება. ცოლქმრული ურთიერთობა ძალიან ფაქიზია. შეიძლება მიზეზი იმდენად უმნიშვნელო იყოს, ვიღაცას გაეღიმოს კიდეც, მაგრამ ის მცირედიც კი თავის კვალს ტოვებს. 

– ალბათ დამეთანხმებით, როცა წყვილის ურთიერთობა ფუჭდება, იქ მეტნაკლებად ორივე მხარეა დამნაშავე. 

– აუცილებლად. შეიძლება შენ რაღაც დააშავო ან მან ვერ გაგიგოს სწორად, მერე ეს შეცდომა გამოსწორებისკენ კი არ წავიდეს, არამედ გაღიზიანებისკენ. სადაც დიდი სიყვარულია, თანხმობაცაა, ხოლო თუ რაღაც მოაკელი ამ გრძნობას, პრობლემებიც იწყება. მე ჩემი მშობლების დიდი სიყვარულის მაგალითზე გავიზარდე. ძალიან ხშირად დამიჭერია დედაჩემის და მამაჩემის მზერა ერთმანეთის მიმართ, ენით აუწერელი, ჟრუანტელის მომგვრელი... მამა უკვე 7 წელია, ცოცხალი აღარ არის და დედა ზუსტად ისევეა შეყვარებული, როგორც წლების წინ. თითქმის 40 წელი მე ასეთ საოცარ სიყვარულს ვხედავდი. ალბათ მეც ასეთივე გრძნობას ვითხოვდი და ამიტომაც გაჩნდა ბზარი. 

– როცა ეს ამბები ტრიალებდა, ალბათ ახლობლები გამუდმებით გეუბნებოდნენ გიაზე: "ეს როგორ იკადრა, გიღალატა, რა გააკეთა" და ა.შ. თქვენ ამ დროს იცავდით მას? 

– მე დღემდე ვიცავ გიას და ვამბობ, რომ მიყვარს ის ადამიანი, ვისაც ცოლად გავყევი, თუმცა დღეს მისი ცოლი არ ვარ და ეს თავისთავად რაღაც კითხვებს ბადებს. ვერავითარ შემთხვევაში ვუღალატებდი იმ ლამაზ წლებს, თუნდაც სიტყვებს და ფრაზებს, იმ გამოხედვას. (თუმცა შეიძლება სხვამ უღალატა). ერთი ხელის მოსმით ვერ ვიტყოდი: "აი, ხედავ, ეს ვინ ყოფილა, რა გააკეთა!". დღესაც არ მინდა ამის გააზრება. ვთვლი, რომ ორივეს შეგვეშალა რაღაც. თავიდან მეც ავყევი ხალხის ხმას, მაგრამ ამას კარგი არაფერი მოაქვს – ზედმეტად გაღიზიანებული ხდები, თავს ცუდად გრძნობ და შეიძლება სასაცილოც გახდე... და მეც დავუბრუნდი ლამაზ ცხოვრებას, წარსულს არ დავუწყე გამოტირება, უბრალოდ დავიწყე დაცვა. ჩემი პოზიცია ასეთი იყო: "თუ ეს მართლა ასეა, ესე იგი, იმ ადამიანს ავადმყოფობა აქვს შეპარული და მაშინ უნდა ვუწამლო". ამ "წამლობაში" კი ბევრი დრო გავიდა. 

– ზოგჯერ განქორწინებული ცოლ–ქმარი ერთმანეთთან მეგობრობენ. 

– ასე ვაგრძელებთ ჩვენც. ეს ურთიერთობა ოფიციალურად მე თავად დავასრულე ორი წლის წინ. ვფიქრობ, ჩემთვის ასე ჯობდა, ვინაიდან გაურკვევლობაში ყოფნა და საკუთარი თავისთვის ზედმეტად კითხვის დასმა ძალიან რთულია. ამასობაში კარგავ ყველაზე ძვირფას მონაცემს, რაც გაგაჩნია – ეს არის ქალურობა. ზედმეტი ფიქრი, ანალიზის გაკეთება და დასკვნების გამოტანა ქალს არც უხდება. როცა არ იცი, საბოლოო ჯამში ვინ ხარ და რას წარმოადგენ, ჯობია, წერტილი დასვა და გაერკვე. ამით საკუთარ თავში ქალს გადაარჩენ. იყო პერიოდი, როცა მე და გიას არანაირი კონტაქტი არ გვქონდა. დღეს კი ჩვენი ურთიერთობა აღადგინა ყველაზე სუფთა, თოთო არსებამ – ელენემ (შვილიშვილი, მარიამის შვილი – ავტ.), ამიტომაც ახლა ეს ურთიერთობა ძალიან ჯანსაღია. ელენემ აბსოლუტურად ახალი ეტაპი დაძრა ჩემსა და გიას ურთიერთდამოკიდებულებაში. სადაც უნდა წახვიდე და რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღო, ფაქტია, რომ ეს ყველაზე დიდი შემაკავშირებელია შვილების შემდეგ. 

– ალბათ შვილიშვილის აღქმა კიდევ უფრო სხვაა, ვიდრე შვილის... 

– ბავშვი ისეთი სისუფთავე და სიწმინდეა, რომელიც ცხოვრების არც ერთ ეტაპს არ ახლავს. გული მწყდება, რომ ორ შვილზე მეტი არ მყავს. ამისთვის დიდ, "გაბრაზებულ" ძახილის ნიშანს ვსვამ, ოღონდ არა – საკუთარ თავთან მიმართებაში. მე ძალიან მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა... 



ელენე ანგელოზად შემოფრინდა ჩვენს ცხოვრებაში. ის ჩვენი მთავარი საზრუნავია. გია გვირეკავს, გვსტუმრობს კიდეც და ჩვენი ურთიერთობა დამშვიდდა. ადრე ძალიან გაღიზიანებულები ვიყავით, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყოველთვის ისეთივე რიტმით განვაგრძობდი გიაზე ზრუნვას, როგორც ადრე. ვერ დავიძინებდი, თუ ჩუმად მაინც არ გავიგებდი, გია სახლში მშვიდობიანად მივიდა თუ არა. ამის გამო ყველა დამცინოდა. ყველა ჩემი ახლობლის, დების, სიძეების მიმართაც ასეთი მზრუნველობა მახასიათებს. რთულია, ერთდროულად ამდენი ადამიანის ცხოვრებით იცხოვრო, მაგრამ ბუნებით ვარ ასეთი და სხვაგვარად არ შემიძლია. ისე ვერ ვიძინებ, თუ არ დავრწმუნდი, რომ ყველა სახლშია და ჯანმრთელადაა. მეკითხებიან, ამით როგორ არ იღლებიო. ნამდვილად არ ვიღლები, პირიქით – როცა გავიგებ, რომ ყველა კარგადაა, ენერგია მემატება. 

– როცა ცხოვრებაში განსაცდელი მოდის და ძვირფას ადამიანს კარგავ, მერე უღრმავდები და ფიქრობ, თუ ვინ დაკარგე, ანუ შორიდან იმ ადამიანს სხვანაირად აღიქვამ. ზოგ შემთხვევაში ამას სინანულიც მოსდევს. გიასგან გიგრძვნიათ მსგავსი სინანული თქვენ მიმართ? 

– ამდენსაც ნუ მოვთხოვთ გიას. მე მხოლოდ მინდა, წარმატება ვუსურვო მას პირად ცხოვრებაში და საზოგადოებრივ საქმიანობაში. როგორც თვითონ ამბობს, მას ხომ ქვეყნის მაჯისცემაზე უჭირავს ხელი. 

– ბევრი ქალი დღეს მსგავსი სატკივარით ცხოვრობს. პირად მაგალითზე რას ურჩევთ, როგორ გამოვიდნენ სტრესიდან? 

– ვიმეორებ, არავითარ შემთხვევაში არ ეძებონ დანაშაული სხვასთან, თავიანთ ცხოვრებას გადახედონ და ჩაუღრმავდნენ. ყოფილა შემთხვევა, გადამიხედავს მოვლენისთვის, რამაც უთანხმოება გამოიწვია და მიფიქრია: "მე ხომ ამაში საერთოდ არ ვარ დამნაშავე". ხოლო, რომ ჩავძიებივარ, მიზეზი აღმომიჩენია. ზოგჯერ მცირედი და უმნიშვნელო რაღაცაც ძალიან მოქმედებს ურთიერთობაზე. შეიძლება შენი შეცდომა დაიჭირო ისეთ მოქმედებაში, როგორიცაა უბრალო გამოხედვა. ალბათ ისე ვერ მოეფერე ან არ უთხარი მაშინ, როცა სათქმელი იყო. რაღაც დააკელი. 

ქალებს ვურჩევ, პირველ რიგში, დამნაშავე საკუთარ თავში ეძებონ და არ დაითრგუნონ თავი. ამით სულიერებასაც აიმაღლებენ და ქალურ ამბიციასაც დაიკმაყოფილებენ. შენი ეს მინუსი ხომ მეორე მხარეს არ დაუნახვებია შენთვის, თავადვე იპოვე. მეორე: არ ჩაკლან საკუთარ თავში ქალი. იყო პერიოდი, როცა სარკეში ჩახედვაც კი არ მინდოდა, დათრგუნული დავდიოდი ქუჩაში და თურმე ამას ხალხი ამჩნევდა. საზოგადოებაში, ხალხმრავლობაში ყოფნას ვერიდებოდი, განა იმიტომ, რომ თავს დაჩაგრულად ვგრძნობდი, არამედ იმიტომ, რომ ჩემში ქალი დავთრგუნე. არავითარ შემთხვევაში არ გააკეთონ ეს! 

მინდა, ყველა ქალს ვუთხრა: ძალიან ლამაზები ხართ! ქალში ერთი მარცვალიც რომ იყოს ლამაზი, ის ისე ღვივის, რომ ბევრ მამაკაცს ჯობნის (არ მიწყინონ კაცებმა). ქალის სილამაზე ერთიათად ფასობს. დარწმუნებული ვარ, ბევრს უყვარს ისინი და შორიდანაც ეფერებიან (მხოლოდ საწინააღმდეგო სქესს არ ვგულისხმობ). არ მოიშალონ ირგვლივ ასეთი ადამიანები. ყველანაირად ეცადონ, საკუთარ თავში მშვენიერი ქალი აღმოაჩინონ და მისი კიდევ უფრო გალამაზებით გარშემომყოფთა ცხოვრებაც გაალამაზონ. თუ ამას მიზნად დაისახავენ, მერწმუნეთ, ცხოვრება სხვაგვარად შეიცვლება. 

დაბოლოს, ყველას ვურჩევ, რაც შეიძლება მეტად დააფასონ გრძნობა, რომელიც აქვთ, არ შეფუთონ და არ თქვან: "ეს ხომ ჩემია". გრძნობას ყოველდღე სჭირდება გაღვივება და გაღრმავება. ეს სიყვარული ლამაზ და ბედნიერ წლებს გაჩუქებთ. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1269 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები