ხუთშაბათი, 18.04.2024, 08:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ორმოცდაოთხწლიანი გზა აღიარებისაკენ
14:59
ორმოცდაოთხწლიანი გზა აღიარებისაკენ
ლუი დე ფიუნესილუი დე ფიუნესი მსოფლიო კომიკოსად ითვლება. ის საბჭოთა კავშირში ყველაზე ცნობილი უცხოელი იყო. მისი კომედიები ეკრანებზე რომ გასულიყო, საბჭოთა ხელისუფლება დასავლეთთან გარკვეულ დათმობებზეც კი მიდიოდა. თავად ლუის კი 44 წელი და 75 ფილმი დასჭირდა იმისათვის, რომ რეჟისორების და მაყურებლის აღიარება მოეპოვებინა. მისი ნიჭის კარგა ხანს არავის სჯეროდა. 

კარლოს ლუი დე ფიუნესი დე გალარზა 1914 წლის 31 ივლისს პარიზის გარეუბანში დაიბადა. მადამ დე ფიუნესი სახლშიც და უბანშიც ძალიან ცნობილ და ავტორიტეტულ ქალად ითვლებოდა. მისი ქმარი კარლოსი კი, რომელიც საიუველირო მაღაზიაში მუშაობდა, მთელი უბნის ქალების გულთამპყრობელი გახლდათ. 

სკოლაში ლუიმ ზუსტი მეცნიერებების მიმართ საოცარი უნიჭობა გამოავლინა. ყველაზე კარგად მასწავლებლის ზურგსუკან მაიმუნობა გამოსდიოდა. ერთხელ ის და სკოლის მეგობარი ზოროს სცენებს დგამდნენ და ლუი იმდენად შევიდა როლში, რომ მეგობარი ლამის დაახრჩო. ამის შემდეგ დედამისმა გადაწყვიტა, შვილი საფუძვლიანად დაეტვირთა და სამუშაო მოუძებნა. 

მომავალი კომიკოსი უამრავ ადგილზე მუშაობდა – ტვირთის გადამზიდად, ვიტრინების გამფორმებლად, რძის დამტარებლად, ფეხსაცმელების მწმენდავად... მას არასოდეს დაავიწყდება ის შეურაცხყოფა, რაც სამხედრო კომისარიატში მიაყენეს. სამხედრო სავალდებულო სამსახურში იმის გამო დაიწუნეს, რომ მხოლოდ 164 სმ სიმაღლის იყო და 55 კილოგრამს იწონიდა. მაშინ ლუი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ცხოვრებაში ისეთი საქმე უნდა ეკეთებინა, რაც თავისი ნაკლოვანების დამალვაში დაეხმარებოდა. ამისათვის კი იუმორი ყველაზე კარგი საშუალება აღმოჩნდა. 

ფიუნესი პირველად სცენაზე კოლეჯში სწავლისას ავიდა და "სამეფო ინდაურში" ჰენრიხ მეოთხის შვილი ითამაშა. კრიტიკამ აღნიშნა, ახალგაზრდა მსახიობი ცეცხლს ეთამაშებაო და მას დრამატული როლებისაგან თავის შეკავება ურჩიეს. 

1941 წელს ლუიმ რენე სიმონის თეატრალურ კურსებზე მისვლა გადაწყვიტა. სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე ჟანინ ბარტოლომი. წარჩინებული ოჯახიდან გამოსული რომანტიკული გოგონა გი დე მოპასანის შთამომავალი გახლდათ და ამით ამაყობდა კიდეც. 1942 წლის 22 აპრილს წყვილმა იქორწინა. იმ პერიოდში მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. გართობისათვის არავის ეცალა, ამიტომ ლუი სამუშაოდ საწყობში მოეწყო. შემდეგ კაბარეში დაიწყო მუშაობა და ხელფასის ნაცვლად დღეში ორჯერ უფასო სადილს იღებდა თავისთვის და ფეხმძიმე მეუღლისთვის. 

კომიკოსის შვილი, პატრიკი, 1944 წელს დაიბადა. რამდენიმე წელში წყვილს მეორე შვილი, ოლივიეც შეეძინა. ლუი განსაკუთრებით მეორე შვილს ანებივრებდა სიყვარულით და ამას არასოდეს მალავდა. 

ფიუნესი ეკრანზე პირველად 1945 წელს გამოჩნდა. დიდი ხნის განმავლობაში ეპიზოდურ როლებს თამაშობდა, ძირითადად მოსამსახურეების, ჯიბგირების, ოფიციანტების და მხატვრების. მსახიობი მზად იყო, ნებისმიერ როლზე, მინიმალურ ჰონორარზეც კი დათანხმებულიყო. მას მუდმივად ფინანსური კრიზისი ჰქონდა. "სასაცილოა, რომ ჩემი კარიერის პირველ 20 წელიწადში 112 ფილმში ვითამაშე, მაგრამ ყველგან რამდენიმე წუთით. ჩემი პირველი როლი ის იყო, რომ ფილმის დასაწყისში კარს ვუღებდი პიერ ლარკეს და ფილმის დასასრულს კარს ვხურავდი", – წერდა თავის მოგონებებში მსახიობი. 

ლუი მიხვდა, რომ ეპიზოდურ როლებში თავის გამოჩენა იყო საჭირო. ის იუმორის წყალობით ცდილობდა, მცირე როლებში მაყურებლისათვის თავი დაემახსოვრებინა. ცნობადი კი გახდა ფილმის შემდეგ "დედა, მამა, მოსამსახურე და მე". ხოლო ნამდვილი აღიარება მოუტანა სურათმა "ვერ დაიჭირე? ესე იგი, ქურდი არ არის". იმ ეტაპზე ლუის უკვე 75 ეპიზოდური როლი ჰქონდა ნათამაშევი. ამ ფილმით კი ეკრანზე დაიბადა ის ლუი დე ფიუნესი, რომელიც მაყურებელს დღემდე ახსოვს – ქოლერიკი, სენტიმენტალური, აბეზარი და წუწუნა. 

მსახიობზე კრიტიკაც უკეთესად ალაპარაკდა. მაყურებელმა მისი გვარი დაიმახსოვრა. პირველ წარმატებულ ფილმს სხვებიც მოჰყვა – "მშვენიერი ამერიკელი ქალი", "ეშმაკი და ათი მცნება", "ჟანდარმები სენტროპედან" და სერიები ფანტომასზე. ლუი დე ფიუნესის გამოჩენით ეს კრიმინალურ–ავანტიურისტული ფილმი კომედიური ელფერის გახდა. "ფანტომასის" ორ სერიაში ლუი დე ფიუნესმა თავისი კინოგმირი კომისრით ფანტომასი დაჩრდილა. ამ ფილმს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. ერთ–ერთი ეპიზოდის გადაღებისას მსახიობი აეროპლანიდან გადმოვარდა და ვარდების ბუჩქებში ჩავარდა. რამდენიმე კვირა ფიუნესმა საავადმყოფოში გაატარა. 

"ფანტომასით" ლუი დე ფიუნესი საფრანგეთის ყველაზე კომერციულ და პოპულარულ კომიკოსად იქცა. რეჟისორმა ჟერარ ურიმ მის გვერდით მეორე ასევე ცნობილი კომიკოსი ბურვილი დააყენა და შესანიშნავი დუეტი გამოვიდა. მათი ერთად გამოჩენა ფილმის ასპროცენტიან წარმატებას განაპირობებდა. 

ეს შესანიშნავი დუეტი განსაკუთრებულად გაბრწყინდა ფილმში "დიდი გასეირნება", ხოლო მათმა ჰონორარმა იმ დროს საფრანგეთში ყველაზე ძვირადღირებული მსახიობის, ალენ დელონისასაც კი გადააჭარბა. ფიუნესს ფილმში 2,5 მილიონ ფრანკს უხდიდნენ, ალენ დელონის ჰონორარი კი 2 მილიონს არ აღემატებოდა. 

პოპულარული მსახიობი საზოგადოებასთან და პრესასთან ყოველთვის თავაზიანი იყო. ამის გამო ის ერთხელ პრემია "ფორთოხლითაც" დააჯილდოვეს, როგორც ჟურნალისტებთან და ფოტორეპორტიორებთან ყველაზე თავაზიანი რესპონდენტი. ლუიმ თავისი პარიზული სახლის კარზე ასეთი წარწერა გააკეთა: "ვვაჭრობ სიცილით 9–დან 18 საათამდე". 

რეპეტიციები, გადაღებები, საქმიანი შეხვედრები... მას ყველგან თან ახლდა საყვარელი მეუღლე. ჟანინი ზრუნავდა ყველაფერზე – ქმარი მანქანით დაჰყავდა, კოსტიუმებს ურჩევდა. სანამ ლუი გადაღებებით ან რეპეტიციებით იყო დაკავებული, ჟანინი ჟურნალების კითხვით ირთობდა თავს და ქმრის მისამართით გამოთქმულ ყველა ფრაზას აგროვებდა. 

ჟანინმა ერთ–ერთ ჟურნალში ამოკითხა ლუის სიტყვები: "არსებობს უამრავი მსახიობი, რომლებიც მაყურებელს ტირილის საშუალებას აძლევენ. ის მსახიობები კი, ვისაც მაყურებლის გაცინება შეუძლია, ძალიან ცოტაა. მსახიობი პიანინოსავითაა, ყოველდღე უნდა დაუკრას, ამიტომაც კინოს გარდა თეატრშიც მუდმივად ვარ". 

პირველი ინფარქტი მსახიობს სწორედ სცენაზე დაემართა, როცა "მატადორების ვალსში" თამაშობდა და რამდენიმე თვე საავადმყოფოში გაატარა. "საავადმყოფო ადამიანის ამქვეყნიური ჯოჯოხეთია. ეს არის ადგილი, სადაც სიცილის უნარსაც კი ვკარგავ", – ამბობდა იგი თავის მოგონებებში. 

მეორე ინფარქტი საავადმყოფოში დაემართა. "ეს ალბათ იმიტომ, რომ უკეთ დამეფასებინა პირველი ინფარქტი და საერთოდ, ცხოვრება", – ფიუნესი შეეცადა, ეხუმრა. ავადმყოფობამ მისი პოზიციები კინობაზარზე მნიშვნელოვნად შეარყია. პროდიუსერებს აღარ უნდოდათ, ფული ჩაედოთ მსახიობში, რომელიც შეიძლება გადაღებების დროს ცუდად გამხდარიყო. 

ერთადერთი რეჟისორი, რომელთანაც ლუიმ მეგობრობა მოახერხა, ჟან ჟირო იყო. მსახიობმა მის 9 ფილმში ითამაშა. ჟირო ავადმყოფ ლუისთან მუშაობას არ შეუშინდა და ის მიიწვია ფილმში "ჟანდარმი კაცი და ჟანდარმი ქალი", მაგრამ ფილმზე მუშაობის დროს მოულოდნელად თავად ჟირო გარდაიცვალა. 

მეგობარი რეჟისორის დაკარგვამ მხიარული ლუი ძალიან სევდიანი გახადა და, შეიძლება ითქვას, კინოს მიმართ ინტერესი დაკარგა. ჩაიკეტა თავის ციხესიმაგრეში და გარეთ იშვიათად გამოდიოდა. არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს. შვილები ყველანაირად ცდილობდნენ, მამის გვერდით ყოფილიყვნენ. უფროსი შვილი რენტგენოლოგი გახლდათ, უმცროსი კი ავიალაინერზე ბორტგამცილებლად მუშაობდა. ლუის სიამოვნებას მხოლოდ ბაღში მუშაობა ანიჭებდა. მთელ დროს ყვავილებზე ზრუნვაში ატარებდა, მისი საუკეთესო მეგობარი კი მებაღე გახდა. მოგვიანებით ერთ–ერთი ვარდის ჯიშს ლუი დე ფიუნესიც კი უწოდეს. 

ლუი დე ფიუნესი კარგ ღვინოსავით იყო – წლებთან ერთად მისი პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა. 1982 წლის გამოკითხვებით გაირკვა, რომ მაყურებლის 47 პროცენტი კომიკოსებს შორის უპირატესობას ლუი დე ფიუნესს ანიჭებდა. მან უკან ჩამოიტოვა პიერ რიშარი და მიშელ სერო. ფრანგებმა თავიანთ დიდ კომიკოსს ამაგი დაუფასეს და საპატიო ლეგიონერის ორდენი გადასცეს. 

სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე მსახიობმა ცოლს უთხრა: "ვიცი, რა იქნება ჩემი ყველაზე კარგი ხუმრობა – ეს ჩემი დაკრძალვა იქნება. მინდა, ეს როლი ისე ვითამაშო, რომ ყველა სიცილით გაიგუდოს". ამ სიტყვებიდან ერთ კვირაში, 1983 წლის 28 იანვარს დიდი კომიკოსი გარდაიცვლა. სიკვდილის დღეს მან საყვარელ მეუღლეს შესჩივლა: "ვიწყენ, როცა მარტო ვარ ოთახში". ეს ლუი დე ფიუნესის ბოლო სიტყვები იყო. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1246 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები